ამერიკელი ნევროლოგი, დოქტორი ემანუელ ლახანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დღეს დისტანციურად იკითხება, ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის წარსულ დიაგნოზებზე ინფორმაცია აქვს, თუმცა მისი დღევანდელი მდგომარეობა ციხეში მიღებულ ტრავმებს უკავშირდება.
დღეს, 9 იანვრის სხდომაზე ამერიკელი ნევროლოგის ჩვენების დროს, მიხეილ სააკაშვილის ძველ, პატიმრობამდელ დიაგნოზებზე კითხვები პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა დასვეს. მათი თქმით, სააკაშვილი არც ციხეში მოხვედრამდე ყოფილა "სრულად ჯანმრთელი" და მიუთითეს დიაგნოზებზე.
დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალხაზ ურთქმელიძემ ამერიკელ ნევროლოგს ჰკითხა, საიდან ჰქონდა "ასეთი მწირი" ინფორმაცია, რომელიც დასკვნაში დაწერა, რომ "მიხეილ სააკაშვილი პატიმრობამდე ჯანმრთელი იყო".
ამაზე ნევროლოგმა უპასუხა, რომ ინფორმაცია მიიღო როგორც ქართულ-ამერიკული იურიდიული გუნდისგან, ისე ცენტრ "ემპათიისგან", ასევე განიხილა ყველა სამედიცინო ჩანაწერი.
ამის შემდეგ მალხაზ ურთქმელიძემ მიხეილ სააკაშვილის ძველი სამედიცინო ისტორიიდან ამოიკითხა დიაგნოზები.
"დოკუმენტაციაში დევს, რომ 3-4 წლის ასაკში გადატანილი აქვს მენინგოენცეფალიტი. 2012-13 წლებში მიღებული აქვს ტრავმები თბილისში, თურქეთში. 2017 წელს გაკეთებული აქვს სლივ-გასტრექტომია. ამ ოპერაციის მიზანი იყო რეზისტენტული, პათოლოგიური სიმსუქნის მე-3 ხარისხის მკურნალობა", - თქვა ურთქმელიძემ და ექსპერტს ჰკითხა, იცოდა თუ არა ამ დიაგნოზების თაობაზე?
"მე სრულად ვარ ინფორმირებული მისი გასტროენტეროლოგიური მდგომარეობის შესახებ", - უპასუხა ემანუელ ლახანმა და ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მას სხვა შემთხვევებზეც უამბო, თუმცა არ ჩათვალა, რომ ნევროლოგიურად ისინი მნიშვნელოვანი იყო.
ამის შემდეგ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელსა და ამერიკელ ნევროლოგს შორის ასეთი დიალოგი შედგა:
მალხაზ ურთქმელიძე: 2002 წელს დაესვა ე.წ. პოსტკოვიდური სინდრომის დიაგნოზი, 2021 წელს შფოთვითი დეპრესია, რის გამოც დაპატიმრების დროსაც მოიხმარდა უამრავ ფსიქოტროპულ პრეპარატს... იცოდით ამათზე?
ნევროლოგი: დიახ, მე ვიცი, რადგან მე ხელი მოვაწერე "ემპათიის" დასკვნას, სადაც ეს ეწერა.
მალხაზ ურთქმელიძე: იცოდით და მაინც შეიძლება ჩაითვალოს, რომ ადამიანი იყო ჯანმრთელი? არა პრაქტიკულად ჯანმრთელი, არამედ უაპელაციოდ ჯანმრთელი?
ნევროლოგი: დიახ, აბსოლუტურად, ნევროლოგიური თვალსაზრისით იყო ჯანმრთელი. მას არ ჰქონდა დემენცია, მას არ ჰქონდა კრუნჩხვები და არ ჰქონდა პოლინევროპათია.
მალხაზ ურთქმელიძე: თვლით თუ არა, რომ როდესაც ადამიანი არის სრულად ჯანმრთელი, ის არის სრულად ჯანმრთელი, მხოლოდ ნევროლოგიურით არ განისაზღვრება სრულად ჯანმრთელობა?
ნევროლოგი: აბსოლუტური სრულად ჯანმრთელი არავინ არ არის...
მალხაზ ურთქმელიძე: ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებდა და ითვლება, რომ ჯანმრთელი იყო?
ნევროლოგი: დიახ, რა თქმა უნდა, მილიონობით ადამიანია, რომელიც იღებს ამ ტიპის პრეპარატებს.
მალხაზ ურთქმელიძე: ანუ ფიქრობთ, რომ შფოთვითი დეპრესია აქვს და არის ჯანმრთელი?
ნევროლოგი: თუ დეპრესია არ იწვევს ისეთ მოვლენას, როგორიცაა თვითმკვლელობის მცდელობა ან თვითმკვლელობა, რასაკვირველია, არა, მაგრამ თუ დეპრესია ექვემდებარება კორექტირებას, მაშინ შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ჯანმრთელი. ადამიანი, რომელსაც აქვს დეპრესია, შეიძლება, ძალიან ჯანმრთელიც იყოს.
მალხაზ ურთქმელიძე: ყოჩაღ, კარგია.
პროცესზე ექსპერტ ემანუელ ლახანს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა ჰკითხა, მიხეილ სააკაშვილის რა ფსიქოტრავმებზე საუბრობს იგი თავის დასკვნაში.
"ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ტრავმები იყო მისი ციხეში ყოფნის დაწყებიდან, განსაკუთრებით, როცა ის კისრით ათრიეს იატაკზე", - უპასუხა ექსპერტმა და განმარტა, რომ ამის დამადასტურებლად, როგორც ექსპერტებს, გადაეცათ დასკვნები და ვიდეომტკიცებულებები.
ნიკა აბრამიშვილი: წარსული ფსიქოტრავმების შესახებ თუ იცით?
ნევროლოგი: ძირითადი ტრავმა, რომელიც ამ კონკრეტული მდგომარეობისთვის მნიშვნელოვანია, ის არის, რაც მან ციხის პირობებში მიიღო.
ნიკა აბრამიშვილი: მიხეილ სააკაშვილის დაკავება უკრაინაში - შეიძლება თუ არა ის ყოფილიყო სტრესული?
ნევროლოგი: დიახ.
ნიკა აბრამიშვილი: დახურული კონტეინერით ზღვების გადალახვა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადალახვა, ასევე შეიძლება თუ არა იყოს სტრესი?
ნევროლოგი: რასაკვირველია, ეს სტრესია, მაგრამ ყველა სტრესი არაა ტრავმული. როდესაც ის შეიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მას განუვითარდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა... ეს არაა მხოლოდ ჩემი მოსაზრება, [დასკვნის დაწერისას] მე ვეყრდნობოდი ობიექტურ ინფორმაციას, რაც მომაწოდეს.
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, 9 იანვარს, არ დასწრებია თავის საქმეზე შუამდგომლობის განხილვის სხდომას - თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიმართვას მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე.
2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.
სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა, ის სამართალდამცავებმა 1 ოქტომბერს დააკავეს. დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.