თუკი საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, შესაძლოა, გაუქმდეს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის უმთავრესი მექანიზმი - სავალდებულო გადახდა. მოსარჩელეთა შეფასებით, სისტემაში იძულებითი ჩართვის პრინციპი არღვევს როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებულის კონსტიტუციურ უფლებებს, ტვირთად აწვება მათ და საბოლოოდ, საპენსიო თანხების უსამართლო გადანაწილებას იწვევს. შეხვდებათ თუ არა მდიდრებს მეტი და ღარიბებს ნაკლები?
სახელმწიფო ხელყოფს საკუთრების უფლებას
მოსარჩელეები არიან იურისტი ედუარდ მარიკაშვილი და მისი დამსაქმებელი არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI). პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 8 იანვარს გაიგზავნა.
როგორც ედუარდ მარიკაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, საპენსიო შენატანის ვალდებულება არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-19-ე მუხლის („საკუთრების უფლება“) პირველ, მეორე და მესამე პუნქტებს. ირღვევა როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის საკუთრების უფლება.
- „სახელმწიფო ჩვენს მაგივრად არ უნდა წყვეტდეს, როგორ უფრო უკეთესი იქნება ჩვენი ქონების განკარგვა“;
- „საკუთრების ხელყოფა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფოს აქვს მნიშვნელოვანი, ლეგიტიმური, საჯარო მიზნები. ამ შემთხვევაში ასე არ არის“;
- „მოქალაქის სამომავლო კეთილდღეობის გამო მისი საკუთრების უფლების შეზღუდვა შეუსაბამოა კონსტიტუციასთან“.
მოსარჩელეთა განმარტებით, სახელმწიფო სავალდებულო საპენსიო შენატანის დაწესებით ხელყოფს დამსაქმებლის საკუთრების უფლებასაც.
„სახელმწიფოს პოზიციით, საპენსიო შენატანი გადასახადად არ ითვლება. ჩვენ ვთვლით, რომ ეს გადასახადის ბუნების მატარებელია, რადგან გადახდა ხდება უპირობოდ და დამსაქმებელს ეს თანხა არ უბრუნდება. გამოდის, რომ ხდება დამსაქმებლისთვის საკუთრების ჩამორთმევა. ამიტომ ესეც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ედუარდ მარიკაშვილი.
მდიდარს მეტი, ღარიბს ნაკლები?
მოსარჩელეთა მტკიცებით, საპენსიო რეფორმა შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციის მე-11მუხლთანაც, რადგან „საპენსიო მოდელი არ ითვალისწინებს ადამიანების ქონებრივ მდგომარეობას პენსიაზე გასვლის ეტაპისთვის“.
საკონსტიტუციო სარჩელში აღნიშნულია, რომ საბიუჯეტო სახსრები დისკრიმინაციულად ნაწილდება:
- „სახელმწიფო საპენსიო სისტემაში მონაწილე სხვადასხვა ქონებრივი მდგომარეობის მქონე პირთა მიმართ საბიუჯეტო სახსრებს ანაწილებს დისკრიმინაციულად. პენსიაზე გასვლის მომენტისთვის ნაკლები ქონებრივი მდგომარეობის მქონე პირის მიმართ ახორციელებს ნაკლებ კონტრიბუციას, ხოლო შედარებით მაღალი ქონებრივი მდგომარეობის მქონე პირებს უხდის უფრო მეტს, ან იგივეობრივი რაოდენობის თანხას“;
- „ნორმის დისკრიმინაციულობას განაპირობებს სახელმწიფოს მიერ სადავო ნორმით გათვალისწინებული მეთოდოლოგია... აღნიშნული მეთოდოლოგიის მიხედვით საპენსიო ფონდში სახელმწიფოს კონტრიბუცია დაკავშირებულია პირის წლიურ შემოსავალთან, ხოლო კონტრიბუციის ოდენობა იმატებს მონაწილის შემოსავალის მატებასთან ერთად“.
შენატანის სავალდებულო მექანიზმის კანონიერებას ეჭვქვეშ არ აყენებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე. მისი თქმით, „ვალდებულები ვართ, ყველამ ერთად ვიზრუნოთ ჩვენს უკეთეს მომავალზე და სახელმწიფოც ვალდებულია, ისეთი რეგულაციები მიიღოს, რომელიც მის მოქალაქეებს მომავალში ცხოვრებას გაუმჯობესებს“.
ვის შეეხება სავალდებულო გადახდა?
სავალდებულო საპენსიო შენატანზე უარს ვერ იტყვის ის, ვისაც 40 წელი 2018 წლის 6 აგვისტოს შემდეგ შეუსრულდა.
- ამ კატეგორიას საპენსიო სააგენტოში გახსნილ ინდივიდუალურ ანგარიშზე დაუბეგრავი ხელფასის 2%-ის გადახდა მინიმუმ საპენსიო ასაკის შესრულებამდე მოუწევს;
- საპენსიო ასაკი საქართველოში 65 წელია - კაცისთვის, ხოლო 60 წელია - ქალისთვის.
სავალდებულო საპენსიო შენატანი მხოლოდ 3-თვით შეეხება მათ, ვისაც 2018 წლის 6 აგვისტომდე შეუსრულდა 40 წელი.
- ამ კატეგორიისთვის დაუბეგრავი ხელფასის 2%-ის გადახდა სავალდებულოა იანვარში, თებერვალსა და მარტში;
- ვისაც შეწყვეტა სურს, შესაბამისი განაცხადი აპრილში უნდა გააკეთოს.
რას იხდის და რას როდის გიბრუნებთ სახელმწიფო?
დასაქმებულისა და დამსაქმებლის მიერ საპენსიო სააგენტოში შეტანილ 2-2%-ს სახელმწიფო დიფერენცირებული დანამატით უერთდება. სახელმწიფო ყოველთვიურად იხდის:
- დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის 2%-ს 24 ათას ლარამდე წლიური შემოსავლის შემთხვევაში;
- დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის 1%-ს 60 ათას ლარამდე წლიური შემოსავლის შემთხვევაში;
- დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის 0%-ს 60 ათასი ლარზე მეტი წლიური შემოსავლის შემთხვევაში .
შემოსავლის საერთო მოცულობა ანგარიშდება ერთი წლის ფარგლებში და არა წლების განმავლობაში.
„ინდივიდუალურ ანგარიშზე დაგროვილი საპენსიო დანაზოგის გატანა იწყება საპენსიო ასაკის მიღწევისას, თქვენი განცხადების საფუძველზე. თუმცა თქვენ შეგიძლიათ უფრო მეტიც იმუშავოთ და დაგროვებაც გააგრძელოთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ. მისი განმარტებით:
- იმ მომენტისთვის გამოითვლება, თუ რა არის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა;
- სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას გამოაკლდება დანაზოგის მქონე პირის ასაკი და მიღებულ რიცხვზე გაიყოფა დაგროვილი თანხის ოდენობა, ყოველწლიურად დასაბრუნებელი თანხის გამოსათვლელად;
- თანხას მიიღებთ ყოველთვიურად (ამისთვის წლიურად დასაბრუნებელი თანხა გაიყოფა 12-ზე);
- ამ ეტაპისთვის კაცის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 72 წელს, ხოლო ქალის 75 წელს შეადგენს.
სურგულაძის განმარტებით, საბაზისო პენსიას (ამჟამად - 200 ლარი) დაგროვებითი პენსიის მქონე პირებიც მიიღებენ.
თუმცა გაგრძელდება თუ არა ეს ყველაფერი ისე, როგორც სახელმწიფოს აქვს ჩაფიქრებული, დიდწილად სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. არასამთავრობო ორგანიზაციამ “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, სარჩელის განხილვის პერიოდში შეაჩეროს საპენსიო რეფორმა. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის წარმოებაში მიღებამდე 9-თვიანი ვადა აქვს.