Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენერალური პროკურატურა: პეტრო პოროშენკო საგარეო დაზვერვის უფროსს კანონდარღვევისკენ უბიძგებდა


პეტრო პოროშენკო
პეტრო პოროშენკო

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი იტყობინება, რომ დღეს სახალხო დეპუტატს „ევროპული სოლიდარობიდან“, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადაეცა უწყება დანაშაულში ეჭვმიტანილობის თაობაზე.

გამოძიების თანახმად, პოროშენკო ეჭვმიტანილია უცხოეთში ძვირფასი ნახატების უკანონოდ გატანასთან კავშირში.

„გამოძიების თანახმად, სახალხო დეპუტატი ეჭვმიტანილია იმაში, რომ უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას 2018 წელს აშკარად დანაშაულებრივი ბრძანებულების გამოცემით სამხედრო თანამდებობის პირს - უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს - უბიძგა ძალაუფლებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილებების გადაჭარბებისკენ, ანუ ისეთი მოქმედებების განზრახ ჩადენისკენ, რომლებიც აშკარად სცილდება მისთვის განკუთვნილ უფლებებსა და უფლებამოსილებებს...“ - ნათქვამია შეტყობინებაში.

გენერალური პროკურორის ოფისის თანახმად, ამჟამად წყდება პოროშენკოს წინასწარ დაკავებაში აყვანის საკითხი.

როგორც პოროშენკოს ერთ-ერთმა ადვოკატმა, ილია ნოვიკოვმა განაცხადა, სავარაუდოდ, საქმე ეხება საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, სერგეი სემეჩკოს დანიშვნას.

„ეს საქმე ისე იყო ფორმულირებული, თითქოს პოროშენკომ ფულის მოპარვის მიზნით დანიშნა ის პროცედურების გვერდის ავლით. ეს აბსურდია. ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა რუსლან რიაბოშაპკამ უკვე განაცხადა, რომ ეს იურიდიული „ტრეშია“. მართლაც ასეა“, - თქვა ადვოკატმა.

ადრე გამომძიებლებმა ასევე განაცხადეს, რომ პოროშენკოს დაკითხვა სურთ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელზეც სავარაუდოდ მისი და აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ხმებია.

დღეს პეტრო პოროშენკომ მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, თავი შეიკავოს ოპოზიციის დევნისგან.

XS
SM
MD
LG