Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 7 აგვისტო. See content from before

შაბათი, 2 ივლისი 2022

ზაზა ბურჭულაძე
ზაზა ბურჭულაძე

რა საჭიროა პარლამენტარი, რომელიც პინგვინს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე საკუთარ ამომრჩეველს?

რა საჭიროა მინისტრი, რომელიც პინგვინს უფრო დიდ პატივს სცემს, ვიდრე საკუთარ თავს?

რა საჭიროა პრემიერი, ვისთვისაც პინგვინი უფრო ძვირფასია, ვიდრე საკუთარი დედა?

რა საჭიროა პრეზიდენტი, რომელსაც პინგვინზე მეტი ჭკუა არ მოეკითხება?

რა საჭიროა მოსამართლე, რომელსაც პინგვინის ბედი უფრო აღელვებს, ვიდრე დაზარალებულის?

რა საჭიროა პროკურორი, რომელიც პინგვინის კეთილდღეობაზე უფრო ზრუნავს, ვიდრე საკუთარი მოქალაქის?

რა საჭიროა პოლიციელი, რომელიც პინგვინის უსაფრთხოებას უფრო იცავს, ვიდრე საკუთარი ოჯახისას?

რა საჭიროა ჯარისკაცი, რომელიც „პინგვინის გადამბრუნებლობაზე“ ოცნებობს?

(არის ასეთი პროფესია. პინგვინის გადამბრუნებელს ევალება პინგვინის გადაბრუნება, თუ ჩიტი ისე წაიქცა, რომ ვეღარ დგება.)

რა საჭიროა ქვეყანა, სადაც პინგვინს უფრო ნათელი მომავალი აქვს, ვიდრე სტუდენტს?

რა საჭიროა ქვეყანა, სადაც პინგვინს უფრო კეთილმოწყობილი ყოფა აქვს, ვიდრე ინვალიდს?

რა საჭიროა ქვეყანა, სადაც პინგვინი უფრო დაფასებულია, ვიდრე პენსიონერი?

ჩვენთან ერთადერთ ადგილას ცხოვრობს პინგვინი. მაგრამ თვითონ პინგვინი არ არის საშიში, საშიში პინგვინის პატრონია, რომელსაც, თავის მხრივ, ეშინია ევროპის, სადაც უმაღლეს ღირებულებას წარმოადგენს ადამიანი და არა პინგვინი. მაგრამ კიდევ უფრო ეშინია კრემლის, რომლის ჩრდილშიც თვითონ აღიქვამს საკუთარ თავს პინგვინად. ეს პინგვინის პატრონი რაღაცით მართლაც ჩამოჰგავს პინგვინს. კერძოდ - ქოჩორა პინგვინს. არის ასეთი eudyptes chrysocome, ჩიტი, რომელიც არ ფრენს.

ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი, პინგვინის გარშემო რომ ტრიალებს ქედდრეკილი, მადლიერი, ცუღლუტი და მანკიერი?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ევგენი მიქელაძე
ევგენი მიქელაძე

საქართველოს კულტურის სამინისტრომ გამოჩენილი ქართველი დირიჟორის, საქართველოს სიმფონიური ორკესტრის დამაარსებლის ევგენი მიქელაძის დაბადების დღეზე, 27 ივნისს, სოციალურ ქსელ ფეისბუკში გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი, რომელშიც 119 წლის წინ დაბადებული მუსიკოსის ყველა მნიშვნელოვანი ბიოგრაფიული დეტალი შეიტანა, გარდა გარდაცვალების, უფრო ზუსტად კი, დახვრეტის ფაქტისა.

არადა, ევგენი მიქელაძის გამორჩეული ცხოვრება და სიკვდილი დიდი ხანია იქცა საქართველოს არა მხოლოდ ისტორიის, არამედ კულტურის ნაწილად. შემთხვევით არ არის, რომ სწორედ მიქელაძეების ოჯახური ტრაგედიის მაგალითზე აიგო თენგიზ აბულაძის „მონანიების“ სცენარი, რომლის მთავარი გმირის, სანდრო ბარათელის პროტოტიპიც ევგენი მიქელაძეა.

ევგენი მიქელაძის ცხოვრება (რაც დაბადებასთან ერთად, ასევე გულისხმობს გარდაცვალებასაც) მხოლოდ იმ დეტალებით არ არის მნიშვნელოვანი, რომლებიც შაბლონურად და ფრაგმენტულად, copy-paste-ით გადმოიტანა ვიკიპედიიდან საქართველოს კულტურის სამინისტრომ. ევგენი მიქელაძე, თავისი სიჭაბუკით (34 წლისა დახვრიტეს), ელვარე ნიჭიერებითა და აბსოლუტური უდანაშაულობით - ყელამდე სისხლში გასვრილი საბჭოთა სისტემისა და მის მიერ მოწყობილი რეპრესიების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მსხვერპლია, რომლის ბიოგრაფია, განსაკუთრებით კი სიცოცხლის ბოლო დღეები, წარსულის გადააზრების უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. ამის ნაცვლად, საქართველოს კულტურის სამინისტრო აქვეყნებს საიუბილეო პოსტს, რომელიც სრულად არის დაცლილი უკიდურესად მნიშვნელოვანი ისტორიული კონტექსტისგან.

„ევგენი მიქელაძე 27 წლის ასაკში გახდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი, შემდეგ კი სამხატვრო ხელმძღვანელი, მანამდე ისწავლა ჯერ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიტორო-თეორიულ განყოფილებაზე, შემდეგ კი პეტერბურგის კონსერვატორიაში, სადირიჟორო კლასში. ევგენი მიქელაძის მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში, ეროვნული საორკესტრო შემსრულებლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. სწორედ ევგენი მიქელაძის სახელს უკავშირდება დამოუკიდებელი სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დაარსება - 1933 წელს მისი ინიციატივითა და ძალისხმევით ორკესტრმა მიიღო ოფიციალური სახელწოდება - „საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი“. დირიჟორის ხანმოკლე შემოქმედებითი მოღვაწეობის განმავლობაში ოპერის თეატრში დაიდგა 20-მდე სპექტაკლი, ევგენი მიქელაძის თაოსნობით სიმფონიური მუსიკის პოპულარიზაციამ საქართველოში არნახულ მასშტაბს მიაღწია, მისი ხელმძღვანელობით გამართულმა საკონცერტო სეზონებმა ძლიერი ბიძგი მისცა ეროვნული სიმფონიური შემოქმედების სწრაფ განვითარებას.1936 წელს მისი ხელმძღვანელობით დაიდგა პირველი ქართული ბალეტი – ბალანჩივაძის „მზეჭაბუკი““, - კულტურის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ამ „მისალოცი ტექსტიდან“ იქმნება შთაბეჭდილება, რომ საბჭოთა კავშირი იყო ერთგვარი მიწიერი სამოთხე ნიჭიერი და თავისუფალი შემოქმედებისათვის.

ამ დროს, სულ ერთ აბზაცშიც შეიძლება იმის ჩატევა, თუ რა ქვეყანასა და სისტემაში უწევდა მუშობა დირიჟორს, როგორ უსწორდებოდა რეპრესიების მანქანა თავისუფალ, ნიჭიერ ადამიანებს. ძალიან ლაკონიურად შეიძლება იმის თქმა, რომ 34 წლის დირიჟორი ჯერ აწამეს, შემდეგ კი დახვრიტეს, რომ გადაასახლეს მისი ცოლიც, ქეთევან ორახელაშვილი.

შორენა ლებანიძე ევგენი მიქელაძეზე დაწერილ ბიოგრაფიულ წიგნში „თუ საჭიროა, გათქმევინებთ“ წერს, თუ როგორ იცავდა ევგენი მიქელაძე შემოქმედებით თავისუფლებას და როგორ არ აძლევდა არავის (მათ შორის, ლავრენტი ბერიას) მის კომპეტენციაში ჩარევის უფლებას.

„დროა ყველამ გაიგოს, რომ აი, აქ, გადაწყვეტილებებს მე ვიღებ. მხოლოდ და მხოლოდ მე და არამც და არამც ვინმე სხვა“.

გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების გამოვლინებით თუ აიხსნება მიქელაძის რეპერტუარში კომუნიზმის მშენებლობისათვის თემატურადაც შეუფერებელი ქართული ოპერების სიჭარბე: მელიტონ ბალანჩივაძის „თამარ ცბიერი”, დიმიტრი არაყიშვილის „შოთა რუსთაველი”, გრიგოლ კილაძის „ბახტრიონი”, თუმცა, ცხადია, სისტემას საბრალდებო დასკვნაში არაფერი ჩაუწერია მუსიკასა და თავისუფლებაზე.

1937 წლის 3 დეკემბერს მაიორ ქობულოვის მიერ შედგენილი საბრალდებო დასკვნის მიხედვით, „ევგენი სიმონის ძე მიქელაძე იყო მემარჯვენეთა ანტისაბჭოთა ორგანიზაციის წევრი... მავნებლურ მუშაობას ეწეოდა ფალიაშვილის სახელობის ოპერის თეატრში“.

13 დეკემბერს შინსახკომის შინაგან ციხეში მყოფი ევგენი მიქელაძე წერილს სწერს საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარს:

„თავს დამნაშავედ ვგრძნობ ჩემ მიმართ წაყენებულ ბრალდებაში... გულწრფელად ვინანიებ და ვაღიარებ, რომ ვიყავი კონტრევოლუციურ-ჯაშუშური ორგანიზაციის წევრი... მართალია, საქართველოს კომპარტიის ცეკას მდვინის, ლ.პ. ბერიასადმი მიმართვის მორალური უფლება არ მაქვს, მაგრამ გთხოვთ, შემიმსუბუქოთ ხვედრი, სასჯელი...“

„დანაშაულის“ აღიარებამდე იყო დაკითხვები და იყო... ასეთი ჩეკისტი - ნიკიტა კრიმიანი (ხრიმიანი), ბერიას კადრი, როგორც რუსი ისტორიკოსი ლევ ლურიე ამბობს, „ბოლომოღებული სადისტი“, რომელიც მოგვიანებით სომხეთის შს სახალხო კომისარი, შემდეგ კი საკავშირო შს კომისრის მოადგილე გახდა. როგორც შორენა ლებანიძე წერს, სწორედ კრიმიანმა აწამა დირიჟორი თოფის საწმენდი ზუმბებით (რუს. Шомпол):

„დუბინკა ძირს მოისროლა, „შომპოლებს“ დასწვდა და აქეთ-იქიდან, ორივე ყურში გამეტებით აძგერა, მხოლოდ იმიტომ, რომ მუსიკოსი მიქელაძე ხელკეტებით ცემისას, სხვა პატიმრებისგან განსხვავებით, ინტენსიურად, სახეს კი არა, ყურებს იფარავდა“.

1937 წლის 13 დეკემბერს საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა სამეულმა გადაწყვიტა: „დაიხვრიტოს. ქონება ჩამოერთვას!“

22 დეკემბერს სახელმწიფო უშიშროების კაპიტანმა მოროზოვმა საგამოძებო საქმე N12537-ში ჩაწერა: „განაჩენი ე.ს. მიქელაქის მიმართ მოყვანილია სისრულეში“.

ნამდვილი ჯოჯოხეთი გაიარა ევგენი მიქელაძის ოჯახმაც. ცოლი, ქეთევან ორახელაშვილი დაიჭირეს და გადაასახლეს, ბინიდან გასახლებულ მცირეწლოვან შვილებს, თინათინსა და ვახტანგს მამიდა ზრდიდა. 2003 წელს ევგენი მიქელაძის ქალიშვილმა, თინათინ მიქელაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა:

„1939 წელს ვარ ხუთი წლის. ვწერ განცხადებას, სად არის მამაჩემი... იმასაც ვერ ბედავდნენ, რომ მამიდაჩემს თავისი სახელით დაეწერა ეს განცხადება და მე მპასუხობენ, რომ მამათქვენი არის ხალხის მტერი, რომ არის გადასახლებული და რომ... ცოცხალია... ჩვენები რომ დაიჭირეს, რაც გვქონდა, კაბები, ჭურჭელი - დატოვეს იმ ოჯახში, რომელმაც ხუთ დღეში მიიღო ის ბინა... იქ ეკატერინე სოხაძე შესახლდა, მომღერალი, იცვამდა დედაჩემის კაბებს... მე სამი წლის ვიყავი, მაგრამ დედაჩემის კაბებს ხომ ვცნობდი - გავეკიდებოდი ხოლმე თურმე ამ ქალს და შემრჩებოდა ეს უცხო ქალი და ისტერიკა მემართებოდა”.

ასეთია ევგენი მიქელაძის ნამდვილი ამბავი: როგორი ახალგაზრდა და ნიჭიერი, როგორ შეიწირა საბჭოთა რეპრესიებმა და არა უბრალოდ „როგორი ნიჭიერი იყო“.

ევგენი მიქელაქის ნამდვილი ამბის მოყოლაა მნიშვნელოვანი და ბუნებრივი იმ ქვეყნისათვის, რომელსაც საბჭოთა კავშირმა, ევგენი მიქელაძის მსგავს გენიალურ შვილებთან ერთად, თავისუფლებაც წაართვა.

კულტურის სამინისტრო ამას უნდა ხვდებოდეს და აკეთებდეს საზოგადოების კრიტიკისა და მითითების გარეშე, თუ ეს საქართველოა, და არა მეზობელი რუსეთი, სადაც საბჭოთა წარსულს ათეთრებენ და ზოგჯერ, სტალინურ რეპრესიებზე საუბარსაც კრძალვენ.

P.S. თითქმის 24 საათიანი დაგვიანებით, რამდენიმე ათეული შენიშვნისა და კრიტიკული კომენტარის შემდეგ კულტურის სამინისტრომ "მიქელაძის ტექსტს" ბოლოში დაურთო აბზაცი: "დიდი ქართველი დირიჟორი ევგენი მიქელაძე 1937 წელს, 34 წლის ასაკში საბჭოთა კავშირში განხორციელებული სასტიკი რეპრესიების მსხვერპლი გახდა სხვა მრავალ ქართველ მამულიშვილთან ერთად".

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG