Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა იმოქმედოს, თუკი მიხეილ სააკაშვილი კრიტიკულ მდგომარეობაშია - ჰანი


იოჰანეს ჰანი, ევროკომისარი
იოჰანეს ჰანი, ევროკომისარი

ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ევროპარლამენტში დებატებზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ხელისუფლებას მიმართა, რომ მათი პასუხისმგებლობაა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა. მანვე თქვა, რომ ევროკავშირი თვალს ადევნებს სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

"ევროკავშირის პოზიცია ნათელია - საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა, იმოქმედოს, თუკი მიხეილ სააკაშვილი კრიტიკულ მდგომარეობაშია. მის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ადეკვატურობას სხვადასხვა მხარე განსხვავებულად აფასებს. მე მჯერა, ყველას ინტერესშია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ განიხილოს დამოუკიდებელი, არასადავო საერთაშორისო ორგანიზაციის სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება. ევროკავშირი ამ საკითხში სრულად დაეხმარება ქართველ პარტნიორებს".

ჰანმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი აკვირდება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო განხილვებს როგორც მის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებზე, ასევე მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საქმეზე.

"მისი უფლება, როგორც მოპასუხის უფლება, დაცული უნდა იყოს, მათ შორის უნდა დაიცვან მისი სასამართლო სხდომებზე დასწრების უფლება. ასევე პატივი უნდა სცენ მისი, როგორც პატიმრის უფლებას, მათ შორის მის პერსონალურ ინფორმაციას".

ევროკომისრის თქმით, საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მიიღოს ყველა საჭირო ზომა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად. "ჩვენ მუდმივად ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს კანონიერი პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს ყველა დაკავებულის ჯანმრთელობა, უზრუნველყოს მათი მკურნალობა."

მიხეილ სააკაშვილი 1 თებერვალს სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" ჩაერთო. სასჯელის გადავადების ანდა გათავისუფლების შუამდგომლობის მორიგ სხდომაზე ჩართვისას, თავისი ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად მან მაისური აიწია. მოკლე მიმართვაში მან თქვა, რომ ითხოვს ადეკვატურ მკურნალობას.

გუშინვე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, სამედიცინო დაწესებულება და ცალკეული ექიმები ვერ იქნებიან პასუხისმგებელი პატიმრის თვითდაზიანებაზე, მათ შორის მის მიერ სამედიცინო დანიშნულების შეუსრულებლობაზე.

სააკაშვილის მდგომარეობის საილუსტრაციოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დერ ბელენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოები აჩვენა და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ნელა კლავს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა.

XS
SM
MD
LG