ევროპარლამენტის წევრები შეშფოთებული არიან უკრაინაში პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნისათვის მართლმსაჯულების სისტემის „მუდმივი გამოყენებით“ და მოუწოდებენ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, უზრუნველყოს ქვეყანაში პოლიტიკური გავლენისაგან თავისუფალი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება, - ნათქვამია ევროპარლამენტში შექმნილი „ევროპული უკრაინის მეგობართა“ ჯგუფის განცხადებაში, რომლის ფონია უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის მიმართ აღძრული 20-მდე სისხლის სამართლის საქმე, რომელთაგან ერთში სასამართლო ეჭვმიტანილი პეტრო პოროშენკოს აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობს.
„პოლიტიკური ოპონენტების გასამართლების ამჟამინდელი მცდელობა შეიცავს დემოკრატიიდან გადახვევის რისკს, ხელს აძლევს მესამე ძალებს, რომლებიც დაინტერესებული არიან საფრთხე შეექმნას უკრაინის ევროპული ინტეგრაციისაკენ მიმართულ რეფორმებს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ევროპარლამენტის მონიტორინგის მისიის თანათავმჯდომარე, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ალექსანდრ კვასნიევსკი და ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი, პეტ კოქსი.
უფრო ადრე ანალოგიური განცხადება გააკეთა უკრაინაში აშშ-ის საელჩომ.
დასავლეთის კრიტიკის ფონზე, უკრაინაში გამოკითხულ მოქალაქეთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიმართ დაწყებული გამოძიება სამართლიანობისათვის ბრძოლის საქმეს ემსახურება.
ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ მეხუთე პრეზიდენტის დევნა აზიანებს ქვეყნის იმიჯს და საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ფორმირებას.
რეკორდსმენი ეჭვმიტანილი და „კოლექტიური დასავლეთის“ პრეტენზიები
უკრაინის ყოფილი მეხუთე პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, ფიგურირებს 20-ზე მეტ სისხლის სამართლის საქმეში. მათ შორის არის სავარაუდო „სახელმწიფო ღალატი“, ჩადენილი მინსკის შეთანხმებების ხელმოწერის დროს, და გადასახადებისგან თავის არიდება ტელეარხ „პერშის“ შეძენის შემთხვევაში; პოროშენკოს ედავებიან ასევე „ძალაუფლების ხელში ჩაგდების“ მცდელობას 2018 წლის ნოემბერში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების დროს და სავარაუდო „ხელისუფლების უზურპაციის“ მცდელობას, კომისიის დასკვნის გარეშე მართლმსაჯულების უზენაესი საბჭოს ორი წევრის დანიშვნის გამო.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პოროშენკო ფიგურირებს ასევე უკრაინაში „რელიგიური შუღლის გაღვივების“ საქმეში მსოფლიო საპატრიარქოს დახმარებით უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის მიღწევისთვის.
პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლიდან ერთ წელიწადში ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ 20-ზე მეტი საქმის აღძვრას თანამედროვე ევროპის ისტორიაში რეკორდულად მიიჩნევენ ანალიტიკოსები, რომელთა აზრით, ეს ფაქტი დიდ ზიანს აყენებს უკრაინის იმიჯს დასავლეთში.
„პრობლემა ისაა, რომ პოროშენკოს მიმართ წაყენებული პრეტენზიები უკავშირდება არა, ვთქვათ, კორუფციის საქმეებს, არამედ იძიებენ იმას, ჰქონდა თუ არა მას უფლება, გაეგზავნა გემები ქერჩის სრუტის გავლით, ან ჰქონდა თუ არა მას უფლება, ებრძოლა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტომოსისთვის; ამიტომ ვფიქრობ, რომ კოლექტიურ დასავლეთს ძალიან აღელვებს ის ფაქტი, რომ [პოროშენკოს] დევნა სწორედ გამოგონილი მიზეზებით ხდება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევჰენ მაგდამ, კიევში არსებული „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.
არის კიდევ ერთი საქმე, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ეჭვმიტანილია „მის კონტროლქვეშ მყოფი პირების დანიშვნის გზით სახელმწიფო ხელისუფლების მიტაცების მცდელობაში“.
