8 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა ბრიუსელში კიდევ ერთხელ იმსჯელეს საქართველოზე და, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს პოტენციური ზომები იმ სცენარისთვის, თუკი საქართველოში მიიღებენ კანონს უცხოეთის აგენტების შესახებ. ფინანსური დახმარების და სტატუსის შესახებ ანგარიშის გადახედვის გარდა, არ გამორიცხეს არც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება.
9 მაისს რადიო თავისუფლებამ თბილისი-ბრიუსელის ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივაზე კითხვები დაუსვა ევროკავშირის დიპლომატს, რომელიც ანონიმურობის დაცვის პირობით გვესაუბრა.
გიამბობთ, რას ამბობს იგი.
„არც ისეთი რთულია, როგორც თბილისში ჰგონიათ“
დიპლომატი ბრიუსელიდან ადასტურებს, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის - ანუ უვიზო რეჟიმის - შეჩერების საკითხზე სულ უფრო და უფრო მეტს საუბრობენ.
„მართლაც, ყველაფრის საფუძველი დემოკრატიულ ღირებულებებთან, ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაა. ეს იყო ის, რის გამოც საქართველოს, საერთოდაც, მიენიჭა ეს პრივილეგია“, - ამბობს იგი და დასძენს:
„თუკი არსებობს თანხმობა, რომ საქართველო ამ რეალობიდან გადის, მაშინ კითხვაა, ჩვენ რას ვაკეთებთ?“
მისი თქმით, უვიზო რეჟიმის შეჩერება „საერთოდ არ არის ისეთი რთული, როგორც თბილისში ჰგონია ზოგიერთს, - რომ თითქოს ამაზე ბეჭედია დარტყმული და მორჩა. არა, სულაც არა“.
„ფაქტი, რომ [ბრიუსელში] ამაზე საუბრობენ, უკვე უნდა იყოს ნიშანი, რათა [საქართველოს მოქალაქეები] გამოფხიზლდნენ. საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები ბეჭედდასმული არ არის; ყველა ის პრივილეგია, რაც მიენიჭათ, იმის მიუხედავად ძალაში არ დარჩება, მთავრობა როგორ იქცევა“, - გვითხრა დიპლომატმა.
„მზარდი რიცხვია“
ევროკავშირის კანონმდებლობისა და რეგულაციების თანახმად, უვიზო რეჟიმის შეჩერება შეიძლება ევროკავშირის 27-დან რომელიმე ქვეყანამ, ქვეყნების ჯგუფმა, ანდა თავად ევროკომისიამ წამოჭრას.
- უვიზო რეჟიმი 9 თვით ჩერდება, შემდეგ კიდევ 18 თვით;
- შესაბამის აქტებს გამოსცემს ევროკომისია;
- საბოლოოდ გადაწყვეტილებას იღებს ევროკავშირის საბჭო, სადაც 27 წევრი ქვეყანაა.
- მაგრამ საკითხი წყდება არა კონსენსუსით - ანუ 27-ვე წევრის თანხმობით, არამედ კვალიფიციური უმრავლესობით, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ 15 ქვეყნის თანხმობაა საკმარისი. ასეთ შემთხვევაში უნგრეთის შესაძლო უარს ბევრი არაფრის შეცვლა არ შეუძლია.
კითხვაზე, რამდენი ქვეყანა ითხოვს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერებას და არის თუ არა მათი რიცხვი მზარდი, დიპლომატი ამბობს:
„მზარდი რიცხვია. გულწრფელად რომ გითხრათ, იზრდება შესაძლებლობა უვიზო რეჟიმის შეჩერებისა. ზუსტად იმ საფუძვლით, რომ ქვეყანა საკუთარ დაპირებებს არ ასრულებს“.
მისი თქმით, ეს საკითხი ექცევა ევროკავშირის სტანდარტულ მექანიზმში, „რაც გარკვეულ შეთანხმებაზე დგას“ და „ევროკომისიის შესაფასებელია, საქართველო ასრულებს შეთანხმების თავის პირობას თუ არა“:
„თუ პასუხი იქნა „არა“, ამას ავტომატური გაგრძელება მოჰყვება. ანუ [სავიზო რეჟიმის] შეჩერების შესაძლებლობაზე ვლაპარაკობთ ახლა“.
„ჩალის ფასის“ რეზოლუცია
ამ დისკუსიებს ბრიუსელში, რომელიც „აგენტების კანონზე“ ევროკავშირისა და ევროკომისიის საპასუხო რეაქციაზე შეთანხმებას უკავშირდება, წინ უძღოდა 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით.
რეზოლუცია, რომელსაც არასავალდებულო ხასიათი აქვს, არაერთ საკითხს ეხება. სხვა ყველაფერთან ერთად:
ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკომისიას, შეაფასოს „აგენტების კანონის“ გავლენა „საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, რაც ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“.
იმ კრიტერიუმებს შორის, რომლითაც ევროკომისია ყოველწლიურად აფასებს ქვეყნებს, „საგარეო ურთიერთობები და ფუნდამენტური უფლებებიც“ შედის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 26 აპრილს თქვა, რომ რეზოლუციაში სავიზო ლიბერალიზაციაზე ჩანაწერს „ზუსტად ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორი ჩალის ფასიც აქვს ჩანაწერებს ლგბტ პროპაგანდის არდაშვების თაობაზე და ასევე სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე“.
საქართველომ 2017 წელს გადაინაცვლა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების ჩამონათვალში.
26 აპრილსვე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება“ და რეზოლუცია არის „ქართველ ხალხზე გაბრაზებული რამდენიმე ევროდეპუტატის პწკენა“.
მართალია, ევროპარლამენტის რეზოლუცია სავალდებულოდ შესასრულებელი არ არის, მაგრამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების განწყობა სავიზო ლიბერალიზაციის გადახედვის საფრთხეს რეალურს ხდის. ეს განწყობა 8 მაისს ბრიუსელში ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზეც გამოჩნდა.
რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ბრიუსელიდან იუწყება, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი სულ უფრო და უფრო მეტად ღელავს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და სურთ, რომ ევროკომისიამ არაერთი საკითხი შეისწავლოს და განიხილოს ქვეყანასთან მიმართებით - „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული“ და „ყველანაირი ზომა განიხილება“.
„ქართველების გადასაწყვეტია“
ეს გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობაზე იქონიებს გავლენას.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 9 მაისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განიხილავენ „ყველა შესაძლებლობას, რათა კანონი არ იქნეს მიღებული და ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებს არ მოუწიოთ შედეგებზე რეაგირების გზების ძიება“.
„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენ არ გადავალთ ამ საფეხურზე. არ მსურს ხალხი დაისაჯოს, თითოეული ადამიანი დაზარალდება“, - განაცხადა ელჩმა ჰერჩინსკიმ.
დიპლომატი ბრიუსელიდან, რომელიც ანონიმურობის დაცვის პირობით გვესაუბრა, ამბობს, რომ გადაწყვეტილებას უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე გავლენა ექნება საქართველოს მოსახლეობაზე:
„მართალია, დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ქართველების გადასაწყვეტია, მიმართავენ თუ არა მმართველებს და ეტყვიან: „თქვენი პოლიტიკა საფრთხეს უქმნის იმას, რაც ჩვენთვის ძვირფასია, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია“. უვიზო რეჟიმის შეჩერება, შეიძლება ითქვას, უკვე დევს მაგიდაზე, ან მზად არის მაგიდაზე დასადებად, - და ის, როგორ განვითარდება ეს დისკუსია, სინამდვილეში დამოკიდებულია საქართველოს შიდა მოვლენებზე; იმაზე, თუ რას ეტყვის ქართველი ხალხი თავის მმართველებს, თავის მთავრობას“.
ეს სანქციებს „არ გამორიცხავს“
სანქციების დაწესებას, განსხვავებით ვიზის შეჩერების მექანიზმის გამოყენებისგან, არა უბრალო ან კვალიფიციური უმრავლესობა, არამედ კონსენსუსი, 27-ვე წევრის ხმა სჭირდება.
კითხვაზე, არის თუ არა ეს მიზეზი, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმის შეჩერებას განიხილავს და არა სანქციების დაწესებას ცალკეული პირებისათვის, დიპლომატმა გვიპასუხა: „ერთი მეორეს არ გამორიცხავს“.
იგი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ „საქართველოსა და ევროკავშირის ღირებულებები, როგორც ვთქვით, კონკრეტულ ღირებულებებსა და პრინციპებს ეფუძნება და ეს საკითხი ვერ დაიყვანება მხოლოდ ერთ-ორ თუ ხუთ-ექვს ინდივიდზე“.
„ეს საკითხი ეხება მთლიანად ქვეყნის ურთიერთობას ევროკავშირთან. სახელმწიფოს აქვს ნაკისრი ვალდებულება, რომ გარკვეულ დათქმებს შეასრულებს. თუ გადაწყვეტენ, რომ არ შეასრულონ, ევროკავშირის რეაქცია მხოლოდ კონკრეტული პირების სანქცირება არ იქნება. ეს ეხება ევროკავშირისა და საქართველოს მთლიან ურთიერთობას“, - ამბობს იგი და კიდევ ერთხელ იმეორებს:
„აი, სწორედ ამიტომ უნდა იყოს ეს გამოსაფხიზლებელი სიგნალი. გზა, რასაც მთავრობა მიჰყვება, მართლა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთელ ურთიერთობას“.
„ფრთხილად იყავით“, - ამბობს დიპლომატი.
ფორუმი