Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, უკრაინაში ყოფილ და ამჟამინდელ სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შორის ნდობის ყველაზე მაღალი რეიტინგით სარგებლობს ვალერი ზალუჟნი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი.

დემოკრატიულ ქვეყნებში მოსახლეობას უყვარს გმირები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი ცოცხლები აღარ არიან. იშვიათია ცოცხალი გმირი. განსაცდელის ამოწურვისას თუ გმირი ისევ ცოცხალი დარჩა, ის ყველას ავიწყდება. ასე იყო ჩერჩილის შემთხვევაში, რომელიც 1945 წელს მოიგებს ომს და წააგებს არჩევნებს.

მოკლედ, ზალუჟნი ამ მხრივ საინტერესო გამონაკლისია: თან გმირია, თან ცოცხალია და ეს ყველაფერი მიუხედავად შუა ომში მისი „პენსიაზე გაშვებისა“.

რით არის ეს გამოწვეული?

2022 წლის 24 თებერვალს, დილით ადრე, რუსეთის ჯარები შეძლებენ მშვიდად, რაიმე განსაკუთრებული დაბრკოლების გარეშე, გადალახონ ადმინისტრაციული საზღვარი ყირიმთან და ელვისებური იერიში მიიტანონ მთავარი მაგისტრალების გასწვრივ. რუსეთის შენაერთები სულ რამდენიმე საათში გაივლიან 100 კმ-ზე მეტს და ახალ კახოვკას აიღებენ. შუადღისთვის ისინი უკვე ხერსონის გზაზე, ანტონოვკის ხიდთან იქნებიან. სულ რამდენიმე დღეში კი რუსეთის ჯარი დაიპყრობს შვეიცარიაზე დიდი ტერიტორიას.

ამ სიტუაციაში, ზალუჟნის მოუწევს ერთის მხრივ სიმშვიდის შენარჩუნება, უკრაინული არმიის გზადაგზა რეფორმირება, ახალი შენაერთების შექმნა, მათი წვრთნა და ეს ყველაფერი „ღალატომანიის“ ფონზე. მაშინ, როდესაც უკრაინის სამხედრო ძალებში ბევრი ხელებს ჩამოუშვებს, ზალუჟნი იქნება ის ადამიანი, რომელიც სამხედრო სიტუაციას გამოასწორებს და სულ რამდენიმე დღეში აღადგენს რწმენას დამარცხებული არმიის სიძლიერეში.

მარცხნიდან: ვალერი ზალუჟნი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ოლექსანდრ სირსკი (კოლაჟი)
მარცხნიდან: ვალერი ზალუჟნი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ოლექსანდრ სირსკი (კოლაჟი)

2024 წლის თებერვლის დასაწყისში ზელენსკი ვალერი ზალუჟნის ოლექსანდრ სირსკით ჩაანაცვლებს. მას შემდეგ არ წყდება დებატები, რამდენად სწორი იყო ზელენსკის გადაწყვეტილება. და მხოლოდ ახლა, ოლექსანდრ სირსკის მთავარსარდლობიდან ათი თვის თავზე შეიძლება გარე დამკვირვებელმა ამ კითხვას პასუხი გასცეს.

რა მოეთხოვება მთავარსარდალს 21-ე საუკუნეში? სულ ცოტა, ორი რამ: 1. მხედართმთავრის ტრადიციული თვისებები; 2. თანამედროვე ომის ბუნების მკაფიო გაგება.

რაც შეეხება მეორე პუნქტს: ზალუჟნიმ როგორც თავისი სტატიებით ბრიტანულ და ამერიკულ პრესაში (Financial Times, CNN) თეორიულ დონეზე, ისე ბრძოლის ველზე ნათლად დაგვანახა, რომ მას კარგად ესმის, თუ რა მეტამორფოზი განიცადა ომმა დღეს ოპერატიულ თუ ტაქტიკურ დონეზე. მართალია სირსკი გაურბის საჯაროობას, მაგრამ ძნელია წარმოვიდგინოთ, რომ მას ნაკლებად ესმოდეს თანამედროვე ომის ბუნება. ორივე სარდალი ხედავს ომს როგორც მოსახლეობისა და სახელმწიფოს ძალების სრული მობილიზების პროცესს, რომლის მიზანია მთელი რიგი სამხედრო ოპერაციების შედეგად მტრის სტრატეგიული სივრცის „გამოღრღნა“.

მხედართმთავრის ტრადიციულ თვისებებს რაც შეეხება, ვგულისხმობ ხედვას, სიტუაციის სწორ შეფასებას, ლოგისტიკისადმი უპირობო ყურადღებას, გამბედაობას, ნებას, ფოლადის ნერვებს. როგორც ზალუჟნი, ისე სირსკი დაჯილდოებული არიან ამ თვისებებით.

თუმცა აქ ალბათ განსხვავებებიც არის: ითვლება, რომ ზალუჟნი ბევრად უფრო დამოუკიდებელი იყო ოპერაციების დაგეგმვისას და არ უყვარდა თავს მოხვეული რჩევები - პენტაგონს არაოფიციალურად არაერთხელ გამოუხატავს ამით უკმაყოფილება. ზალუჟნის დამოუკიდებლობა მის მიერ პოლიტიკური სექტანტიზმის მიუღებლობაშიც გამოიხატება: დიდი ომის პირველ ეტაპზე გენერალ ვიქტორ მუჟენკოსთან (პოროშენკოს პრეზიდენტობის პერიოდის უკრაინის შეიარაღებული ძალების მხედართმთავარი) ზალუჟნის თანამშრომლობა ამის კარგი მაგალითია. თუმცა ზალუჟნის მუჟენკოსთან თანამშრომლობას ზელენსკის პოლიტიკური სექტანტიზმი დაუსვამს წერტილს - უკრაინის პრეზიდენტისათვის მიუღებელი იყო „პოროშენკოს კაცის“ ყოლა სარდლობაში. ზალუჟნის არასექტანტიზმისა და მაღალი პროფესიონალიზმის უპრეცედენტო მაგალითია მისი სიტყვები რუსეთის გენშტაბის უფროს ვალერი გერასიმოვზე: 2022 წლის 22 თებერვლის შემდეგ ზალუჟნის არაერთხელ განუცხადებია, რომ N°1 მტერ გერასიმოვს N°1 სამხედრო თეორეტიკოსად მიიჩნევს და რომ მისი ყველა წიგნი კარგად აქვს შესწავლილი.

მხედართმთავრის ტრადიციული თვისებებიდან რჩება კიდევ ერთი: ხელთ არსებული ძალების ფონზე როგორც პოლიტიკური თუ სამხედრო მიზნების მკაფიოდ განსაზღვრა, ისე მათთან დაკავშირებული რისკების გათვლა. და ამ მხრივ ყველაზე საინტერესოა კურსკის ოპერაცია. პრეზიდენტ ზელენსკის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ზალუჟნი კურსკის რეგიონში შეჭრის წინააღმდეგი იყო, რადგან თვლიდა, რომ კურსკში შეჭრით არა მარტო პოლიტიკური მიზნების, არამედ სამხედრო მიზნების მიღწევაც კი შეუძლებელი იყო. სირსკი პირიქით, ყოველთვის მხარს უჭერდა კურსკის რეგიონში შეჭრის იდეას (თუმცა არაა ნათელი, ნებით უჭერდა თუ პოლიტიკური წნეხის გამო). ბოლო კვირებში უკრაინის ძალების მიერ ფრონტის ხაზის თითქმის მთელს პერიმეტრზე პოზიციების დათმობამ ნათლად აჩვენა, რომ, სამწუხაროდ, ზალუჟნი სრულიად მართალი იყო: კურსკის რეგიონში სამხედრო ოპერაციის პირველადი წარმატების მიუხედავად ვერც ერთი პოლიტიკური თუ სამხედრო მიზანი მიღწეული ვერ იქნა. ხოლო რუსეთის ბოლო დროის მიღწევები ფრონტის მთელს ხაზზე დიდწილად უკრაინული ძალების გაფანტვის ბრალია.

„საბრალოა ქვეყანა, რომელსაც გმირები სჭირდება“ - დაწერს ბერტოლტ ბრეხტი. აღმოჩნდა, რომ საბრალოა ქვეყანა, რომელიც ზალუჟნივით გმირს „პენსიაზე გაუშვებს“.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ზაზა ბურჭულაძე
ზაზა ბურჭულაძე

გაანებეთ ამ ფეხბურთელებს თავი.

გაანებეთ ამ ხელოვანებს თავი.

გაანებეთ ამ საპატრიარქოს თავი.

მაგათაც ეგ უნდათ, რომ გაანებო, და წყნარად მიირთვან ის, რასაც მიირთმევენ.

არა, არ უნდა გაანებო.

ან როგორ გავანებოთ, როცა ეგა ვართ, რაცა ვართ. ბევრნი კი არა ვართ, ერთი ბეწო ერი ვართ.

თუ ერთს გავანებეთ თავი, ბარემ მეორესაც შევეშვათ, იქვე მესამესაც, და რაღა დავრჩებით?

გუშინ ბერლინში საქართველოს საელჩოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ყოფნისას, მწერალ ნინო ხარატიშვილს ვუთხარი, საუბარი მიჭირს, სიტყვები ენაზე მაკვდება-მეთქი. არადა, წამომცდა, სინამდვილეში სხვანაირად მინდოდა თქმა. ნინომ, არ დაივიწყო ეგ ფრაზა, მერე სადმე გამოიყენეო. ეს ჩვენი, სამწერლობო ამბებია, ლამაზი ფრაზების შეგროვება.

მწარედ გამეცინა. როდის მერე? ან სად? ან როგორ უნდა გამოიყენო რამე სიტყვა, თუ მწერალს ხელი გაგქვავებია?

მაგრამ სანამ ენას ჯერ კიდევ ატრიალებ, უნდა იმეორო და იმეორო სულ უფრო ხმამაღლა და სულ უფრო ხშირად: სადა ხართ, დემნებო, ხატიებო, ილიებო?

არავინ გთხოვთ, იღრიალოთ: „გაჟიმე რეჟიმი! გაჟიმე რეჟიმი! გაჟიმე რეჟიმი!“ უბრალოდ, ნუ მიედ-მოედებით. თქვით, თქვით სათქმელი მიკიბ-მოკიბვის გარეშე. მე ჯერ არ მინახავს არცერთი მკაფიო სიტყვა თქვენგან. და თუკი ვინმე რამეს ამბობთ, რასაც შემდეგ ნაცემ-ნაგვემი ხალხი დააფრიალებს, ამბობთ ორაზროვნად. ხომ იცით, რომ ლიტონია, სიაბანდია, ფუყეა ეგ სიტყვები.

ქოცთა ენაა ასეთი, თავისი ორ ფეხზე დგომებითა და ევროპაში ღირსებით შესვლებზე. ახლა თუ არ გამოადექით თქვენს ხალხს, როცა ყველაზე მეტად სჭირდებით, სხვა როდისღა? ორაზროვანი პოსტები არ ითვლება. ახლა ან ბნელ მხარეს დგახარ, ან ნათელ მხარეს. ნუ მიძვრებით ამათ შორის, რუხ მხარეში. ეს ბიძინას საუფლოა. იმისი, ვინც ერთი ხელით გენერალ ლებედს აფინანსებდა, მეორით - ეფესბეს.

გუშინ აქციაზე არავინ გამოსულა საქართველოს საელჩოდან ჩვენთან. ჩუმად გვითვალთვალებდნენ ჩაბნელებული ფანჯრებიდან. ლანდიღა გამოჩნდებოდა ხოლმე, როცა ფარდას შეარხევდნენ. ერთადერთი, ვიღაც ქართველმა კაცმა ჩაგვიარა, გვერდითა სახლში შევიდა. იქ ცხოვრობენ საქართველოს საელჩოს თანამშრომლები. სანამ ჩაივლიდა, ზიზღით მოგვიგდო, აქ რას ღრიალებთ, შევწუხდი, წადით, თქვენს სახლებში იყვირეთო.

არა, არ მოგასვენებთ, ყველგან შეგახსენებთ, ვინცა ხართ და რაცა ხართ. ჰოდა, აბა, სადა ხართ, ჩვენო სასიქადულო მამულიშვილებო, პირში რომ წყალი ჩაგიგუბებიათ?

ეგებ, ეგ წყალი კი არა, სხვა რამეა?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG