Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი უკრაინა


ერთი აპოკრიფული ანეკდოტის მიხედვით, როდესაც გასული საუკუნის 50-იანი წლების მიწურულს ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ჯოუ ენ-ლაის ჰკითხეს, თუ რა ზეგავლენა მოახდინა საფრანგეთის რევოლუციამ მსოფლიოზე, მან უპასუხა, რომ ამაზე საუბარი ნაადრევი იყო. ჯოუ ენ-ლაის ამ პასუხს ხშირად ოხუნჯობად მიიჩნევენ, თუმცა ამ ხუმრობის უკან ღრმა აზრი იმალებოდა - ჩინეთის მთავრობის ხელმძღვანელი ხაზს უსვამდა, რომ 170 წელი შეიძლება საკმარისი არ იყო ისტორიული მოვლენის მნიშვნელობის შესაფასებლად. მოკლედ, ჯოუ ენ-ლაი ცდილობდა ხაზი გაესვა, რომ დროის გაგებას დრო, დიდი დრო, სჭირდებოდა.

რა თქმა უნდა, ამ გაგანია ომის დროს ადრეა საუბარი, თუ როგორი იქნება ევროპის კონტინენტი ასეთი მასშტაბური მიწისძვრის შემდეგ. ჯერ ემოციები უნდა ჩაცხრეს, ნისლიანი აზრები უნდა გაიფანტოს და მხოლოდ მერე შევეცადოთ განვსაზღვროთ, თუ რა ტექტონიკური ძვრები გამოიწვია (ან არ გამოიწვია) ამ ომმა. და მაინც, თავმდაბლობამ და თავშეკავებამ ხელი არ უნდა შეგვიშალოს, რომ ძალისხმევა მოვიკრიბოთ ამ ომის ზოგიერთი ასპექტის გასაგებად. ასე რომ, შევეცადოთ განვიხილოთ ეს საკითხები მომდევნო ოთხ სტატიაში.

მაგალითად, დღეს ჩვენ შეგვიძლია გამოვიცნოთ, თუ რა იქნება მომავალი დებატების მთავარი კითხვები, ახალი რკინის ფარდის როგორც აღმოსავლეთით, ისე დასავლეთით: პუტინი წარმოადგენდა ამ ომის აუცილებელ თუ საკმარის პირობას? და რომელი იყო ის ბოლო წვეთი, რომელმაც პუტინის „გადაწყვეტილების ფიალა“ აავსო? ამერიკელების ქაოსური გასვლა ავღანეთიდან 2021 წლის ზაფხულში? ჯო ბაიდენის ანთებული მწვანე შუქი Nord Stream 2-ს 2021 წლის ივლისში? თუ ის ფაქტი, რომ დუმილის ნაცვლად და ამგვარად „სტრატეგიული გაურკვევლობის“ შენარჩუნების მაგივრად, ბაიდენმა არაერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში ამერიკელ ჯარისკაცებს არ გააგზავნიდა კიევში? თუ ყველა ეს ელემენტი (და კიდევ მრავალი სხვა)?

ეჭვგარეშეა, ბევრი იქნება, ვინც მოსკოვის ამ დონის მოუმზადებლობისა თუ დილეტანტიზმის ანალოგიების მოძიებას შეეცდება ისტორიაში: მკაფიო პოლიტიკური მიზნის არარსებობა, თანმიმდევრული სტრატეგიის არქონა, დაზვერვის წარმოუდგენელი ჩავარდნა, ლოგისტიკის სრული კრახი, რუსული ჯარების მომზადებისა და მოტივაციის კატასტროფული დონე, სამეთაურო ჯაჭვის არარსებობა, უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობების იგნორირება, ზელენსკისა და მისი მთავრობის სიმყარის, ან თუნდაც დასავლეთის სიმტკიცის ვერ შეფასება…

დაზვერვის სპეციალისტები, ალბათ, განაცხადებენ, რომ ამ ომმა ახალ ერას დაუდო დასაბამი: არასდროს არცერთ ქვეყანას არ გაუმჟღავნებია ამდენი სადაზვერვო ინფორმაცია, როგორც ეს 2022 წლის 24 თებერვლამდე გააკეთეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა. რა თქმა უნდა, სადაზვერვო მონაცემების გამომზეურებას წარსულშიც ჰქონია ადგილი, მაგრამ ასეთი მასშტაბისა არასდროს მომხდარა. გასაჯაროებულ მონაცემებს შორის იყო გაერთიანებული სამეფოს მიერ შეგროვებული ინფორმაცია რუსეთის გეგმების შესახებ კიევის მარიონეტული მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც კრემლის მიერ შეჭრის საბაბის ინსცენირების შესახებ ინფორმაცია ვაშინგტონიდან. ერთადერთი პუნქტი, რაშიც სადაზვერვო სამსახურები (ასევე ანგლოსაქსური სამხედრო ხელმძღვანელობა) შეცდნენ, იყო აპრიორისტული დებულება, რომ რუსეთის სამხედრო გამარჯვებას მხოლოდ რამდენიმე კვირა დასჭირდებოდა. მიუხედავად ამ შეცდომისა, 2003 წლის შემდეგ (როცა ამერიკულ დაზვერვას სადაზვერვო ინფორმაციის პოლიტიზება დაჰბრალდა) ამერიკულმა სადაზვერვო სამსახურმა პირველად მოახერხა საკუთარი რეპუტაციის გასუფთავება.

რუსეთის შეჭრის მოახლოებასთან ერთად ამერიკული სადაზვერვო სამსახურები უდაბნოში ქადაგებდნენ: ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი კრემლისა (2021 წლის 2 ნოემბერი) და ბანკოვსკაიას (2022 წლის 12 იანვარი) კარებს აატალახებს. მოსკოვში, რათა რუსებისათვის აეხსნა, თუ რა შედეგები მოჰყვებოდა მათი გეგმების განხორციელებას. და კიევში, რათა უკრაინელები მომზადებულიყვნენ გარდაუვალი იერიშის მოსაგერიებლად. უკრაინელების გაფრთხილება მართლაც რომ ძალიან ადრე დაიწყო: ჯერ კიდევ 2021 წლის ნოემბერში ენტონი ბლინკენმა გააფრთხილა ზელენსკი შოტლანდიაში, ხოლო აშშ-ის მთავრობის სხვა წევრებმა დმიტრო კულება და ანდრეი ერმაკი (შესაბამისად საგარეო საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი) ვაშინგტონში. ყველა ამერიკელი ერთხმად გაიძახოდა: „დაიწყეთ სანგრების თხრა“. დეკემბრის დასაწყისში უკვე „ვაშინგტონ პოსტმა“ აცნობა მკითხველს უკრაინაში შეჭრის რუსული გეგმების შესახებ. ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ასევე გაუზიარა ინფორმაცია მოკავშირე ქვეყნებს. უკრაინა მაინც სკეპტიკური რჩებოდა.

12 იანვარს, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი უილიამ ბერნსი პრეზიდენტ ზელენსკის გადასცემს უკრაინის დედაქალაქზე რუსული ელვისებური თავდასხმის დეტალურ გეგმას, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინის ხელმძღვანელობის განეიტრალებას. ამ გეგმის მიხედვით, რუსეთი ჯერ შეეცდებოდა უკრაინის დედაქალაქის აეროდრომებზე კონტროლის აღებას და მხოლოდ შემდეგ მიიტანდა იერიშს კიევზე სახმელეთო ქვედანაყოფების საშუალებით.

19 იანვარს, იმ დღეს, როდესაც ენტონი ბლინკენი კიევში უკრაინის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრაზე გაიმეორებს გაფრთხილებებს, ხოლო ბაიდენი ვაშინგტონში ისაუბრებს უკრაინაში მოსალოდნელ შეჭრაზე, ვოლოდიმირ ზელენსკი დაარწმუნებს თავის თანამოქალაქეებს, რომ 2023 წელი მშვიდობის წელი იქნება და უკრაინელებს ურჩევს მოემზადონ მაისში მწვადებისთვის, ხოლო ნოემბერში - ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის.

ომის 107-ე დღეს, როდესაც ჯო ბაიდენმა უსაყვედურა უკრაინის პრეზიდენტს იმის გამო, რომ მან არ გაითვალისწინა ვაშინგტონის არაერთი გაფრთხილება, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ომისთვის ემზადებოდა და უბრალოდ არ სურდა მოსახლეობაში პანიკის გამოწვევა. თუმცა ფაქტები სხვას მეტყველებს... ომის დასრულების შემდეგ ზელენსკის პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ადვილად შეძლებენ ამ შეცდომების ინსტრუმენტალიზებას და „ახალმა უკრაინამ“ შეიძლება ზურგი აქციოს უკრაინის პრეზიდენტს, როგორც ეს ბრიტანელებმა გაუკეთეს ჩერჩილს 1945 წელს.

ეს იქნება ისეთი „ახალი უკრაინა“, სადაც ომის დროს აღმოცენებული თანასწორობისა და სამართლიანობის ეთოსი მცირე ადგილს დაუტოვებს (იმედი ვიქონიოთ) ოლიგარქებს; ისეთი „ახალი უკრაინა“, რომელიც დასავლეთში გაყინული რუსული აქტივებით (დაახლოებით 300 მილიარდი ევრო) და ევროპული მარშალის გეგმით იქნება აღდგენილი; ისეთი „ახალი უკრაინა“, სადაც მძიმე ინდუსტრიაზე ორიენტირებულ ეკონომიკას ჩაანაცვლებს მაღალი ტექნოლოგიები; ისეთი „ახალი უკრაინა“, რომლის ურბანული პეიზაჟები (იმედი ვიქონიოთ) სულ უფრო ნაკლებად მოგვაგონებს კომუნისტურ ეპოქას…

„ახალ უკრაინაში“ სავარაუდოდ რადიკალურად შეიცვლება კოლექტიური მეხსიერებაც. და რამ შეიძლება ჩაანაცვლოს ჰოლოდომორი? რა შეიძლება გახდეს გოლგოთის ახალი სიმბოლო უკრაინელი ერის მშენებლობაში? იქნება ეს ბუჩა, ირპენი ან იზიუმი? სავარაუდოდ, მომავალი თაობების კოლექტიურ მეხსიერებაში ბუჩა გახდება ჰოლოდომორის მოპაექრე როგორც უკრაინული გოლგოთის მთავარი სიმბოლო.

„ახალ უკრაინას“ ასევე ექნება კოლექტიური მეხსიერების ახალი წმინდა ადგილებიც. სავარაუდოდ აზოვსტალი გახდება უკრაინის მომავალი თაობებისათვის ისეთი საკრალური ადგილი, თავგანწირული ბრძოლის ისეთი სიმბოლო, როგორიც მასადა არის დღეს ებრაელებისათვის. აზოვსტალის შედარება მასადასთან მით უფრო საინტერესო მეჩვენება, რომ ორივეს გააჩნია საკრალიზაციის ხელის შემშლელი ელემენტები. მასადის ციხესიმაგრე იყო რომაელთა წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი საყრდენი ებრაელთა აჯანყების დროს (66-73 წწ.). ხანგრძლივი ალყის შემდეგ, როდესაც გაირკვა, რომ რომაული ლეგიონების მიერ ციხესიმაგრის აღება გარდაუვალი იყო, ებრაელმა დამცველებმა მასობრივი თვითმკვლელობა ჩაიდინეს. ვინაიდან ებრაული რელიგია გმობს თვითმკვლელობას, ებრაულმა კოლექტიურმა მეხსიერებამ შერჩევითი ინტერპრეტაცია მოახდინა ამ ეპიზოდისა და აქცენტი კონფრონტაციაზე გადაიტანა. აზოვსტალის დამცველების შემთხვევა, სავარაუდოდ, უკრაინულ კოლექტიურ მეხსიერებას აიძულებს, მარიუპოლის გმირულ დაცვაზე გაამახვილოს ყურადღება და შეეცადოს, ტყვედ ჩაბარების აქტი მიჩქმალოს.

ასე რომ, ერთი რამ ცხადია - „ახალ უკრაინას“ როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად, ცოტა რამ ექნება საერთო „ძველ უკრაინასთან“.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG