მედია სავსეა წერილებით იმ მშობლების შესახებ, რომლებიც კარანტინსა და იზოლაციაში შვილებთან ერთად აღმოჩნდნენ. იწერება რჩევები, როგორ გაანაწილო დრო ბავშვებს, სახლსა და სამსახურის საქმეებს შორის. არსებობს თამაშების გრძელი სიები და ვარჯიშების უსასრულო ჩამონათვალი. პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების დაწესებიდან თვეზე მეტი გავიდა, - სკოლების და ბაღების დაკეტვიდან - უფრო მეტი და ამასობაში სახლში მოთამაშე, კედლებზე მოსიარულე და იატაკზე მოხტუნავე ბავშვები გაიზარდნენ, - აღმოჩნდა, რომ მათ ნაწილს ტანსაცმელი დაუპატარავდა, ნაწილი კი სულაც გადაეჩვია ჩაცმას.
4 წლის ლეა და მისი დაპატარავებული ფეხსაცმელები
4-წლინახევრის ლეა პარიზში ცხოვრობს დედასთან ერთად. ქალაქში ჯერ ისევ დაკეტილია მაღაზიები, არადა, ლეას ცოტა ხნის წინ ბოლო წყვილი ფეხსაცმელიც დაუპატარავდა, სამაგიეროდ საღი და თავის ზომა ტანსაცმელი ჯერ ისევ ბევრი აქვს. როგორ აღმოჩნდა, იმაზე მეტიც კი, ვიდრე სჭირდება. ლეას კაბები უყვარს და რომ ჰკითხო - უკლებლივ ყველა შარვალი უჭერს! ლეას ბაღი 2 კვირაში იხსნება, მაღაზიები - უფრო ადრე, ასე რომ, სწავლის დაწყებას ფეხშიშველი არ შეხვდება.
3 წლის ანა და “საშიში” ტანსაცმელი
ფეხსაცმელი დაუპატარავდა 3 წლის ანასაც, ისე, რომ სახლში მყოფმა გაცვეთა ვერ მოასწრო. ერთადერთი, რაც ეტევა, ბოტებია. სახლში ყოფნისას როცა ეუბნებიან, რომ შარვალი ან წინდები სჭირდება, ამბობს, რომ ძალიან აწუხებს.
“სულ ყველაფერი აწუხებს. იმ იშვიათ შემთხვევაში, გარეთ რომ გავდივართ, ვერ იცვამს ტანსაცმელს, ვერც წინდებს. ამბობს, რომ უჭერს, აწუხებს. ბოლოს თქვა, მეშინია ტანსაცმელებისო. აივანზეც ფეხშველი დარბის”, - გვიყვება ანას დედა, სოფია. ანა თბილისშია, დედასთან, მამასა და უფროს დასთან ერთად სახლში. დის გარდა მის ოჯახში ყველას ძალიან უჭირს ხანგრძლივად ერთსა და იმავე დაკეტილ სივრცეში ყოფნა. ანასაც - ამიტომ ბაღი და სათამაშო მოედანი აივანზე მოიწყო. ეზოშიც ჩადის იშვიათად, მაგრამ იცის, რომ ხელი არაფერს უნდა მოკიდოს, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ყოფნა მალე სწყინდება და ისევ აივანს უბრუნდება.
5 წლის ლეონი და დახეული შარვლები
ლეონს 4 შარვალი აქვს, 4-ივე ერთნაირად დახეული, ცალ მუხლზე. დედა ამბობს, რომ კარანტინამდეც ასე ცხოვრობდა, უბრალოდ ახლა ეს ყველაფერი შეიძლება კარანტინს დაბრალდეს. პერიოდულად უკემსავს ხოლმე, მერე ლეონი ძაფების გამოცლით ერთობა და შარვალს ისევ უჩნდება დიდი “თხრილი” მუხლებზე. ლეონი გერმანიაშია, ბერლინში. იქ მაღაზიები უკვე გაიხსნა, ბაღები ისევ დაკეტილია.
5 წლის ანასტასიას ფეხიც გაეზარდა და ბოტასებიც დაეხა
5 წლის ანასტასიამ მთელი კარანტინი დახეულ ელასტიურ შარვლებში გაატარა, რეიტუზები თვალში დიდად არ მოსდის. ფეხიც გაეზარდა, კედები და ბოტასებიც დაეხა, მასაც და მის უფროს ძმასაც, მეორეკლასელ ანდროსაც, მაგრამ ჯერ კიდევ აქვთ თავიანთი ზომის ბოტები. ახლა, როცა სკოლა და ბაღი დაკეტილია, ანასტასია და ანდრო ხშირად ბებიასთან არიან, გაზაფხულზე მინდორში სარბენად კი ბოტებიც მშვენიერი ფეხსაცმელია.
5 წლის ელენას კი სულ ყველაფერი დაუპატარვდა
ელენას შარვლებიც დაეხვრიტა და ფეხსაცმელებიც დაუპატარავდა. ძირითადად სახლშია და ეზოში, სადაც წელს მიწაც კი დაამუშავეს და პატარა ბოსტანი მოაწყვეს. მაგრამ როცა ქუჩაში გადის სასეირნოდ, ბოტებს ან ზამთრის თბილ ფეხსაცმელს იცვამს, რომელიც ჯერ კიდევ კარგად აქვს. ელენასთან შედარებით არხეინად ცხოვრობს მისი 1 წლის ძმა, ალექსანდრე, რომელსაც უფროსი დისგან ბევრი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ერგო.
3 წლისე ბი ცალ-ცალი და თითგამოსაყოფი წინდებით
ები დიდი რაოდენობით ტანსაცმელს და ფეხსაცმელს არც კარანტინამდე ყიდულობდა, ისეთი აღნაგობა აქვს, ყველაფერი გვიან-გვიან უპატარავდება, თან უფროსი დეიდაშვილები ჰყავს და მათგან იღებს ბევრ რამეს, მაგრამ აი, წინდები კი, რთულია, ორი ერთნაირი ან მთელი რომ იპოვოს. ამიტომაც ხან სხვადასხვა წინდით დადის, თითებგამოსაყოფსაც არა უშავს.
კარანტინის დროს ები ტანსაცმელზე მეტად იმან შეაწუხა, რომ ქაღალდები, საღებავები, ქვიშა და პლასტილინი აღარ იყიდება. რაც ჰქონდა, გამოიყენა, პლასტილინი სახლში გააკეთეს, მაგრამ ქაღალდის, საღებავების და ქვიშის მარაგი ჯერაც შესავსებია.