Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1971


ზაზა ბურჭულაძე
ზაზა ბურჭულაძე

ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება მუსიკას, მუსიკას სჯობს მოუსმინო.

მოსაწყენი ბიოგრაფიული ცნობების ჩამოთვლაც აქ უადგილო მგონია. არც შემოქმედებითი ქრონოლოგიის დაცვაა აუცილებელი - სად, როდის და ვისთან ერთად დაუკრავს მის ავტორს. უბრალოდ, გავიხსენოთ, რომ გოგი ძოძუაშვილი ქართული ალტერნატიული მუსიკის პიონერია. და ამ შემთხვევაში ეს სრულიად საკმარისია.

ვერ ვხვდები, როგორ ვერ შეამჩნიეს ქართველმა მუსიკათმცოდნეებმა „1971“, ახლახან გამოცემული შესანიშნავი ალბომი, უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით თუ არიან დაკავებულნი. თუმცა ასეთი ალბომის შემჩნევაზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს?

დღევანდელ მოჟამულ ჟამს ეს პატარა (სულ ოცდაათ წუთს გრძელდება) მუსიკალური სკივრი ეგებ ოდნავ ამოვარდნილიც მოგეჩვენოს დღევანდელი რეალობიდან, იმდენად საამოდ მჟღერი და კეთილმოუბარი რამეა. გამორიცხულია, დამძიმებული გული არ შეგიმსუბუქოს.

ეს ერთდროულად არაქართული და ძალიან ქართული მუსიკაა. ხშირად სასაცილო და სევდიანი ტექსტებით. თუმცა მთავარი აქ თვითონ მუსიკის ჰანგებია, ის მუსიკალური ფრაზები, წყალქვეშა დინებასავით რომ მიგაცურებენ სადღაც.

უსმენ ამ ალბომს და გეჩვენება, რომ საიდანღაც იცი იგი, ოდესღაც უკვე მოგისმენია, გავიწყდება რა, რომ სულ ახლახან გამოიცა. რაც, პირველ ყოვლისა, თვითონ მუსიკის დამსახურებაა.

„1971“ რამდენიმე წლის განმავლობაში იწერებოდა. და ეს ფაქტი ეტყობა მას. აქ თითქმის არაფერია სპონტანური და იმპრესიული. აქ ვერ ნახავ ჩავარდნას. არა მარტო ჩვენთან, ასე შეკრული ალბომები ზოგადად იშვიათობაა. ეს დაღვინებული მუსიკაა, ფაქიზი და ჰარმონიული, თან რაღაცნაირი კეთილი და სევდიანი. ამის გარეშე წარმოუდგენელიცაა გოგის შემოქმედება.

ჩემი აზრით, ეს მისი საუკეთესო ნაწარმოებია. მეტიც, ესაა მისი მთავარი ქმნილება. მსგავსი მას არაფერი ჰქონია მანამდე. ბევრმა იცის და ბევრს უყვარს მისი ძველი სიმღერა „Post Industrial Boys“, ამავე სახელწოდების ალბომიდან. ამის გამო, ავი ენები ძოძუაშვილს ერთი სიმღერის ავტორსაც კი უწოდებდნენ, ზურგს უკან, რასაკვირველია. მართლაც, შესანიშნავი რამეა ის კომპოზიცია, მაგრამ „1971“ სხვა სიმაღლეა. აქ მთელი ალბომი ბრწყინვალეა.

„1971“ მეტისმეტად ფილიგრანული ნამუშევარია. აქ არაფერი გაკლია ან გეზედმეტება. არა აქვს მნიშვნელობა, ელექტრონულ მუსიკას უსმენ თუ არა, ეს ალბომი გულგრილს არ დაგტოვებს, საერთოდ თუ გაქვს ეგ გული.

ცოტა ხნის წინ მუსიკალურ ცენტრში ჩავრთე „1971“. ჩემი ხუთი წლის ქალიშვილი რაღაცას თავისთვის ხატავდა. საქმეში ისე ჩაკარგულიყო, მეგონა, არ ესმოდა მუსიკა. მესამე კომპოზიციაზე კი ფურცლიდან თავი ასწია, ფლომასტერი ხმის გამაძლიერებელს მიუშვირა და თქვა: „ეს მაგარია!“

ამაზე მაღალი შეფასება რაღა უნდა იყოს მუსიკოსისთვის, მე არ ვიცი. „Becky“ კი მართლაც მაგარია, ალბომის რიგით მესამე თემა. მაგრამ აქ ასეთი კიდევ რვა სიმღერაა.

თუ გაითანგე აპოკალიფსის მოლოდინში, მოუსმინე ამ ალბომს და მაშინვე იგრძნობ, რომ სიკეთე ბოლომდე ჯერ არ დამარცხებულა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG