Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ორშაბათი, 20 თებერვალი 2023

და როგორი იქნება „ახალი რუსეთი“? დაკარგავს კრემლი მონოპოლიას ძალადობაზე? გავხდებით მოწმენი არალეგალური შეიარაღებული ჯგუფების მომრავლებისა, იქნება ეს კადიროვის ტიპის „ტერიტორიული არმიები“ თუ „ვაგნერის“ ან „გაზპრომის“ ტიპის მილიარდერების შეიარაღებული ძალები (რუსეთის პრემიერ-მინისტრის 2023 წლის 4 თებერვლის დადგენილების თანახმად „გაზპრომს“, კონსტიტუციისა და კანონმდებლობის სრული დარღვევით, უფლება მიენიჭა საკუთარი კერძო არმია შექმნას)?

და რუსეთის ფედერაციის რეგიონებში უკმაყოფილების ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს შეიარაღებული დაპირისპირება ფედერაციის სუბიექტებს შორის? თუ გავითვალისწინებთ, რომ კრემლი ახერხებდა ერთიანობის შენარჩუნებას მათრახისა და თაფლაკვერის საშუალებით და ამ ხანგრძლივი ომის შედეგად მას თაფლაკვერი გამოელევა, ხოლო მათრახი დაუჩიავდება, ამ კატასტროფული სცენარის გამორიცხვა არ შეიძლება.

და როგორ შეიცვლება „ახალი რუსეთის“ სული? რა რეაქცია ექნებათ იმ ჯარისკაცების შვილებს, რომლებიც უკრაინელების განადგურებით არიან დაკავებული? აირჩევენ ისინი ერთ დღეს ე.წ. Vergangenheitsbewältigung-ის გერმანულ გზას, ანუ მცდელობას, წარსულს ღიად დაუპირისპირდნენ, მას თვალი გაუსწორონ? თუ მომავალი თაობები შეეცდებიან დანაშაულის კონტექსტუალიზაციას, რათა საკუთარი მამები გაამართლონ? დაიწყებენ ისინი ე.წ „ვერსალის კომპლექსზე“ საუბარს? დაიყვანენ რუსი ისტორიკოსები დანაშაულს მხოლოდ პუტინამდე და მის უშუალო გარემოცვამდე? თუ პირიქით, იქნება მიმდინარეობა, რომელიც მოექცევა ე.წ. „ეთნიკური გენეტიკის ხაფანგში“ და, შეეცდება რა დაადანაშაულოს ზოგადად რუსობა, დაასკვნის, რომ „მესამე რომიდან“ მოყოლებული რუსებს ხალხის ჟლეტა გენებში ჰქონდათ და მხოლოდ პუტინის მოსვლას ელოდნენ, რათა უკრაინელების განადგურება დაეწყოთ?..

ამასთან ერთად ძნელი წარმოსადგენია რუსი ჰანა არენდტის ან რუსი იურგენ ჰაბერმასის გამოჩენა პოლიტიკურ ველზე, ანუ ადამიანის, რომელიც დაჟინებულ აქცენტს გააკეთებდა ისტორიის სიმძიმეზე და რომელიც შეძლებდა უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების გამოცდილება პოლიტიკურ ეთიკად გარდაექმნა. არ დაგვავიწყდეს, რომ 2015 წელს ბორის ნემცოვის მკვლელობის შემდეგ რუსეთში აღარ დარჩა ლიბერალი პოლიტიკოსი.

სამაგიეროდ ერთი რამ, რაც დარწმუნებით შეგვიძლია განვაცხადოთ, ესაა რუსული სამოქალაქო რელიგიის სიკვდილი. ე.წ. „დიდ სამამულო ომზე“ დაფუძნებული რელიგია, რომელიც უფრო ძლიერი იყო, ვიდრე რუსული მართლმადიდებლური სარწმუნოება, უკვე მკვდარია. 2015 წელს, რუსეთის რეგიონებმა ორი ბრიტანელი ისტორიკოსის, ჯონ კიგანისა და ენტონი ბივორის წიგნები საჯარო ბიბლიოთეკებიდან ამოიღეს. მოსკოვის აზრით, ამ ბრიტანელი ისტორიკოსების წიგნები „ხელს უწყობდა მესამე რაიხის დროს ჩამოყალიბებული სტერეოტიპების გაძლიერებას“. ყველაზე დიდი აღშფოთება მაშინ გამოიწვია ენტონი ბივორის წიგნმა „ბერლინის დაცემა“, რომელშიც ავტორი იხსენებს საბჭოთა არმიის ჯარისკაცების მიერ გერმანიაში ჩადენილ ომის დანაშაულებს (სინამდვილეში ბივორის წიგნი არა „მესამე რაიხის პროპაგანდას“, არამედ რუსულ არქივებს ეყრდნობოდა). „უნდა გესმოდეს ენტონი, რომ ეს ომი ჩვენი სიწმინდეა“, ასე აუხსნის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გრიგორი კარასინი ენტონი ბივორს ამ გადაწყვეტილებას (ჩემ მიერ დაწერილი მარშალ ჟუკოვის ბიოგრაფიის რუსული თარგმანი იმავე მიზეზით გახდა ცენზურის მსხვერპლი). უკრაინაში რუსული ჯარების მიერ ჩადენილი ამ მასშტაბის დანაშაულების შემდეგ „დიდი სამამულო ომი“ ვეღარასდროს იქნება მათი სიწმინდე, კრემლი ვეღარასდროს შეძლებს რუსული კოლექტიური მეხსიერების მეორე მსოფლიო ომით მანიპულირებას.

კიდევ ერთი, რაც შეგვიძლია დიდი ალბათობით ვივარაუდოთ, ესაა ფაქტი, რომ ამ ომით რუსებმა სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს რუსულ ენას როგორც ერთგვარ lingua franca-ს პოსტსაბჭოთა ერებისათვის. ამერიკაში მცხოვრები რუსულენოვანი მწერალი ანდრეი გრიცმანი ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ აღნიშნავდა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ომისა და ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსული ენის მნიშვნელობა რუსულენოვან დიასპორაში მკვეთრად დაეცა.

ის, რომ დღეს სტანისლავ ასეევი და სხვა ახალგაზრდა უკრაინელი რუსულენოვანი მწერლები აცხადებენ, რომ აღარასდროს დაწერენ რუსულ ენაზე - ამაში გასაკვირი არაფერია. ასევე არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ხვალინდელ უზბეკეთში ახალი რუსულენოვანი შამშად აბდულაევი ან აზერბაიჯანში ახალი რუსულენოვანი ნიჯათ მამედოვი აღარ გამოჩნდება.

დაბოლოს, როგორც ინგლისელები იტყვიან, last but not least: დღეს დასავლეთში მიმდინარეობს დებატები, რამდენად სწორია ე.წ. რუსული კულტურის გაუქმება (Russian Culture canceling). ამის შესახებ მე მკითხველს პარადოქსულად ვუპასუხებ: ერთი მხრივ, კულტურის გაუქმებაში კარგს ვერაფერს ვერ ვხედავ (სჯობს, „ზევიდან“ გაუქმებას „ქვევიდან“ ბოიკოტი ანაცვლებდეს) და, მეორე მხრივ, ძალიან გამიხარდება, თუ რუსული კულტურის წარმომადგენლები დროებით თვითონ მოინდომებენ რუსული კულტურის გაუქმებას. მე მათთვის მშვენიერი ისტორიული მაგალითიც კი მაქვს: მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გერმანელი კომპოზიტორის, ჰანს ვერნერ ჰენცეს, და ავსტრიელი დიდი პოეტის, ინგებორგ ბახმანის, 1953-1971 წლების მომიწერა იტალიურ ენაზეა. სხვათა შორის, არც ჰენცე და არც ბახმანი არ ფლობდა სრულყოფილად დანტეს ენას და მათი კორესპონდენცია სავსეა შეცდომებით. მაგრამ ამ ორ უზარმაზარ ხელოვანს ისე გულს ურევდა 50-60-იანი წლების ავსტრია და გერმანია, ქვეყნები, რომლებსაც არ სურდათ თავ-თავიანთი ნაცისტური წარსულისათვის თვალის გაესწორებინათ, რომ ისინი იძულებული იყვნენ, გოეთეს ენაზე ეთქვათ უარი.

ერთი აპოკრიფული ანეკდოტის მიხედვით, როდესაც გასული საუკუნის 50-იანი წლების მიწურულს ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ჯოუ ენ-ლაის ჰკითხეს, თუ რა ზეგავლენა მოახდინა საფრანგეთის რევოლუციამ მსოფლიოზე, მან უპასუხა, რომ ამაზე საუბარი ნაადრევი იყო. ჯოუ ენ-ლაის ამ პასუხს ხშირად ოხუნჯობად მიიჩნევენ, თუმცა ამ ხუმრობის უკან ღრმა აზრი იმალებოდა - ჩინეთის მთავრობის ხელმძღვანელი ხაზს უსვამდა, რომ 170 წელი შეიძლება საკმარისი არ იყო ისტორიული მოვლენის მნიშვნელობის შესაფასებლად. მოკლედ, ჯოუ ენ-ლაი ცდილობდა ხაზი გაესვა, რომ დროის გაგებას დრო, დიდი დრო, სჭირდებოდა.

რა თქმა უნდა, ამ გაგანია ომის დროს ადრეა საუბარი, თუ როგორი იქნება ევროპის კონტინენტი ასეთი მასშტაბური მიწისძვრის შემდეგ. ჯერ ემოციები უნდა ჩაცხრეს, ნისლიანი აზრები უნდა გაიფანტოს და მხოლოდ მერე შევეცადოთ განვსაზღვროთ, თუ რა ტექტონიკური ძვრები გამოიწვია (ან არ გამოიწვია) ამ ომმა. და მაინც, თავმდაბლობამ და თავშეკავებამ ხელი არ უნდა შეგვიშალოს, რომ ძალისხმევა მოვიკრიბოთ ამ ომის ზოგიერთი ასპექტის გასაგებად. ასე რომ, შევეცადოთ განვიხილოთ ეს საკითხები მომდევნო ოთხ სტატიაში.

მაგალითად, დღეს ჩვენ შეგვიძლია გამოვიცნოთ, თუ რა იქნება მომავალი დებატების მთავარი კითხვები, ახალი რკინის ფარდის როგორც აღმოსავლეთით, ისე დასავლეთით: პუტინი წარმოადგენდა ამ ომის აუცილებელ თუ საკმარის პირობას? და რომელი იყო ის ბოლო წვეთი, რომელმაც პუტინის „გადაწყვეტილების ფიალა“ აავსო? ამერიკელების ქაოსური გასვლა ავღანეთიდან 2021 წლის ზაფხულში? ჯო ბაიდენის ანთებული მწვანე შუქი Nord Stream 2-ს 2021 წლის ივლისში? თუ ის ფაქტი, რომ დუმილის ნაცვლად და ამგვარად „სტრატეგიული გაურკვევლობის“ შენარჩუნების მაგივრად, ბაიდენმა არაერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში ამერიკელ ჯარისკაცებს არ გააგზავნიდა კიევში? თუ ყველა ეს ელემენტი (და კიდევ მრავალი სხვა)?

ეჭვგარეშეა, ბევრი იქნება, ვინც მოსკოვის ამ დონის მოუმზადებლობისა თუ დილეტანტიზმის ანალოგიების მოძიებას შეეცდება ისტორიაში: მკაფიო პოლიტიკური მიზნის არარსებობა, თანმიმდევრული სტრატეგიის არქონა, დაზვერვის წარმოუდგენელი ჩავარდნა, ლოგისტიკის სრული კრახი, რუსული ჯარების მომზადებისა და მოტივაციის კატასტროფული დონე, სამეთაურო ჯაჭვის არარსებობა, უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობების იგნორირება, ზელენსკისა და მისი მთავრობის სიმყარის, ან თუნდაც დასავლეთის სიმტკიცის ვერ შეფასება…

დაზვერვის სპეციალისტები, ალბათ, განაცხადებენ, რომ ამ ომმა ახალ ერას დაუდო დასაბამი: არასდროს არცერთ ქვეყანას არ გაუმჟღავნებია ამდენი სადაზვერვო ინფორმაცია, როგორც ეს 2022 წლის 24 თებერვლამდე გააკეთეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა. რა თქმა უნდა, სადაზვერვო მონაცემების გამომზეურებას წარსულშიც ჰქონია ადგილი, მაგრამ ასეთი მასშტაბისა არასდროს მომხდარა. გასაჯაროებულ მონაცემებს შორის იყო გაერთიანებული სამეფოს მიერ შეგროვებული ინფორმაცია რუსეთის გეგმების შესახებ კიევის მარიონეტული მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც კრემლის მიერ შეჭრის საბაბის ინსცენირების შესახებ ინფორმაცია ვაშინგტონიდან. ერთადერთი პუნქტი, რაშიც სადაზვერვო სამსახურები (ასევე ანგლოსაქსური სამხედრო ხელმძღვანელობა) შეცდნენ, იყო აპრიორისტული დებულება, რომ რუსეთის სამხედრო გამარჯვებას მხოლოდ რამდენიმე კვირა დასჭირდებოდა. მიუხედავად ამ შეცდომისა, 2003 წლის შემდეგ (როცა ამერიკულ დაზვერვას სადაზვერვო ინფორმაციის პოლიტიზება დაჰბრალდა) ამერიკულმა სადაზვერვო სამსახურმა პირველად მოახერხა საკუთარი რეპუტაციის გასუფთავება.

რუსეთის შეჭრის მოახლოებასთან ერთად ამერიკული სადაზვერვო სამსახურები უდაბნოში ქადაგებდნენ: ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი კრემლისა (2021 წლის 2 ნოემბერი) და ბანკოვსკაიას (2022 წლის 12 იანვარი) კარებს აატალახებს. მოსკოვში, რათა რუსებისათვის აეხსნა, თუ რა შედეგები მოჰყვებოდა მათი გეგმების განხორციელებას. და კიევში, რათა უკრაინელები მომზადებულიყვნენ გარდაუვალი იერიშის მოსაგერიებლად. უკრაინელების გაფრთხილება მართლაც რომ ძალიან ადრე დაიწყო: ჯერ კიდევ 2021 წლის ნოემბერში ენტონი ბლინკენმა გააფრთხილა ზელენსკი შოტლანდიაში, ხოლო აშშ-ის მთავრობის სხვა წევრებმა დმიტრო კულება და ანდრეი ერმაკი (შესაბამისად საგარეო საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი) ვაშინგტონში. ყველა ამერიკელი ერთხმად გაიძახოდა: „დაიწყეთ სანგრების თხრა“. დეკემბრის დასაწყისში უკვე „ვაშინგტონ პოსტმა“ აცნობა მკითხველს უკრაინაში შეჭრის რუსული გეგმების შესახებ. ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ასევე გაუზიარა ინფორმაცია მოკავშირე ქვეყნებს. უკრაინა მაინც სკეპტიკური რჩებოდა.

12 იანვარს, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი უილიამ ბერნსი პრეზიდენტ ზელენსკის გადასცემს უკრაინის დედაქალაქზე რუსული ელვისებური თავდასხმის დეტალურ გეგმას, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინის ხელმძღვანელობის განეიტრალებას. ამ გეგმის მიხედვით, რუსეთი ჯერ შეეცდებოდა უკრაინის დედაქალაქის აეროდრომებზე კონტროლის აღებას და მხოლოდ შემდეგ მიიტანდა იერიშს კიევზე სახმელეთო ქვედანაყოფების საშუალებით.

19 იანვარს, იმ დღეს, როდესაც ენტონი ბლინკენი კიევში უკრაინის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრაზე გაიმეორებს გაფრთხილებებს, ხოლო ბაიდენი ვაშინგტონში ისაუბრებს უკრაინაში მოსალოდნელ შეჭრაზე, ვოლოდიმირ ზელენსკი დაარწმუნებს თავის თანამოქალაქეებს, რომ 2023 წელი მშვიდობის წელი იქნება და უკრაინელებს ურჩევს მოემზადონ მაისში მწვადებისთვის, ხოლო ნოემბერში - ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის.

ომის 107-ე დღეს, როდესაც ჯო ბაიდენმა უსაყვედურა უკრაინის პრეზიდენტს იმის გამო, რომ მან არ გაითვალისწინა ვაშინგტონის არაერთი გაფრთხილება, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ომისთვის ემზადებოდა და უბრალოდ არ სურდა მოსახლეობაში პანიკის გამოწვევა. თუმცა ფაქტები სხვას მეტყველებს... ომის დასრულების შემდეგ ზელენსკის პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ადვილად შეძლებენ ამ შეცდომების ინსტრუმენტალიზებას და „ახალმა უკრაინამ“ შეიძლება ზურგი აქციოს უკრაინის პრეზიდენტს, როგორც ეს ბრიტანელებმა გაუკეთეს ჩერჩილს 1945 წელს.

ეს იქნება ისეთი „ახალი უკრაინა“, სადაც ომის დროს აღმოცენებული თანასწორობისა და სამართლიანობის ეთოსი მცირე ადგილს დაუტოვებს (იმედი ვიქონიოთ) ოლიგარქებს; ისეთი „ახალი უკრაინა“, რომელიც დასავლეთში გაყინული რუსული აქტივებით (დაახლოებით 300 მილიარდი ევრო) და ევროპული მარშალის გეგმით იქნება აღდგენილი; ისეთი „ახალი უკრაინა“, სადაც მძიმე ინდუსტრიაზე ორიენტირებულ ეკონომიკას ჩაანაცვლებს მაღალი ტექნოლოგიები; ისეთი „ახალი უკრაინა“, რომლის ურბანული პეიზაჟები (იმედი ვიქონიოთ) სულ უფრო ნაკლებად მოგვაგონებს კომუნისტურ ეპოქას…

„ახალ უკრაინაში“ სავარაუდოდ რადიკალურად შეიცვლება კოლექტიური მეხსიერებაც. და რამ შეიძლება ჩაანაცვლოს ჰოლოდომორი? რა შეიძლება გახდეს გოლგოთის ახალი სიმბოლო უკრაინელი ერის მშენებლობაში? იქნება ეს ბუჩა, ირპენი ან იზიუმი? სავარაუდოდ, მომავალი თაობების კოლექტიურ მეხსიერებაში ბუჩა გახდება ჰოლოდომორის მოპაექრე როგორც უკრაინული გოლგოთის მთავარი სიმბოლო.

„ახალ უკრაინას“ ასევე ექნება კოლექტიური მეხსიერების ახალი წმინდა ადგილებიც. სავარაუდოდ აზოვსტალი გახდება უკრაინის მომავალი თაობებისათვის ისეთი საკრალური ადგილი, თავგანწირული ბრძოლის ისეთი სიმბოლო, როგორიც მასადა არის დღეს ებრაელებისათვის. აზოვსტალის შედარება მასადასთან მით უფრო საინტერესო მეჩვენება, რომ ორივეს გააჩნია საკრალიზაციის ხელის შემშლელი ელემენტები. მასადის ციხესიმაგრე იყო რომაელთა წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი საყრდენი ებრაელთა აჯანყების დროს (66-73 წწ.). ხანგრძლივი ალყის შემდეგ, როდესაც გაირკვა, რომ რომაული ლეგიონების მიერ ციხესიმაგრის აღება გარდაუვალი იყო, ებრაელმა დამცველებმა მასობრივი თვითმკვლელობა ჩაიდინეს. ვინაიდან ებრაული რელიგია გმობს თვითმკვლელობას, ებრაულმა კოლექტიურმა მეხსიერებამ შერჩევითი ინტერპრეტაცია მოახდინა ამ ეპიზოდისა და აქცენტი კონფრონტაციაზე გადაიტანა. აზოვსტალის დამცველების შემთხვევა, სავარაუდოდ, უკრაინულ კოლექტიურ მეხსიერებას აიძულებს, მარიუპოლის გმირულ დაცვაზე გაამახვილოს ყურადღება და შეეცადოს, ტყვედ ჩაბარების აქტი მიჩქმალოს.

ასე რომ, ერთი რამ ცხადია - „ახალ უკრაინას“ როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად, ცოტა რამ ექნება საერთო „ძველ უკრაინასთან“.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG