Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბავშვები და მშობლები იზოლაციაში - როგორ ვითამაშოთ, ვისწავლოთ და ვიმუშაოთ ერთად?


„იგივენაირად ვცხოვრობთ, როგორც ვცხოვრობდით. რასაც ვაკეთებდით, იმას ვაკეთებთ ახლაც - ცოტა დიდი დოზებით, უბრალოდ“.

„ორი შვილი მყავს - 4.5 და 2.7 წლის. ვცდილობთ, არდადეგების დროს ოჯახში ის რეჟიმი დავიცვათ, რაც ბაღის დროს გვაქვს“.

„ჩემი 7 წლის შვილი სრულიად ამოვარდნილია ყველანაირი კალაპოტიდან, გარდა იმისა, რომ ხატავს და ცოტას კითხულობს. ძალიან უჭირს ამ რეჟიმთან შეგუება“.

„სამი შვილი მყავს: ერთი სკოლაში დადის, ორი ბაღში. პირველს ონლაინგაკვეთილები ეწყება ხვალიდან და უნდა ვატარო სამსახურში. პატარები ბებიასთან არიან“.

ასეთ პასუხებს მოისმენთ იზოლაციაში მყოფი მცირეწლოვანი შვილების მშობლებისგან, თუ ჰკითხავთ, როგორ შეცვალა იზოლაციაში ყოფნამ მათი და მათი ოჯახების ცხოვრება.

ბავშვები კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო სკოლებსა და ბაღებში, უკვე რამდენიმე კვირაა, არ დადიან. სასწავლო დაწესებულებები 4 მარტის შემდეგ დაკეტილია. დღევანდელი მოცემულობით, არდადეგები 1 აპრილამდე გაგრძელდება, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ იძულებითი არდადეგები კიდევ გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში დაკეტილია სპორტული დარბაზები, სახელოვნებო დაწესებულებები, ენის კურსები და ყველა ის სივრცე, სადაც ბავშვებს შეეძლოთ სიარული.

  • რას ჰყვებიან მშობლები?
  • რას გვირჩევენ ფსიქოლოგები?
  • რა საბავშვო რესურსები არსებობს ქართულ ენაზე?
  • და მაინც, როგორ ვიმუშაოთ და მოვუაროთ ბავშვებს ერთ დროსა და ერთ სივრცეში?

კორონავირუსის საფრთხის გამო სამსახურში სიარულის ნაცვლად სახლიდან მუშაობის რეჟიმზეა გადასული მშობელთა დიდი ნაწილიც. ერთ სივრცეში ბავშვებისთვის სასწავლო და სათამაშო გარემოსა და მშობლებისთვის სამუშაო სივრცის შექმნა ადვილი არ არის - ბავშვებს ყურადღება სჭირდებათ, ფიზიკური აქტივობები, მეცადინეობისას დახმარება და იმ შემთხვევაში, თუ მათი სკოლები დისტანციურ სწავლებას ნერგავენ, ამ პერიოდში დამატებითი გაჯეტებით უზრუნველყოფა, სრული სამუშაო დროის განმავლობაში, თუნდაც სამუშაო სახლში ყოფნას გულისხმობდეს, პატარებისთვის ამდენი დროის გამოყოფა ძირითადად შეუძლებელია.

„სამსახურში ახალ რეჟიმზე გადამიყვანეს: სამ დღეს ვმუშაობ, სამ დღეს ვისვენებ და იმ სამ დღეს, როცა სახლში ვარ, ყირაზე გადავდივართ ერთად. ორი დღის წინ პარკში მყავდა გაყვანილი და სასრიალოზე ყოველი ჩამოსრიალების მერე ვწმენდდი ხელებს, რაც ცხოვრებაში არ გამიკეთებია. ამ ბოლო დღეების გადაწყვეტილებების შემდეგ ვცდილობ სახლიდან გარეთ იშვიათად გავიყვანო. არ ვრთავთ ტელევიზორს, ტელეფონს და პლანშეტს; თუ ვრთავთ, მხოლოდ მუსიკისთვის და საცეკვაოდ. ჯერჯერობით ოჯახში ფანტაზია და ენერგია გვყოფნის, რომ ამ რეჟიმს გავუძლოთ და ბავშვებმა არ გააპროტესტონ იზოლირებული ცხოვრება“, - გვეუბნება ანა, რომელსაც ორი ბაღის ასაკის ბავშვი ჰყავს და საკუთარი ეზო აქვს. ამბობს, რომ ეზო და შეცვლილი დღის განრიგი საქმეს უმარტივებს. მთავარი გამოწვევა მისთვის ისაა, რომ ისეთი რეჟიმი შეუნარჩუნოს ბავშვებს დახურული ბაღის პირობებში, როგორც მანამდე ჰქონდათ.

