საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კირბალში მცხოვრები ნინო გურწიშვილი შემოსავლის გარეშე დარჩა. მან ერთ დღეში სამი მეწველი ძროხა დაკარგა. ძროხები ნახირთან ერთად სოფელში აღარ დაბრუნდნენ. მწყემსმა თქვა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდნენ. ოჯახმა ტყესთან ახლოს საქონელი დიდხანს ეძება, მაგრამ კვალს ვერ მიაკვლია. ტყე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს აქვთ დაკავებული და ძროხების საძებნელად იქ შესულ მწყემსებს ხშირად აკავებენ ხოლმე. გურწიშვილის ძროხების საძებნად მწყემსი ტყეში აღარ შევიდა. რუსეთის მესაზღვრეებმა კი ძროხები უკან არ გამორეკეს. ნინო გურწიშვილი რძის პროდუქტებს ამზადებდა და ყიდდა, ეს მათი ოჯახის მთავარი შემოსავალი იყო.
კირბალში სულ შვიდი სული საქონელი დაიკარგა. დაზარალებულებმა ხელისუფლებას დახმარებისთვის მიმართეს, თუმცა დაკარგული პირუტყვის კვალს ვერც მათ მიაკვლიეს. დაზარალებული კირბალელები ხელისუფლებისგან კომპენსაციას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
ძროხების მოსაძებნად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზიც ამოქმედდა.
სოფელ კირბალს ტყის მასივი ესაზღვრება, ტყე, 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ არის ოკუპირებული. იქვეა სოფლის სასაფლაო და საძოვარიც. სოფლის მცხოვრებლებს ძროხები სხვაგან ვერ მიჰყავთ, ამიტომ იძულებულები არიან, ისევ ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს გაუშვან საბალახოდ. იქ კი ხშირად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ჩასაფრებებს აწყობენ და ხან მწყემსებს და ხან ძროხებს იტაცებენ. ომის შემდეგ სოფელი კირბალი იმით გახდა ცნობილი, რომ ამ სოფლიდან ყველაზე მეტ ადამიანს ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდებით აკავებდნენ. ახლა ადამიანები უფრო ფრთხილობენ და ტყეში შესვლას ერიდებიან, მაგრამ ძროხების დაკარგვა უკვე ტრადიციად იქცა. ყოველწლიურად კირბალიდან ათობით სული ძროხა იკარგება. მსგავს შემთხვევას შარშანაც ჰქონდა ადგილი. მაშინ დაზარალებულ მოსახლეობას ხელისუფლებამ კომპენსაცია გადაუხადა, ამიტომ ახალდაზარალებულებსაც იმის იმედი აქვთ, რომ უყურადღებოდ არ დარჩებიან.
გორის მერის წარმომადგენელი სოფელ კირბალში დავით ცერცვაძე აცხადებს, რომ ყველა შესაბამისი ორგანო საქმის კურსშია და ძროხების მოსაძებნად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზიც ამოქმედდა.
კირბალელები სამართალდამცავების პასუხს ელოდებიან, ისინი საქონლის დაბრუნებას ან კომპენსაციას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.