Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან


წუხელ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძლიერ წვიმას სეტყვაც მოჰყვა. საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლები - მეჯვრისხევი, ახალუბანი, ჯარიაშენი და ზერტი - დაისეტყვა, სოფელ მეჯვრისხევში კი ეზოები და სახლების პირველი სართულები დაიტბორა. სოფელში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ჩავიდნენ და სახლებიდან წყლის ამოტუმბვა დაიწყეს. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ასეთი სტიქია, დიდი ხანია, არ უნახავთ, მათი თქმით, წყლის არხები მოვარდნილ ნიაღვარს ვეღარ ატარებდა და წყალი მდინარეებად მათ ეზოებში მიდიოდა. საერთო ჯამში, 12 ოჯახი ყველაზე მეტად დაზარალდა.

ზარალის დათვლა სამთავრობო კომისიამ დღეს დილიდან დაიწყო. წუხელ ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ ჩასულები. შიდა ქართლის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ ადგილობრივ მოსახლეობას პირობა მისცა, რომ თითოეული მოქალაქის ზარალს ინდივიდუალურად შეისწავლიან და დაეხმარებიან.

წყალდიდობა გორში
წყალდიდობა გორში

ჯერჯერობით დაუდგენელია სოფლის მეურნეობისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა. მოსახლეობის ნაწილს მოსავალიც არ ჰქონია დაზღვეული, ამიტომ გაურკვეველია, სახელმწიფო მათ დაეხმარება თუ არა. წინა წლებში სტიქიური მოვლენებისა და განადგურებული მოსავლის გამო, როგორც წესი, ადგილობრივი ხელისუფლება კომპენსაციას არ გასცემდა ხოლმე. ამის შემდეგ ფერმერებმა მოსავლის დაზღვევა დაიწყეს, მაგრამ ამას ჯერჯერობით ყველა მაინც არ აკეთებს.

XS
SM
MD
LG