ბავშვებისთვის, განსაკუთრებით მცირე ასაკში, მნიშვნელოვანია, უფროსები იყვნენ თანმიმდევრულნი და პატარებს ჰქონდეთ რუტინა. მათ უნდა იცოდნენ, რა არის დაგეგმილი, რას მოელიან მისგან, რა არის მისაღები ქცევა, რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა და ა.შ. გახანგრძლივებული არდადეგები ზრდის რისკს, რომ ბავშვები ჩვეული რეჟიმიდან გადაუხვევენ. ამ რისკის შესამცირებლად შეგიძლიათ შეადგინოთ დღის განრიგი ბავშვებთან ერთად თითოეული დღისთვის და ყველა შესრულებული აქტივობა ბავშვმა თვითონ მონიშნოს. ამ გზით, ერთი მხრივ, თვითონ იგრძნობს პასუხისმგებლობას თავის დღის განრიგზე, მეორე მხრივ, დაინახავს, რამდენ განსხვავებულ რამეს აკეთებს დღის განმავლობაში.

„ჩვენ ვცადეთ გაკვეთილების დაგეგმვა. მამა ინგლისურს ამეცადინებდა, მე - შემოქმედებით სავარჯიშოებს ვაკეთებინებდი, რაც ხატვას, ბალეტს და სხვა აქტივობებს მოიცავდა, ბებოს ფოლკლორი დაევალა. შაბათ-კვირას დავტესტეთ და ძალიან მომწონს ეს სტრუქტურა, მაგრამ, თუ ვმუშაობ, აღარ გამოდის. სახლიდან მუშაობა არ გამომდის, ცარიელ ოფისში დავდივარ, რომ დაწყებული საქმეები ბოლომდე მივიყვანო. ამ რეჟიმში დრო ბავშვისთვის ძირითადად უინტერესოდ გადის. მთელი დღე ითხოვს, რომ რამე ჩავურთოთ: ან ტელეფონი, ან ტელევიზორი. მერე იღლება და თვითონ იწყებს ხატვას, ძერწვას ან თამაშს. ერთი კვირის წინ ძიძაც გავუშვით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სიარულისას რისკი თავიდან აგვერიდებინა და მთელი ეს დრო თვითგამორკვევისთვის დაგვჭირდა. ბაღმაც მოგვწერა, რომ „ზუმის“ საშუალებით აპირებენ გარკვეულ დისტანციურ აქტივობებს. ეგენიც თუ მოგვეშველებიან, იქნებ მართლა ჩამოვაყალიბოთ რუტინა. რუტინის გარეშე დაღუპულები ვართ“, - ეს ნატალიაა, 4 წლის კატოს დედა.

„ჩემი შვილები სოფელში გავხიზნე, ბებიასთან. ცუდი ამინდებია და მეც შემოვუერთდი ჩემი საქმეებით. 5 წლის გოგოსთვის უფრო მარტივია არდადეგები: დილიდან ხატავს, ჭრის, კონვერტებს აკეთებს. პარალელურად მე ვმუშაობ. როცა ვიცლი, ვკითხულობთ. ახლა ინგლისური აუდიოზღაპრები გადმოვიწერე საღამოობით მოსასმენად. ისიც აღსანიშნავია, რომ ქართულად არაფერი გვაქვს, ამ მხრივ, გამართული და ხეირიანი“, - ამბობს შორენა, რომელსაც 5 წლის გოგოს გარდა, 7 წლის ბიჭიც ჰყავს. მისთვის არდადეგები ბევრად რთული აღმოჩნდა.

ფსიქოლოგი ნათია კუჭუხიძე ამბობს, რომ ბავშვებისა და მშობლებისთვის ვირუსისგან თავდასაცავად იზოლირებულად ცხოვრება ასატანი რომ იყოს, პირველ რიგში, ბავშვებს მათთვის გასაგებ ენაზე ვირუსის შესახებ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია და თუკი ეცოდინებათ, რომ სახლში ყოფნა საფრთხისგან თავის არიდებაა და ეს საფრთხე არა მარადიული, არამედ დროებითია, შფოთვა და მძიმე ემოციური ფონი ნაკლებად შეგვაწუხებს.

  • ვითამაშოთ ბავშვებთან ერთად, ჩავრთოთ იმ საქმეებში, რასაც ვაკეთებთ - იქნება ეს საჭმლის მომზადება თუ რაიმეს მილაგება.
  • ვივარჯიშოთ მათთან ერთად.
  • ვიცინოთ, ვიმღეროთ, გამოვიგონოთ ამბები მათთან ერთად.
  • ვაკონტროლოთ ინფორმაციის ნაკადი, რომელსაც ვიღებთ. თვალი ვადევნოთ სანდო წყაროებს და არ ვუყუროთ საინფორმაციო გამოშვებებს ბავშვებთან - განსაკუთრებით, პატარებთან - ერთად.
  • გავიყვანოთ გარეთ ისეთ ადგილებში, სადაც ნაკლები ხალხი და მეტი სუფთა ჰაერია.
  • მხარი დავუჭიროთ ბავშვს ონლაინმეცადინეობისას, მაგრამ არ გადავუღოთ ვიდეო სწავლისას და, მით უმეტეს, არ გავავრცელოთ ეს ვიდეოები სოციალურ ქსელში.
  • ბავშვებზე ზრუნვის გარდა, ვიზრუნოთ საკუთარ თავზეც: ვისეირნოთ, ვიკითხოთ და ვისწავლოთ ცხოვრება „აქ და ახლა“ პრინციპით.
  • დავურეკოთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც, დიდი ხანია, არ მოგვიკითხავს; გავმართოთ ონლაინშეხვედრები, მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს.

ეს არის რამდენიმე რეკომენდაცია, რომელთაც ნათია კუჭუხიძე ბავშვებთან ერთად იზოლირებულ უფროსებს აძლევს.

არსებობს კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომელსაც გაეროს ქალთა ფონდი გასცემს და ის ოჯახებში შრომის თანაბარ განაწილებას შეეხება.

„COVID-19 -ის გამო, ქალებს, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ, გაზრდილი საოჯახო საქმეების შესრულებაც უწევთ. მნიშვნელოვანია, კაცებმა ეს ტვირთი თანაბრად გადაინაწილონ.

მთელ მსოფლიოში ქალები არაანაზღაურებად საოჯახო საქმიანობას 3-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები. იგივე მაჩვენებელი გვაქვს საქართველოშიც: ქალები საოჯახო საქმეებზე ყოველკვირეულად 45 საათს ხარჯავენ, კაცები კი - 15 საათს“, - ამბობს გაეროს ქალთა ფონდი საკუთარ კვლევებზე დაყრდნობით.

სოციალური იზოლაციის კვალდაკვალ, ინტერნეტში მატულობს ინფორმაცია, რომელიც ბავშვებისა და მათთან მყოფი უფროსების ცხოვრების გამარტივებას ისახავს მიზნად. აი, რამდენიმე მათგანი:

ფოტოგრაფი მარიამ სიჭინავა ფეისბუკზე საბავშვო ფილმების ნაკრებს აზიარებს, რომლებიც ბავშვების სახლში ყოფნის დღეებს უფრო საინტერესოს გახდის.

სახლის პირობებში ფაიფურის დამზადებისა და სხვა გასართობების შესახებ მარტივი რჩევები შეგიძლიათ ნახოთ ფეისბუკგვერდზე: მოდი, ვითამაშოთ.

სახლის პირობებში ორცხობილების მომზადების და სხვა რეცეპტები შეგიძლიათ ნახოთ „თამაშობანას“ გვერდზე.

იუთუბზე მოიძებნება ქართულად თარგმნილი საბავშვო წიგნების აუდიოვერსიები.

ეროვნული არქივი კი მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების აუდიოვერსიებს გვთავაზობს.

მიუხედავად რჩევებისა და შეცვლილი სამუშაო გრაფიკისა, მშობელთა უმეტესობას ფორმულა იმისა, როგორ შეიძლება ერთსა და იმავე დროსა და სივრცეში თან იმუშაო და თან ბავშვებს მოუარო, არ აქვთ. მათ მხოლოდ ის იციან, რომ სახლში მყოფი შვილები მეტ დროს, ყურადღებას, საკვებს, სათამაშოს, წიგნს და ზრუნვას მოითხოვენ, რომლისთვისაც რესურსები იშვიათადაა საკმარისი.

არსებობს კიდევ ერთი კითხვა, რომელსაც მშობლებს გახანგრძლივებული არდადეგები უჩენს - თუკი არდადეგები კიდევ გაგრძელდება, რისი ალბათობაც კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობის ზრდასთან ერთად მატულობს, რა უნდა ქნან მათ, ვისაც შვილები კერძო სკოლებსა და ბაღებში დაჰყავთ: გადაიხადონ სწავლის გადასახადი მაშინ, როცა ბავშვები არ სწავლობენ თუ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ სასწავლო დაწესებულებების ფინანსური მდგრადობა?

XS
SM
MD
LG