ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ბოლო ორი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 137 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია დე ფაქტო მთავარ სანიტარიულ ექიმ მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში კორონავირუსზე ტესტი 309 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც 137 პასუხი დადებითი იყო. დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს რეგიონში 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამჟამად ცხინვალში კოვიდინფიცირებულ პაციენტებს ცენტრალური საავადმყოფოს ინფექციური განყოფილება, ბავშვთა საავადმყოფოს ბაზაზე მოწყობილი კოვიდჰოსპიტალი და რუსეთის ფედერაციიდან ჩატანილი სამხედრო-საველე ჰოსპიტალი ემსახურება, თუმცა ინფიცირების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ პაციენტების დიდი ნაწილი ექიმის მეთვალყურეობის გარეშე რჩება, ამ კლინიკებში კი ავადმყოფებს უკვე დერეფნებში აწვენენ. დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ტოტჩიევმა ცხინვალში ბრფინგი გამართა და იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც ჯანდაცვის სისტემას ამ დროისთვის აწუხებს. ოსური მედიის ცნობით, მინისტრმა ღიად ილაპარაკა იმის შესახებ, რომ მედიკამენტები დე ფაქტო რესპუბლიკაში თითქმის გათავდა და რეზერვებიც არ არსებობს საავადმყოფოებისთვის. დეფიციტია ასევე ჟანგბადის მიწოდების მიმართულებით, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში ჩრდილოეთ ოსეთიდან შეფერხებებით შეაქვთ. ყველაზე დიდ პრობლემას კი სამედიცინო პერსონალი წარმოადგენს. ტოტჩიევი მოხალისეებს მოუწოდებს ექიმებს დაეხმარონ, ამისთვის კი ცხინვალის სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტებს გამოიყენებენ.
„ჩვენ მზად ვართ მივიღოთ უმცროსი და საშუალო მედპერსონალი ჩვენს რიგებში. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. ასევე ჩვენი მედსასწავლებლის ბაზაზე ოპერატიული რეზერვი მზადდება, რომელიც „წითელ ზონაში“ სამუშაოდ ჩაერთვება“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი ტოტჩიევმა. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ მიმდინარეობს „წითელ ზონაში მომუშავე ექიმების, ექთნებისა და სანიტრების ტესტირება. 85 ტესტიდან 65 პასუხი უარყოფითია, თუმცა ისიც ცნობილია, რომ ჯანმრთელი ექიმები სამსახურში გასვლაზე უარს აცხადებენ. ეს ყველაფერი ტოტჩიევმა საგანგებო შტაბის სხდომაზე თქვა, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი უძღვებოდა.
ანატოლი ბიბილოვი სახლში დარჩენილ ექიმებს დეზერტირებს უწოდებს და სამსახურიდან მათ გათავისუფლებას მოითხოვს, - ამ ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.
„ჩვენ მადლობას ვუხდით იმ ექიმებს, რომლებიც წითელ ზონაში იმყოფებიან. ჩვენ მადლობას ვუხდით სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს, რომლებიც ფეხზე ვეღარ დგანან, მაგრამ გამოძახებებზე მაინც მიდიან, მაგრამ ამასთან ერთად გვაქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთი თანამშრომელი, ინფიცირების შიშით, უარს ამბობს ადამიანების დახმარებაზე. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ბრძოლის ველიდან გარბის, დეზერტირია. მე ვთვლი, რომ ექიმი და მედმუშაკი, რომელიც ამ შემთხვევაში კოვიდ-19-თან ბრძოლის ველიდან გარბის, ასევე დეზერტირია“, -განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა. მან დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი ტოტჩიევს, დაავალა, რომ მიიღოს სასწრაფო გადაწყვეტილება იმ ექიმების გათავისუფლების შესახებ, რომლებიც დაკისრებულ მოვალეობას თავს არიდებენ.
ადგილობრივი ექიმები კი, თავის მხრივ, ბიბილოვის ხელისუფლებას აკრიტიკებენ. მათი თქმით, რესპუბლიკა მოუმზადებელი შეხვდა კორონავირუსის შემოტევას და ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ მედიკამენტების, ჟანგბადისა და შესაბამისი აღჭურვილობის მარაგები შეექმნა. ცხინვალელი ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ალექსანდრ პლიევი ამბობს, რომ ვითარება უკიდურესად მძიმეა.
„ძალიან ბევრია ავად. მათ პალატებში უკვე ვეღარ ვტევთ, ამიტომ დერეფნებში ვაწვენთ. ინტენსიური თერაპიის პალატები გადავსებულია. მაგალითად, თუ პალატაში აქამდე 6 საწოლი იყო განთავსებული, ახლა იქ ათი ავადმყოფი წევს. ექიმებიც მძიმე მდგომარეობაში არიან, მაგრამ მუშაობენ. გასულ დღე-ღამეში უკვე სამი ადამიანი დაგვეღუპა. საერთოდ, სამხრეთ ოსეთი პარადოქსული სახელმწიფოა. როცა ვირუსი არ გვქონდა, გზა დაკეტილი იყო. ბევრი შემზღუდავი ღონისძიება ჩატარდა, მაღაზიები იკეტებოდა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე ღონისძიებები იკრძალებოდა. ახლა კი, როცა ვირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, სახელმწიფო არანაირ შემზღუდავ ღონისძიებებს არ აცხადებს. გაუგებარი ვითარებაა. უნდა მივმართოთ მკაცრ ზომებს და ეს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს. დაუშვებელია ასეთი მოქმედებები. ჩვენ აპრილ-მაისში შეგვეძლო არ დაგვეშვა მრავალრიცხოვანი ქორწილები და გასვენებები“, - აცხადებს ექიმი ალექსანდრ პლიევი.
დე ფაქტო ხელისუფლება ოკუპირებულ რეგიონში ახალ შემზღუდავ ღონისძიებებს მიმართავს, მოსახლეობას მოუწოდებს პირბადეები მუდმივად ატარონ, თუმცა აფთიაქებში აღარც პირბედეებია და აღარც მედიკამენტები. რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო აცხადებს, რომ ხელისუფლება მოუმზადებელი შეხვდა ამ ვითარებას, ამიტომ ინფიცირებულები და მათი ნათესავები თავად ცდილობენ გამოსავალი მონახონ.
„უმძიმესი ვითარებაა. ახლა მეც თვითიზოლაციაში ვიმყოფები. ჩემნაირი უამრავი ადამიანია, ერთმანეთთან მიმოწერა გვაქვს და ვუზიარებთ გამოცდილებას იმის შესახებ, ვინ როგორ ებრძვის ამ დაავადებას. მე დაბალი სიცხე მაქვს, ზოგს მაღალი აქვს სიცხე, მაგრამ პარაცეტამოლიც კი უკვე დეფიციტია. ექიმები საერთოდ არ გვეხმიანებიან, ვისაც ინფექციის მსუბუქი ფორმა გვაქვს. ტესტებზე ხომ ზედმეტია საუბარი. გვეუბნებიან, პირბადეებით იარეთო და აფთიაქებში ნიღბები საერთოდ აღარაა. ამიტომ ადამიანები ნათესავებს ვლადიკავკაზში წერენ, რომ იქნებ მედიკამენტები მაინც გამოუგზავნონ. ექიმების უიმედობაც გასაგებია - მათ დაკარგეს სახელმწიფოს იმედი, ისინი სისტემას შიგნიდან ხედავენ და იციან, რომ ეს სისტემა მოუმზადებელია და რომ დაავადდნენ, მათ ვერავინ დაეხმარება, ამიტომ ზოგი მორალურად გატყდა და მათ დეზერტირებს უწოდებენ. მოკლედ, რთული მდგომარეობაა და გამოსავალიც არ ჩანს“, - ამბობს რადიო თავისუფლების წყარო.
ცხინვალელების გასაჭირის შესახებ სწრაფად გავრცელდა ინფორმაცია ჩრდილოეთ ოსეთში, სადაც ადგილობრივმა აქტივისტებმა მედიკამენტების შესაძენად ფინანსების შეგროვება დაიწყეს, - ამ ინფორმაციას რადიო თავისუფლების პროექტი „კავკაზ რეალიი“ ავრცელებს. საქველმოქმედო აქცია ზაურბეკ ტოკათიმ და ვალე გაზზათიმ წამოიწყეს. ცხინვალის რეგიონში ისინი რამდენჯერმე უკვე ჩავიდნენ და იქ, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, 60 ოჯახს დაეხმარნენ. ახლა ისინი მედიკამენტებისთვის ფულს აგროვებენ. მათ უკვე აქვთ 60 ათასი რუბლი (2 400 ლარი).
ზაურბეკ ტოკათი „კავკაზ რეალიის“ ჟურნალისტთან საუბარში ამბობს, რომ მისი მოტივაცია ხალხის დახმარებაა.
„ინფორმაციას ვაგროვებთ მეგობრებისგან, ნათესავებისგან და იმ ადამიანებისგან, ვინც სახელმწიფო სამსახურშია. გარდა ამისა, ჩვენც ვიყავით იქ (ცხინვალში) და ჩვენი თვალით ვნახეთ, რა მდგომარეობაა. იქ აფთიაქში ელემენტარული ნიღაბიც კი ვერ ვიყიდეთ. საბაჟოზე ნაცნობი ბროკერი გვყავს და ტვირთის ჩასატანად ყველა ფორმალობას ის მოგვიგვარებს. ყველა შეძენილი მედიკამენტის ქვითარს საკუთარ ინსტაგრამზე ვაქვეყნებ და საზოგადოებას ანგარიშს ასე ვაბარებ. მე მსახიობი ვარ და არ მაქვს კომპეტენცია შევაფასო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ქმედებები, მაგრამ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიღებული ზომები საკმარისი არ იყო. ჩრდილოეთ ოსეთში ვითარება მძიმეა, მაგრამ სამხრეთ ოსეთში კატასტროფულია. მე მინდა მივმართო მსოფლიო საზოგადოებას: დაეხმარეთ ერთმანეთს ეროვნულობის, რელიგიის, რასობრივი და ასე შემდეგ განსხვავებების მიუხედავად, რადგან ავადმყოფობას საზღვრები არა აქვს“, - ამბობს ზაურბეკ ტოკათი.
ოკუპირებული ცხინვალიდან მძიმე ავადმყოფები როგორც ვლადიკავკაზის, ისე თბილისის მიმართულებითაც გადაჰყავთ. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე არსებულ კლინიკებში ოკუპირებული რეგიონებიდან არაერთი პაციენტი გადმოიყვანეს. გარდა ამისა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ადგილობრივ მოსახლეობას სხვა დახმარებასაც უწევს. ესაა მედიკამენტების პროგრამა, ექიმების აღჭურვილობით დახმარება და ადგილზე სადეზინფექციო საშუალებების ჩატანა, თუმცა ეს საშუალებები ვირუსთან საბრძოლველად საკმარისი ჯერ არ არის.