Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანაკლიის პორტი: რას ცვლის ამერიკული Conti-ის დაბრუნება?


„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ არ აკონკრეტებს მიზეზებს, თუ რამ განაპირობა ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფის“ (Conti International LLC) დაბრუნება ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტში. მიზეზები არც მანამდე დასახელებულა, როდესაც 15 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია აქციონერთა რიგებიდან „კონტი ჯგუფის“ გასვლის შესახებ.

„ეს არის კერძო მოლაპარაკების საგანი პარტნიორებს შორის. როგორც გასვლის მიზეზებზე არ გავაკეთეთ განცხადება, არც ახლა გვაქვს უფლება, რომ ვილაპარაკოთ დარჩენის მიზეზებზე. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან „კონტი“თავად გააკეთებს განმარტებებს ამ საკითხზე...

მივესალმებით „კონტის“ ამ გადაწყვეტილებას - ვფიქრობთ, რომ არის ძალიან დროული... ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი, რომელთან ერთადაც ჩვენ მოვიგეთ ტენდერი, რჩება პროექტში და ეს ზეგავლენას იქონიებს სხვა პარტნიორების მოზიდვაზეც“, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა.

კონსორციუმის ინფორმაციით:

  • „კონტი ჯგუფი“ კონსორციუმში იგივე მასშტაბის წილს (42,18%) შეინარჩუნებს;
  • ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რა მასშტაბის ფინანსური ინვესტიციისთვის არის მზად „კონტი ჯგუფი“;
  • „კონტი ჯგუფს“ ანაკლიის პორტის პროექტზე წარსულში დახარჯული აქვს დაახლოებით 5,5 მილიონი დოლარი.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმში" განმარტავენ, რომ „კონტი ჯგუფის“ დარჩენა ხელს არ შეუშლის პროექტში ახალი ინვესტორების ჩართვის პროცესს. უკვე ცნობილია, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქციების (4%-ზე მეტი) გადაცემის პროცედურებზე მუშაობა ჰოლანდიური კომპანია Van Ord-ის შემთხვევაში. ბოლო პერიოდში ინფრასტრუქტურის სამინისტრო ორი კომპანიის დოკუმენტაციასა და მონაცემებს შეისწავლიდა.

  • ჰოლანდიურმა კომპანია Van Ord-მა 21 ოქტომბერს უკვე მიიღო დასტური საქართველოს მთავრობისგან;
  • წინასწარი ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 29 ოქტომბერს უნდა გამოცხადოს გადაწყვეტილება ყაზახურ-ჰონგ-კონგურ კომპანია Meridian Capital Limited-თან დაკავშირებით.

ლევან ახვლედიანის თქმით, 24 ოქტომბერს კონსორციუმის წარმომადგენლების შეხვდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს - „კონკრეტული გადაწყვეტილებები არ იყო, მაგრამ, ვფიქრობ, წინგადადგმული ნაბიჯი იყო ეს შეხვედრა და გავაგრძელებთ საუბარს სხვადასხვა მიმართულებით“.

ლევან ახვლედიანის თქმით:

  • „მთავრობის პოზიცია ჯერჯერობით უცვლელია ვადებთან დაკავშირებით“;
  • „ჩვენი პოზიცია არის სულ სხვა. ჩვენ ვამბობთ, რომ არის კონკრეტული დაბრკოლებები და კონკრეტული საკითხები, რომლებიც გადასაჭრელია“;
  • „ამ საკითხებს სჭირდება მთავრობის ჩართულობა და ამის გარეშე, ულტიმატუმებითა და მკაცრი ენით საუბარი, ჩვენი გადმოსახედიდან, პროექტისთვის არის დამაზიანებელი“.

ვალდებულებათა შესრულებისთვის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მთავრობამ „ბოლო შანსი“ მისცა და ვადა წლის ბოლომდე განუსაზღვრა. ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განმარტებების მიხედვით, მთავრობა კონსორციუმისგან ელოდება:

  • 120 მილიონი დოლარის ოდენობის საკუთარი კაპიტალის მოზიდვაზე პოტენციურ ინვესტორებთან ხელმოწერილ სავალდებულო ხელშეკრულებებს;
  • საერთაშორისო ბანკებთან ხელმოწერილ წინასწარ შეთანხმებებს 400 მილიონი დოლარის სესხების მოზიდვაზე - იმ პირობებით, რომლებიც მისაღები იქნება საქართველოს მთავრობისთვის.

ლევან ახვლედიანი იმედოვნებს, რომ მთავრობის მონაწილეობით კვლავაც გაიმართება მორიგი შეხვედრა მსხვილ საერთაშორისო ბანკებთან.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ არ აკონკრეტებს ინფორმაციას სხვა პოტენციურ ინვესტორებთან დაკავშირებით. ჯერ ისევ არ დაკონკრეტებულა პროექტით დაინტერესებული ამერიკულ ფონდის სახელი და არც ის, თუ რა ეტაპზეა მოლაპარაკებები.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG