Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააგვიანა თუ არა ზურაბიშვილმა პარლამენტისადმი მიმართვა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე?


პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პრეზიდენტის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელა. სალომე ზურაბიშვილს დეპუტატის უფლებამოსილება მას შემდეგ შეუწყდება, რაც მას მხარს პლენარული სხდომა დაუჭერს. საკითხი დასამტკიცებლად უახლოეს პლენარულ სხდომაზე გავა.

პარლამენტის თავმჯდომარეს სალომე ზურაბიშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით მისმა საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი გაბუნიამ 18 დეკემბერს მიმართა. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განმარტებით, კანონი არ დარღვეულა იმით, რომ სალომე ზურაბიშვილს აქამდე არ შეწყვეტია დეპუტატის უფლებამოსილება. მისი თქმით, როდესაც პარლამენტის წევრი სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობას იკავებს, მას იმავე მომენტიდან უწყდება უფლებამოსილება.

პარლამენტის რეგლამენტში არ წერია, რომ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავებისას, დეპუტატს იმავე მომენტიდან უწყდება უფლებამოსილება. რეგლამენტის მეექვსე მუხლის მეთორმეტე პუნქტი განმარტავს, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს, რეგლამენტით დადგენილი წესით შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას და წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიუროს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხი განსახილველად შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ განიხილოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი.

კონსტიტუციის სპეციალისტი კონსტანტინე ჩოკორაია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტისათვის ფიცის დადებამდე უნდა მიემართა. ყველაფერი უნდა მომხდარიყო მანამ, სანამ ფიცს დადებდა: „ჩემი აზრით, შეიძლებოდა შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება პარლამენტის გადაწყვეტილებაში, რომ სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილება შეწყვეტოდა ფიცის დადების მომენტიდან. დღეს არსებული რეალობა კი გარკვეული ტიპის პრობლემას ქმნის, რადგან ის პარალელურად თან პარლამენტის წევრია და თან პრეზიდენტი. რაც როგორც პარლამენტის რეგლამენტის, ისე კონსტიტუციის დარღვევაა. წესით და რიგით მას მანამდე უნდა მიემართა პარლამენტისთვის. კანონი ამბობს, რომ არ შეიძლება პრეზიდენტს ეკავოს სხვა თანამდებობა. სალომე ზურაბიშვილს ფიცის დადებამდე უნდა მიემართა პარლამენტისთვის“.

განსხვავებული მოსაზრება აქვს კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს. ის ფიქრობს, რომ კანონი არ დარღვეულა: "ძველი რეგლამენტით პარლამენტი უბრალოდ ცნობად იღებდა ფაქტს შეუთავსებელი თანამდებობის დაკავებისა და კენჭი არც ეყრებოდა ხოლმე ამას, მაგრამ შემდგომ ცვლილება შევიდა და კენჭს მაინც უყრიან. კენჭისყრა ინაუგურაციიდან პირველივე სხდომაზე უნდა მოხდეს.“ - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ

ის, რომ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტისათვის ინაუგურაციამდე, ფიცის დადებამდე შეიძლებოდა მიემართა, სწორ მოსაზრებად მიაჩნია კიდევ ერთ კონსტიტუციონალისტს, ვახუშტი მენაბდეს, თუმცა, დაირღვა თუ არა კანონი მას ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ აქვს: „ვერ იტყვი, კანონი დაირღვა თუ არა. დღეს მას შეუთავსებელი თანამდებობა უჭირავს და მას პარლამენტმა უნდა შეუწყვიტოს უფლებამოსილება. კი, შეიძლებოდა, რომ სალომე ზურაბიშვილის მაშინვე მიემართა პარლამენტისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე, როდესაც არჩევნების საბოლოო შედეგი გამოქვეყნდა, თუმცა, პარლამენტი ასეთ შემთხვევაში, ან მოასწრებდა და ან არა მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას“.

სალომე ზურაბიშვილის ადგილმონაცვლის შუალედური არჩევნები მთაწმინდის ოლქში გაზაფხულზე გაიმართება.

XS
SM
MD
LG