Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მცოცავი ოკუპაცია გრძელდება, საქართველოს მოქალაქეები ცხინვალის ციხეში რჩებიან


აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს ისევ აგრძელებენ. მათთვის ყველაზე აქტიური სწორედ აგვისტოს თვეა ხოლმე. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში აპრილში დაწყებული მიწის ნაკვეთების მიტაცების პროცესი ისევ გრძელდება. ტახტისძირელების მიწაზე უკვე დაამონტაჟეს სათვალთვალო ჯიხური და სამხედრო-საინჟინრო ნაგებობა. ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებსაც დამუშავებული და დათესილი მიწის ნაკვეთები წაართვეს, ისღა დარჩენიათ კომპენსაცია მოითხოვონ. ჯამში, ბოლო წლებში 15 ჰექტარზე მეტი მიწა დაიკარგა.

საოკუპაციო ძალების აგვისტოში გააქტიურება გასულ წელსაც შეინიშნებოდა. ზუსტად 7 აგვისტოს სოფელ გუგუტიაანთკარში მათ ახალი ღობის შენება დაიწყეს. გუგუტიშვილებისა და რაზმაძეების მიწის ნაკვეთები ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა. პროცესი მთელი აგვისტოს განმავლობაში გრძელდებოდა, აგვისტოს ბოლოს კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ჩორჩანის ტყის მასივში ახალი საპოლიციო საგუშაგო დადგა, რასაც დე ფაქტო ხელისუფლების მკაცრი ტონი და ულტიმატუმები მოჰყვა. საპასუხოდ, მათ იმავე ჩორჩანის ტყეში ორი საგუშაგო დადგეს და ოკუპაციის ხაზი თითქმის კილომეტრ-ნახევრით გადმოლახეს. ამას ახალგორის ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტის ჩაკეტვაც მოჰყვა. ახალგორში დარჩენილი მოსახლეობა გასული წლის სექტემბრის შემდეგ იზოლაციაშია და გადაადგილება მათთვის, დიდი ხანია, შეზღუდულია.

ომიდან 12 წლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეები ისევ ცხინვალის ციხესა და იზოლატორში იმყოფებიან. 11 ივლისს დაჭრილი და გატაცებული ზაზა გახელაძე ამ დრომდე ვერ მოინახულა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა. დე ფაქტო ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციას დაკავებულთან არ უშვებს. ზაზას დედამ, ნანა ბუნტურმა, აღარ იცის რა გააკეთოს, ის საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარების თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართავს.

მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილის ნათესავები კი ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად ერთ კვირას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციების დაწყებით იმუქრებიან. მღებრიშვილს დე ფაქტო ხელისუფლება წითელ წიგნში შეტანილი იშვიათი სახეობების მოპოვებას ედავება. მეჯვრისხევში არავის სჯერა, რომ ხვიჩა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე კი, გენადი ბესტაევი, ორწლიან სასჯელს უკვე იხდის ცხინვალის ციხეში. გენადის სახლი სოფელ ზარდიაანთკარში მდებარეობს. სახლის ეზოში მავთულხლართია გაბმული

და სახლში ყოველი მისვლისას საოკუპაციო ძალები მას ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის აკავებდნენ. გარდა ამისა, ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებაც წაუყენეს.

პროტესტი ოკუპაციის წინააღმდეგ 7 აგვისტოს სოფელ ერგნეთიდან დაიწყო და ის მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას გაგრძელდა, საღამოს კი გორელები შეიკრიბნენ და ტრადიციული სანთლების აქციის ფონზე 12 წლის წინ აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს. ომის მე-12 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 8 აგვისტოსაც იმართება.

XS
SM
MD
LG