Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ნანა ექვთიმიშვილი
ნანა ექვთიმიშვილი

ეს დღეები ერთმანეთს ჰგავს. ერთი მეორეში გადადის და თითქოს არცერთი დღე არ მთავრდება. ეს დღეები სიცივის გადალახვის დღეებია. უკვე ორი წყვილი ხელთათმანი დავკარგე და მესამე, რომელიც მეგობარმა მათხოვა, ჩანთაში მიდევს.

აღარ ვიცი, ამ დღეებში ადამიანებს რომ ვხვდები, რუსთაველზე, როგორ მივესალმო. „როგორ ხარ“-მა აზრი დაკარგა, მარტო „გამარჯობაც“ ცოტა არ იყოს ნელ-თბილია, პროტესტისთვის შეუფერებელი. უფრო გამამხნევებელ მისალმებას ვეძებთ, სხვადასხვა ფორმის, ჟღერადობის, ჟესტის.

ნაცნობებთან უბრალოდ ჩავლა არ გამოდის, თვალებით მოძებნი, ხელს აუწევ, აქ ვარ, ანიშნებ, მე შენ გხედავ, და ეს მახარებს. გამოდიხარ ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე გარეთ, იმ იმედით, რომ ბევრნი იქნებით და ყოველ ჯერზე ამაში დარწმუნება სულის საგზალს ჰგავს.

ისმის ყველაზე ხშირი კითხვა, „არის ხალხი?“

ხალხი არის, სულ არის. მაგრამ როგორ არის ხალხი, რას ფიქრობს, როგორ აფასებს საკუთარ ძალებს ეს მფეთქავი, უკონტროლო და მოუთოკავი ორგანიზმი, რომელიც ჩვენს მთავარ ძალად და იარაღად გადაიქცა ამ დღეებში? შიგადაშიგ ისმის შეძახილები, სწორედ რომ ამ ძალების გასაღვიძებლად, აქა-იქ წამოსროლილი „საქართველოს გაუმარჯოს“, რომელიც ვიღაც ჭკვიანს და ხუმარას „საქართველოს გაუმარ-თლოდ“ გადაუქცევია. ეს ხმები ერთი მხრივ ბრძოლისთვის მზადყოფნის ყიჟინაა, მეორე მხრივ, შეკავებული ტკივილის დროს უცაბედი ამოძახილი.

ეს დღეები, როცა რუსთაველის მეტროდან ან რესპუბლიკის მოედნიდან ქვემოთ დავიძვრები და გადაკეტილ რუსთაველს შევუერთდები, ხალხს ვუსმენ. ზოგი ქვემოთ ჩადის, ზოგიც ზემოთ ამოდის, რაღაც ახლად გაჩენილი მისამართებისკენ. გამოიკვეთა მოსაცდელი ადგილები, გასათბობი ადგილები, ტუალეტი, ყავა, პარკინგი.

სულ მოძრაობაა, ჩუმი მსვლელობა, თავისი რიტმით, კანონზომიერებით. ამ დინებას ძალაუნებურად ვუსმენ, და გასაკვირია, თუმცა იქნებ არც, რომ ამ საუბრებიდან გაქრა პირადი თემები, გაქრა დრო, ახალი წელი, გაქრა შვილები, ქმრები და ცოლები, მშობლები, მეგობრები, შეყვარებულები, გაქრა პროფესია... გაქრა გართობა, სტუდენტობა, გაქრა ცხოვრება, რაც კი იყო, ისეთიც კი, როგორიც იყო, ბევრი ნაკლით, მაგრამ მაინც გაქრა.

ამ რამდენიმე დღეში ამ მარშრუტის გავლისას ერთი და იგივე ფრაზები, ან ფრაზების ნაგლეჯები მესმის:

„ადვოკატმა რა თქვა?“

„ყელის ტკივილი ამ გაზის მერე ვერ გავიქრე...“

„ნასამართლობა ექნება?“

„ნახე, ის რო ამოიცნეს?“

„სად დააკავეს?“

„დააკავეს?“

„სცემეს?“

„როდის გადის ეს 12 დღე? არ გავიდა?“

„დროებით იზოლატორში დატოვეს…“

„გაიტაცეს…“

„ხალხი არის. ხალხი გამოდის მაინც“.

„პატიმრის ბარათი ავუღეთ და ჩავურიცხავთ ახლა...“

„კი, არის იქ მაღაზია და იყიდის იქ რამეს“.

„დედამისი? არა უშავს, ნორმალურად...“

„გავჩერდები ჯერ... პირველ სკოლასთან...“

„მარიოტის შესასვლელთან…“

„ცისფერ გალერეასთან…“

„ბესიკის ასახვევთან…“

„შუა ორ თეთრ ხაზზე ვიდგები პირდაპირ…“

„ავტობუსის გაჩერებასთან…“

„ოპერასთან…“

„კაფეში…“

„ჩაის რო არიგებენ, იქ…“

„ჭიჭინაძეზე არ დგანან…“

და ასე შემდეგ.

დეკემბრის ცივი დღეებია. ხელები წამდაუწუმ მეყინება.

ამ მთელ მიმოსვლებში არის პატარ-პატარა გამარჯვებები და უმისამართოდ გასროლილი ენერგიებიც, მაგრამ მაინც ვიცი, რომ არაფერია უმისამართო, და არც არაფერია ტყუილად გახარჯული.

ამ დღეებმა ბევრი გვასწავლა და შინაგანი დისციპლინისკენ გვიბიძგა:

ძილი - მხოლოდ იმიტომ, რომ გაიღვიძო და ისევ იქ დადგე.

მოსმენა - იმიტომ რომ გაიგო ის, რაც არ იცი.

ნდობა - იმიტომ რომ ყველამ ბუნებრივად მოიხსნა ბარიერები და წინასწარ განწყობები უცნობი ადამიანების მიმართ. პასუხისმგებლობა - იმიტომ რომ ხვდები, რომ შენი დასაცავია ნაცემი, დაკავებული და ციხეში ჩასმული მოქალაქე, შენი დასაცავია სახელმწიფო.

მოთმინება - იმიტომ რომ მოთმინების გარეშე ბრძოლას ვერ მოიგებ.

და ალბათ სიყვარულიც, რომელიც სადღაც მალულად ფეთქავს.

ადამიანები რაღაც კანონზომიერებით ხვდებიან ერთმანეთს, მერე შორდებიან, სადღაც ერთად დგანან, სადღაც ბევრ თანამოაზრეს იკრებენ, სადღაც ორ-ორი და სამ-სამი დადიან, ხანდახან მარტოც დგანან. ყველა მათგანი ეძებს გზებს, პასუხებს, ისახება მიზნები, იწერება მანიფესტები, გროვდება ხელმოწერები... ვიღაცას სჯერა რუსთაველზე დგომის, ვიღაცას სადღაც სხვაგან დგომა ურჩევნია, ვიღაცას სიარული ამხნევებს, ვიღაც ბედნიერია პატარა მიღწევებით, ვიღაც კი დიდი სურათის დანახვას და ამოხსნას ლამობს, შუბლშეჭმუხნილი და შეწუხებული დადის, თანამოაზრეებს ეძებს. ზოგი წუხს, რომ დგომით არაფერი გამოვა, ზოგი კი სწორედ დგომაში ავლენს თავის სიმტკიცეს.

ყველა ასეთი იდეით, აზრითა და მიზნით შეპყრობილი ადამიანი საოცარი სანახავია.

მელიქიშვილის პროტესტი, მაშინ დანთებული ცეცხლი, იქ გათენებული ღამეები იყო პირველი რეალური ფიზიკური წინააღმდეგობა გაყალბებული არჩევნების მერე, პირველი ცხადი პროტესტი - ეიფორია, თავგადასავალი. მაგრამ რაც უფრო მეტად ჩამოიწია პროტესტმა თავისუფლების მოედნისკენ, რაც უფრო მიუახლოვდა მთავრობის სასახლეს, მით უფრო და უფრო შეიცვალა. მით უფრო მეტად ვიგრძენით ჰაერში სისასტიკის სუნი, სისასტიკეში გამოვლენილი უკიდურესი სიხარბე და „რუსული“ სპეცსამსახურების აუტანელი, ფიზიკური სიახლოვე, ისეთი სიახლოვე, რომ სუნით გრძნობ მტრის პირისპირ დგომას.

როცა პირველად ხალხზე რობოკოპების იერიში ჰაერის ტალღად ჩემამდე მოვიდა, ყველაფერი მომენტალურად გაცამტვერდა. რაც უფრო მეტად გიახლოვდება რუსული ნიჩაბი, მით უფრო მეტად გრძნობ, თუ როგორი უინტერესო ხარ შენ მისთვის, შენი განცდები და მორალი, წარმოდგენა სამშობლოზე, შენი სიმართლე ან საერთოდ სამართალი.

ეს დღეები ცივი დღეებია. დეკემბრის ცივი დღეები.

ვცდილობ გავიაზრო, სად ვდგავართ და რამდენი შეიძლება კიდევ წინ იყოს.

ეს დღეები იტევს მეგობრების ან კოლეგების ცემებს, სასამართლოებს, განაჩენებს, წინასწარ პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებებს...

ყველაზე მეტად, ალბათ რაც შეუსაბამოა ჩვენს აქამდე ცხოვრებასთან, არის ის, რომ ამ დღეებში ესაუბრები ადამიანებს, რომლებსაც სახეზე ჯერ კიდევ ეტყობათ ცემის კვალი. უსმენ ამ ადამიანებს, უხერხულად აკვირდები მათ თვალებთან დარჩენილ სილურჯეს და გრძნობ, რომ ეს ტკივილი შენშიც იდღაბნება.

ეს დღეები გრძელდება... და გარდაიქმნება ჩვენს მოძრაობაში, სიარულში, აზვირთებულ მსვლელობებში, დგომასა და გაძლებაში - გახვალ რუსთაველზე, ხან მარტო, ხან შენიანებთან ერთად და სხეულის ყველა უჯრედით იგრძნობ, როცა ხალხში ჩაივლი, რომ ტკივილი მარტო შენში არ არის გადღაბნილი.

სანამ ტკივილს გრძნობ, ცოცხალი ხარ, სანამ ცოცხალი ხარ, პასუხისმგებლობა გეკისრება, სანამ პასუხისმგებლობა გეკისრება - არ დანებდები, თუ არ დანებდები - გაიმარჯვებ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.​

ექვსი თვის წინ ვწერდი, რომ საქართველოს საჯარო პირები ბულშითინგის გინესის წიგნში რეკორდებს ყოველდღიურად ხსნიან. თუმცა მაშინ არ იყო ჩემპიონის სახელი ცნობილი: როგორც იცით, რამდენიმე პრეტენდენტი ჰყავდა ამ ტიტულს. მინდა გახაროთ, რომ 3 დეკემბერს ჩვენ უკვე გვყავს ჩემპიონი და მისი სახელია ირაკლი კობახიძე!

საქართველოში აქამდე იყვნენ მსოფლიო ჩემპიონები ჭადრაკში, ჭიდაობაში, კრივში, ძიუდოში! და აი, ახლა მას ახალი დისციპლინა - ბულშითინგი - შეემატა!

მკითხველს, რომელიც ფიქრობს, რომ ჩემი სიტყვები ვულგარულია, შევახსენებ: სიტყვა „ბულშითს“ თანამედროვეობის ერთ-ერთმა უდიდესმა პოეტმა ტ. ს. ელიოტმა ლექსი (The Triumph of Bullshit), ხოლო ფილოსოფოსმა ჰარი ფრანკფურტმა წიგნი (On Bullshit) მიუძღვნა. ასე რომ, ეს სიტყვა ნაკურთხია აკადემიურ წრეებში.

„ბულშითერი“, როგორც იცით, მატყუარა არ არის: თუ მატყუარა მკვეთრად ფოკუსირებულია სიმართლეზე და ცდილობს სიმართლის გზიდან რაც შეიძლება შორს გადაუხვიოს, ბულშითერს არ აინტერესებს, სად არის სიმართლე და სად ტყუილი, მსმენელი დაიჯერებს მის სიტყვებს თუ არა, ვინაიდან ის უბრალოდ ვერბალური ფაღარათით არის დაკავებული.

და აი, ჟიურის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით 3 დეკემბრის პრესკონფერენცია გამოირჩეოდა „ფაღარათის სხვა სესიებისგან განსაკუთრებული ბულშითურობით“ (ეს ჟიურის დასკვნაში წერია).

და მართლაც, აღიარეთ, რომ ვერავინ ისე ოსტატურად ვერ ბულშითობს, როგორც ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ეს 3 დეკემბერს გააკეთა: „ამ ადამიანებმა [„ლიბერალურმა ფაშისტებმა“] იკადრეს აბსოლუტურად ყველაფერი უკადრებელი. მათ შორის გადაწვდნენ ბავშვებსაც კი. თქვენ ხედავდით, რა ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში. (...) ეს არის უბრალოდ ამორალური, რასაც ჩვენ ვხედავდით ბავშვებთან მიმართებით მთელი ამ დღეების განმავლობაში(...) თქვენ ხედავდით, როგორ მოქმედებდნენ ამ დღეების განმავლობაში ეს ადამიანები [„ლიბერალი ფაშისტები“]. ეს იყო ადამიანის ღირსების ხელყოფა. ეს იყო ფიზიკური ძალადობა...“ (ამონარიდი 3 დეკემბრის „ფაღარათის სესიიდან“).

მოკლედ, სასტიკად ნაცემი არიან ახალგაზრდები? - ამის მიზეზია ის რომ მათ თვითონ გადაწყვიტეს ან „ლიბერალურმა ფაშისტებმა“ გადააწყვეტინეს სპეციალურ საზარბაზნე ხორცად ქცეულიყვნენ! არა, გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით: სად გინახავთ უფრო დიდი ბულშითინგი?

სხვათა შორის, ტერმინი „ლიბერალური ფაშიზმი“ გახდა ის ბოლო წვეთი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ჟიური კობახიძის სასარგებლოდ გადახარა! გინახავთ უფრო დიდი ოქსიმორონი ვიდრე „ლიბერალური ფაშიზმი“? მას ხომ ვერც ერთი ოქსიმორონი ვერ შეედრება! (ჟიურიმ აღნიშნა რომ „ლიბერალური ფაშისტები“ იყო უფრო ორიგინალური ოქსიმორონი ვიდრე ბულშითინგის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ფორმულირებული სხვა ოქსიმორონები: მაგალითად, „კაცთმოძულე მაჰათმა განდი“ ან „ კაცთმოყვარე ჰაინრიხ ჰიმლერი“).

მოკლედ, მივულოცოთ ჩემპიონს!

თუმცა ამ წერილის მარტო მილოცვით დამთავრება არ მსურს: ჩემპიონის სახელის გამოცხადების შემდეგ რამდენიმე პოლიტიკოსმა გამოთქვა მზაობა რიტორიკის რინგზე ეპაექრონ ჩემპიონს.

რამდენად აქვს აზრი რიტორიკის რინგზე ბულშითერთან შეპაექრებას, როცა ამ რინგზე ის Persona non grata არის? Persona non grata, ვინაიდან ბულშითერის ტყუილში გამოჭერა ხომ შეუძლებელია? შეუძლებელია, რადგან ის ხომ ლოგიკურად არ იტყუება, ის ხომ უბრალოდ აბრეხვებს ფრაზებს, ის ხომ უბრალოდ ვერბალური ფაღარათით არის დაკავებული? ბულშითერს ხომ არ აინტერესებს რამდენად არის ან არ არის მისი სიტყვები რელევანტური, მისი „არგუმენტები“ მისაღები ან მიუღებელი ? ბულშითინგი ხომ ცალმხრივი დისკურსია, რომელსაც არ აინტერესებს მეორე მხარის არგუმენტები! ამავდროულად რიტორიკა ხომ ითვალისწინებს არგუმენტების „ორმხრივ მოძრაობას“?

ასე რომ, ბულშითინგის ჩემპიონთან რიტორიკის რინგზე გამოსვლით ხომ არ ხდება ბულშითერის კურთხევა, მისთვის რესპექტაბელურობის შეძენა? ამას ხომ არ აჯობებდა მისი უბრალოდ უგულებელყოფა?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG