Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არა ცელოფნებს - პირველი ოქტომბრიდან


პოლიეთილენის პარკების ნარჩენები. გარდაბანი
პოლიეთილენის პარკების ნარჩენები. გარდაბანი

2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან საქართველოში აიკრძალება პოლიეთილენის პარკების წარმოება, გამოყენება და იმპორტი. თავიდან აკრძალვა ე.წ. ერთჯერად პარკებს შეეხება, რომლებიც მრავლად გამოიყენება ყველა სავაჭრო ობიექტში. 1 აპრილიდან კი აიკრძალება ნებისმიერი სისქის არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკის გამოყენებაც და წარმოებაც.

საქართველოს მთავრობის # 472 დადგენილება, ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ, ამბობს, რომ 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან, შეიცვლება მოთხოვნები, საქართველოს ტერიტორიაზე პლასტიკის პარკების, ასევე ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოებასთან, იმპორტსა და რეალიზაციასთან დაკავშირებით.

მიზანი - გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე გამოწვეული მავნე ზემოქმედების შემცირებაა.

რას გულისხმობს ცვლილება?

1 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული იქნება მხოლოდ ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.

როგორ მივხვდეთ, რომ პოლიეთილენის პარკი ბიოდეგრადირებადია? მასზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია:

  1. პლასტიკის პარკის მწარმოებელი;
  2. პლასტიკის პარკის სისქე;
  3. პლასტიკის პარკის შემადგენლობა;

ახალი წესის თანახმად, ინფორმაცია პარკზე უნდა განთავსდეს გამოსაჩენ ადგილას, ხედვის ერთ არეალში. დაუშვებელია ინფორმაციის გადაფარვა სხვა წარწერით ან ნახატით.

წესის დარღვევა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დაისჯება. ჯარიმა პირველ ჯერზე 500 ლარია, გამეორების შემთხვევაში - 1000.

კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროგრამის - "ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში" (WMTR) წარმომადგენელი სალომე სულაბერიძე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში შენიშნავს რომ პოლიეთილების პარკის გამოყენების ვადა 15 წუთია. მის გახრწნა/დაშლას კი გარემოში 450 წელი და მეტი სჭირდება. მისივე თქმით, 1950-იანი წლებიდან წარმოებული პლასტმასა დღემდე გარემოშია.

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც პოლიეთილენის პარკები აიკრძალება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG