Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი მოსამართლე ითხოვს გამოქვეყნდეს ლესინის აუტოფსიის მასალები


მიხაილ ლესინი. 5 ნოემბერი, 2015 წ.
მიხაილ ლესინი. 5 ნოემბერი, 2015 წ.

ვაშინგტონის მოსამართლემ ქალაქის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის უწყებას დაავალა გამოაქვეყნოს რუსეთის ინფორმაციის ყოფილი მინისტრის, მიხაილ ლესინის, სიკვდილის საქმეში არსებული აუტოფსიის შედეგები და სხვა მასალები.

სასამართლოს 13 თებერვლის ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს პასუხს ჩვენი რადიოს, რადიო თავისუფალი ევროპა/ რადიო თავისუფლების (RFE/RL), სარჩელზე, რომლის კორესპონდენტიც, აშშ-ის ინფორმაციის თავისუფლების აქტის ფარგლებში, ცდილობს მოიპოვოს ეს დოკუმენტები თავის მიერ დაწყებული ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში ლესინის სიკვდილის საქმეზე.

რუსი მაღალჩინოსნის ცხედარი 2015 წლის ნოემბერში იქნა აღმოჩენილი ვაშინგტონის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში.

თავის დროზე მედიის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის გავლენიანი თანაშემწე, მიხაილ ლესინი, კრემლის ორბიტას ჩამოშორდა და დაახლოებით 2012 -2014 წლებში საზოგადოების წინაშე თითქმის აღარ გამოჩენილა.

მანამდე იგი დიდი ხნის განმავლობაში იყო რუსეთის პრესის, ტელე-რადიომაუწყებლობისა და კომუნიკაციების მინისტრი; ხელმძღვანელობდა კრემლის მიერ კონტროლირებულ მედიაგიგანტ "გაზპრომ მედიას" და მონაწილეობა მიიღო „რაშა თუდეის“ შექმნაში - ინგლისურენოვანი სამაუწყებლო ქსელისა, რომელიც ახლა “RT“-ს სახელითაა ცნობილი.

მას შემდეგ, რაც სასტუმრო Dupont Circle Hotel-ში გარდაცვლილი იპოვეს, ვრცელდებოდა ვერსიები, რომ მიხაილ ლესინი შეიძლებოდა მოეკლათ. ამ ვერსიას აძლიერებდა გამოძიების დასკვნა, რომ სიკვდილი გამოიწვია „თავში უხეში ძალით მიყენებულმა ტრავმებმა“, როგორც ეს იყო აღნიშნული ქალაქის სამედიცინო განყოფილების ოფისის ხელმძღვანელის მიერ რადიო თავისუფლებისთვის 2016 წლის 10 მარტს გაგზავნილ განცხადებაში.

ვაშინგტონელმა მოსამართლემ, ჰირამ პუჩ-ლუგომ, 13 თებერვალს ერთი კვირის ვადა მისცა ქალაქის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის უწყებას იმისათვის, რომ ხელახლა მიაწოდონ მას მთელი დოსიე, რომელიც, აუტოფსიის შედეგების, ტოქსიკოლოგიური შემოწმების, ელექტრონული მიმოწერისა და სხვა მასალების გარდა, შეიცავს ასევე გვარებსა და რედაქტირებულ პერსონალურ მონაცემებს.

მოსამართლემ თავის დასკვნაში არ გაიზიარა ქალაქის სამსახურის ადვოკატთა არგუმენტები, რომ ლესინის ოჯახის წევრების პირადი ინტერესები უფრო მაღლა დგას იმ საზოგადოებრივ ინტერესზე, რომელიც ყოფილი მინისტრის სიკვდილის გარემოებებს უკავშირდება.

ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა ქალაქის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

„უხეში ძალით მიყენებული ტრავმები“

2015 წლის 5 ნოემბერს რუსეთის ინფორმაციის ყოფილი მინისტრის, მიხაილ ლესინის, ცხედარი იმ სასტუმროს (Dupont Circle Hotel) ნომერში იქნა აღმოჩენილი, რომელიც თეთრი სახლიდან რამდენიმე კვარტალში მდებარეობს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველად დასკვნაში სიკვდილის მიზეზად დასახელდა „თავის არეში უხეში ძალით მიყენებული ტრავმები“, თუმცა თავდაპირველად გამოძიება დაზიანებების „გაურკვეველ ბუნებაზე“ ლაპარაკობდა.

უფრო გვიან - 2016 წლის ოქტომბერში - გამოქვეყნებული აშშ-ის გენერალური პროკურატურისა და ქალაქის პოლიციის საბოლოო დასკვნით, მიხაილ ლესინის სიკვდილი მიჩნეულ იქნა „უბედურ შემთხვევად“.

დასკვნაში, კერძოდ, ეწერა, რომ სასტუმროს ოთახში ლესინმა თავისა და სხეულის სხვა ნაწილების ძლიერი დაზიანებები მიიღო „რამდენჯერმე დაცემის შედეგად“.

ამ ანგარიშს დიდი უნდობლობით შეხვდნენ ლესინის ბიზნესპარტნიორები და ის ადამიანები, რომლებიც ახლოს იცნობდნენ ოდესღაც კრემლთან დაახლოებულ გავლენიან მოხელეს და კარგად იცოდნენ, თუ რა როლი ითამაშა მიხაილ ლესინმა რუსეთში დამოუკიდებელი მედიის შევიწროებასა და საერთაშორისო სამაუწყებლო კორპორაცია „რაშა თუდეის“( RT) შექმნაში.

ერთმა პირმა, რომელსაც პირდაპირი დაშვება ჰქონდა სასტუმროს იმ ნომერში, სადაც ლესინის ცხედარი იპოვეს, რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ ფიზიკურად შეუძლებელი იყო, რომ იგი სიკვდილის დროს ნომერში მარტო ყოფილიყო.

პოლიციის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანდა ლუდისა და სპირტიანი სასმელების ბოთლები, დოლარის კუპიურების დასტები და იატაკზე მიმოყრილი დაჭმუჭნილი ტანისამოსი.

გარდაცვლილის თანამოაზრეები ამტკიცებდნენ, რომ სასტუმრო Dupont Circle-ი არ შეესაბამებოდა მიხაილ ლესინის მაღალ გემოვნებას.

მანამდე ლესინი დროს ატარებდა მდიდრულ სასტუმრო Four Seasons-ში, რომელიც ვაშინგტონის სხვა ნაწილში მდებარეობს.

კოლუმბიის ოლქის პოლიციის ანგარიშის თანახმად, სასტუმროს მენეჯმენტის წარმომადგენლებმა აშშ-ის საიდუმლო სამსახურს შეატყობინეს 3 ნოემბერს, რომ ლესინი ძალიან იყო მთვრალი, რაზეც საიდუმლო სამსახურმა სასტუმროს ხელმძღვანელებს ურჩია კარებთან დაეყენებინათ დარაჯი, რათა ხელი შეეშალათ ლესინისათვის სასტუმროდან წასვლაში.

ამის შემდეგ, მეორე დღეს, ლესინი დარეგისტრირდა სასტუმრო Dupont Circle-ში.

საზოგადოებისათვის უცნობია, თუ რატომ დაუკავშირდნენ საიდუმლო სამსახურს.

Russia Today

როგორც ზემოთ ითქვა, მიხაილ ლესინი 1999-დან 2004 წლამდე იყო რუსეთის ინფორმაციის მინისტრი და დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ფედერალური სატელევიზო არხები, მათ შორის НТВ, გადასულიყვნენ კრემლის კონტროლის ქვეშ. მან დიდი წვლილი შეიტანა ინგლისურენოვანი საერთაშორისო სამაუწყებლო კორპორაცია „რაშა თუდეის“ ( RT) შექმნაში.

დაახლოებით 2012-2014 წლებში ლესინმა დაკარგა კრემლის კეთილგანწყობა, რის მიზეზიც დიდწილად უცნობია.

2014 წელს, სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, მიხაილ ლესინმა აშშ-ის სენატის ყურადღება მიიპყრო. ერთ-ერთმა კანონმდებელმა იმხანად მოუწოდა FBI-ს, გამოძიების ფედერალურ ბიუროს, შეესწავლა ლესინის სავარაუდო კავშირები ფულის გათეთრებასთან.

გავრცელებული ინფორმაციით, მიხაილ ლესინმა დიდი სიმდიდრე დააგროვა კრემლთან დაახლოებული საკუთარი კომპანიის, Video International-ის, საშუალებით, რომელიც უმსხვილესი მოთამაშე იყო ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ასევე აღმოსავლეთ ევროპის სარეკლამო ბაზრებზე.

ლესინი ცალკე სახლს ფლობდა ლოს-ანჯელესის ბევერლი ჰილზის მდიდრულ რაიონში, მის საკუთრებაში იყო ასევე 40 მილიონ დოლარად შეფასებული იახტა.

ლესინის სიკვდილის შემდეგ მისი ქონების ნაწილი გაიყიდა. ფლორიდაში 2016 წელს გაიყიდა იახტა.

2017 წელს გასაყიდად იქნა გატანილი ლესინის ორი, 23 და 29 მილიონ დოლარად შეფასებული, სახლი ბევერლი ჰილზზე, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, გაიყიდა თუ არა ეს სახლები.

XS
SM
MD
LG