საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, პატიმარი-პაციენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე მსჯელობისას, ბრიუსელიდან თბილისს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული საკვანძო რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობა შეახსენეს და გაიხსენეს პუტინის მუქარაც, მიხეილ სააკაშვილის მისამართით.
ევროპარლამენტარებს ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს წარმომადგენლებმა მიმართეს. ეს სტრუქტურები უშუალოდ არიან ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
სააკაშვილის მიმართ სოლიდარობის ახალი ტალღა, სასამართლო პროცესზე მის ბოლო დისტანციურ გამოჩენას მოჰყვა, როცა გარეგნულად მნიშვნელოვნად შეცვლილმა ექსპრეზიდენტმა დახმარება საერთაშორისო პარტნიორებს სთხოვა. პარალელურად, საქართველოს ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო ლაპარაკი პაციენტი პატიმრის მხრიდან „თვითდაზიანებასა“ და ასეთ პირობებში, ხელისუფლების პასუხისმგებლობის არარსებობაზე.
ჩვენ შევახსენებთ ხელისუფლებას...
2 თებერვალს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული დებატები, ევროკავშირის საბჭოს სახელით, მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ ჯონსონმა გახსნა და დასაწყისშივე გაუსვა ხაზი საქართველოსთვის კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და სასამართლო სისტემის „ამბიციური და ყოვლისმომცველი რეფორმის“ გატარების აუცილებლობას. სხვების მსგავსად, ჯონსონიც ამბობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობაზე მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
„სახელმწიფო ორგანოებს აქვთ ვალდებულება, პატივისცემით იზრუნონ პირებზე, რომლებსაც თავისუფლება აქვთ აღკვეთილი. ეს მოიცავს ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის უზრუნველყოფას... პატიმრებისადმი მოპყრობის შესახებ გაეროს საბაზისო პრინციპების მიხედვით, რომელზეც საქართველოს ხელი აქვს მოწერილი, თავისუფლების აღკვეთა არ ნიშნავს შესაბამისი სამედიცინო დახმარების შემცირებას... ევროკავშირის მესიჯი ნათელი და თანმიმდევრულია - ჩვენ შევახსენებთ ხელისუფლებას ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობისა და კარგად ყოფნის პასუხისმგებლობას და, ცხადია, მის უფლებას სამართლიან სასამართლოზე“, - განაცხადა პოლ ჯონსონმა და განმარტა ასევე, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა დროს, არაერთხელ მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას და მათ შორის - იუსტიციის მინისტრს.
დებატების მიწურულს, პოლ ჯონსონი, ევროპარლამენტარების წინაშე, უკვე დასკვნითი სიტყვით წარდგა და თქვა, რომ მსჯელობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში რეფორმების გაგრძელება და ადამიანის უფლებები მეტ ძალისხმევას მოითხოვს. ევროკავშირის საბჭოს წარმომადგენელი ამ ვითარებას ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებების კონტექსტში განიხილავს.
ევროკომისიის სახელით ევროპარლამენტარების წინაშე ევროკომისარი იოჰანეს ჰანი წარდგა. „ევროკავშირის პოზიცია ნათელია - საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა, იმოქმედოს, თუკი მიხეილ სააკაშვილი კრიტიკულ მდგომარეობაშია“, - თქვა მან დებატების დასაწყისში; ხოლო დებატების შემდეგ, „დრამატული შედეგების“ თავიდან ასაშორებლად, დიპლომატიური ძალისხმევის მაქსიმალურად მობილიზების პირობა დადო. ევროკომისარი მიანიშნებს, რომ კვლავაც გასატარებელია საკვანძო რეფორმები, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12-პუნქტიანი სიიდან.
„ჩვენ კვლავაც სრულად ვართ ჩართული საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხარდაჭერისა და წახალისების პროცესში, რომ ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით გატარდეს და შესრულდეს საკვანძო რეფორმები ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესაბამისად“, - თქვა იოჰანეს ჰანმა.
„ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) წარმომადგენელმა, სლოვაკმა დეპუტატმა, მირიამ ლექსმანმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების ქცევა სამარცხვინოა და ის ეწინააღმდეგება ქვეყნის მიზნებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
დებატების მსვლელობისას, ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებდნენ.
„Renew Europe Group“-ის წარმომადგენელი, ლიეტუველი ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური მკურნალობა აუცილებელია „ქვეყნის ევროპული სახის შესანარჩუნებლად"; ხოლო ჩეხი ევროპარლამენტარის, „მწვანეები/ევროპის თავისუფალი ალიანსის“ წარმომადგენლის, მარკეტა გრეგოროვას შთაბეჭდილებით, სააკაშვილის „ყოვლისმომცველი“ საკითხი საქართველოს პერსპექტივებს ჩრდილავს.
„ჩვენ ვზრუნავთ [სააკაშვილზე], რადგან ჩვენ ვალდებული ვართ ვიზრუნოთ. ეს არის მეტად პოლარიზებული შემთხვევა და ადამიანი კვდება ციხეში. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, არ იფიქროთ მხოლოდ პოლიტიკურ ქულებზე, რომლებსაც ციხეში მისი დატოვებით შეაგროვებთ; არამედ იფიქრეთ ასევე ქულებზე, რომლებსაც კარგავთ, რადგან ჩვენ იძულებული ვართ დღეს დებატები გავმართოთ პოლიტიკურ პატიმარზე, ნაცვლად, მაგალითად - [ევროკავშირის წევრობის] კანდიდატის სტატუსისა“, - ამბობს გრეგოროვა.
მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის წინადადებას მხარი დაუჭირა ესპანელმა დეპუტატმა, ნაჩო სანჩეს ამორმაც, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოჯახის - „ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ (S&D) წარმომადგენელია. ის ფიქრობს, რომ მკურნალობის მიზნით სასჯელის გადავადება არა მხოლოდ ჰუმანიტარული აქტი იქნება, არამედ ეს ხელს შეუწყობს „პოლიტიკური დღის წესრიგის ნორმალიზებას, პოლარიზაციის დონის შემცირებით“. ევროპარლამენტარმა ასევე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი, 2021 წელს, არჩევნებისთვის, საქართველოში უკანონო გზით დაბრუნდა და მან არ გაითვალისწინა ევროპარლამენტართა საწინააღმდეგო პოზიცია.
„სააკაშვილი ციხეში კვდება“ და ეს „ძლიერ ზეგავლენას ახდენს საქართველოს მომავალზე“, - თქვა 2 თებერვალს გამოსვლისას პოლონელმა ევროპარლამენტარმა, „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფის“ წარმომადგენელმა, ანა ფოტიგამ და სააკაშვილის დღევანდელ მდგომარეობასთან კავშირში, რუსეთის პრეზიდენტის ინტერესიც ახსენა:
„რამდენიმე წლის წინ პუტინმა პირადად აღწერა, თუ როგორ მოპყრობას ისურვებდა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ“ .
2 თებერვალს გამართულ დებატებს, როგორც გამოცხადდა, მოჰყვება რეზოლუცია, რომელსაც თებერვალში უყრიან კენჭს.
"თვითდაზიანება", "მძევალი" - რეაქციები "ოცნებაში"
„გუშინ პატიმარმა სააკაშვილმა გამოაჩინა, მაისური აიწია და დღეს, ეგრევე ჩაინიშნა [დებატები]... EPP ეს არის სახალხო პარტია, რომლის წევრიც არის "ნაციონალური მოძრაობა" და მაშინათვე, დღეს ჩაინიშნა დებატები. ახლა თქვენ ვინმეს თუ გგონიათ, რომ პატიმრის გამო ხდება ერთ დღეში, რამდენიმე საათში ევროპარლამენტში დებატების ჩანიშვნა, არა, ბატონებო... ეს არის ჩვეულებრივი, დაგეგმილი, თავიდან ბოლომდე, რომ საქართველო გამოაჩინონ და ხელისუფლება, რომ, თითქოს, პატიმრების უფლებებს ვარღვევთ“, - უთხრა ჟურნალისტებს უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ.
დებატებში მონაწილეთაგან, 2 თებერვალს, ერთი დეპუტატი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ოჯახის - „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) წარმომადგენელი.
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, „ქართული ოცნების“ წევრის, გია ვოლსკის შეფასებით, „გარკვეულმა ჯგუფმა, სამწუხაროდ, უკრაინელი მაღალჩინოსნების მონაწილეობით, მცდელობა არ დააკლო, რომ საქართველო აეყვანათ მძევლად“. „ამ მძევალს გაათავისუფლებენ იმ შემთხვევაში, თუ გათავისუფლდება სააკაშვილი. ეს არის პირობა დაყენებული“, - ამბობს ვოლსკი.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები და მათ შორის - პარტიის გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, ხშირად იმეორებენ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა „თვითდაზიანებით“ არის გამოწვეული. იუსტიციის სამინისტროს მხრიდანაც საგანგებოდ ესმება ხაზი, მათ შორის - პატიმრის მიერ საკვებზე უარის თქმას.
„გვაქვს ფაქტი - ადამიანი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში, მიზანმიმართულად არის თვითდაზიანების რეჟიმში და ამის მიზანი არის ის, რომ თავისი პიარკამპანიით, თავისი უცხოელების ჩართულობით, მთავარი ამოცანა არის, რომ როგორმე მოხდეს მისი დახსნა ციხიდან, რაც შეუძლებელია”, - ამბობს კალაძე იმ ფონზე, როცა ჯერ ისევ არ დასრულებულა სასამართლო განხილვა სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების/გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით.
"არ ჭამს, თუ ვერ ჭამს"?
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 1 თებერვალს გამართულ მორიგ სხდომაზე, ექიმ-ნევროლოგს, თენგიზ წულაძეს ადვოკატებმა დაუსვეს შეკითხვა, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებული დავის საგნად იქცა - „არ ჭამს, თუ ვერ ჭამს“ მიხეილ სააკაშვილი“? ბევრისთვის ცნობილი ექიმის პასუხია, რომ „თავიდან, როცა მან შიმშილობა დაიწყო, მაშინ, ალბათ არ ჭამდა“, ხოლო „ახლა ვეღარ ჭამს, რადგან ანორექსია და კახექსია იწვევს გასტროპარეზს, გულისრევას, მადის დაქვეითებას“ და პაციენტისთვის თავისი მდგომარეობის მართვა შეუძლებელია.
ოპოზიციაში არ უკვირთ, რომ ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს, მაგრამ, როგორც აღნიშნავენ, წნეხის გაძლიერების პირობებში, „ქართულ ოცნებას“ ექსპრეზიდენტისთვის ადეკვატური მკურნალობის გაწევაზე ზრუნვა და საზღვარგარეთ გაშვება მაინც მოუწევს.
„დარწმუნებული ვარ, "ქართულ ოცნებასთან" არსებობს კომუნიკაცია, რომელიც საჯარო არ არის. მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური მკურნალობა და მისი რეაბილიტაცია საქართველოში ვერ ხორციელდება... სააკაშვილის სიცოცხლის საბოლოო ნიშნულამდე მიყვანა ქვეყნისთვის დამღუპველია. ჩვენი პარტნიორები ამაზე ძალიან წუხან. საქართველოს მომავალზე ძალიან მძიმე ზეგავლენა ექნება იმას, რომ იმ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელსაც ევროატლანტიკური კურსი აქვს გაცხადებული, პატიმრობაში დაიღუპოს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.