Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასრულწლოვანები ცხინვალის იზოლატორში


ალეკო შიუკაშვილი
ალეკო შიუკაშვილი

ცხინვალის იზოლატორში არასრულწლოვანებიც ხვდებიან და მათ, როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეებს, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით აკავებენ. ბოლო შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში 22 თებერვალს მოხდა.

კირბალელი 16 წლის ალეკო შიუკაშვილი თანასოფლელებთან ერთად სოფლის მიმდებარე ტყეში შეშის დასამზადებლად წავიდა. მალე იქ შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. მოზარდების ნაწილმა გაქცევა მოახერხა, შიუკაშვილი კი დააკავეს. ჯერ ოკუპირებული ღრომის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, იქიდან კი დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტს გადასცეს და ცხინვალის იზოლატორში მოათავსეს. მოზარდის გატაცებისთანავე ამოქმედდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი და დაიწყო მოლაპარაკებები მის გასათავისუფლებლად. 24 საათის შემდეგ, 23 თებერვლის დღის მეორე ნახევარში, შიუკაშვილი ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საპოლიციო საგუშაგოზე გადასცეს. შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის შენობიდან გამოკითხვის შემდეგ გამოსულმა შიუკაშვილმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ საოკუპაციო ძალებმა მისი არასრულწლოვანების შესახებ მაშინვე შეიტყვეს, მაგრამ ცხინვალის იზოლატორში მაინც გადაიყვანეს.

ალეკო შიუკაშვილის მამაც საოკუპაციო ძალებს ორჯერ ჰყავდათ დაკავებული. შარშან ის ტყეში შვილთან ერთად იმყოფებოდა, მაგრამ მაშინ ალეკო არ დაუკავებიათ და სახლში გაუშვეს, მამა კი ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მცხოვრებლებს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ყველაზე ხშირად აკავებენ. სოფლის განაპირას არის ტყე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპირებულია, ადგილობრივი მოსახლეობა კი გარკვეული რისკით იქ მაინც შედის. ამიტომ ყველაზე ხშირად ცხინვალის იზოლატორში კირბალელები ხვდებიან. ტყესთან ახლოს ხშირად არც პოლიცია პატრულირებს. ადგილობრივი მოსახლეობა თავს დაუცველად გრძნობს.

ყველაზე გახმაურებული და საერთაშორისო რეზონანსის მქონე შემთხვევა კი 2009 წლის ნოემბერში მოხდა. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისის მცხოვრები ოთხი მოზარდი - გიორგი რომელაშვილი, ალეკო ცაბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი - ცხინვალთან ახლოს დაიჭირეს.


როგორც ჩანს, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან არასრულწლოვანთა დაკავება თუ გაშვება ე.წ. მესაზღვრეთა კონკრეტული ჯგუფის განწყობაზეა დამოკიდებული. ხან აკავებენ და იზილატორში გადაჰყავთ, ხან აფრთხილებენ, ტერიტორიიდან აძევებენ და არაფერს უშავებენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა გასული წლის ნოემბერში სოფელ გრემისხევში დაფიქსირდა. სოფლის მცხოვრები დავით მიშელაშვილი ტყეში მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა და შეშას ამზადებდა. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მამა წაიყვანეს, ბავშვი კი უპატრონოდ ტყეში დატოვეს.

ყველაზე გახმაურებული და საერთაშორისო რეზონანსის მქონე შემთხვევა კი 2009 წლის ნოემბერში მოხდა. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისის მცხოვრები ოთხი მოზარდი - გიორგი რომელაშვილი, ალეკო ცაბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი - ცხინვალთან ახლოს დაიჭირეს. მოზარდები ოკუპირებულ სოფელ ხეითში ნათესავებთან მიდიოდნენ. მათ დე ფაქტო ხელისუფლება იარაღის გადატანის ბრალდებას უყენებდა. 4 ნოემბერს გატაცებული ბავშვების გათავისუფლება თვე-ნახევრის შემდეგ, 19 დეკემბერს, საქმეში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, თომას ჰამარბერგის, ჩარევის შედეგად მოხერხდა. ამ საქმის გამო ჰამარბერგი ცხინვალში რამდენიჯერმე ჩავიდა. გათავისუფლების შემდეგ 14 წლის მოზარდები, ლევან ხმიადაშვილი და ვიქტორ ბუჩუკური, ამბობდნენ, რომ მათ ცხინვალის ციხეში არაადამიანურად ეპყრობოდნენ.

ამ საერთაშორისო რეზონანსის მქონე საქმის შემდეგ ბავშვების მიმართ საოკუპაციო რეჟიმმა მოპყრობა თითქოს შეარბილა. არის შემთხვევები, როცა მოზარდები იზოლატორში საერთოდ არ გადაჰყავთ და ადგილიდანვე უშვებენ, გატაცების შემთხვევაში კი მათ ჯარიმას არ ახდევინებენ და შედარებით სწრაფად ათავისუფლებენ. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მცხოვრებლები უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითხოვენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოები სოფლების შესასვლელებშია განთავსებული და იქ სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებს შეშვებაზე ხშირად უარს ეუბნებიან. გარდა ამისა, სულ უფრო მეტად დახურული ხდება ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების გატაცების შესახებ. სოფლებში მცხოვრებლები პოლიციელების პატრულირებას უშუალოდ საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ითხოვენ.

XS
SM
MD
LG