Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

რუსეთის პატრიარქმა უკრაინაში იმოგზაურა.

„რია-ნოვოსტის“ ცნობით, მისმა უწმინდესობამ მკაცრად გააკრიტიკა დასავლური ღვთისმეტყველება ლიბერალიზმის მიმართ სიმპათიის გამო. „ლიბერალურ ფილოსოფიაში არ არსებობს ცოდვის გაგება. ყოველი ადამიანი ავტონომიურია და ქმნის ფასეულობათა საკუთარ სისტემას. მაგრამ თუ არ არსებობს განსხვავება ცოდვასა და სიწმინდეს შორის, ე.ი. არც სიცრუე და სიმართლე განსხვავდება ერთმანეთისგან“ - კითხულობს კირილე. რიტორიკულად, რა თქმა უნდა.

თავის ტექსტებში რუსეთის პატრიარქი კითხვის ნიშანს მაინცდამაინც არ წყალობს.

კითხვის ნიშანზე... საერთოდ, ეჭვზე, ფიქრზე, ყოყმანზე უარი მან ჯერ კიდევ პატრიარქად კურთხევამდე თქვა: 2000 წელს მიტროპოლიტი კირილე „ნეზავისიმაია გაზეტაში“ ლიბერალიზმისა და პლურალიზმის წინააღმდეგ ბეჭდავს წერილს, რომელსაც არაერთი რუსი ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი, საზოგადო მოღვაწე გამოეხმაურება. ეს იქნება რუსეთისთვის უკვე ტრადიციული, სლავიანოფილებისა და „ზაპადნიკების“ დისკუსიის განახლება; პრინციპში, ჩვეულებრივი ამბავი დემოკრატიული საზოგადოებისთვის.

მაგრამ კირილე დღეს რუსეთის პატრიარქია. მის რიტორიკულ კითხვებს რუსეთში თითქმის არავინ (ან ვერავინ) უპასუხებს... და, რაც მთავარია, ლიბერალიზმის წინააღმდეგ განცხადებებით რუსეთის პატრიარქი უკვე უკრაინაში გამოდის.

კიევში წაკითხულ მოხსენებაში კირილე კაპიტალიზმის წინააღმდეგ ილაშქრებს („სუპერმარკეტები და ეგრეთ წოდებული კულტურულ-სავაჭრო ცენტრები 21-ე საუკუნის ტაძრებად გადაიქცა“) და ღიად უცხადებს ომს განმანათლებლობას, რადგან, მისი თქმით, სწორედ განმანათლობლობის ეპოქამ დაამკვიდრა ლიბერალური ღირებულებები.

კომუნისტური სისტემის ნგრევასთან ერთად, თითქმის მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის ჩვენში, წინააღმდეგობრივი პროცესები შეიმჩნევა. კლერიკალიზმის და მისტიციზმის თითქმის თანაბარი განვითარება, როცა „თავისუფალი ჟურნალ-გაზეთების“ ერთ გვერდზე მართლმადიდებელი მოძღვრის შეგონებები იბეჭდება, მეორეზე კი - „ჯადოქართა“ წინასწარმეტყველება, გვაფიქრებინებს, რომ საზოგადოებაში სულ უფრო მეტად იზრდება სკეფსისი აღორძინებისა და განმანათლებლობის იდეების მიმართ. ბუნებრივია, სოციალური ფაქტორი აქ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ფრუსტრაციის განცდა და „ირაციონალური სიმარტივისკენ“ მიდრეკილება, მეტწილად, მაშინ იჩენს თავს, როცა ადამიანის მიზნები ვერ ხორციელდება. იქმნება მითები, რომელსაც განსაკუთრებული ენთუზიაზმით აიტაცებს ხოლმე მოსახლეობის წვრილბურჟუაზიული ფენა, ხვალინდელი დღის შიშით რომ ცხოვრობს და კონკურენტების ეშინია.

„ძლიერთ ამა ქვეყნისა“, ე.ი. იმათ, ვინც ძალაუფლებას ფლობს, ყველანაირად ხელს აძლევს მითებში მცხოვრები საზოგადოება. პოსტსაბჭოთა ინსტიტუტების მთავარი მტერი ხომ სწორედ ფიქრი, ეჭვი და ახალი ცოდნით მუდმივი გამდიდრებაა. ანუ, მრავალფეროვანი სამყარო და წინადადებები, რომლებიც კითხვის ნიშნით მთავრდება.

კიევში წაკითხულ მოხსენებაში რუსეთის პატრიარქი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ დასავლურმა ღვთისმეტყველებამ უარი თქვა სიკეთისა და ბოროტების მკვეთრ გამიჯვნაზე. „თუკი სიკეთესა და ბოროტებას შორის განსხვავება არ არსებობს, ე.ი. აპოკალიფსი ახლოვდება“ - განმარტავს კირილი და დასძენს, აბა ვინ იფიქრებდა, ჯერ კიდევ 20, 30 წლის წინ, რომ ერთი სქესის წარმომადგენლების ქორწინება ქალისა და მამაკაცის ქორწინებას გაუტოლდებოდაო...

ვერავინ იფიქრებდა, ნამდვილად.

20-30 წლის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ადამიანები „ვირტუალურ კონფერენციებს“ მოაწყობდნენ ინტერნეტის დახმარებით, რომ კიბოთი დაავადებულთა სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად შემცირდებოდა და რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი შავკანიანი გახდებოდა... ვერავინ იფიქრებდა, რომ დაინგრეოდა საბჭოთა კავშირი, რომ უკრაინა და საქართველო ნატოში გაწევრიანების სურვილს გამოთქვამდნენ...

„ღმერთმა არა მარტო შექმნა სამყარო - ღმერთი ყოველ წუთს ქმნის ამ სამყაროს და პასუხს აგებს ევოლუციაზე...“ - თქვა, ერთხელ, მამა ალექსანდრე მენმა.

ალექსანდრე მენი არ უყვარდათ რუსეთის საპატრიარქოში. იგი ნაჯახით მოკლეს.

მოკლავდნენ, აბა რა! ესენი სამყაროს გადაგვარებასა და აპოკალიფსზე ლაპარაკობენ, ის კი განუწყვეტლივ იმეორებდა, ჩვენ სიყვარულის ეპოქას ვუახლოვდებითო. ესენი პლურალიზმს ქრისტიანობის მტრად აცხადებენ, ის კი ამბობდა, ლიბერალიზმის საფუძველია ადამიანისადმი ნდობა, მისი, როგორც პიროვნების, პატივისცემა, რაც დიახაც რომ ქრისტიანობიდან მოდისო. ესენი ლიბერალიზმს ჭეშმარიტების მიმართ გულგრილობის გამო აკრიტიკებენ, მამა ალექსანდრე მენი კი ხშირად იხსენებდა, რომ თავად მაცხოვარმა შეიკავა თავი პასუხისგან, როცა პილატემ ჭეშმარიტებაზე ჰკითხა...

„ლიბერალური იდეოლოგია ადამიანს თავისუფლებას აძლევს, მაგრამ აღარაა პასუხისმგებელი მის ქცევაზე“ - ამბობს აღშფოთებული კირილე. რუსეთის პატრიარქს არც ის მოსწონს, რომ დასავლეთის ქვეყნებში „ცოდვის ჩადენის უფლება” დიდი ხანია დაკანონებულია და ამ ”ცოდვაზე” საზოგადოებას მხოლოდ მაშინ აქვს რეაქცია, როცა მის თავისუფლებასა და უსაფრთხოებას ემუქრებიან... ე.ი. როცა „ცოდვა“ – კანონის დარღვევად იქცევა.

ვიდრე კირილე უკრაინაში გაემგზავრებოდა, დუმამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლის თანახმად, რუსეთის პარლამენტი ახალ კანონებს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის საპატრიარქოსთან შეთანხმებით მიიღებს; რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ეკლესია არა მარტო ადამიანთა მოქცევას ცდილობს (რისი უფლებაც მას, ცხადია, აქვს), არამედ აპირებს მოაქციოს მთელი სახელმწიფო, მეცნიერება, კულტურა... სხვადასხვა დროს ამის სურვილი გამოთქვეს ვატიკანში, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ამის სურვილი ჰქონდა პატრიარქ ნიკონს. ამისთვის იღვწოდა აიათოლა ხომეინი. იმან სახელმწიფოს ისლამიზაცია მოინდომა, ამან - „გამართლმადიდებლება“. თანაც, როგორც ჩანს, არა მარტო თავისი სახელმწიფოსი.

ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ რუსეთის პატრიარქი საქართველოშიც აპირებს ჩამობრძანებას. თარიღიც გამოცხადდა - 2010 წელი.

ე.ი. კირილეს ვიზიტის ორგანიზატორებს - რუსეთსა და საქართველოში - კიდევ ერთი წელი აქვთ იმისთვის, რომ მოამზადონ სიტუაცია: ყველაფერი გააკეთონ, რათა ქართველი ხალხი ხატებით, სანთლებითა და ყვავილებით დახვდეს „ერთმორწმუნე ძმის“ უნეტარეს მამას. და თუ იყოჩაღეს, ვინ იცის, იქნებ წელსვე მოხერხდეს მისი უწმინდესობის ჩამობრძანება? იქნებ შესაძლებელი გახდეს, რუსეთის საპატრიარქოს ასეთი შინაარსის დეპეშა გაეგზავნოს: „საქართველო ლიბერალებისგან თავისუფალია. გაუმარჯოს რუსი და ქართველი მართლმადიდებლების ძმობას!“

კაცმა რომ თქვას, პროცესი დაწყებულია. აგერ პარლამენტარმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, რომელიც ქრისტიან-დემოკრატებმა თავიანთ კანდიდატად დაასახელეს ომბუდსმენის პოსტზე, ხუთშაბათს გამოგვიცხადა, კანონზე მაღლა რჯულის კანონს ვაყენებ და სექსუალურ უმცირესობებს დამნაშავეებად განვიხილავო (ამიტომ არ დავიცავო)... ვითომ რატომ არ უნდა დახვდეს ბატონი დიმიტრი რუსეთის პატრიარქს აეროპორტში? თანაც, ხატებითა და სანთლებით? ორივე ხომ ერთი და იმავე ფასეულობების დამკვიდრებას ცდილობს? ორივეს რიტორიკაში ხომ არა არჩევანის თავისუფლებაა მთავარი, არამედ - მორჩილება? ამას, ცხადია, პირადაპირ, ვერ ამბობენ და ათასნაირი სოფიზმებით ქადაგებენ, რათა ვინმემ პავლე მოციქულის სიტყვები არ გაახსენოს: „მტკიცედ იდექით თავისუფლებით, რომლითაც ქრისტემ გვათავისუფლა და კვლავ ნუღა დაიდგამთ მონობის უღელს.“

ერთ რამეში კი ნამდვილად მართალია კირილე: ზოგიერთი ლიბერალი დიდ შეცდომას უშვებს, როცა ამტკიცებს, ბოროტება არ არსებობსო.

ბოროტება არსებობს! ცოდვაც! ცოდვა და ბოროტება სწორედ ისაა, რასაც კაგებეს ყოფილი თანამშრომლები ქადაგებენ რუსეთშიც და საქართველოშიც.

ალექსანდრე მენი ადამიანის ყველაზე მძიმე ცოდვას ძალაუფლებისკენ ლტოლვას მიიჩნევდა.

რუსეთს ძალაუფლების მადა დიდი ხანია გახსნილი აქვს. უბრალოდ, თავის საქმეს დღეს უკვე ეკლესიის შეფს აკეთებინებს.

სამუშაოს პირველი ეტაპი შესრულებულია - წინადადებების ბოლოს კითხვის ნიშანი ამოღებულია. 2010 წლამდე დიდი დრო არ რჩება. უნდა ვივარაუდოთ, რომ ახლა იქნება საქმე.

საქმე, ქადაგების ნაცვლად.
მაშ, ასე! ერთკვირიანი შესვენების შემდეგ ვუბრუნდებით სიტყვას, რომელიც, ჩვენი ბლოგის კომენტატორების აზრით, ყველაზე ზუსტად ასახავს საზოგადოების მთავარ პრეტენზიას ხელისუფლების მიმართ. ექვსი დღის განმავლობაში დასახელდა 49 სიტყვა , რომელთა შორის 13-ჯერ გამეორდა „უსამართლობა“.

