ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ საუბრობს.
„ჩვენ მოხარული ვიქნებით თუ ანაკლიის პორტის პროექტი განხორციელდება ამერიკული ინვესტიციით“, - თქვა ელიზაბეთ რუდმა.
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ანაკლიის პორტის პროექტის საკითხზე აშშ-ის პოზიცია უცვლელია.
„ჩვენ ამ პროექტს ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნევთ საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის“, - ამბობს ელიზაბეთ რუდი.
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ესწრებოდა ოფიციალურ მიღებას, რომელიც ბათუმის ნავსადგურში შემოსული ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდის, Porter-ის ეკიპაჟის წევრებისთვის გაიმართა.
რაც შეეხება ანაკლიის საკითხს, ამერიკულმა კომპანიამ „კონტი-ჯგუფმა“ (Conti International LLC) ანაკლიის პროექტიდან გასვლის გადაწყვეტილება აგვისტოში მიიღო.
პროექტში რჩება გეგმის მიხედვით, მომავალი პორტის ოპერატორი, ამერიკული კომპანია „SSA Marine”, რომელსაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლები სტრატეგიულ პარტნიორს უწოდებენ.