ყველაზე მაღალი შენობა 50-სართულიანი იქნება, დანარჩენი ორი კი - 45-45-სართულიანი. ქალაქის თვითმმართველობამ, ბათუმელების არცთუ მცირე ნაწილის პროტესტის მიუხედავად, კომპანია „ალიანს სიტის“ მის საკუთრებაში არსებული 18 000 კვ/მეტრ მიწის ნაკვეთზე ამ მასშტაბის მშენებლობისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმა დაუმტკიცა, მომდევნო ეტაპი კი არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და სამშენებლო ნებართის გაცემა იქნება. „ალიანს სიტი“ აპირებს დაანგრიოს ამ ტერიტორიაზე უკვე არსებული 8-სართულიანი შენობა, რომელიც მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის, ოჯახის სამშენებლო კომპანიამ ასლან აბაშიძის მმართველობის დროს ააშენა. რუსთაველის ქუჩაზე არსებუ ლ ამ სახლში დღემდე არავის უცხოვრია. წლების შემდეგ მისი მესაკუთრე კომპანია „ბათუმი სიტი“ გახდა, რომლის 100 % წილს 2011 წლის შემდეგ „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ ფლობს. დოკუმენტებით ირკვევა, რომ ამ კორპორაციის დირექტორი 2013 წლამდე საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იყო. რომელიც სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციისას განცხადების წარმდგენად ჩანს.
მას შემდეგ, რაც ბათუმელებმა გაიგეს, რომ ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ზღვის სანაპიროზე, სამი ცათამბჯენის მშენებლობის საკითხი განიხილებოდა, მათი ნაწილი სოციალურ ქსელში პროტესტს გამოხატავდა. აქტივისტები საპროტესტო პერფორმანსებს აწყობდნენ სამთავრობო ღონისძიებებზე, მოეწყო საპროტესტო აქცია „არ ჩაგვაბეტონოთ“ და სხვა. აქტივისტი ირმა ზოიძე ამბობს, რომ ბათუმელების ნაწილი ქალაქის განვითარების სახელით გენგეგმის გარეშე მიმდინარე ქაოსურ მშენებლობებს აპროტესტებს, რადგან ბევრმა საკუთარ თავზე იგრძნო საცხოვრებელი გარემოს გაუარესება:
„ქალაქში ტემპერატურამ მოიმატა. ჰაერი ისედაც დაბინძურებულია, ეს კვლევითაც დადასტურებულია და ამ პირობებში, როცა ქალაქი არ ნიავდება, არ არსებიბს აერაციის საშუალება (ზღვისა და მთის ჰაერის მონაცვლეობა), ზღვის სანაპირო კი მრავალსართულიანი განაშენიანებით იკეტება, ბუნებრივია, რომ იმატებს დაავადებათა სტატისკიტა. აჭარაში პრობლემას წარმოადგენს სხვადასხვა დაავადება და მათ შორის ონკოლოგიური დაავადებებია. შედეგად, აქ ადამიანებს აქვთ განცდა, რომ ისინი იგნორირებული არიან, მათ ავიწროებენ და მათი ჯანმრთელობის ხარჯზე ვიღაცა დიდი ფულს აკეთებს“.
შეთანხმდა განაშენიანების რეგულირების გეგმით ერთი 50-სართულიანი და ორი 45- სართულიანი შენობების სიმაღლე. კ2 კოეფიცინეტი გაიზარდა 15.0 მდე, ხოლო საცხოვრებელი ზონა შეიცვალა საზოგადოებრივ-საქმიანი ზონით.მირონ მეტრეველი
ბათუმელების ნაწილმა ზღვის სანაპიროზე ცათამბჯენების მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი გამოთქვა საჯარო განხილვაზეც, რომელიც ბათუმის თვითმმართველობაში გაიმართა სამშენებლო კომპანია „ალიანს სიტის“ ინიციატივით. საჯარო შეხვედრაზე მოქალაქეები პასუხს ადგილობრივ თვითმმართველობას სთხოვდნენ.
