Accessibility links

მონაცემები და ანალიზი
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მონაცემები და ანალიზი

ორშაბათი, 10 თებერვალი 2025

ახალი სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა საპროტესტო გამოსვლების მოთხოვნებს ემხრობა
ახალი სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა საპროტესტო გამოსვლების მოთხოვნებს ემხრობა

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ იანვრის ბოლოს ჩატარებული საზოგადოებრივი განწყობების კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა გახანგრძლივებულ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს.

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) უახლესი კვლევის თანახმად, რომელიც 2025 წლის 18-30 იანვარს ჩატარდა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ მოსწონს ქვეყნის ტრაექტორია.

გამოკითხულების 61,7% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო დაახლოებით 35% ფიქრობს, რომ საქართველო სწორ გზას ადგას.

შედარებისთვის, იმავე ორგანიზაციის 2024 წლის ივნისის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 57% ამბობდა, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდებოდა.

მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების დაწყების შემდეგ, რომელიც უკვე ორ თვეზე მეტია გრძელდება, „ქართული ოცნების“ ლიდერები ხან ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში „არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არის“, ხან კი ამბობენ, რომ „კრიზისი ხელოვნურად არის გამოწვეული“.

ISSA-ს კვლევიდან ირკვევა, რომ მოსახლეობა „ოცნების“ ლიდერებს არ ეთანხმება - 82,1% ამბობს, რომ ქვეყანაში დღეს პოლიტიკური კრიზისია, 77,9% კი კრიზისზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. შედარებისთვის, 16% თვლის, რომ კრიზისზე პასუხისმგებელი „ნაციონალური მოძრაობაა“, დაახლოებით იმდენივე ასახელებს რომელიმე სხვა ოპოზიციურ პარტიას, 1,1% კი - „დიფ სტეიტს“ ან „გლობალური ომის პარტიას“ (საქართველოში მათი გავლენის არსებობა, იმავე კვლევის თანახმად, მოსახლეობის 19,5%-ს მიაჩნია დამაჯერებლად).

უმრავლესობა მხარს უჭერს პროტესტს და მის მოთხოვნებს

კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროტესტს.

სოციოლოგებმა გამოკითხულებს სთხოვეს, 1-დან 10-მდე სკალაზე შეეფასებინათ, რამდენად იწონებენ აქციებს.

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ მიხედვით, მოსახლეობის 60% პროტესტის მიმართ „ლოიალურია“, აქედან 45% კი აქტიურ მხარდაჭერას გამოხატავს, ხოლო 23,7% პროტესტის მიმართ „გამოკვეთილად შეურიგებელია“. დანარჩენებს ISSA პროტესტის მიმართ „რეზისტენტულებს“ უწოდებს.

ამასთან, კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა იზიარებს პროტესტის ორ მთავარ მოთხოვნას - აქციების დროს დაპატიმრებულების გათავისუფლებას (76,3%) და ახალი არჩევნების დანიშვნას (62%).

საგარეო პოლიტიკა და ომის საფრთხე

უარყოფითია მოსახლეობის აზრი საპროტესტო გამოსვლების კატალიზატორზე - ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე.

გამოკითხულების 67,1%-ს ეს განცხადება მიუღებლად მიაჩნია, მისაღები კი 24,%-სთვის არის.

გარდა ამისა, 54,9%-ის აზრით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა რუსეთის ინტერესების გატარებას ემსახურება და მხოლოდ 7% თვლის, რომ „ოცნებას“ დასავლეთთან ინტეგრაციის გზისთვის არ გადაუხვევია. 30,1% ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ „დაბალანსებულ პოლიტიკას“ ატარებს.

ამის პარალელურად, მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ ემხრობა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციას - ევროკავშირში გაწევრიანებას 86,3%, ხოლო ნატოში გაწევრიანებას - 74,2%.

საინტერესოა, რომ ნატოში გაწევრიანების მაღალი მხარდაჭერის მიუხედავად, გამოკითხულების 52,8% ფიქრობს, რომ საქართველო არცერთ პოლიტიკურ ან სამხედრო სტრუქტურას არ უნდა შეუერთდეს და ნეიტრალიტეტი ჰქონდეს.

მოსახლეობის უმრავლესობა (55%) ასევე არ იზიარებს აზრს, რომ „ქართული ოცნება“ თუ ხელისუფლებიდან წავა, რუსეთთან ომის საფრთხე გაიზრდება, 35,5% კი საპირისპირო აზრზეა.

ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსები

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ კვლევის მიხედვით, დღეისთვის საქართველოში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი სალომე ზურაბიშვილია. მისდამი კეთილგანწყობილია მოსახლეობის 49,6%.

ამასთან, გამოკითხულების უფრო დიდი წილი მიიჩნევს, რომ საქართველოს კანონიერი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია (ასე თვლის 40,1%), და არა მიხეილ ყაველაშვილი (37,7%).

კეთილგანწყობის რეიტინგით ზურაბიშვილს მოსდევენ გიორგი მარგველაშვილი (32,6%), კახა კალაძე (31,8%), ნიკა მელია (30%), ირაკლი კობახიძე (29,8%) და გიორგი გახარია (29,6%).

„იმედი“ ყველაზე პოპულარული არხია

მკვლევრებმა გამოკითხულებს ისიც ჰკითხეს, თუ საიდან იღებენ ინფორმაციას. გამოკითხულების 66,3% ამბობს, რომ ინფორმაციას ტელევიზიით იღებს, 56,8% - სოციალური მედიით.

სატელევიზიო არხებიდან ყველაზე პოპულარული „იმედია“ - მას უყურებს გამოკითხულების 41,8%.

„იმედს” მოსდევს „მთავარი არხი” (37,8%), ტვ „პირველი“ (33,4%), „რუსთავი 2“ (22,7%) და „ფორმულა“ (15,2%).

გამოკითხულების მხოლოდ 9%-მა თქვა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს უყურებს.

„სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” და „საქართველოს გაეროს ასოციაციის” დაფინანსებით ჩატარებული კვლევის ფარგლებში, „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა” 2000 რესპონდენტი გამოჰკითხა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. ცდომილების ზღვარი ±2.2%-ია.

იშვიათ მიწათა მინერალებს იყენებენ მაღალტექნოლოგიურ წარმოებასა და განახლებადი ენერგიის პროდუქტებში
იშვიათ მიწათა მინერალებს იყენებენ მაღალტექნოლოგიურ წარმოებასა და განახლებადი ენერგიის პროდუქტებში

ვაშინგტონს, მოსკოვსა და კიევს შორის უკვე მიმდინარეობს დიპლომატიური ჭიდილი, კულისებს მიღმა საუბარი და საჯარო პოზიციონირება იმის შესახებ, რომ გაირკვეს, როგორ შეიძლება შეწყდეს სამწლიანი სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში.

ახლა კი ამას დაუმატეთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს, უკრაინას მომავალი დახმარება იმ პირობით გადასცეს, რომ სანაცვლოდ მიიღებს მეტ წვდომას მათ ძვირფას “იშვიათ მიწათა” მინერალებზე. მათზე მზარდი მოთხოვნაა ბატარეებისთვის, კომპიუტერებისთვის, სმარტფონებისა და ელექტრომანქანებისთვის, იარაღზე რომ არაფერი ვთქვათ.

“ჩვენ გვსურს უკრაინას შევუთანხმდეთ, რომ ჩვენ რასაც ვაძლევთ, იშვიათ მიწათა [მინერალებით] და სხვა რაღაცებით გაანაღდებენ”, - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს 3 თებერვალს.

“მინდა იშვიათ მიწათა მინერალებზე გარანტია. ასობით მილიარდ დოლარს ვდებთ. მათ დიდებული იშვიათ მიწათა მინერალები აქვთ. მე კიდევ მათზე გარანტია მინდა მქონდეს, მათ კი ამის გაკეთება სურთ”, - თქვა მან.

უკრაინის რეაქცია? არ ვართ წინააღმდეგიო.

“ჩვენ ღია ვართ იმის მიმართ, რომ ეს ყველაფერი განვითარდეს ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვისაც შეუძლია, ჩვენი მიწების დაცვაში დაგვეხმაროს, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე, - ეს სრულიად სამართლიანია. ამაზე პრეზიდენტ ტრამპს სექტემბერში გამართულ შეხვედრაზეც ველაპარაკე”.

და მაინც, რა არის იშვიათ მიწათა მინერალი?

იშვიათ მიწათა მინერალების ნაირსახეობა 17 მინერალისაგან შედგება. მათ შორისაა, მაგალითად, იტრიუმი, ცერიუმი და ლანთანი, რომლებიც მცირე რაოდენობით გვხვდება დედამიწის ზედაპირზე. მათზე მოთხოვნა მზარდია მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებში მათი გამოყენების გამო. ბატარეების დაპატარავების და შემსუბუქების, ასევე მათი გაძლიერებისა და ხანგრძლივობის გაზრდისთვის მიმდინარე ბრძოლა მოიცავს იშვიათ მიწათა მინერალების გამოყენებას. თავდაცვით ინდუსტრიებს კი ეს მინერალები შეიარაღებისა და ამასთან დაკავშირებული ტექნოლოგიებისთვის სჭირდებათ.

იშვიათ მიწათა სხვა მინერალებს იყენებენ ქიმიურ კატალიზატორებად მაგნიტებში, კომპიუტერებსა და გენერატორებში.

იშვიათ მიწათა მინერალების მოპოვებაში ყველაზე დიდი დაბრკოლება ისაა, რომ მათი მცირე რაოდენობის გამო, ძალიან ბევრი მიწა უნდა ამოთხარო, მათ ადეკვატურ რაოდენობას რომ მიაგნო. შემდეგ კი უნდა გამოარჩიო და გადაამუშაო, სანამ ტექნოლოგიასა თუ მანქანა-დანადგარებში გამოიყენებ.

უკრაინის გეოლოგიური კვლევის თანახმად, უკრაინას დიდი რაოდენობით გააჩნია იშვიათ მიწათა მინერალები.

მათ ასევე აქვთ ნაკლებად იშვიათი, უფრო ხშირი მინერალები, რასაც ასევე იყენებენ ტექნოლოგიებსა და მაღალგანვითარებულ ინდუსტრიებში - მაგალითად, ლითიუმი, რომელიც ფართოდ გამოიყენება ყველა სახის ბატარეაში და ტიტანი, რომელსაც თვითმფრინავების წარმოებაში იყენებენ. ზოგი შეფასებით, უკრაინის ლითიუმის დეპოზიტები მილიარდობით დოლარის ღირებულებისაა.

ტრამპი შეიძლება ამ მინერალებსაც გულისხმობდეს. თავად ეს არ დაუკონკრეტებია.

უკრაინას ასევე აქვს ბევრად უფრო დიდი რაოდენობით სხვა, ხშირი მინერალების რესურსები - ქვანახშირი, რკინის მადანი, ნავთობი და გაზი - რასაც ქვეყნისთვის დიდი შემოსავალი და საინვესტიციო შესაძლებლობები მოაქვს.

ბევრი ეს რესურსი განთავსებულია უკრაინის იმ ნაწილებში, რომლებსაც ახლა რუსული ჯარი იკავებს და შეიძლება, საბოლოოდ რუსეთის სრული კონტროლის ქვეშ აღმოჩნდეს.

რად უნდა ისინი ტრამპს?

წლებია დაჩქარებულია რბოლა იშვიათ მიწათა მინერალების აღმოსაჩენად, გასანაღდებლად, გასავითარებლად და ფულში გარდასაქმნელად. აშშ-ის გეოლოგიური კვლევის თანახმად, ჩრდილო ამერიკაში არსებული მინერალებიდან 3,6 მილიონი ტონა აშშ-შია, 14 მილიონი - კანადაში. აშშ ჩინეთის შემდეგ მსოფლიოში მეორე ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. მათ შორისაა ავსტრალია და მიანმარიც (ყოფილი ბირმა).

2023 წელს კი, ჩინეთმა, რომელიც მსოფლიოს იშვიათი მინერალების 60%-ს აწარმოებს და 90%-ს გადაამუშავებს, მსოფლიო ბაზრები შეარყია, როცა გამოაცხადა, რომ კრძალავდა იშვიათ მიწათა მინერალების მოპოვებასა და წარმოებას.

ამის გამო დასავლეთში განგაშის ზარებს შემოჰკრეს, სადაც კანონმდებლები და პოლიტიკოსები იმაზე დარდმა მოიცვა, რომ იშვიათი მინერალების დეფიციტი დასავლურ ტექნოლოგიებს ზიანს მიაყენებდა.

ჩინეთმა კიდევ ერთხელ გამოიწვია ვნებათაღელვა, როცა 3 თებერვალს, ტრამპი რომ ჟურნალისტებს ელაპარაკა, ტარიფები დაუწესა გარკვეულ ამერიკულ საქონელს იმ ტარიფების პასუხად, რომელიც წინა დღეებში ტრამპმა გამოაცხადა.

პეკინმა ასევე საექსპორტო კონტროლი დააწესა ვოლფრამზე, ტელურსა და მოლიბდენზე - კრიტიკულ მინერალებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მაღალტექნოლოგიური წარმოებისთვის, მაგრამ არ კვალიფიცირდება იშვიათ მიწათა მინერალებად.

დონალდ ტრამპმა 3 თებერვალს უთხრა ჟურნალისტებს, რომ უკრაინის დახმარების სანაცვლოდ, იშვიათი მინერალები სურს
დონალდ ტრამპმა 3 თებერვალს უთხრა ჟურნალისტებს, რომ უკრაინის დახმარების სანაცვლოდ, იშვიათი მინერალები სურს

შეუძლია ტრამპს, უკრაინის დახმარება იშვიათ მინერალებს მიაბას?

ალბათ.

უკრაინა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ამერიკულ შეიარაღებასა და აღჭურვილობაზე, რაც კიევს რუსული შემოსევის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარა. სექტემბრის მდგომარეობით, უკრაინასთან დაკავშირებული მიზნებისთვის კონგრესმა $174,2 მილიარდი გამოყო, საიდანაც უმეტესობა მოდის თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვასთან დაკავშირებულ ანგარიშებზე, იუწყება კონგრესის კვლევითი სამსახური.

ტრამპი, რომელმაც უკრაინაში კონფლიქტის დასრულება მთავარ პრიორიტეტად დაისახა, თავის მრჩევლებთან ერთად მიუთითებს, რომ მოლაპარაკებათა ნაწილი მიმართული იქნება უკრაინის დაყოლიებისა და წნეხისკენ, რათა კიევი და მოსკოვი მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ. ამისათვის საჭიროა, აშშ-ის სამომავლო დახმარება უკრაინის დათმობებზე იყოს დამოკიდებული. ამ გათვლის დიდი ნაწილი შეიძლება გულისხმობდეს უკრაინის დარწმუნებას, ამერიკელ ინვესტორებს მეტი წვდომა მისცეს იშვიათ და კრიტიკული მნიშვნელობის მინერალებზე.

ამერიკული შეიარაღების გარეშე, უკრაინის ჯარი მოირყევა, განსაკუთრებით, უფრო დიდი და უკეთ შეიარაღებული რუსული ჯარის დაუნდობელი ზეწოლის ფონზე. უცნობია, რამდენ ხანში ჩამოიშლება მათი თავდაცვა ასეთ შემთხვევაში.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ტრამპი ამერიკულ იარაღს უკრაინის დათმობებს აბამს, თანაც კონკრეტულად პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან. მისი პირველი საპრეზიდენტო ვადისას, წარმომადგენელთა პალატამ, სადაც მაშინ “დემოკრატებს” ჰქონდათ უმრავლესობა, მისი იმპიჩმენტი მოახდინა ზელენსკისთან სატელეფონო ზარის გამო. საუბრისას ტრამპი მიანიშნებდა, რომ ის ამერიკულ დახმარებას გაგზავნიდა, თუ ზელენსკი ხელახლა წამოიწყებდა გამოძიებას უკრაინული ენერგოკომპანიის შესახებ, რომლის ბორდის წევრიც იმხანად ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟი იყო.

იურისტები დავობდნენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს არ აქვს სამართლებრივი უფლება, შეაჩეროს დაფინანსება, რომელიც კონგრესმა გამოყო.

ტრამპი, რომელიც უარყოფდა ყველანაირ დანაშაულს, და ამ საუბარს “გადასარევ სატელეფონო ზარს” უწოდებდა, “რესპუბლიკელების” უმრავლესობიანმა სენატმა გაამართლა.

ამჯერად კი “რესპუბლიკელები” კონგრესის ორივე პალატას აკონტროლებენ და ამდენად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამერიკული დახმარების პირობებით გაცემაზე კონგრესი ყაბულს არ იქნება. თანაც ტრამპი და მისი მრჩევლები კუნთებს ათამაშებენ და ამბობენ, რომ აღმასრულებელი შტოს გადაწყვეტილებებში კონგრესი დიდად არ უნდა ერეოდეს.

რას ფიქრობს კრემლი ამ ყველაფერზე?

რუსეთსაც აქვს იშვიათი და კრიტიკული მინერალების რეზერვები, თუმცაღა მისი წარმოების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ჩინეთსა და სხვა ქვეყნებს.

საზოგადოდ, ყველაფერი, რაც უკრაინას ცხოვრებას ურთულებს, მიიჩნევა, რომ კარგია მოსკოვისთვის, სადაც იციან, რომ კიევს ბრძოლის საშუალება ამერიკულმა შეიარაღებამ მისცა.

რუსეთი, რომელიც ბრძოლის ველზე უპირატესობას ფლობს, პოტენციური სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ პოზიციას იკავებს. ეს გულისხმობს ქათინაურებსაც ვლადიმირ პუტინის მხრიდან.

ტრამპის თეთრი სახლის ერთ-ერთი ბერკეტი ის მუქარაა, რომ უკრაინას კიდევ უფრო მეტ იარაღს გადასცემს, რაც ცუდი იქნება რუსეთის ჯარისთვის და კრემლისთვის.

როცა ტრამპის კომენტარებზე ჰკითხეს იშვიათი მინერალების შესახებ, კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თეთრ სახლს უნდა, უკრაინას დახმარებისთვის გადაახდევინოსო.

“ნათელია, რომ ეს არის შეთავაზება უკრაინისთვის, იყიდონ ამერიკული დახმარება”, - თქვა მან.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG