Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანალიტიკოსები: ზელენსკის სურს ევროპელებს აჩვენოს, რომ უკრაინა სერიოზულად ეკიდება დასავლეთში ინტეგრაციას


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. ბრიუსელი, 4 ივნისი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. ბრიუსელი, 4 ივნისი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, საზღვარგარეთ პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ესტუმრა ნატოსა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან შესახვედრად და ნატო-უკრაინის კომისიის შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად.

ანალიტიკოსების შეფასებით, ზელენსკის მიზანია საგარეო პოლიტიკის ტონის განსაზღვრა თავისი ხუთწლიანი ვადისთვის. ამასთან, მას სურს თავიანთი პოლიტიკური პრობლემებით ცოტა არ იყოს დაღლილ დასავლელ პარტნიორებს დაუმტკიცოს, რომ ის და მისი თანამემამულეები სერიოზულად ეკიდებიან ევროპული ინტეგრაციის საკითხს.

ზელენსკისთვის „მთავარია [ევროკავშირის ოფიციალური პირები] დაარწმუნოს, რომ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი რეფორმები არ შეჩერდება, რომ, პირიქით, ისინი გაგრძელდება, რომ ეს არ არის სრულიად ახალი სტარტი“, - ამბობს ალიონა გეტმანჩუკი, კიევში მდებარე „ახალი ევროპის ცენტრის“ დირექტორი. პრეზიდენტის პირველ ვიზიტთან მიმართებით სწორედ მისი ორგანიზაცია გამოვიდა რეკომენდაციების სიით.

ცხადია, ამ ვიზიტის შედეგი მყისიერად არ დადგება. 28 წევრისგან შემდგარი ევროკავშირი ჩაფლულია ბრექსიტთან - ბლოკიდან ბრიტანეთის გასვლასთან - დაკავშირებულ მოლაპარაკებებში. ამასთან, ევროკავშირისა და კიევის პარტნიორობის პროცესში ორივე მხარეს არსებობს უკმაყოფილების გამომწვევი საკითხები.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპის კომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი. ბრიუსელი, 4 ივნისი.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპის კომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი. ბრიუსელი, 4 ივნისი.

ზელენსკი პოლიტიკაში ახალბედა ფიგურაა. წარსულში ის კომიკოსი მსახიობი იყო და რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების შოუბიზნესის ფირმას ხელმძღვანელობდა. არჩევნებში მან დიდი უპირატესობით დაამარცხა წინამორბედი, პეტრო პოროშენკო. ზელენსკის პრეზიდენტად ინაუგურაციის ცერემონია 20 მაისს გაიმართა.

პოროშენკომ პრეზიდენტობის ბოლო ვადა ძირითადად უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან მიმდინარე ომში დიპლომატიური და სამხედრო მხარდაჭერის მოპოვებას დაუთმო. საერთო ანგარიშით, მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა ევროკავშირის იმ ლიდერებთან, რომლებიც 4 და 5 ივნისს ზელენსკის მასპინძლობენ.

ევროკავშირმა დიდძალი ინვესტიციები ჩადო 44 მილიონი მოსახლის მქონე უკრაინაში, იმ ფონზე, როცა, უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე ომისა და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირების გარდა, ამ ქვეყანას მწვავე პრობლემებს უქმნიდა ენდემური კორუფცია და ეკონომიკური სირთულეები. ბრიუსელმა ასევე მიანიშნა, რომ იმედგაცრუებული იყო უკრაინაში დემოკრატიის ჩავარდნებითა და რეფორმათა ნელი ტემპით.

უკრაინის უკმაყოფილებას კი ის იწვევს, რომ ევროკავშირი რუსეთს არ უწესებს უფრო მკაცრ სანქციებს. ამგვარი ფონის გამო, ახალი პრეზიდენტის გადაწყვეტილება თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ადგილად ბრიუსელი აერჩია დადებითად აღიქვეს კიევში პოლიტიკის ანალიტიკოსებმა, ისევე როგორც უკრაინის წამყვანმა პარტნიორებმა.

ზელენსკის პრესმდივანმა იულია მენდელმა 3 ივნისს კიევში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უთხრა, პრეზიდენტს სურს „კიდევ ერთხელ მოისმინოს ის, რომ ევროკავშირი უკრაინას მხარს უჭერს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაში და ასევე ის, რომ კომპლექსური რეფორმების გატარების პროცესში ჩვენ შეგვიძლია დავეყრდნოთ მათ ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერასო“.

ბრიუსელში ზელენსკის თან ახლავს ვადიმ პრისტაიკო, რომელიც უწინ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე მუშაობდა და ასევე ხელმძღვანელობდა უკრაინის მისიას ნატოში. მან გასულ კვირაში ჟურნალისტებს უთხრა, ეს ვიზიტი „აჩვენებს, რაში მდგომარეობს ჩვენი საგარეო პოლიტიკა, როგორი იყო ის და რას წარმოადგენს ამჟამადო“.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ბრიუსელი, 4 ივნისი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ბრიუსელი, 4 ივნისი

ინაუგურაციის ცერემონიაზე დადებული დაპირების გარდა, რომ პროდასავლური ლიდერი იქნება და უკრაინას ევროპულ გზაზე დატოვებს, - ქვეყნის აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების ძალისხმევასთან ერთად, - ზელენსკის საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. თავისი წინამორბედის მსგავსად, მანაც გამოთქვა იმედი, რომ უკრაინა ერთ დღეს ევროკავშირის წევრი იქნება და ნატოში გაწევრიანებისთვისაც იმუშავებს.

„რაღაც მიზეზებით, არსებობს გარკვეული საზოგადოებრივი მოლოდინი, რომ ახალმა პრეზიდენტმა ან უნდა შეცვალოს საგარეო პოლიტიკის მთავარი ვექტორები... ან ყველა მათგანი გააძლიეროს“, - თქვა პრისტაიკომ მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ ახლახან კიევში გამართა შეხვედრები საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

კიევში განთავსებული პოლიტიკური კვლევების „პენტა-ცენტრის“ ანალიტიკოსმა ვლადიმირ ფესენკომ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ, მისი მოლოდინით, ზელენსკი მეტ-ნაკლებად შეინარჩუნებს პოროშენკოს მიერ შემუშავებულ კურსს.

„პოროშენკოსგან განსხვავება ტაქტიკის და, განსაკუთრებით, სტილის თვალსაზრისით იქნება“, - ამბობს ანალიტიკოსი.

ზელენსკის ჯერ არ დაუნიშნავს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი.

ფესენკოს თქმით, ვინც უნდა გახდეს საგარეო საქმეთა მინისტრი, - სავარაუდო კანდიდატებს შორის პრისტაიკოს სახელს ახსენებენ ხოლმე, - მას დიდი გავლენა ექნება, „რადგან თავად ზელენსკი არ არის ძალიან კომპეტენტური საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში“.

ბრიუსელში გამართული შეხვედრების ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი იქნება უკრაინის ძალებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი, რომელიც უკვე მეექვსე წელია გრძელდება და 13 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

„ევროპის ლიდერებთან ჩემი საუბრები დაიწყება შეკითხვით, როგორ განვახორციელოთ ზეწოლა აგრესორზე ერთობლივად, როგორ ვაიძულოთ ის მშვიდობას დათანხმდეს“, - დაწერა ზელენსკიმ ფეისბუკზე ბრიუსელში ვიზიტების დაწყების წინ.

ფესენკოს თქმით, პოროშენკოს პრეზიდენტობის ბოლო წლებში კონფლიქტის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკება „მთლიანად ჩიხში იყო შესული“.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ზელენსკის ინაუგურაციამდე ერთგვარი პოლიტიკური სიგნალი გაგზავნა, რომ კრემლი მზად არ არის მოლაპარაკებისთვის. აპრილის ბოლოს მან ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების მიერ კონტროლირებული ადგილების მცხოვრებთ უადვილებს რუსეთის მოქალაქეობის მოპოვებას. ზელენსკიმ პასუხად პუტინს შეუთვალა, „ნუ დაკარგავდა დროს რუსეთის პასპორტებით უკრაინის მოქალაქეების მოხიბვლით“. მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეობის მოპოვება ადამიანს უქმნიდა არსებითად„ყველა უფლებისა და თავისუფლების დავიწყების“ საფრთხეს.

ომის დასრულებას ზელენსკი თავის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად აცხადებს. ის გამოდის მოწოდებით უფრო „კრეატიული“ მიდგომებით განახლდეს მინსკის სამშვიდობო პროცესი და ე.წ. „ნორმანდიული ფორმატის“ მოლაპარაკებები, რომელიც მოიცავს უკრაინას, რუსეთს, საფრანგეთსა და გერმანიას.

ამასთან, ის გამოვიდა იდეით უკრაინაში რეფერენდუმი ჩატარდეს საიმისოდ, რომ გადაწყდეს,როგორ უნდა იქნეს შეთანხმებული ბრძოლის დასრულების საკითხი.

ანალიტიკური ორგანიზაცია „ახალი ევროპის ცენტრის“ დირექტორის მოადგილე კატერინა ზარემბო რადიო თავისუფლებასთან საუბარში გამოთქვამს ვარაუდს, რომ ევროკავშირისა და ნატოს ლიდერები ალბათ ისურვებენ უფრო მეტი მოისმინონ რეფერენდუმის იდეაზე, რომელსაც უკრაინაში სკეპტიციზმით შეხვდნენ, რადგან ბევრი შიშობს, რომ ეს შეიძლება გახდეს აგრესორთან სერიოზულ კომპრომისზე წასვლის მიზეზი.

„დასავლეთი ამ იდეას სერიოზულად უნდა მოეკიდოს მაშინაც კი, თუკი ზელენსკიმ და მისმა გუნდმა ის, უბრალოდ, ერთ-ერთ ვარიანტად გამოთქვეს“, - ამბობს ზარემბო და დასძენს: „პარტნიორებს შეუძლიათ ეს შანსი გამოიყენონ და საკითხის ყველა მხარე განიხილონ, მათ შორის ის საფრთხეები, რომლებიც გადაწყვეტის პროცესში შეიძლება წარმოიშვას“.

XS
SM
MD
LG