მიუხედავად ბათუმელების წინააღმდეგობისა, ბათუმის საკრებულომ კომპანიას მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განაშენიანების რეგულირების გეგმა გასულ კვირას ხმათა უმრავლესობით დაუმტკიცა. ამავე კომპანიის მოთხოვნით, ტერიტორიას სტატუსიც შეეცვალა - საცხოვრებელი ზონა საზოგადოებრივ-საქმიან ზონად გადაკეთდა. ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა მირიან მეტრეველმა განაცხადა, რომ კომპანია გეგმავს სასტუმროს, სასტუმრო-აპარტამენტების, საცურაო აუზების, საოფისე ფართებისა და მაღაზიების, ასევე ტურისტული და სპორტული ობიექტების დაპროექტებას. მისივე თქმით, საერთო ჯამში, 250 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება:
„შეთანხმდა განაშენიანების რეგულირების გეგმით ერთი 50-სართულიანი და ორი 45- სართულიანი შენობების სიმაღლე. კ2 კოეფიცინეტი გაიზარდა 15.0 მდე, ხოლო საცხოვრებელი ზონა შეიცვალა საზოგადოებრივ-საქმიანი ზონით. ფუნქციურადაც, რადგან დაგეგმილია მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობა, საცხოვრებელ ზონასთან იყო შეუსაბამო. სამშენებლო სტადიიდან შესრულდა პირველი სტადია, ხოლო ამის შემდეგ უნდა შეთანხმდეს პროექტი ზემოხსენებული პარამეტრების გათვალისწინებით და შემდეგ უნდა გაიცეს მშენებლობის ნებართვა“.
აპარტოტელი ჰქვია ამას, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსი, რომელსაც აპარტოტელი დაარქვეს, იმიტომ რომ უნდათ ტურისტულ ობიექტად შეფუთონ, რაც საგადასახადო შეღავათს აძლევს დეველოპერს - 18%-ით დღგ-სგან ათავისუფლებს.მირდატ ქამადაძე
მიუხედავად იმისა, რომ სამი ცათამბჯენის არქიტექტურული პროექტი და მაკეტი ჯერ არ არსებობს, საკრებულოს 19 წევრიდან, რომელმაც საკითხს მხარი დაუჭირა, ერთ-ერთმა განაცხადა, რომ ვიზუალურად მოეწონა „ალიანს სიტის“ პროექტი. ირაკლი პატარიძემ, რომელიც ბათუმის საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტისა და ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარეა, სწორედ ასე დაასაბუთა თავისი გადაწყვეტილება:
„ძალიან კარგი პროექტია. კეთდება სამგანყოფილებიანი 50-სართულიანი კორპუსი და მინდა გითხრათ, რომ შესახედად კარგი და ლამაზია. ლუჟკოვის შენობა, რომელიც იმ ტერიტორიაზე დგას, არის უფუნქციო“.
ლუჟკოვის სახლის ადგილას მრავალსართულიან განაშენიანებას მხარი არ დაუჭირა საკრებულოს ორმა დეპუტატმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაბიდან“. ერთ-ერთი მირდატ ქამადაძეა, რომელიც ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ბათუმის ზღვის სანაპიროს პირველ ზოლში აშენდეს ცათამბჯენები, რომლებიც მომავალში აპარტოტელები იქნება, რადგან, მისივე თქმით, ამით იგებს ერთი ინვესტორი და აგებს ქალაქი:
„აპარტოტელი ჰქვია ამას, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსი, რომელსაც აპარტოტელი დაარქვეს, იმიტომ რომ უნდათ ტურისტულ ობიექტად შეფუთონ, რაც საგადასახადო შეღავათს აძლევს დეველოპერს - 18%-ით დღგ-სგან ათავისუფლებს. სინამდვილეში ხდება ის, რომ ამ სამ 50-სართულიან კორპუსში, ჯამში, ალბათ, 10- ნომრიან სასტუმროს მივიღებთ და რამდენიმე ათას კერძო საცხოვრებელ ბინას, რომელსაც აპარტოტელს ვუწოდებთ. ეს კი გვაძლევს იმას, რომ კონკრეტული ივესტორი მიიღებს ძალიან დიდ მოგებას, რამდენიმე მილიონს. ამ ფულით თავის ოჯახს წაიყვანს და ძალიან კარგ გარემოში იცხოვრებს და ჩვენ დავრჩებით ამ ჩაბეტონებულ ქალაქში“.
ე. წ ლუჟკოვის სახლის მიწის ნაკვეთს, ასევე მიმდებარე ტერიტორიას საზოგადოებრივ-საქმინი ზონის სტატუსი 2013 წლამდეც ჰქონდა, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მაშინდელი მოწვევის საკრებულომ სტატუსი შეუცვალა და აქ საცხოვრებელი ზონა დაადგინა. ქალაქის თვითმმართველობა მაშინ დაეყრდნო სპეციალისტების კვლევას, რომლის შედეგად დადგინდა, რომ არსებული დასახლება ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო დასახლებაა და მრავალსართულიანი განაშენიანების გაგრძელება იქ არ შეიძლება.