სემოჩკოს საქმე - „იურიდიული ტრეში“
კერძოდ, გამოძიების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტად ყოფნის დროს პეტრო პოროშენკომ აიძულა საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, ეგორ ბოჟკო, გამოეცა უკანონო ბრძანება მის მოადგილედ სკანდალურად ცნობილი სერგეი სემოჩკოს დანიშვნის თაობაზე.
სკანდალი კი უკრაინაში 2018 წლის შემოდგომაზე მას შემდეგ აგორდა, რაც უკრაინულმა მედიამ აღმოაჩინა, რომ საგარეო დაზვერვის უფროსის მოადგილე ხშირად ჩადიოდა ანექსირებულ ყირიმში და ფლობდა კიევში უკანონო უძრავ ქონებას. მოგვიანებით უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურმა დაადგინა, რომ სემოჩკოს ცოლსა და ქალიშვილს რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდათ.
პროკურატურა უკრაინის მეხუთე პრეზიდენტს, ამჟამად სახალხო დეპუტატსა და პარტია „ევროპული სოლიდარობის“ ლიდერს, ადანაშაულებს იმაში, რომ მან თანამდებობრივი დანაშაულისკენ უბიძგა საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილ უფროსს.
„გამოძიების თანახმად, სახალხო დეპუტატი ეჭვმიტანილია იმაში, რომ უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას 2018 წელს აშკარად დანაშაულებრივი ბრძანებულების გამოცემით სამხედრო თანამდებობის პირს - უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს - უბიძგა ძალაუფლებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებისკენ, ანუ ისეთი მოქმედებების განზრახ ჩადენისკენ, რომლებიც აშკარად სცილდება მისთვის განკუთვნილ უფლებებსა და უფლებამოსილებებს...“ - ნათქვამია პროკურატურის შეტყობინებაში.
პეტრო პოროშენკოს დაცვის მხარე ამ ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ფარდას ახდის საქმეში არსებულ უამრავ პროცესუალურ დარღვევას.
სხვათა შორის, ამ საქმეს უპერსპექტივოდ მიიჩნევს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კადენციის განმავლობაში მის მიერ დანიშნული უკრაინის პირველი გენერალური პროკურორი, რუსლან რიაბოშაპკა, რომელმაც ამ საქმეს „იურიდიული ტრეში” უწოდა.
„ამიტომ დავაბრუნეთ ეს საქმე გამოძიების სახელმწიფო ბიუროში. დოკუმენტი აჭრელებული იყო შენიშვნებით. უფრო მეტიც, იქ სინამდვილეში არ იყო მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა დანაშაულს, რომელშიც ეჭვმიტანილი იყო მეხუთე პრეზიდენტი. თანაც, ეს ყველაფერი იურიდიულად არასრულყოფილად იყო გაფორმებული“, - აცხადებს რუსლან რიაბოშაპკა.
უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი პეტრო პოროშენკოს გარშემო შექმნილ ვითარებას ადარებს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის დროს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს, წინააღმდეგ დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნას, რაც ტიმოშენკოს გასამართლებითა და დაპატიმრებით დასრულდა.
იულია ტიმოშენკოს 2011 წელს ბრალი წაუყენეს 2009 წელს ბუნებრივი აირის დარგში, ძალაუფლების გადამეტებით, რუსეთთან ისეთი ხელშეკრულების გაფორმებაში, რომელმაც ქვეყანა რამდენიმე ათეული მილიონი დოლარით აზარალა.
ევროკავშირმა დაგმო სასამართლო პროცესი. ხოლო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაშინდელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვიქტორია ნულანდმა, შეშფოთება გამოთქვა ოპოზიციური ლიდერის „პოლიტიკურად მოტივირებული“ დევნის გამო.
„მაშინ ევროკავშირი საკმაოდ აქტიურად იბრძოდა იულია ტიმოშენკოს გასათავისუფლებლად, თუმცა, საბოლოოდ, იგი გათავისუფლებული იქნა „ღირსების რევოლუციის“ შედეგად. ცხადია, ევროკავშირში ეს ახსოვთ და, დარწმუნებული ვარ, იმოქმედებს პრეცედენტული სამართალი“, - ამბობს ევჰენ მაგდა.
ნდობა და უნდობლობა
ევროკავშირში ეს რომ არ დავიწყებიათ, ამას ადასტურებს ევროპარლამენტში შექმნილი „ევროპული უკრაინის მეგობართა“ ჯგუფის განცხადებაც, რომელიც გამოქვეყნდა ზუსტად იმ დღეს, როდესაც კიევის პეჩორის სასამართლოს პეტრო პოროშენკოს აღკვეთის ზომაზე უნდა ემსჯელა. მაგრამ სასამართლო სხდომა 8 ივლისისათვის გადაიდო.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია მეტყველებს დემოკრატიული სტანდარტებიდან გადახვევის საგანგაშო დასაწყისზე, რაც უკან გადადგმული ნაბიჯია და, შესაძლოა, გადაიზარდოს მაიდნის მიღწევათა რევიზიაში. პოლიტიკური ბრძოლის ადგილი უნდა იყოს არჩევნები და პარლამენტი. სწორედ ისინია და არა სასამართლოები პოლიტიკურ ოპონენტთან ბრძოლის არენა. მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების (უკრაინაში) ფონზე კიდევ უფრო იზრდება ჩვენი შეშფოთება, როდესაც ვხედავთ, თუ როგორც ცდილობენ პოლიტიკურ ოპონენტთან საქმის გარკვევას სასამართლო სისტემით და არა საარჩევნო ბიულეტენებით“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ევროპარლამენტის მონიტორინგის მისიის თანათავმჯდომარე, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ალექსანდრ კვასნიევსკი და ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი, პეტ კოქსი.
ევროპელი პოლიტიკოსები აფრთხილებენ უკრაინის ხელისუფლებას, რომ თუ ეს კურსი შემდგომშიც გაგრძელდა და გაძლიერდა, მისი პირველი მსხვერპლი აღმოჩნდება უკრაინის დემოკრატია და კანონის უზენაესობა, უმთავრესი საერთო ფასეულობა, რომელსაც ეფუძნება ევროკავშირი და ნატო, უკრაინის განცხადებული ორი საგარეო-პოლიტიკური მიზანი.
მაგრამ პოლიტიკური მიზნებისთვის მართლმსაჯულების გამოყენებასა და ოპონენტების პოლიტიკურ დევნაზე მინიშნებებს არ იზიარებს უკრაინის ხელისუფლება.
უკრაინის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა, აცხადებს, რომ პეტრო პოროშენკოს მიმართ დაწყებული გამოძიებით უკრაინის დამოუკიდებლობის განმავლობაში იქმნება ისეთი პრეცედენტი, რომელმაც უნდა დაანგრიოს ხელშეუხებელთა კასტა.
„ამიტომ მოვუწოდებ უკრაინის მეხუთე პრეზიდენტს, რომ პირადად უჩვენოს კანონის პატივისცემის მაგალითი მოქალაქეებს და სასამართლოში დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა“, - განაცხადა ვენედიქტოვამ სპეციალურ ვიდეომიმართვაში, რომელშიც დეტალურად მიმოიხილა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ წაყენებული საბრალდებო საქმე.
ჩადენილი დანაშაულების გამო ყოფილი მაღალჩინოსნების სისხლისსამართლებრივ დევნას ემხრობა უკრაინელების უმრავლესობაც. კიევის სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტების 51 % სამართლიანობისათვის ბრძოლად მიიჩნევს პეტრო პოროშენკოს მიერ პრეზიდენტობის დროს ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიებას, 30 % კი მას პოლიტიკურ დევნად აფასებს.
უმრავლესობის ამ განწყობაზე თამაშს სახიფათოდ მიიჩნევენ უკრაინელი ექსპერტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ „ზელენსკი ცეცხლს“ ეთამაშება.
„პოროშენკოს წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება მოკლევადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, ზელენსკის დაეხმაროს თავისი ამომრჩევლების კონსოლიდირებაში, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში დაასუსტებს მის პოზიციებს, ვინაიდან გამოაცლის მოსახლეობის აქტიური ნაწილის მხარდაჭერას და ასევე გამოიწვევს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორებისგან მის იზოლირებას“, - აცხადებს ალენა გეტმანჩუკი, კვლევით ცენტრ „ახალი ევროპის“ დირექტორი.