Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში ყველა მსურველს აცრიან „სპუტნიკით“


აფხაზეთში დაიწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რუსეთიდან მიღებულები „Спутник V“ ვაქცინით. ვაქცინაციისთვის სამი პუნქტი გაიხსნა სოხუმში, მათ შორის ერთი - ქალაქის პოლიკლინიკაში.

„Спутник V“-ის პირველი 6500 დოზა აფხაზეთში 30 აპრილს ჩაიტანეს, თუმცა ვაქცინაციის პროცესი მხოლოდ 12 მაისს დაიწყო. გადაწყდა, რომ პუნქტები, სადაც მსურველები აიცრებიან, რაიონული საავადმყოფოების ბაზებზე იმუშავებენ.

სოხუმის პოლიკლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელმა ლუდმილა მეტელკინამ ვაქცინაციის პირველი დღის შთაბეჭდილებები „ეხო კავკაზას“ გაუზიარა:

„დღეში თხუთმეტი ადამიანი ეწერება, მეტი არა, რადგან ვაქცინას ჯანდაცვის სამინისტროსგან ვიღებთ, სადაც დაცულია განსაზღვრული ტემპერატურული რეჟიმი. მოკლედ, შემოგვაქვს კლინიკაში ვაქცინის თხუთმეტი დოზა, სიებსაც წინასწარ ვადგენთ. დღეს თხუთმეტი ადამიანი ჩავწერეთ. მეტი თუ მოვა, მომდევნო დღისთვის ჩაეწერება. ვაქცინის გაკეთებამდე პაციენტს ექიმი-თერაპევტი სინჯავს. უზომავს არტერიულ წნევას, პულსს, სატურაციას; ეკითხება, რა ქრონიკული დაავადებები აწუხებს, აქვს თუ არა შაქრიანი დიაბეტი, ქრონიკული იშემიური დაავადება; არის თუ არა ალერგიული. ეს ყველაფერი იწერება ბარათში, რომელიც ჩვენთან რჩება, პაციენტს კი გადაეცემა ცნობა, რომელშიც მითითებულია მისი გვარი, სახელი, ტელეფონის ნომერი და ვაქცინაციის თარიღი. შემდეგ მოდის გრაფა, სადაც მითითებულია თარიღი მეორედ აცრისა, რომელიც 21 დღეში უწევს”.

ლუდმილა მეტელკინამ განაცხადა, რომ ვაქცინაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია, მიუხედავად პროფესიისა და ასაკისა:

„თავიდან გადაწყდა, რომ ვაქცინაცია ექიმებით, მასწავლებლებით უნდა დაიწყოს, მაგრამ ახლა ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ყველას, ვისაც აცრის სურვილი აქვს, შეუძლია მოვიდეს. არ არის აუცილებელი ექიმებით დაწყება. დღეს პოლიკლინიკის ექიმებმაც გაიკეთეს აცრა და ჩვეულებრივმა პაციენტებმაც. უფრო მეტიც, არც ასაკობრივი შეზღუდვა გვქონია. მოხუცები იმიტომ მოვიდნენ, რომ "Спутник V"-ს არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა. 18 წლიდან ყველასთვის ნებადართულია. ასევე იყვნენ სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანები. ჯერჯერობით არანაირი გართულება არ გვქონია“.

ვაქცინაციაზე ტელეფონით ეწერებიან. აცრის დროს პაციენტს თან უნდა ჰქონდეს პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ლუდმილა მეტელკინას თანახმად, ერთი სამედიცინო პუნქტი დღის განმავლობაში იღებს თხუთმეტი ადამიანისთვის სამყოფ დოზას, რადგან მხოლოდ ორი საათის განმავლობაში შეიძლება მისი ოთახის ტემპერატურაზე გაჩერება. როგორია აფხაზეთში ვაქცინაზე მოთხოვნა, ამაზე საუბარი ჯერ კიდევ რთულია, რადგან ვაქცინაცია ახლახან დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად აქტიურად დარეგისტრირდებიან ადამიანები. ვისაც კორონავირუსის ინფექცია გადატანილი აქვთ, მათ აცრა უკეთდება.

ვაქცინაციის დაწყების წინა დღეს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, თამაზ ცახნაკია. ბჟანიას არ განუმარტავს, თუ რატომ გადადგა ასეთი ნაბიჯი, მაგრამ, როგორც ჩანს, თანამდებობიდან წასვლის სიმწარის შესარბილებლად ყოფილი მინისტრი, კორონავირუსთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის ორდენით დააჯილდოვა.

ასლან ბჟანია და თამაზ ცახნაკია
ასლან ბჟანია და თამაზ ცახნაკია

ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის ახალ მინისტრად დაინიშნა ედუარდ ბუთბა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ვიცე-პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ დელბამ წარუდგინა.

ედუარდ ბუთბა 47 წლისაა, დაიბადა და გაიზარდა ოჩამჩირეში. დაამთავრა მოსკოვის სეჩენოვის სამედიცინო აკადემია და იქვე გაიარა კლინიკური ინტერნატურა სპეციალობით „ტრავმატოლოგია-ორთოპედია“. 1992-1993 წლებში, ომის დროს, ედუარდ ბუთბა მუშაობდა ქალაქ გუდაუთის სამხედრო ჰოსპიტალში. მას ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებს და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში.

XS
SM
MD
LG