სხდომაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხს განიხილავენ, "ვივამედის" გენერალურმა დირექტორმა სასამართლოს უთხრა, რომ მათ კლინიკაში ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის ყველაფერი კეთდება, თუმცა სააკაშვილის გარემოცვის მიზნები "რადიკალურად განსხვავებულია".
ნადირაძემ, ასევე ისაუბრა კლინიკის პერსონალის მიმართ ზეწოლასა და უნდობლობაზე და ამასთან, გაიმეორა, რომ ექიმების მითითებების მიუხედავად, მის ახლობლებს სააკაშვილთან მცირე კალორაჟის საჭმელი შეაქვთ. იგი ამტკიცებს, რომ სწორედ ესაა პაციენტის წონაში კლების მიზეზი.
"სიხარულის ყიჟინაა გრამების კლებაზე"
"პირველი დღიდან წნეხია, გვიცხადებენ უნდობლობას, ჩვენს ყველა მოსაზრებას, დიაგნოზებს, სამკურნალო ღონისძიებებს თუ კვლევებს უცხადებენ უნდობლობას. ეს გამოიხატება შეურაცხყოფების კასკადით, ცალკეულ ექიმებზე ზეწოლა, რის გამოც მუდმივად მიჭირს სტაფის [პერსონალის] შერჩევა, მიწევს მათი ფინანსური წახალისება, მორალური დამშვიდება..." - თქვა ნადირაძემ და დაამატა, რომ ექიმების გადმოცემით, მიხეილ სააკაშვილი შერჩევით იღებს მედიკამენტებს:
"ყველაზე დიდ პრობლემად რჩება კვება და მასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები. მე არც ერთხელ არ დამიხევია უკან, ხშირად ავდიოდი მასთან, როცა ექიმი ძალიან მთხოვდა, რომ მის ნათქვამს ყურად არ იღებს. ამიხსნია, რამხელა რისკის ქვეშ აყენებს თავის ჯანმრთელობას, როცა ასე მცირე კალორაჟის საკვებს იღებს. ამას გარდა, როცა მას შესთავაზეს პარენტელარული კვება, ის ამბობს, რომ სხვა ექიმების უფრო სჯერა... თქვა, რომ ქართველი ექიმები ეუბნებიან..."
"კლინიკის მკურნალობის ტაქტიკაზე ხდება ზეგავლენა ცენტრი "ემპათიის" ექიმების მიერ?" - ჩაეკითხა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი ნიკა აბრამიშვილი.
"ცენტრი ემპათიის მიზნები რადიკალურად განსხვავებულია ჩვენი კლინიკის მიზნებისგან. მე არ ვერევი არც მის დაცვაში, არც სურვილებში, არც მისწრაფებებში, იპოვოს თავისუფლების გასაღები, მისი უფლებაა. ადამიანისთვის ეს ყველაზე ძვირფასია და ყველაფერზე მივდივართ თავისუფლებისთვის. მეც არ ვიცი, რაზე წავალ თავისუფლების გამო... თუმცა მესმის, რომ თავისუფლების გასაღები მხოლოდ მის ძალიან ცუდად ყოფნაშია...
ისინი [გულისხმობს მიხეილ სააკაშვილის ახლობლებს, ოჯახს - რ.თ.] ხედავენ, რომ დიაგნოზშია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავზე ცვლილებები. ნივრიანი პურის მოტანა, არ ვიცი რაში წერია. ვერ ვხვდები შილაფლავის სოკოთი მოტანა, რომელ გაიდლაინში წაიკითხეს. ჩვენმა ენდოკრინოლოგმა ჩაუშალათ კალორაჟი".
ნიკა აბრამიშვილის კითხვაზე, რა გავლენას ახდენს პაციენტზე ბევრი მნახველის შესვლა, ნადირაძე პასუხობს, რომ არ იცის, რაზე საუბრობენ პაციენტთან, თუმცა ამტკიცებს იმას, რომ მათგან არავინ ურჩევს სააკაშვილს უკეთ კვებას, არამედ "სიხარულის ყიჟინაა გრამების კლებაზე".
