Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბავშვები ვერ სუნთქავენ“ - აქცია ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ


„ბავშვები ვერ სუნთქავენ“, - ამ გზავნილით გაიმართა აქცია დედა ენის ბაღში, რომლის მონაწილეებმაც თბილისში ჰაერის დაბინძურების მაღალი ხარისხის გამო შექმნილ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება. აიკრძალოს მკვლელი, მხრჩოლავი მანქანები, მოწესრიგდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაუქმდეს სამარშრუტო ტაქსები, დაწესდეს კონტროლი საწვავზე, გამკაცრდეს ტექდათვალიერება, - ეს იმ მოთხოვნების არასრული ჩამონათვალია, რომელთა აღსრულების შემთხვევაში, აქციის მონაწილეების აზრით, დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების ხარისხი გაცილებით დაიკლებს.

მეტი ფინანსები უნდა ჩაიდოს ახალი ავტობუსების შესაძენად, რომელიც იქნება ეკოლოგიურად სუფთა, ჰიბრიდული, ელექტრო თუ გაზზე მომუშავე. აუცილებელია წახალისდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება.
გელა კვაშილავა

აქციის მონაწილე ეკა ლალიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ აუცილებელია ამ მიმართულებებით ქვეყანაში დროული ცვლილებების გატარება: „ცნობილია, რომ ავტომობილები, რომლებიც გადიან ტექდათვალიერებას, მაინც ვერ აკმაყოფილებენ სტანდარტებს და კვლავ საფრთხეს უქმნიან გარემოს. ამ საკითხის კონტროლი და გამკაცრება, გზებზე გამონაბოლქვის ადმინისტრირება არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. გარდა ამისა, აუცილებელია სრულად ჩანაცვლდეს ყვითელი ავტობუსები ახალი ავტობუსებით. აუცილებლად უნდა შეიზღუდოს მეორადი საბურავების შემოტანა და გარდა ამისა, მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს კონტროლი საწვავის ხარისხზე. ყველა ეს ფაქტორი იწვევს იმას, რომ დღეს დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების ხარისხი საკმაოდ მაღალია“.

კონტროლის გამკაცრებაზე ლაპარაკობს გაეროს ექსპერტი ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში, გელა კვაშილავაც. მისივე თქმით, სახელმწიფომ არ უნდა დაიშუროს მეტი რესურსის გამოყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულყოფისთვის: „მეტი ფინანსები უნდა ჩაიდოს ახალი ავტობუსების შესაძენად, რომელიც იქნება ეკოლოგიურად სუფთა, ჰიბრიდული, ელექტრო თუ გაზზე მომუშავე. აუცილებელია წახალისდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. რაც შეეხება საწვავის ხარისხს, დღეს კონტროლი არის არაეფექტური და შეიძლება ითქვას, რომ მოქალაქეებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა ტიპის საწვავი იყიდება ქვეყანაში. ამიტომ მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მოვითხოვოთ მარკირება ბენზინგასამართ სადგურებზე, მოვითხოვთ საბაჟოზე საწვავის გამკაცრებული კონტროლი“.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2017 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო ევროპაში მესამე ადგილზეა „შენობაში და შენობის გარეთ არსებული დაბინძურებული ჰაერით გამოწვეული სიკვდილიანობით“ (ყოველ 100 000 ადამიანზე). სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით კი, ჰაერის დამაბინძურებლებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობაზე 2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯულია 120,050,566 ლარი. ეს მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

XS
SM
MD
LG