Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ასანიძე: „თუ წარმატებებზე ვფიქრობთ, ნაკრებმა ვარჯიში მალე უნდა დაიწყოს“


გიორგი ასანიძე
გიორგი ასანიძე

ძალოსნები რომელიმე სპორტულ ბაზაზე შესაშვებად და შეკრების მოსაწყობად საქართველოს მთავრობის ნებართვას ელოდებიან.

კორონავირუსის პანდემიის გამო, სპორტის სხვა სახეობების მსგავსად, ძალოსნობაშიც შეჩერებულია საშეჯიბრო და საწვრთნელი პროცესები და სპორტსმენებს სახლში უწევთ ვარჯიში.

საერთაშორისო ტურნირები კიდევ ოთხი თვე არ გაიმართება, მაგრამ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის, განცხადებით, ეს არცთუ ისე დიდი დროა ფორმიდან ამოვარდნილი ძალოსნებისთვის. ლეგენდარულმა სპორტსმენმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ დისტანციურად აძლევს მითითებებს შეგირდებს. საქართველოს ნაკრებს შემოდგომაზე ევროპის ჩემპიონატი ელის, რომელიც, პარალელურად, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო შეჯიბრებაც იქნება:

- 13 მარტს შევწყვიტეთ მოსამზადებელი შეკრებები საჩხერესა და დუშეთში და მას შემდეგ, უკვე თვე-ნახევარია, საწვრთნელი პროცესი შეჩერებულია. სპორტსმენები სახლის პირობებში ვარჯიშობენ, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს არაა საკმარისი. ინდივიდუალური პროგრამით მზადებით დღითი დღე იზრდება რისკი, რომ უფრო მეტად გაძნელდეს ოპტიმალურ სპორტულ ფორმამდე მისვლა.

- მთავრობისადმი მიმართვაში წერია, რომ თუ გაითვალისწინებენ თხოვნას და შეგიშვებენ სპორტულ ბაზაზე, გუნდი იქნება საკარანტინო მდგომარეობაში და დაიცავს სოციალურ დისტანციას.

- ვხედავთ, რამხელა პრობლემას ებრძვის ქვეყანა და აბსოლუტურად ვეთანხმებით დაწესებულ შეზღუდვებს. ისიც ვიცით, რომ კორონავირუსის პრობლემის დასაძლევად ყველას ჩვენი წილი ვალდებულება გვაქვს და ამიტომ არ ვითხოვთ ერთობლივი საწვრთნელი პროცესის დღეს და ხვალ განახლებას. ეს მაისის შუა რიცხვებისთვის მაინც რომ მოხერხდეს, კარგი იქნება.

- ალბათ, დისტანციურად მაინც აკონტროლებთ ნაკრების წევრების ყოველდღიურ სპორტულ ცხოვრებას...

- რა თქმა უნდა. დისტანციურადაც ვაძლევ რჩევებს და დავალებებს, მაგრამ, დამიჯერეთ, ეს პროცესი ვერაფრით ვერ იქნება შედეგზე ორიენტირებული.

- თუ გაითვალისწინებენ თქვენს თხოვნას, რამდენი ხანი დასჭირდება ნაკრების სრულფასოვნად მომზადებას?

- რაც უფრო გვიან განვაახლებთ საწვრთნელ პროცესს, მით უფრო გაგვიძნელდება. თუ მოვახერხებთ, რომ ორ კვირაში დავუბრუნდეთ დარბაზს, ბიჭები ოპტიმალურ სპორტულ ფორმას სამ-ოთხ თვეში აღიდგენენ.

- საერთაშორისო შეჯიბრებები როდის განახლდება?

- ბოლო ინფორმაციით, სექტემბრიდან.

- აპრილში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი უნდა ჩატარებულიყო...

- შემოდგომისთვის გადაიდო, წლის ბოლოს კი შეიძლება მსოფლიოს ჩემპიონატიც გაიმართოს. საერთაშორისო კალენდარში წლეულს მსოფლიოს პირველობა არ შეიტანეს, რადგან ოლიმპიური თამაშების წელი იყო, მაგრამ, მოგეხსენებათ, ტოკიო-2020 ერთი წლით გადაიდო.

- ოლიმპიური თამაშები 2021 წლის ზაფხულში გაიმართება. რამდენი ქართველი ძალოსანი შეძლებს მასში მონაწილეობის მიღებას?

- ლაშა ტალახაძემ, შოთა მიშველიძემ და ანტონ პლესნოიმ უკვე გაინაღდეს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები. გვრჩებოდა ერთადერთი სალიცენზიო შეჯიბრება - ევროპის ჩემპიონატი, რომელზეც ტოკიოს მეოთხე საგზურისთვის უნდა გვებრძოლა. ევროპირველობას კარგად მომზადებულები უნდა შევხვდეთ და, იმედია, კიდევ ერთი ლიცენზიანტი შეგვემატება.

  • 16x9 Image

    ოთარ მაღლაკელიძე

    სპორტული ჟურნალისტი. ბლოგერი. აშუქებს ქართული და უცხოური სპორტის ამბებს. არის ქართველ სპორტსმენთა შესახებ გამოცემული ოთხი წიგნის ავტორი; ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის. 2012-2017 წლებში იყო „თავისუფლების დილის“ თანაწამყვანი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან.

XS
SM
MD
LG