"ვერ დამარწმუნებს ვერავინ, რომ ერთმა მათგანმა უთხრა უკეთ იკვებოს, პირიქით, სიხარულის ყიჟინაა ყველა დაკლებულ გრამზე. სხვათა შორის, დღეს გამიხარდა, 200 გრამი ნამატი გვაქვს წონაში. ეს ადამიანი 24 საათი უყურებს ტელევიზორს, 24 საათის განმავლობაში ეკრანზე მიდის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა... როცა ექიმი გამოდის და ეუბნება, შენ დღეს არა და ხვალ მოკვდები, რომელ სამედიცინო ეთიკაში წერია?..
ყველა ის დასმული დიაგნოზი, რაც ჩვენს ფორმა 100-ში წერია, აბსოლუტურად ზუსტია. 500 კალორიაზე როცაა ადამიანი, რომელმაც, ყველაზე ცუდი, 1500 კალორია უნდა მიიღოს, რა თქმა უნდა, დროსთან ერთად, დაემატა კახექსია. ამავე დროს, ჩემი ექიმები კატეგორიულად უარყოფენ მალაბსორბციას, შეწოვის პრობლემებს. რასაც ჭამს პაციენტი, იმას ირგებს. ნეტა იყოს ეს მალაბსორბცია, მოწამლული, დემენცია, ჩვენი ხელით, პირველი გამოვიდოდით, გავწერდით ამ პაციენტს და დავისვენებდით იმიტომ, რომ 9 თვეა, ჩვენ ვცხოვრობთ ჯოჯოხეთში და ამას ვიტანთ მაქსიმალური თავშეკავებით, მაქსიმალური ემპათიით პაციენტის მიმართ".
რა ღირს სააკაშვილის მკურნალობა?
ნადირაძემ ნიკა აბრამიშვილს მომდევნო კითხვის დასმა უეცრად შეაწყვეტინა და პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელს კლინიკისთვის სააკაშვილის მკურნალობის საფასურის გადაუხდელობა შეახსენა. ნადირაძის თქმით, სექტემბრის შემდეგ კლინიკისთვის არაფერი ჩაურიცხავთ.
"თქვენ, სხვათა შორის, მიგვიანებთ ჩამორიცხვებს, და მე აქ მბრალდება, რომ 3 მილიონი მიიღო თურმე კლინიკამ. მთელი განყოფილება მიცდება, ერთი პაციენტი წევს იქ. ერთხელ ჩამირიცხეთ ივნისში და მეორეჯერ სექტემბერში, ახლა თებერვალია. საშუალედო კალკულაცია გამოგზავნილია", - თქვა ნადირაძემ პროცესზე, რაზეც აბრამიშვილმა უპასუხა:
"კი, ბატონო, გადავცემ შესაბამის სამსახურს, ბოდიში".
რადიო თავისუფლება ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად პენიტენციურ სამსახურს დაუკავშირდა, სადაც ჩარიცხვების შეფერხებას არ ადასტურებენ, "პენიტენციური სამსახურის მხრიდან ჩარიცხვების მხრივ შეფერხება არ დასტურდება. სავარაუდოდ, მოწმემ იხუმრა", - აცხადებენ უწყებაში.
სხდომაზე კლინიკის დირექტორმა ასევე თქვა, რომ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი "ვივამედში შეიყვანეს, პენიტენციურმა სამსახურმა ჯამში ორჯერ, ერთხელ 18 000 ლარი, ხოლო მეორედ 12 000 ლარი ჩარიცხა. ნადირაძემ, მანამდე ისიც თქვა, რომ პირველი შემთხვევაა, როცა პაციენტი 9 თვეა მკურნალობს მათთან, რაც ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ 16 დეკემბერს პარლამენტში განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფოს, ერთი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 200 000 ლარი დაუჯდა, როდესაც ერთი პატიმრის შენახვაზე, წელიწადში, დაახლოებით, 17 400 ლარი იხარჯება.
მოსამართლე: ისტორიაში საცივის ჭამა წერია?
"ვივამედის" დორექტორს კითხვები დაუსვეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმაც. ერთ-ერთმა უფლებადამცველმა, ზურაბ ვანიშვილმა მას ჰკითხა, თუ რომელ ახალ წელს გულისხმობდა, როცა ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მაშინ "კარგად ჭამა", როცა მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იყო თუ როცა კლინიკაში იყო?
