Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აუდიტმა ყვარელში ბიუჯეტის არამართლზომიერი და არაეფექტიანი ხარჯვა გამოავლინა


ყვარელი
ყვარელი

სახელმწიფო მაკონტროლებელმა აუდიტის სამსახურმა ყვარლის მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო სამსახურების 2018-2019 წლების საქმიანობა შეისწავლა. 

ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს მერიის სატენდერო კომისიამ 3 შემთხვევაში სხვადასხვა კომპანიას ტენდერში გამარჯვების შესაძლებლობა არ მისცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპანიები მერიას სანიაღვრო არხების მოწყობის სამუშაოების შესრულებას უფრო ნაკლებ ფასად სთავაზობდნენ, ვიდრე სხვები.

დოკუმენტში წერია, რომ სატენდერო კომისიის მიერ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შედეგად მოხდა ყველაზე დაბალი ფასის მქონე კომპანიების დისკვალიფიცირება, რის გამოც მუნიციპალიტეტმა სანიაღვრო არხების მოსაწყობად, ჯამში, სამივე ხელშეკრულების ფარგლებში გადაიხადა თითქმის 18 ათასი ლარით მეტი.

აუდიტის სამსახურის ანგარიშში ლაპარაკია მერიის მიერ 2018-19 წლებში შეძენილ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტებზეც, რომელთაც მერია ამ დრომდე ვერ იყენებს. გამოუყენებელი პროექტების საერთო ღირებულება 109 ათას ლარზე მეტია.

პროექტების შესაძენად გადახდილი თანხა არაეფექტიანი ხარჯიაო, - წერს აუდიტის სამსახური.

ფინანსების არაეფექტიანად ხარჯვის გარდა, აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ვერ აკონტროლებს თანამშრომელთა სამსახურში მისვლისა და წასვლის დროს. არადა, იმისათვის, რომ თანამშრომელთა მუშაობა საათობრივად აღრიცხულიყო, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7 400 ლარი დაიხარჯა.

2018 წელს მუნიციპალიტეტმა შეიძინა სამუშაო საათების აღრიცხვის სისტემა, ე.წ. ტურნიკეტი, რომელიც ადმინისტრაციული შენობის შესასვლელში განთავსდა, თუმცა აუდიტის ჯგუფს ვერ წარუდგინეს აღნიშნული სისტემის მიერ აღრიცხული მონაცემები.

როგორც გაირკვა, ტურნიკეტს ამოქმედებიდან მალევე შეექმნა ტექნიკური პრობლემები. კერძოდ, ვერ ხერხდება სისტემაში თანამშრომელთა დამატება და მართვის სისტემიდან იმ ამონაწერის ამოღება, სადაც უნდა ფიქსირდებოდეს ნამუშევარი დრო.

ამასთან, მუნიციპალიტეტში სამუშაო დროის აღრიცხვის მიზნით არც სხვა, ალტერნატიულ, საშუალებებს იყენებენ, რის გამოც, ანგარიშის მიხედვით, ხელფასების გაცემა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შეუსაბამოდ.

რადიო თავისუფლებას სურდა, ყვარლის მერის, როსტომ სესიაშვილისგან მოესმინა, რას ფიქრობს აუდიტის ანგარიშზე და რას გააკეთებს იმისთვის, რომ არსებული პრობლემები მოაგვაროს, თუმცა მან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

აუდიტის ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა საკრებულოს. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, საკრებულოს წევრებს, არათანამდებობის პირებს, ეძლევათ არა ფიქსირებული ხელფასი, არამედ უნაზღაურდებათ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები. შესაბამისად, თანხის გაცემის საფუძველი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუმცა მუნიციპალიტეტმა აუდიტის სამსახურს ვერ წარუდგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრთა ხარჯების დასადასტურებლად.

ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ქევხიშვილი, განმარტავს, თუ რა შემთხვევებში არ არის შესაძლებელი დოკუმენტების წარმოდგენა.

„ათასი პროექტია, რომელზეც დეპუტატები რწმუნებულთან ერთად დადიან და მოსახლეობას ხვდებიან. სოფლის პროგრამებთან დაკავშირებით შეხვედრებზე ოქმები დგება, მაგრამ არის ძალიან ბევრი შეხვედრები, რომელზე ოქმების შედგენა და აღრიცხვა ძალიან რთულია. ყოველდღე ხომ ვერ დაწერენ, გავიარე ამდენი კილომეტრი, შევხვდი ამდენ ადამიანს. ძირითად შეხვედრებზე ოქმები არის, რომელიც წარმოდგენილია საკრებულოში“.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში მოყვანილ ფაქტებზე სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს ოპოზიცია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი ბოტკოველის თქმით, თუკი პროკურატურა საჯაროდ გამოქვეყნებულ დოკუმენტს შეისწავლის, დაადგენს, რომ იკვეთება სისხლის სამართლის არაერთი დანაშაული.

„აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ დარღვევებია... ეს არის დანაშაულები. გაფლანგულია თანხები, რომლებიც უნდა მოხმარებოდა მოსახლეობას და მათ ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას. თუნდაც ტურნიკეტის მაგალითი რომ ავიღო. მოწყობილობა იყიდეს და ის გათიშულია. რა თქმა უნდა, ის არ იმუშავებს, რადგან თავად მერი არ დადის სამსახურში და საკუთარ საქმეებს, ბიზნესაგვარებს. ის სხვებს როგორ მოსთხოვს, რომ სამსახურში იარონ?“

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ყვარელში 2018-2019 წლებში არამართლზომიერად იქნა გამოყენებული თანხა „წარმომადგენლობითი ხარჯების“ მუხლიდან. სტუმრების მასპინძლობისა და სხვადასხვა საბანკეტო მომსახურების შესყიდვის მიზნით დაიხარჯა 67 ათას ლარზე მეტი.

ყვარელი
ყვარელი

საკითხის შესწავლით გაირკვა, რომ აღნიშნულ პერიოდში თანხები გახარჯულია 75 ღონისძიებაზე. დოკუმენტაციაში აღნიშნულია ღონისძიებების დასახელება, თუმცა არ არის მითითებული ჩასატარებელი ღონისძიების საჭიროება, სტუმრობის მიზანი და სხვა მონაცემები.

სამოქალაქო აქტივისტ ნინო გოგოლაშვილის თქმით, შესაძლოა თავად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუშაობაც არაეფექტიანია, იმიტომ რომ მათ მიერ გამოვლენილი დანაშაულები რეაგირების გარეშე რჩება.

„ეს არ არის აუდიტის პირველი ანგარიში კახეთში, სადაც მძიმე შეფასებებს ვკითხულობთ, მაგრამ ამათ (მერიას) არც აუდიტი ანაღვლებთ და არც სახელმწიფოს მიერ მიცემული შენიშვნები. ისინი არიან გაზულუქებულები. დარწმუნებული არიან, რომ დაუსჯელები დარჩებიან, რაც არ უნდა ჩაიდინონ. როგორ შეიძლება, მუნიციპალიტეტმა რესტორნებსა და ბანკეტებში 67 ათასი ლარი დახარჯოს, მაშინ როცა ირგვლივ ბევრს ადამიანს საკვების მოპოვება უჭირს?“

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა რამდენიმე კვირის წინ თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების საქმიანობის ანგარიშიც გამოაქვეყნა. ყვარლის მსგავსად, ამ შემთხვევებშიც ლაპარაკია თანხების არაეფექტიან ხარჯვაზე, უსარგებლო პროექტებზე, რომლებზეც ათიათასობით ლარი დაიხარჯა, თუმცა არ მუშაობს.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG