იმ შემთხვევაში, თუ ვარაზისხევში იმდენი ნალექი მოვა, რამდენიც 13 ივნისს ვერეს ხეობაში მოვიდა, აქ მეწყერი ჩამოწვება, ადიდებული მდინარე კი მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის.
ვარაზის ხევი ვერეს ხეობასთან შედარებით ნაკლებად წყალუხვია, მაგრამ მეტია დაქანება, შესაბამისად, წყალი, რომელიც ჭარბი ნალექების შემთვევაში აქ დაგროვდება, უფრო სწრაფად იმოქმედებს და მოსახლეობას 10 წუთზე ნაკლები დრო ექნება ევაკუაციისთვის.
სტიქიის შემთხვევაში აქ დაგროვილი წყალი გაივლის ჟვანიას ქუჩას, კეკელიძის ქუჩას, ვარაზის ხევს, ჩამოვა გმირთა მოედანზე და კვლავ დაიტბორება როგორც ზოოპარკი, ასევე ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორია.
ასეთი სურათი აჩვენა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების ინსტიტუტის მიერ მომზადებულმა წყალმოვარდნის ჰიდრავლიკურმა მოდელირებამ.
იმისათვის, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გაკეთებული სიმულაცია მაქსიმალურად ახლოს ყოფილიყო რეალურ საფრთხესთან, მოდელირებისთვის გამოიყენეს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საინჟინრო ძალების მიერ შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფა HEC-RAS.
მეწყერსაშიშ ზონაში სტიქიის საფრთხეს ზრდის მიმდინარე მშენებლობები. კლდეს აქ მრავალსართულიანი შენობისთვის ჭრიან, რომელსაც ლიტვური კომპანია “ბალტიკ ინვესტმენტ ჯგუფი” აშენებს.
მიუხედავად მოსახლეობის პროტესტისა და სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევებისა, რომლებიც ადასტურებს, რომ აქ მიმდინარე მშენებლობები ბუნებრივი კატასტროფების საფრთხეს ზრდის, მშენებლობის შეჩერება დღის წესრიგში არ დგას.
მერიის არქიტექტურის სამსახურში ამბობენ, რომ მათ უჭირთ უკვე გაცემული ნებართვების თანახმად მიმდინარე მშენებლობების შეჩერება. ნებართვა ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე ყველაზე მასშტაბური მშენებლობისთვის 2016 წელს არის გაცემული. მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი 2015-16 წლებში ამავე სამსახურში, ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა.
ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე "ბალტიკ ინვესტმენტ ჯგუფის" მშენებლობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
-
გენერალური გეგმის მიხედვით, ეს ტერიტორია სატყეო/ლანდშაფტურ ზონად ითვლება და აქ მშენებლობა დაუშვებელია.
-
ამ მშენებლობისთვის გეოლოგიური დასკვნა კომპანია “გეოტექსერვისმა” დაწერა.
-
კომპანიას მოგებული აქვს 2 მილიონამდე ოდენობის სახელმწიფო ტენდერები. მათ შორის ნაწილი - გამარტივებული შესყიდვებით.
-
კვლევების თანახმად, მოჭრილი კლდე მეწყრული პროცესების ალბათობას ზრდის.