"ვივამედზე მაქვს საუბარი, როდესაც იგი გაუმასპინძლდა ჩემს პერსონალს, საცივი ჰქონდა, მგონი, ოლივიე, თუ არ ვიტყუები, გამახარეს, გემრიელად მიირთვაო. ამას გარდა, მამაოს შეჰქონდა ხანდახან ღვინო, იმის მერე ხაჭაპურიც უჭამია. ის მომენტი, რომ მას რაღაცის ჭამა არ შეუძლია, არაა, მაგრამ მისი ფსიქო-ემოციური ფონი არის ძალიან მძიმე, იცის, რომ კარგად ყოფნით გარეთ ვერ მოხვდება... მე როგორც ვიცი, სოფო ნიჟარაძის [მომღერალ სოფო ნიჟარაძეს და მიხეილ სააკაშვილს ჰყავთ შვილი] დედამ გაუკეთა ეს საცივი. სოფოსგან მაქვს ამის დასტური".
ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, ადვოკატს მოუხდა, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ისტორიიდან მოეყვანა ციტატები იმის შესახებ, რომ ახალი წლის პერიოდში პაციენტს უმადობა აწუხებდა.
ამ თემაზე ადვოკატს, მოსამართლესა და ნადირაძეს შორის ასეთი დიალოგი შედგა:
ადვოკატი ზურაბ ვანიშვილი: 31 დეკემბერს დილის 11 საათზე პაციენტი გაისინჯა კლინიკურ დირექტორთან, ზურაბ ჩხაიძესთან ერთად. ჩანაწერში წერია: "პაციენტის მდგომარეობაა საშუალო სიმძიმის, იგი უჩივის საერთო სისუტეს, უმადობას, გადაადგილების გაძნელებას, გადაადგილდება დამხმარე საშუალებით..."
ნინო ნადირაძე: ეჭვი გეპარებათ ჩემს სიმართლეში? ამ ერთხელაც გასაჯაროვდეს ყველა კადრი... [მიმართავს მოსამართლეს - რ.თ.] ეჭვქვეშ აყენებს, საცივი ჭამა თუ არაო.
მოსამართლე: [ჯანმრთელობის] ისტორიაში საცივის ჭამა წერია?
ზურაბ ვანიშვილი: კითხვაა, სამედიცინო ჩანაწერში დაფიქსირებულია, რომ პაციენტს აქვს უმადობა... თქვენ საუბრობთ, რომ მას ძალიან კარგი მადა ჰქონდაო და ა.შ.
ნინო ნადირაძე: მადა არა, კარგად მიირთვა. უმადობა არ გამორიცხავს საჭმლის მირთმევას. მეც უმადო ადამიანი ვარ, მაგრამ საჭმელს ვჭამ.
მოსამართლე: კარგი, მაგაზე არ იკამათოთ, ანდაზაცაა, "მადა ჭამაში მოდისო" და... ".
"მე და შალვა ერთმანეთს ვეჯიბრებით ჩაცმაში"
ამის შემდეგ, ნინო ნადირაძემ პროცესზე გამოკითხვის დროს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძეს არათემატური, პერსონალური რეპლიკით მიმართა:
ნინო ნადირაძე: ბატონო შალვა [ხაჭაპურიძე], როგორ მოახერხეთ, ასეთი აქტიური ჰომოფობიდან, ასეთი კრასავჩიკი მეტროსექსუალი როგორ დადექით, ჰა? მე ბოლო სერიის მეშინია, მინდა, მეტროსექსუალის ფაზაში დარჩეთ.
შალვა ხაჭაპურიძის ჰომოფობიური განცხადება "ქართველი კაცი ცისფერების სასტუმროში არ შევა", წლების წინ მედიაში გავრცელდა.
"ქალბატონო ნინო, თქვენ უნდა უპასუხოთ, კითხვები არ უნდა დასვათ", - მოსამართლის შენიშვნის შემდეგ ნადირაძემ მაინც გააგრძელა:
"არა, ვიდზე რაღაც კარგად გამოიყურება და... დღეს ისეთი გამოწყობილი არაა, როგორც ველოდი. მე და შალვა ერთმანეთს ვეჯიბრებით ჩაცმაში, ვნახოთ, ვინ აჯობებს, მინდა გავაკოტრო, ტანსაცმელში დავახარჯინო მთელი ჰონორარი, რაც მიშას დაცვაში აიღო. დარჩეს უფულოდ. ის [მეორე ადვოკატი ზურაბ ვანიშვილი] ძალიან სტანდარტულადაა, ეს ქარიზმატულად".
ზურაბ ვანიშვილი: გორელი ვარ და ალბათ, ამიტომ.
ნინო ნადირაძე: რიკოთს იქითა ხალხი სხვანაირები ვართ, გვაქვს ეს პეწი.
სასამართლო პროცესზე, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადება/გათავისუფლება განიხილება, ეს დიალოგი მოსამართლე გიორგი არევაძეს შენიშვნით აღარ გაუწყვეტია.
"სახალხო დამცველს მე არასდროს დავუცვივარ"
მოგვიანებით ნინო ნადირაძეს ისევ სააკაშვილის კვებაზე ჰკითხა ადვოკატმა ზურაბ ვანიშვილმა, თუ რით ამტკიცებს, რომ მას "აგულიანებენ", არ ჭამოს.
"ასეთი მონდომებით, როგორც ცდილობთ, დაამტკიცოთ, რომ ჩვენ ვერაფერს ვაკეთებთ, ამის მეათედი რომ გამოგეყენებინათ იმის დარწმუნებაში, რომ "რეფიდინგზე" დათანხმებულიყო, უარი ეთქვა შერჩევით მკურნალობაზე... თქვენი მხრიდან მხარდაჭერა არ გვიგრძვნია. დაიფიცეთ აბა ბიბლიაზე და თქვით, ერთხელ მაინც უთხარით, ბატონო მიხეილ, ერთი ლუკმით მეტი ჭამეთ! დაიფიცეთ!" - ამაზე მოსამართლემ მისცა მას შენიშვნა, რომ ადვოკატების ვალდებულება არაა, მისი კვება აკონტროლონ, ან რაიმე დაავალონ.
ადვოკატის კითხვა შეეხო, ასევე, ომბუდსმენის სამედიცინო კონსილიუმის დასკვნის შინაარსს და რამდენად იზიარებს მას კლინიკა.
ზურაბ ვანიშვილი: ეთანხმებით თუ არა სახალხო დამცველის საექსპერტო ჯგუფის 2022 წლის 7 დეკემბრის მოსაზრებას, რომ პაციენტს ჩაუტარდა საქართველოში ხელმისაწვდომი ყველა ლაბორატორიული და ინსტუმენტული კვლევა, რამდენიმე პოლიპროფილურ კლინიკაში. ამის მიუხედავად მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.
ნინო ნადირაძე: რატომ მაკითხებთ? ვალდებული ვარ, ეს წავიკითხო? თქვენ იკითხეთ, რა. დაჯდეს მომავალი სახალხო დამცველი და იკითხოს. სახალხო დამცველს მე არასდროს დავუცვივარ, ის მხოლოდ პოლიტიკოსებს იცავს.
მოსამართლე: ქალბატონო ნინო, ღმერთმა არ დაგაჭირვოთ მისი დაცვა.
ნინო ნადირაძე: ჩემი თავის დამცველი ისევ მე ვიქნები, ოღონდ შიმშილობას არ დავიწყებ, ისედაც ჩემი სხეულის მასის ინდექსი 18,2-ია.
ადვოკატმა ვანიშვილმა კითხვა ისევ გაუმეორა, რაზეც ნადირაძემ უპასუხა, რომ არასწორადაა ფორმულირებული სახალხო დამცველის დასკვნაში ის ჩანაწერი: "კონტექსტი ძალიან მიკერძოებულადაა შედგენილი. შინაარსს არ გამოხატავს იმ მკურნალობის და იმ კვლევების, თუ რატომ არ მოხდა [ჯანმრთელობის გაუმჯობესება]".
შალვა ხაჭაპურიძე: რა მნიშვნელობა აქვს ვისი დასკვნაა, ის ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდაო.
ნინო ნადირაძე: მე ვარ კარდიოლოგი, კარდიოლოგი ვერ გასცემს პასუხს სახალხო დამცველის ჩანაწერებზე.
შალვა ხაჭაპურიძე: ისე, ცნობისთვის, სახალხო დამცველი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააჯილდოვა...
ნინო ნადირაძე: ძალიან ბევრი უაზროდ გაცემული ჯილდოები მინახავს.
"ანუ, არაა მძიმე პაციენტი?"
ნინო ნადირაძე ასევე შეეხო მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის მოთხოვნისა და ინტრავენური კვების საკითხს, რაზეც პაციენტი უარს ამბობს. როგორც ის ჰყვება, სააკაშვილმა მათ უთხრა, რომ თუკი რეანიმაციაში გადაიყვანდნენ, იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა გადასხმის გზით კვებას.
ექსპრეზიდენტის წონაში მკვეთრი კლების გამო მის რეანიმაციაში გადაყვანას ითხოვდნენ როგორც მისი ოჯახის წევრები, ისე ადვოკატები.
"გინეკოლოგიურშიც მოვათავსებთ, ოღონდ ის მკურნალობაზე დაგვთანხმდეს. შესაბამისად, ჩვენ ამაზე უარი არ გვითქვამს, თუმცა, ამასთან დაკავშირებით, ძალიან დიდი სპეკულაციები დაიწყო", - თქვა კლინიკის დირექტორმა, ნინო ნადირაძემ.
ადვოკატების კითხვების პასუხად, მან, ასევე აღნიშნა, რომ კლინიკამ ბოლო დღეებში დააფიქსირა მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი დიაგნოზი - კახექსია, თუმცა ამაზე მკურნალობაზე პაციენტი უარს აცხადებს. ნადირაძეს არ განუმარტავს ადვოკატებისთვის ამის მიზეზი.
ამ თემაზე, მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა დასვა შეკითხვა: "თქვენ ბრძანეთ, რომ დიაგნოზი არის კახექსია, მაგრამ არ გითქვამთ, დაავადების მიხედვით, მძიმეა თუ არა?"
"ამ ეტაპზე მისი კლინიკურ-ლაბორატორიული, სუბიექტური და ობიექტური მონაცემები საშუალებას იძლევა, გაგრძელდეს მისი მკურნალობა პალატაში. მძიმე ძალიან არ მინდა, გახდეს. მძიმე პაციენტები ხვდებიან კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში", - პასუხობს ნადირაძე.
ვალერი გელბახიანი: ანუ, არაა მძიმე პაციენტი?
ნინო ნადირაძე: მძიმე ზოგადი მოცემულობაა, ამ შემთხვევის. კრიტიკული მაჩვენებლები, ან სუბკრიტიკული, ამ ეტაპზე არაა... მე მაქვს მასზე დაბალი წონის ინდექსი. კახექსია, რომელიც მალაბსორბციითაა გამოწვეული, მძიმეა, ეს [მიხეილ სააკაშვილის შემთხვევა - რ.თ.] კვების გამოა. დაგვთანხმდეს კვებაზე, დანამატებზე და დაინახავთ, როგორ იქნება.
შალვა ხაჭაპურიძე: თქვენ ამბობთ, ეს კახექსია არის არა მალაბსორბციით გამოწვეული, არამედ სხვა. ჩადიხართ სიღრმეებში...
ნინო ნადირაძე: დიახ, ძალიან განათლებული ექიმი ვარ.
შალვა ხაჭაპურიძე: [დაავადების] სიმძიმის რა კრიტერიუმით სარგებლობთ?
ნინო ნადირაძე: ფსიქოლოგიურად ნამდვილად მძიმედაა.
ვალერი გელბახიანი: აძლევთ თუ არა პირობას და გარანტიას ამ საზოგადოებას, რომ თქვენს კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეში არ იქნება და არ დაიღუპება?
ნინო ნადირაძე: თქვენ მე ღმერთის ფუნქციას მეკითხებით? ასეთ გარანტიას დედამიწის ზურგზე ვერავინ ვერ გასცემს.