Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო რეჟიმმა ქართველი მოზარდი გაათავისუფლა


საოკუპაციო რეჟიმმა ცოტა ხნის წინ გაათავისუფლა 22 თებერვალს სოფელ კირბალის ტყეში დაკავებული მოზარდი, ალეკო შიუკაშვილი. რადიო თავისუფლებასთან მოზარდის გათავისუფლება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა.

მოზარდი ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე უკვე გადასცეს. მას შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში გამოკითხავენ.

ალეკო შიუკაშვილი ტყეში შეშის შესაგროვებლად თანასოფლელებთან ერთად იყო წასული, რა დროსაც შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. თანმხლებმა პირებმა გაქცევა შეძლეს, შიუკაშვილი კი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს.

გატაცებული მოზარდი ჯერ ოკუპირებული ღრომის სამხედრო ბაზაზე ჰყავდათ გადაყვანილი, იქიდან კი დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტს გადასცეს და ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

ალეკო შიუკაშვილი 22 თებერვალს გაიტაცეს. ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 23 თებერვალს დილით დაადასტურეს.

შიუკაშვილების ოჯახი სოფლის განაპირას, გამყოფი ხაზის სიახლოვეს ცხოვრობს. ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მხრიდან რამდენჯერმე იყო დაკავებული მოზარდის მამაც.

მოზარდის გასათავისუფლებლად ამოქმედებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი და მიმდინარეობდა მოლაპარაკების პროცესი. საოკუპაციო რეჟიმი დაკავებულ არასრულწლოვან საქართველოს მოქალაქეებს შედარებით სწრაფად, ჯარიმის გადახდის გარეშე ათავისუფლებს ხოლმე. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.

XS
SM
MD
LG