ამ შედეგისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებას არ ვაპირებ, მაგრამ არც მისი მივიწყება მგონია სწორი. ალბათ, ერთად უნდა განვმარტოთ, ყველაზე მწვავედ სამართლიანობის დეფიციტი რატომ ვიგრძენით, ან რა საფრთხე უკავშირდება უსამართლობის განცდას.

ჩემი ვერსიით დავიწყოთ.

ვარდების რევოლუციის წინა პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა იყო. ეს დაპირება ბევრნაირ შინაარსს იტევდა, მათ შორის, კორუმპირებული ჩინოვნიკებისთვის უკანონო ქონების წართმევას და ხალხისთვის დაბრუნებას, მეანაბრეებისთვის ვალის გასტუმრებას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, საჯარო სამსახურებში თანამშრომლების მიღებას პატიოსანი კონკურსის საფუძველზე...

სამართლიანობის აღდგენის შესახებ დაპირება მეტად მომხიბვლელი აღმოჩნდა ქართველი ხალხისთვის. მაგრამ ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებამ პრიორიტეტი სწრაფად შეიცვალა, როდესაც საკუთარი თავი დაიყენა მორალური დილემის წინაშე: „მეტი სამართლიანობა“ თუ „მეტი ეფექტიანობა“? და საკითხი სამართლიანობის საზიანოდ გადაწყვიტა. სხვათა შორის, ეს ცნობილი დილემაა და მიჩნეულია, რომ მეტი ეფექტიანობა საერთო-საზოგადოებრივ სარგებელს ზრდის, ოღონდ, ხანმოკლე პერიოდით. ერთ წიგნში ასეთი მაგალითიც კი მაქვს ამოკითხული: ვთქვათ, სატვირთო მანქანის მძღოლი ხართ და 100 კგ პროდუქტი უნდა გაუნაწილოთ ორ მოშიმშილე სოფელს. მაგრამ გზა შორია და თუ ორივე სოფელში მიხვალთ, 20 კგ პროდუქტი გადასაყრელი გაგიხდებათ. შეგიძლიათ, გადაწყვეტილება შეცვალოთ, მხოლოდ ერთ სოფელში მიხვიდეთ და მთელი პროდუქტი იქ დატოვოთ. პირველ შემთხვევაში დაზარალდება ეფექტიანობა, მეორე შემთხვევაში – სამართლიანობა, მაგრამ საერთო-საზოგადოებრივი სარგებელი გაიზრდება (რადგან პროდუქტი არ გადაიყრება).

შინაგან საქმეთა ამჟამინდელ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს, საჯაროდაც უთქვამს (ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში) და ჩემთან პირადი საუბრის დროსაც დაუდასტურებია ჯერ კიდევ 2004 წელს, რომ ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი ეფექტიანობის რაც შეიძლება მაღალი ხარისხია. სწორედ ეს ჯადოსნური სიტყვა – „ეფექტიანობა“ – ამართლებდა და იწირავდა ბევრ სხვა, ადრე გამოცხადებულ, მიზანს. ეს სიტყვა წარმართავდა ცვლილებების ხასიათსა და ტემპს.

მაგალითად, იმ მიზნით, რომ ტერიტორია მოესუფთავებინათ სახელოვანი ინვესტორისათვის, უბოდიშოდ დაანგრიეს მრავალსართულიანი სახლი თბილისის ცენტრში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, რაც იქაურ მაცხოვრებლებს ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდათ. იმოქმედეს ეფექტიანად, მაგრამ უსამართლოდ.

იმისათვის, რომ დასაჭერი პირები სწრაფად დაეჭირათ, მასობრივად დანერგეს იარაღისა და ნარკოტიკის „ჩადების“ პრაქტიკა. შემდეგ თავად აღიარეს, რომ ეს ეფექტიანი, მაგრამ უსამართლო გადაწყვეტილება იყო (მახსენდება გიგა ბოკერიას ინტერვიუ, რომელიც „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნდა).

ეფექტიანი ქმედების ნიმუშია ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩატარებული ნებისმიერი პოლიტიკური არჩევნებიც: ხელისუფლება, როგორც წესი, აღწევს დასახულ მიზანს, მაგრამ ამ მიზნის მიღწევის გზები ხშირად უსამართლოა – მოსყიდვა, გადმობირება, დაშინება...

იგივე შეიძლება ითქვას სატელევიზიო სივრცის კონტროლზე. ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ საერთო-ეროვნული ტელევიზიის მფლობელი ან გენერალური დირექტორი მხოლოდ ის ადამიანი უნდა იყოს, ვისაც პრეზიდენტი პირადად ენდობა, საინფორმაციო პოლიტიკის კონტროლის ეფექტიან საშუალებად ჩამოყალიბდა. არადა, მთელი ეს პროცესი მედიის მიმართ უსამართლო და უკანონოა.

სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, ხელისუფლების არჩევანი – მეტი ეფექტიანობა ნაკლები სამართლიანობის ხარჯზე (ეფექტიანობა vs სამართლიანობა) – კატასტროფით დასრულდა შარშან, აგვისტოს ომის დროს. ეფექტიანობაზე გადაგებულმა ხელისუფლებამ შეუქცევადი მარცხი განიცადა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში, რაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის უმთავრეს მიზნად და ზეამოცანად იყო გამოცხადებული. ამ მარცხის შემდეგ შეუძლებელია საუბარი დღევანდელი ხელისუფლების ეფექტიანობაზე. და, თუ კარგად დავაკვირდებით, უსამართლობაც სწორედ შარშანდელი ომის შემდეგ გახდა განსაკუთრებით მტკივნეული, ესე იგი, იმის შემდეგ, რაც დაიკარგა რწმენა ხელისუფლების ეფექტიანობის მიმართ.

ჩემი აზრით, ამოიწურა ის ხანმოკლე პერიოდი, როდესაც სამართლიანობის უგულებელყოფა საერთო-საზოგადოებრივ სარგებელს ზრდიდა. დადგა ახალი ხანა, როდესაც ხელისუფლებისთვის ყველაზე მეტად სასურველი და ყველაზე ძნელად მიღწევადია სტაბილურობა, რაც აუცილებელია სახელმწიფოს განვითარებისთვის. სწორედ უსამართლობის განცდამ (სხვა პრობლემებთან ერთად) გამოიყვანა ქუჩაში საზოგადოების პროტესტულად განწყობილი ნაწილი. ხელისუფლებამ კი ეფექტიანად ქცევის უნარი დაკარგა და სამართლიანად ქცევის უნარი ვერ შეიძინა, რის გამოც ვითარება საგანგებოდ არაპროგნოზირებადი გახდა.

ერთი ტენდენცია მაინც იკვეთება: კანონების გამკაცრება, პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება და ტელევიზიების კონტროლის ერთ ხელში მოქცევა სწორედ ის გზაა, რითაც ჩიხში შესული ხელისუფლება ეფექტიანი ნაბიჯების გადასადგმელად ნიადაგის ხელახლა გამყარებას ცდილობს. შესაბამისად, არც ერთი ნაბიჯი სამართლიანობის დასამკვიდრებლად ჯერ არ გადადგმულა და მოსალოდნელიც არ არის.

მაშ, რა არის მოსალოდნელი? სწორედ ის დროა, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მარტინ ლუთერ კინგის ცნობილი სიტყვები, რომლებიც არაერთხელ თქმულა ჩვენს ბლოგზე: „Without justice, there can be no peace“ – „ვერ იქნება მშვიდობა სამართლიანობის გარეშე“.

რას შეიძლება ნიშნავდეს „არამშვიდობა“ კონკრეტულ დროსა და სივრცეში – აქ და ახლა? ამ კითხვაზე პასუხს ჩვენი განხილვის თემად გთავაზობთ და, რაც მთავარია, ველოდები თქვენს კომენტარებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ შესრულდა რევოლუციამდელი დაპირება ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრების შესახებ.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG