5 თებერვალს გამოაცხადებს მოსამართლე თავის გადაწყვეტილებას, დაარღვია თუ არა სახელმწიფომ 2017 წლის დეკემბერში, პანკისის ხეობაში მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ უდანაშაულობის პრეზუმფცია. 15 იანვარს, საქალაქო სასამართლოში დასრულდა თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების დავა უდანაშაულობის პრეზუმფციის შესახებ, ამჯერად თემირლანის დედ-მამა სასამართლოს გადაწყვეტილებას ელიან.
„სასამართლოსგან ვითხოვ დამტკიცდეს თემირლანის უდანაშაულობა. აღიარონ, რომ არაფერში იყო გარეული“ - უთხრა ჟურნალისტებს თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა.
თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების ინტერესების დამცველი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი დავით რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მათი, როგორც მოსარჩელის პოზიცია დასაბუთებული და გამყარებულია შესაბამისი მტკიცებულებებით და სასამართლოს აქვს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ 5 თებერვალს მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანოს: „ჩვენი სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა 2017 წლის დეკემბრისა და 2018 წლის იანვარში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციისა და პრესკონფერენციის ფარგლებში თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის დადგენა და შესაბამისად, ამ ქმედებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება. დღევანდელ სხდომაზე დასრულდა საქმის არსებითი განხილვა. მთავარი სხდომის ყველა ეტაპი გავიარეთ. ველოდებით 5 თებერვალს“.
როგორც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში აცხადებენ, 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ საჯარო განცხადებებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სათანადო დათქმის გარეშე, მტკიცებით ფორმაში უთითებდა თემირლან მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივ კავშირებზე და წარმოადგინა ფრაგმენტული ვიდეო და ფოტო მასალა, რომელიც მასში წარმოდგენილი ინფორმაციის არასწორ ინტერპრეტაციას იძლეოდა და მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს არ განმარტავდა. ორგანიზაციის განცხადებით, იგივე შინაარსის განცხადებები შემდგომში სხვა საჯარო პირებმაც, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთეს, რაც მაჩალიკაშვილის დამნაშავედ წარმოჩენას და ნეგატიური წარმოდგენების კულტივირებას ახდენდა.
26 დეკემბერს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციისას სპეცრაზმელებმა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაჭრეს. იმავე დღეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი წინააღმდეგობის გაწევას და ხელყუმბარის აფეთქებას აპირებდა, თუმცა ამ ინფორმაციას არ ადასტურებდნენ და დღემდე მტკიცედ უარყოფენ გარდაცვლილი თემირლანის მშობლები. მათი თქმით, სპეცრაზმელებმა მათ შვილს საწოლში მძინარეს ესროლეს.
იმ დღეს, ანუ 26 დეკემბერს, პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, სუს-მა საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავა. მათ შორის, სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილიც. იმავე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე ითქვა, რომ „დაკავებული პირები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს“. სუს-ის განცხადებით, ჩატაევი და მისი თანამზრახველები გეგმავდნენ დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას საქართველოსა და თურქეთში.