2023 წლის 17 ივლისს, როცა უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს ხიდის კონსტრუქციაზე, სკობოვმა თავის ტელეგრამარხზე გამოთქვა იმედი, რომ „ქერჩის ხიდის განადგურების საკითხს ბოლომდე მიიყვანდნენ“.
66 წლის სკობოვი. რომელიც გლაუკომითაა დაავადებული და თითქმის უსინათლოა, ცნობილია შეუვალი პრინციპულობით.
„სლავა უკრაინი! სიკვდილი რუს დამპყრობლებს“, - ამ შეძახილებით შედის იგი სასამართლო დარბაზში. რადიო თავისუფლების რუსულმა რედაქციამ მოიპოვა მობილური ტელეფონით გადაღებული კადრები, რას ამბობს დარბაზში მოსამართლის გამოჩენისას.
.„არ წამოვდგები მოსამართლის წინაშე. ტოტალურად არ ვცემ პატივს ამ სასამართლოს. ის ემსახურება არა კანონს, არამედ პუტინის ნაცისტურ დიქტატურას. სიკვდილი მკვლელ პუტინს! - იძახის სკობოვი განსასჯელის სკამიდან.
„ამ ბალაგანში მონაწილეობას აზრს ვერ ვხედავ, და ამ სასამართლოში მონაწილეობის ერთადერთი მიზეზი სასამართლოსათვის სახეში შეფურთხებაა“, - ასე გადმოსცემს მის სიტყვებს გამოცემა „მედიაზონა“.
სანქტ-პეტერბურგის კალინინის რაიონულ სასამართლოში, სადაც სკობოვი მიიყვანეს, ასევე მივიდნენ დისიდენტის მეგობრები, მეუღლე და 90 წლის დედა. სამედიცინო დასკვნის მიხედვით, ბრალდებული მძიმე ავადმყოფია: აქვს გლაუკომა, დიაბეტი, C ჰეპატიტი და ასთმა. პროკურორების დაჟინებული მოთხოვნით სხდომა მსმენელებისა და პრესისთვის დაიხურა. ერთი საათის შემდეგ მოსამართლე მაქსიმენკომ სკობოვი ორი თვით გაგზავნა წინასწარი დაკავების იზოლატორში.
ალექსანდრ სკობოვი 2 აპრილის საღამოს სანქტ-პეტერბურგში ასევე ყოფილ დისიდენტთან, იული რიბაკოვთან სტუმრობისას დააკავეს. იული რიბაკოვი, რომელიც რუსეთის პირველი მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატიცაა, ასევე ცნობილია იმით, რომ 1976 წელს მისი სახლი გაჩხრიკა კგბ-ს ლეიტენანტმა ვლადიმირ პუტინმა.
ადვოკატის თქმით, დაკავების საბაბად იქცა პოსტი „ყირიმის ხიდის აფეთქების გამართლების“ შესახებ. მისი თქმითვე, ალექსანდრ სკობოვის სოციალურ ქსელებში - Facebook-სა და ტელეგრამის არხზე - ისეთი „მასალები“ დევს, რომლებიც არაერთ სისხლის სამართლის საქმეს ეყოფა: სკობოვმა უკიდურესად მკვეთრი სიტყვებით დაგმო უკრაინაში რუსეთის შეჭრა, რუსეთის რეჟიმს უწოდა ნაცისტური, ხოლო „კროკუსში“ მომხდარ ტერაქტზე თქვა, რომ ეს იყო ან რუსული სპეცსამსახურების პროვოკაცია, ან მათი ჩავარდნა. პუტინის რუსეთში ასეთი გამონათქვამები სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.
ცნობილი რუსი ექიმი და სამოქალაქო აქტივისტი ანდრეი ვოლნა ასე აღწერს ალექსანდრ სკობოვის საქმიან ბიოგრაფიას:
1976 წელს, ჯერ კიდევ პირველ კურსზე სწავლის დროს, აკავებენ არაფორმალურ სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის,
1978 წელს სასამართლოს განაჩენით ათავსებენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში,
გასული საუკუნის 80-იან წლებში კიდევ რამდენჯერმე აწვენენ საავადმყოფოში იძულებით სამკურნალოდ,
უარს ამბობს შეთავაზებულ ემიგრაციაზე,
1988 წელს აკავებენ „ანტისაბჭოთა პროპაგანდის“ მუხლით. სკობოვი არის ამ მუხლით დაკავებული ბოლო ადამიანი სსრკ-ში. 1989 წელს საქმე შეწყდა სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების გამო.
გმობს ჩეჩნეთის ომებს,
ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას,
წერს წიგნებს,
ასწავლის,
გმობს ყირიმის ოკუპაციას,
2016 წელს თავს ესხმიან. სცემენ და დანით ჭრიან.
გმობს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას,
უერთდება „თავისუფალი რუსეთის ფორუმის“ საბჭოს,
მხარს უჭერს წინააღმდეგობის ყველა ფორმას,
შეთავაზებულ ემიგრაციაზე (ევაკუაცია რუსეთის ფედერაციიდან) კვლავ უარს ამბობს.
იცის, რომ დაჭერას უპირებენ,
მიემგზავრება თურქეთში. ემშვიდობება შვილებს და უკან ბრუნდება.
22 მარტს „უცხოეთის აგენტად“ აცხადებენ.
აკავებენ სანქტ-პეტერბურგში, 2 აპრილის გვიან ღამით,
ბრალს სდებენ "ტერორიზმის გამართლებაში".
სულ ეს არის,
ნათელი ადამიანი,
მოწამე…
სადამსჯელო ფსიქიატრია და პირველი პროფკავშირი
ალექსანდრ სკობოვი სასამართლომ ორჯერ გამოაცხადა შეურაცხადად და გაგზავნა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
ისტორიკოსისა და პუბლიცისტის, ილია ბუდრაიცკისის თქმით, 1976 წელს ლენინგრადში შეიქმნა ჯგუფი "მემარცხენე ოპოზიცია", რომელმაც ორი წლის განმავლობაში იარსება და, რომლის წევრები და ჟურნალ „პერსპექტივების“ ავტორები მოითხოვდნენ „სახელმწიფოს რეპრესიული მექანიზმების ლიკვიდაციას, დაუყოვნებლივ ნებაყოფლობით ორმხრივ განიარაღებასა და ჩინეთ-სსრკ-ის სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას“.
ჯგუფის პროგრამულ სტატიაში „მიმდინარე მომენტის თეზისები“, ლაპარაკი იყო იმაზე, რომ „საბჭოთა სახელმწიფო, რომელიც რევოლუციის წლებში მხოლოდ საშუალება იყო, თვითმიზნად იქცა, რომ „საბჭოთა იდეოლოგია შევიდა ჩიხში და, რომ მას არაფერი აქვს საერთო მარქსიზმთან და, რომ იგი მარქსიზმის უხეშად ფალსიფიცირებული ასლია“.
როგორც ილია ბუდრაიცკისი წერს, ჟურნალმა „პერსპექტივებმა“ ასევე გამოაქვეყნა ნაწყვეტები ბაკუნინის, კროპოტკინის, ტროცკის, მარკუზესა და კონ-ბენდიტის ტექსტებიდან:
„1978 წელს სულ გამოვიდა ჟურნალის 3 ნომერი. ჯგუფის ლიდერები, არკადი ცურკოვი და ალექსანდრ სკობოვი, "მემარცხენე ოპოზიციის" კონტაქტებზე დაყრდნობით, აპირებდნენ შეექმნათ საკავშირო ორგანიზაცია კოდური სახელწოდებით "ახალგაზრდობის რევოლუციურ კომუნისტური კავშირი". კონფერენციის გახსნის წინა დღეს დააკავეს მისი მონაწილეები, მათ შორის დელეგატები მოსკოვიდან და გორკიდან. დაკავებულთა უფლებების დასაცავად ყაზანის საკათედრო ტაძრის წინ გამოვიდა 200-ზე მეტი მოსწავლე და სტუდენტი. სკობოვი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 1985 წელს მას კვლავ მიუსაჯეს იძულებითი მკურნალობა, 1988 წელს კი კინაღამ დააპატიმრეს „ანტისაბჭოთა აგიტაციისთვის“.
„მხოლოდ ორი ნომრის გამოცემა მოესწრო, მესამეზე უკვე აგვიყვანეს. ამხანაგებსა და ნაცნობებში - სულ ეს იყო გავრცელება”, - იხსენებდა ალექსანდრ სკობოვი, რომელიც საბჭოთა სასამართლომ „ანტისაბჭოთა აგიტაციის“ მუხლით გაასამართლა.
სკობოვის წინააღმდეგ ორჯერ გამოიყენეს სადამსჯელო ფსიქიატრია. პირველად მან ორი წელი გაატარა „ფსიხუშკაში“, თუმცა გამოშვების შემდეგ მალევე დაიწყო ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი პროფკავშირის („სმოტ“) შექმნა, რის გამოც კვლავ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აღმოჩნდა.
ალექსანდრ სკობოვი მეგობრობდა ასევე ცნობილ დისიდენტთან ლევ ვოლოხონსკისთან, რომლის დაპატიმრების შემდეგ სკობოვმა ლენინგრადის ცენტრი ააჭრელა წარწერებით „თავისუფლება ვოლოხონსკის!“ - ამის გამო დააპატიმრეს და ხუთი წლით მოათავსეს საავადმყოფოში, საიდანაც 1987 წელს გამოუშვეს.
1988 წელს სკობოვზე კიდევ ერთხელ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ანტისაბჭოთა აგიტაციის ბრალდებით, რადგან მონაწილეობა მიიღო „დემოკრატიული კავშირის“ შექმნაში, მაგრამ საქმე განაჩენის გამოტანამდე არ მისულა: გამოძიება შეწყდა 1989 წელს, როცა ე.წ. პერესტროიკა მთელი ძალით იყო გაჩაღებული, „დემოკრატიული კავშირი“ კი იქცა პირველ ოპოზიციურ პარტიად სსრკ-ში, რომლის ლიდერი ვალერია ნოვოდვორსკაია იყო.
ჩეჩნეთის ომის წინააღმდეგ
„მე-20 საუკუნის ბოლოს რკინისა და სისხლით გაერთიანებული იმპერიები განწირულია განადგურებისთვის. დღეს მრავალეროვნულ სახელმწიფოს შეუძლია იარსებოს მხოლოდ როგორც მისი შემადგენელი ხალხების ნებაყოფლობით გაერთიანებას", - რუსეთის საზოგადოებისათვის უკიდურესად არაპოპულარულ ამგვარ მოსაზრებებს ალექსანდრ სკობოვი გამოთქვამდა ომის მსვლელობისას, დაპირისპირებულ მხარეებს კი კონფლიქტის გადაწყვეტის გზად სთავაზობდა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ”მოლაპარაკების დაწყებას ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხალხის ნების თავისუფალი გამოხატვის მექანიზმებსა და პირობებზე“.
„ჩეჩნეთის [პირველი] ომის დროინდელი მისი ტექსტები სრულ წინააღმდეგობაში მოდიოდა რუსეთის პოლიტიკურ მეინსტრიმთან“, - ამბობს ვლადიმირ ვოლოხონსკი, დისიდენტ ლევ ვოლოხონსკის შვილი და ალექსანდრ სკობოვის თანამოაზრე.
ალექსანდრ სკობოვი აქტიურ მონაწილეობას იღებდა „სოლიდარობის“ მოძრაობაში 2000-იანი წლების ბოლოს და 2010-იანი წლების დასაწყისში. მისი ორგანიზებულია 2011-2012 წლების ზამთრის საპროტესტო აქციები სანქტ-პეტერბურგში. სკობოვი ასევე ჩართული იყო "თავისუფალი რუსეთის ფორუმის" მუშაობაში. საზღვარგარეთ მყოფი რუსეთის ოპოზიციის ეს პლატფორმა რუსეთში არასასურველ ორგანიზაციად არის აღიარებული და მასთან თანამშრომლობა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.
„ციხეში ჩაჯდომის რისკი მას საერთოდ ვერ აჩერებდა"
იული რიბაკოვი ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის რუსულ რედაქციასთან საუბარში ამბობს, რომ სკობოვს კარგად ესმოდა, რომ სოციალურ ქსელებში თავისი პოსტებითა და დამოუკიდებელ მედიასთან ინტერვიუებით დაპატიმრება არ ასცდებოდა.
„ის მზად იყო ამისთვის და, შესაძლოა, ამისკენაც მიისწრაფოდა”, - ამბობს იული რიბაკოვი.
2024 წლის 22 მარტს, იუსტიციის სამინისტრომ ალექსანდრ სკობოვი უცხოურ აგენტად გამოაცხადა.
2024 წლის მარტის ბოლოს სკობოვმა დაწერა, რომ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმე აღიძრა „თავისუფალი რუსეთის ფორუმში“ მონაწილეობის გამო.
„კატეგორიული უარი თქვა დამალვაზე ან საზღვარგარეთ წასვლაზე. მისთვის მნიშვნელოვანი იყო რუსეთში დარჩენა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი სიტყვები ნაკლებად ღირებული იქნებოდა, - ამბობს ვლადიმირ ვოლოხონსკი, - მიჭირს იმის თქმა, სურდა თუ არა მას ჩაჯდომა, მაგრამ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩაჯდომის რისკს არ შეეჩერებინა“.
დაკავებისას ალექსანდრ სკობოვმა უარი თქვა დიაბეტის წამლების თან წაღებაზე და სათვალეც კი მოიხსნა. იული რიბაკოვი ამ საქციელს „უკანასკნელი პროტესტის“ ჟესტად აღიქვამს: „სკობოვმა გადაწყვიტა უბრალოდ თავი გადადოს და ნავალნის გზას გაჰყვეს, რათა კიდევ ერთხელ სცადოს საზოგადოებისა და კაცობრიობის გამოღვიძება და აჩვენოს, თუ რა ხდება რუსეთში“.
ვოლოხონსკი არ არის დარწმუნებული, რომ, ცუდი მხედველობის გამო, სკობოვი წერილების წაკითხვასა და პასუხების დაწერას შეძლებს: „მას გლაუკომა აქვს, სათვალე დიდად არ შველის. ის მხოლოდ ბუნდოვან ლაქებს ხედავს. კითხულობს მხოლოდ ეკრანის წამკითხველი სპეციალური პროგრამის გამოყენებით“.
რიბაკოვის თქმით, პატიმრობაში ალექსანდრ სკობოვის დღეები, როგორც იტყვიან, დათვლილია. ადვოკატს დიდი ძალისხმევა დასჭირდება იმისთვის, რომ დაარწმუნოს იგი წამლების მიღების აუცილებლობაში.
„მგონია, რომ მისთვის ეს ცხოვრების ყველაზე ღირსეული და ლამაზი დასასრულია. ამას ვამბობ და ცრემლები მომდის“, - ამბობს ვლადიმერ ვოლოხონსკი ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიასთან საუბარში.
"ასეთი რეჟიმებიც მთავრდება!"
უკანასკნელ ინტერვიუში, რომელიც სკობოვმა დაპატიმრებამდე ორიოდე დღით ადრე მისცა რადიო თავისუფლების პროექტ Sever.Realii-ს, ის ამტკიცებს, რომ პუტინის რეჟიმი ტოტალიტარული გახდა:
„საავადმყოფოში რომ დამაწვინეს, გვიანი საბჭოთა რეჟიმი უკვე დაღლილი და გაზარმაცებული იყო თავის თავისგან. ახლანდელები კი ახლა ხურდებიან. ვფიქრობ, კვლავ განვითარდება სადამსჯელო ფსიქიატრია - ვიდრე არ დაემხობა რეჟიმი. მანამდე რეჟიმი მხოლოდ ერთი მიმართულებით - სულ უფრო მეტი სიმხეცისკენ განვითარდება და ამ გზაზე სიხარულით გადაიღებს საბჭოთა პრაქტიკას“.
ალექსანდრ სკობოვმა იცოდა, თუ რა ნაბიჯს დგამდა და სად მიდიოდა, როცა რუსეთის ხელისუფლების კრიტიკითა და უკრაინის მხარდაჭერით გამოდიოდა. მისი თქმით, პუტინის რუსეთში პოლიტპატიმრებს განსაკუთრებით გაუჭირდებათ, რის მაგალითადაც მან ალექსეი ნავალნის ბედი დაასახელა:
„ალექსეი ნავალნის სიკვდილი მოსალოდნელი იყო. პუტინს არ შეეძლო არ მოეკლა, ეს ის შემთხვევაა, როცა ტირანი მოქმედებს არა რაციონალურად, არამედ ემოციურად. ნავალნი პირში დასცინოდა მას, რაც პირდაპირ აცოფებდა დიქტატორს. სამწუხაროდ, ვფიქრობ, ეს არ არის პოლიტპატიმრის ბოლო სიკვდილი პუტინის რუსეთში“.
ალექსანდრ სკობოვი თავის თავსაც პუტინის რეჟიმის პოტენციურ მსხვერპლად განიხილავს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი უიმედოდაა განწყობილი. ერთ-ერთ ვიდეოინტერვიუში სკობოვი ამბობს:
„ძალიან გამჯდარი იყო ქვეცნობიერში წარმოდგენა, რომ საბჭოთა ტოტალიტარული სისტემა სამარადჟამოდ იყო და, რომ ის არასოდეს შეიცვლებოდა. შესაბამისად, დისიდენტების მიერ სამზარეულოებში წარმოთქმული საყვარელი სადღეგრძელოც ასე ჟღერდა: ჩვენს უიმედო საქმიანობას გაუმარჯოს. მაგრამ დღეს ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ ასეთი რეჟიმებიც მთავრდება. ჩვენ ეს ვნახეთ!“