Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისური ფოლორცი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი 2024

თბილისის მერმა მორიგი პირდაპირი ჩართვის დროს საზოგადოებას სიურპრიზად წარუდგინა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობის პროექტი და განაცხადა, რომ ასეთ იერსახეს ქვეყნის ყველაზე მნივშნელოვანი ადგილი რამდენიმე დღეში, ივლისის ბოლოს ან აგვისტოს პირველ რიცხვებში მიიღებს.

ასეთი იქნება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია
ასეთი იქნება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია

თბილისის მერიის ასეთმა გადაწყვეტილებამ, რომელიც არც საჯაროდ განხილულა და არც სპეციალისტებთან შეთანხმებულა, საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

რა იყო სარეაბილიტაციო?

საქართველოს პრალამენტის შენობის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წლის 20 იანვრიდან მიმდინარეობს, თავდაპირველი გეგმის მიხედვით, რეაბილიტაცია 21 მარტს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი დღემდე შემოღობილია.

რეაბილიტაციის 130-ე დღე
რეაბილიტაციის 130-ე დღე

ვადების დარღვევა პანდემიას დაბრალდა, თუმცა იმთავითვე საეჭვო იყო რეაბილიტაციის აუცილებლობა. პარლამენტის მოედნის შემოღობვით თბილისის მერიამ საპროტესტო სივრცე ჩაუკეტა როგორც მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებს, ასევე მალხაზ მაჩალიკაშვილს, რომელსაც 2019 წლის 30 დეკემბრამდე (ვიდრე თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა არ აიღო) კარავი ჰქონდა გაშლილი.

პარლამენტის მოედანზე ფილების აყრამდე, თბილისის მერიამ სწორედ ამ ადგილზე უმასპინძლა საშობაო ბაზრობასა და ატრაქციონებს, აქ გაშალა ზვიგენის ფორმის გასაბერი ბატუტი. მალხაზ მაჩალიკაშვილი დარწმუნებული იყო, რომ ყოველივე ეს მისი პროტესტის აღსაკვეთად გაკეთდა.

გასაბერი ბატუტი პარლამენტის წინ
გასაბერი ბატუტი პარლამენტის წინ

გაჭიანურებული რეაბილიტაციის კომენტირებისას იგივეს ამტკიცებდნენ მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებიც, რომლებიც პარლამენტის წინ მრავალი თვის განმავლობაში მართავდნენ აქციებს და მოითხოვდნენ მაშინდელი შს მინისტრის გადადგომასა და პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამ მათ პროტესტს პირდაპირი მნიშვნელობით გამოაცალა ნიადაგი,

კახა კალაძე
კახა კალაძე

ქალაქის მერი, კახა კალაძე დღემდე ამტკიცებს, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა.

„პარლამენტის წინ მთლიანად ხდება სივრცის სრული მოწესრიგება და განახლება, იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, სადრენაჟო სისტემა, თბოიზოლაცია. ქვის ფილები გაიწმინდა. გაუბედურებული იყო შადრევნები, მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა აგრეგატები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ოკუპაცია საკუთარ ქალაქში

კახა კალაძის მიერ პირდაპირ ეთერში ნაჩვენებმა პროექტმა გულგრილი არავინ დატოვა. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მოედნის გამწვანების გეგმამ.

თარგები პარლამენტის წინ
თარგები პარლამენტის წინ

ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილისათვის „გაუგებარია“, რა პრაქტიკულ ან ესთეტიკურ მიზანს ემსახურება გაშილი სივრცის უცნაური ფორმის მწვავე ნარგავებით ამოვსება.

ცირა ელისაშვილი
ცირა ელისაშვილი

„ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ შემოგვთავაზებედნენ ასეთი ტიპის პროექტს, რომელიც სრულიად მიუღებელია ურბანული გარემოსთვის. ეს ადგილი არც სკვერია და არც ტროტუარი, ესაა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შენობის წინამოედანი, რომელსაც თავისი ძალიან მძიმე ისტორიული კონტექსტი აქვს. ვფიქრობ, პროექტი გააზრებულია არა ურბანულად, არამედ საზოგადოებისათვის დისკომფორტის შემქმნელ ბარიერად, რომლის შედეგადაც რაც შეიძლება ცოტა ხალხისთვის უნდა დარჩეს ადგილი“, - უთხრა ცირა ელისაშვილმა რადიო თავისუფლებას.

სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე კი ამბობს, რომ ასეთი რამ თბილისის მერიას პირველად არ გაუკეთებია. პარტიზანი მებაღე იხსენებს კალაძის წინამორბედის, დავით ნარმანიას დროს.

ნატა ფერაძე
ნატა ფერაძე

„მერიის წინ მდებარე სკვერი, სადაც კარგვები გვქონდა გაშილი და პროტესტის ნიშნად ვშიმშილობდით, აქციის დასრულებელის შემდეგ საჩქაროდ გამოტენეს ბუჩქებით. ფაქტობრივად მოახდინეს სკვერის ოკუპაცია, რომ იქ კარავი არ გაშილილიყო. ყველაფერს აკეთებენ აქციებისთვის ხელის შესაშლელად“, - დარწმუნებულია ნატა ფერაძე.

თვითონ თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ინფრასტრუქუტურული პროექტების განხორციელებით ვინმესთვის ხელის შეშლა აზრად არ მოსვლია.

„ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი მიდგომისა და დამოკიდებულებისგან. ამ ქვეყანაში ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრებები, რამდენადაც განსხვავებული და მძიმე არ უნდა იყოს. ამ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ეს დამოკიდებულება ჩვენი მხრიდან არ შეიცვლება არასდროს, მაგრამ ის, რაც გასაკეთებელია, აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში პროექტი დასრულდება და ეს ადგილი გალამაზებული და მოწესრიგებული დაუბრუნდება თბილისს. დარწმუნებული ვარ ბევრ ადამიანს მოეწონება ჩვენს მიერ ჩატარებული სამუშაო“, - განაცხადა პარლამენტთან მიმდინარე სამუშაოს დასათვალიერებლად მისულმა კახა კალაძემ.

კახა კალაძე
კახა კალაძე

თბილისის მერის ნათქვამიდან ჩანს, რომ პროექტი საჯაროდ არ განხილულა და მისი იმედი, რომ „ბევრ ადამიანს მოეწონება ჩატარებული სამუშაო“ მხოლოდ სურვილია და არაფერს ეყრდნობა. სამოქალაქო აქტივისტების დაკვირვებით, თბილისის მერიას წესად აქვს ინფრასტრუქუტურული პროექტების - სკვერების დიზაინის, ქუჩების დიზაინის კეთება, ქუჩაში ხეების დარგვის- კეთება, ერთობ საეჭვო კვალიფიკაციით.

„ეს ძირითადად ეხებოდა პატარა საუბნო სკვერებს, რომლებიც კეთდებოდა სრულიად შეუსაბამოდ. პროფესიონალი დიზაინერის ხელი არ ეტყობოდა პროექტებს. ვითხოვდით მეტ ჩართულობას, კონკურსს, გამჭვირვალობას, მაგრამ ყურს არ იბერტყავდნენ. შემდეგ მასშტაბი გაიზარდა: დედაენის ბაღი, გუდიაშვილის მოედანი... დახურულ კარს მიღმა იღებენ მეტად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. რაც რუსთაველის გამზირზე ხდება - ესაა აპოთეოზი: შემთხვევით, კახა კალაძის „ლაივში“ ვხედავთ დიზაინს, რას აკეთებენ რუსთაველის გამზირზე. ეს არის ავტოკრატულობის შედეგი. დემოკრატიულ ქვეყანაში მსგავსი არაფერი მოხდება. ასე ერთპიროვნულად წყდებოდეს ქვეყნის ცენტრალური მოედნის დიზაინის საკითხი დახურულ კარს მიღმა, კონკურსის და საზოგადოების ჩართულობის გარეშე, წარმოუდგენელია“, - ამბობს ნატა ფერაძე, რომელიც აღშფოთებას ვერ მალავს იმის გამოც, რომ საზოგადოებისათვის მოედნის რეკონსტრუქციის დაწყებიდან მხოლოდ ექვსი თვის თავზე გახდა ცნობილი, თუ როგორ იერსახეს მიიღებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.

„დიზაინის ან სივრცითი გეგმარების თვალსაზრისით შეფასებას არ გავაკეთებ, რადგან ეს მოცემულობა ვერ უძლებს კრიტიკას, - უთხრა რადიო თავისუფლებას ცირა ელისაშვილმა, - „თუმცა რომც მოგვწონებოდა საზოგადოების დიდ ნაწილს, ჩემი დამოკიდებულება მაინც არ შეიცვლებოდა. ის, რომ ეს კეთდება სადღაც ჩაკეტილ სივრცეში და ამაში მონაწილეობას არ იღებს საზოგადოების აქტიური ნაწილი, გვაწვდიან როგორც შემდგარ ფაქტს - ასეთი მიდგომა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, მით უფრო, რომ ხელისუფლებამ იცოდა, რომ ამ სივრცის მიმართ ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იყო“.

ადგილის საკრალურობა

მაინც რა განაპირობებს ამ სივრცის მიმართ განსაკუთრებულ საზოგადოებრივ ინტერესს?

სოციოლოგ ემზარ ჯგერენაიას თქმით, საქართველოს პარლამენტის წინ არსებული სივრცე უმნიშვნელოვანესი ისტორიული სივრცეა და ეს ისტორიულობა მას მიანიჭა საქართველოს ბრძოლამ დამოუკიდებლობისათვის: ყველა ძირითადი დრამა ეროვნულ დონეზე ამ სივრცეში გათამაშდა.

ემზარ ჯგერენაია, სოციოლოგი
ემზარ ჯგერენაია, სოციოლოგი

„უნდა ითქვას, რომ მთლიანად რუსთაველის პროსპექტი და კერძოდ ეს ტერიტორია, საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის, ერთგვარი მეხსიერების ადგილია, სადაც საზოგადოება იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. მარტო 9 აპრილის დასახელებაც გვეყოფოდა ამისთვის, თუმცა საბჭოთა პერიოდშიც ხშირად ყოფილა დრამატული მოვლენები რუსთაველზე, ვარდების რევოლუციის დროსაც აქ იკრიბებოდნენ ადმიანები და შემდგომ წლებშიც... ასე რომ, ეს ერთგვარად საკრალური ადგილიც კია ჩვენს ნაციონალურ მეხსიერებაში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ემზარ ჯგერენაიამ, რომელიც ასევე დარწმუნებულია, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის ოკუპაციის მორიგი მცდელობაც წარუმატებლად დასრულდება:

„ჩვენი დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში გამუდმებით არის ამ ადგილის ოკუპაციის მცდელობა. ცდილობენ ისეთი რამე გააკეთონ, რომ ნაკლები იყოს ადამიანების კონცენტრაცია, ერგვარად წაიშალოს გამოხატვის ადგილი. სამწუხაროა ეს ამბავი, მაგრამ ამის თქმა შეიძლება ყველა ხელისუფლებაზე. თუმცა ვერანაირი მცდელობა ვერ შეცვლის ამ ადგილის მნიშვნელობას და ეს ადაგილი მაინც დარჩება მთავარ ადგილად, სადაც მოქალაქეები ყოველთვის იტყვიან თავის სათქმელს. ხალხი ყველა შემთხვევაში მოახერხებს შეკრებას. იმედია რედუტებს არ აღმართავენ. რა უნდა გაკეთდეს ისეთი, რომ ადამიანები იქ ვერ მივიდნენ? თანაც მთელი რუსთაველის გამზირი ამ სივრცის ნაწილია. თუ მოედანზე ვერ ეტევა ხალხი, გადადის სავალ ნაწილზე“.

პარლამენტის წინ...
პარლამენტის წინ...

ის რაც სამოქალაქო საზოგადოებისათვის „მეხსიერებისა და გამოხატვის ადგილი“, ერთგვარი ქართული აგორაა, ხელისუფლებისათვის „ქვეყნის სავიზიტო ბარათია“.

„კეთდება მწვანე ნაწილი, დეკორაციები, განათება... ძალიან ლამაზი გამოდის... საქართველოს პარლამენტის შენობა, რუსთაველის გამზირი არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი და ამიტომ ამ ტერიტორიის თანამედროვე სახით მოწყობა უდავოდ პოზიტიურია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

ადგილის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა კახა კალაძემ:

„9 აპრილის ისტორიული ქვის ფილები ამოღებული და დასაწყობებული გვაქვს. ყველა დაბრუნდება თავის ადგილზე, რათა შემონახული იყოს ისტორია, რაც ასე მნიშვნელოვანია“.

თბილისის მერს არაფერი უთქვამს საპროტესტო ადგილისა და პროტესტის ტრადიციაზე, რომლის მოშლასაც მოემსახურება გამწვანების თარგებით დანაწევრებული მოედანი.

რა ახსოვს პარლამენტის მოედანს?

XIX საუკუნის 60-იან წლებამდე, საქართველოს პარლამენტის შენობის ადგილზე განთავსებული იყო კავკასიის არმიის არსენალი, საიდანაც დღის ყოველ 12 საათზე ისროდა ზარბაზანი.

1859 წელს ღუნიბში შამილის დატყვევების აღსანიშნავად პარლამენტის მიმდებარე ადგილს ღუნიბის მოედანი უწოდეს.

ალ. ნეველის სამხედრო ტაძარი, "სობორო"
ალ. ნეველის სამხედრო ტაძარი, "სობორო"

1897 წელს აკურთხეს ალ. ნეველის სამხედრო ტაძარი („სობორო“), რომელიც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შენდებოდა.

1921 წლის ამ ეკლესიის ეზოში დაკრძალეს კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლებში დაღუპული მედდა მარო მაყაშვილი და 9 იუნკერი.

მარო მაყაშვილი
მარო მაყაშვილი

1934 წელს ლავრენტი ბერიას დავალებით „სობორო“ დაანგრიეს და მის ადგილზე მთავრობის სახლის აშენება გადაწყვიტეს.

მთავრობის სახლის - პარლამენტის დღევანდელი შენობის ზედა ნაწილის (ინგოროყვას ქუჩაზე გამავალი) მშენებლობა დასრულდა 1938 წელს, ქვედა ნაწილის (რუსთაველის გამზ.) 1953 წელს.

"მთავრობის სახლი", დღევანდელი პარლამენტის შენობა
"მთავრობის სახლი", დღევანდელი პარლამენტის შენობა

მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიას ახსოვს 1956 წლის მარტის სისხლიანი მოვლენები, 1974 წლის 14 აპრილის მღელვარება, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის საპროტესტო გამოსვლები და 1989 წლის 9 აპრილი; ახსოვს სამოქალაქო ომის დღეები, კანონიერი ხელისუფლების მომხრეეთა საპროტესტო გამსვლები, ვარდების რევოლუცია, 2007 წლის 7 ნოემბერი, 2011 წლის 26 მაისი, 2012 წლის ხალხმრავალი აქციები, 2019 წლის 21 ივნისის დარბევა, სარალიძის, მაჩალიკაშვილის და სხვათა და სხვა მრავალი პროტესტი...

ერეკლე II-მ ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში სამჯერ იქორწინა. მესამედ და უკანასკნელად - დარეჯან (დარია) დადიანზე, რომლისგანაც 19 შვილი შეეძინა. „იძახიან: რაც დარეჯან დედოფლის ნება იყო, სულ იმის ნების მიმყოლი იყო მეფე ირაკლიო და ამილახვარ ოსეფა ყორღანაშვილიც ჰყვარობდაო“, - ალექსანდრე ორბელიანის ჩანაწერებში, რომელიც 1851 წლითაა დათარიღებული, 23 გვერდი ეთმობა დარეჯან დედოფლის, მისი ამილახვრის ოსეფა ყორღანაშვილისა და ერეკლე II-ის ურთიერთობის გარჩევას ანუ იმის გარკვევას, ღალატობდა თუ არა ცოლი ერეკლე II-ს.

ჭორიკანა კაცები

ალექსანდრე ორბელიანს, როგორც ირკვევა, კალამი მას შემდეგ აუღია ხელში, რაც ყურადღებით გადაუკითხავს „რუსულათ დაბეჭდილი წიგნი მოგზაურობა მურავიოვისა საქართველოში“, სადაც დედოფალი დარეჯანი და „მეფის ირაკლის სასახლე სრულად გარყვნილად“ იყვნენ გამოყვანილი.

ალექსანდრე ჯამბაკურ ორბელიანი ერეკლეს შვილიშვილია, მეფის სასახლის ამბები კი დედისგან, თეკლე ბატონიშვილისგან იცის და ამიტომაც აღშფოთებულია წაკითხულით.

თეკლე ბატონიშვილი
თეკლე ბატონიშვილი

„იმათ სახლში იყო წმინდა ზნეობა და პატიოსნებითი ქცევა მოწიწების კრძალულებით. სხუას ნურაფერს ნურას ვიტყვი, ეს მაინც მინახავს, რომ მეფის ირაკლის ქალები, დარეჯან დედოფლისგან დიდის ყურადღებით გაზრდილები: ქეთევან, ეკატერინე, ანასტასია და დედაჩემი, ასეთი ღვთიური და პატიოსნები იყვნენ“, - ამბობს ალექსანდრე ორბელიანი და იქვე შენიშნავს, რომ დედოფალ დარეჯანზე ნათქვამი აუგი ბოლომდე მურავიოვის ბრალი არ არის, რადგან „ღენერალ ოტ-ინფატერს თავად გიორგის იასეს ძეს ქსნის ერისთოვს და იმის მეგობარს რუსეთის ჩინოვნიკს პლატონ იოსელიანს უანბია და მურავიოვსაც დაუწერია, ასე ჰგონებია: ეს რუსეთის დიდი ჩინოვნიკები ტყუილს არას მეტყვიანო“.

პლატონ იოსელიანი
პლატონ იოსელიანი

ალექსანდრე ორბელიანის თქმით, მურავიოვს რომ კარგად გამოეკითხა, გაიგებდა როგორი დასჯილი იყო ერეკლეს დროს გიორგი ერისთავის გვარი ღალატისთვის და როგორ ჰქონდათ ჩამორთმეული მამული და ყმები, როგორ ძლივს შოულობდნენ საცხოვრებელსო და ა.შ. მოკლედ, გულუბრყვილოდ სჯერა, ყოველივე ეს რომ სცოდნოდა, მურავიოვი სხვას დაწერდაო.

ნათლული და საყვარელი?

ოსეფა (იოსებ) ყორღანაშვილი - დედოფლის სახლთუხუცესი, ნათლული და შეძლებული მოქალაქე - დიდად დაფასებული იყო მეფის კარზე. სარგებელი მოჰქონდა როგორც მეფის სახლისათვის, ისე სამეფოსთვის, თუმცა, როგორც ალექსანდრე ორბელიანი ამბობს, ბოლო დროს ისიც მოღალატე გახადეს.

ალექსანდრე ორბელიანი
ალექსანდრე ორბელიანი

ოსეფა ვალში იყო მეფესთან, რადგან, როცა უფროსი ძმისგან, სტეფანესგან მოძულებულ-დაჩაგრული ლეკებში გაიქცა, სწორედ ერეკლემ დააბრუნა უკან:

„ცოლი იქაური შეირთო და სარწმუნეობის შეცვლასაც თხოვდნენ. ეს რომ შეიტყო ირაკლიმ, ძალიან გაბრაზდა და უკან დააბრუნა ოსეფა. ერთნი ამბობდნენ გათათრდაო, მეორენი ამბობდნენ მიუსწრესო... ერეკლემ სომხის ტერტერა მოიყვანა და დარეჯან დედოფალს მოანათლინა. ამილახვრობა უბოძა“.

ოსეფა ამილახვარმა ისე ივარგა, რომ მოკლე დროში „მეფის თავლა გამოჩენილის ცხენებით აავსო“, მეფის საქონელს და ცხვარს თვლა არ ჰქონდა, ვენახები და ხვნა-თესვაც გაამრავლა, სალაროც გაამდიდრა.

სწორედ ოსეფას ურჩევია ერეკლესათვის „აბრაშუმის გაკეთება“, რისთვისაც მდინარე ქციის გადაღმა-გადმოღმა მინდვრები თუთის ხეებით გაუვსია, ხრამზე კი ქოლაგირად წოდებული ციხე აუგია.

მეფეც არ რჩებოდა ვალში და სათანადო პატივს სცემდაო, - წერს ალექსანდრე ორბელიანი და იქვე დასძენს, - და ამის გამო საქართველოს თავადებმა შური იძიესო:

„მეფის ირაკლის უსვინდისო მტრებმა ამის მეტი ვეღარა მოიფიქრეს რა, რომ ჩუმათ მითქმა-მოთქმა შექმნეს: დარეჯან დედოფალს ჰყვარობსო. აი, პირველათ საიდგან და რა მიზეზით დაიბადა ეს სიცრუე ჭორი დარეჯან დედოფალზედ“.

დარეჯან დედოფალი
დარეჯან დედოფალი

თუმცა, საქმე მხოლოდ ჭორების გავრცელებით არ დასრულებულა. ერთ დღეს საჩქარო საქმეზე ავლაბრისკენ მიმავალი ოსეფა ბატონის მოედანზე სარდალ დავით ორბელიანს გადაეყარა. ოსეფა ცხენზე იჯდა, სარდალი ქვეითად იყო. ოსეფა თავის დაკვრით მიესალმა. ვიღაცამ ორბელიანის გასაგონად ჩაილაპარაკა, სარდლის წინაშე ცხენიდან გადმოხტომას არ კადრულობსო, რაზეც ორბელიანი გაცეცხლებულა:

„ეგ მამაძაღლი ცხენიდან გადიღევით, როგორ გაბედა ცხენიდან არ გადმამიხტა, დაჰკარით მაგასო“.

მერე თურმე ნანობდა დავით ორბელიანი, ამბობდა კიდეც, ეს რა ვქენი, რატომ ვცემე ასეთი ერთგული კაცი, ასეთი დაუხედავი საქმე არ მომსვლია ჩემ დღეშიო.

„ერეკლეს ეწყინა, მაგრამ სარდალი ძალიან საჭირო კაცი იყო და მოუთმინა. ამის შემდგომ ოსეფა ყორანაშვილი დიდი დაფარული მტერი შეიქნა მეფის ირაკლისა, მთელი იმისი სახლობისა და დიდადაც უმტრო, როგორც იმათ ოჯახობას, ისე საქართველოს“, - წერს ალექსანდრე ორბელიანი.

ღალატის შეუძლებლობა - ოსეფას სიმყრალე

არა, რა სვინდისი უნდა ჰქონოდათ იმ ღვთის გარეგანებს, რომ ამისთანა ჭორებს უგონებდნენ დედოფალს დარეჯანსა? - კითხულობს ერეკლეს შვილიშვილი და ღალატის შეუძლებლობის დამატებით არგუმენტად ასახელებს ოსეფას პირის სიმყრალეს (halitosis):

კრებულში გამოქვეყნდა ალ. ორბელიანის "მეფე ერეკლეს მეუღლე დარია"
კრებულში გამოქვეყნდა ალ. ორბელიანის "მეფე ერეკლეს მეუღლე დარია"

„აბა გაიგონეთ, იმ ოსეფა ყორღანაშვილს ასე რიგათ უყარდა პირი, რომ ვინც იმის მოახლოვოდ იდგა ხოლმე, ძლივს ითმენდნენ იმ სუნს. მეფე ირაკლისთან ხომ ახლოს ჯდომა არ შეეძლო. შორს უნდა მჯდარიყო და ისე ელაპარაკა. როდესაც ის დარეჯან დედოფალმა მონათლა და რადგან იმის მოახლოვოდ უნდა მდგარიყო მონათვლის დროს, იმ ღამეს მთელი ღამე გული ერეორდა დედოფალსა იმის პირის სიმყრალითა და მეფე ირაკლი კი იცინოდა. თან ამბობდა დედოფალი: ვაი, იმ ქალის ბრალი, ვისაც ის ოსეფა ყორღანაშვილი ცოლათ შეირთამსო. ასეც იყო, მცირე ხანსა ვერ დეწვებოდა ცოლთან, მაშინვე სხუას ქვეშაგებში უნდა დაეძინა, რომ იმის პირის სიმყრალესა ცოლიც ვერ უძლებდა. ოსეფას პირველი ცოლი რომ მოუკვდა და მეორე შეირთო, თურმე ბევრი დასცინოდნენ: თავის პირის სიმყრალითა ის პირველი ცოლი კარგი დედაკაცი ხომ მოკლა და მეორესა მგონია ჩქარა გამოუყენებს იმას“.

ალექსანდრე ორბელიანი ამბობს, რომ მოესწრო ოსეფას მეორე ცოლს, ელისაბედს, რომელიც დედამისთან, თეკლესთან მოდიოდა ხოლმე:

„ოსეფა უკვე ცოცხალი აღარ იყო და ეს ელისაბედი არ მალავდა: ჩემი ქმრისთვის მე ჩემს დღეში პირზე არ მიკოცნინებია და არც ერთს ქვეშაგებში მე იმასთან დამიძინია, პირი მეტათ უყარდაო“.

სიყვარული, როგორც მთავარი არგუმენტი

დარეჯანს თავისი ქმრის დიდი სიყვარული ჰქონდაო, ამბობს ალექსანდრე ორბელიანი, „არავის ახსოვს მცირედი მეფის წინააღმდეგ გაებედოს, დიდი სიყვარული და თავაზი ჰქონდა ქმრისა და დარწმუნებულიც იყო, რომ მეფე ირაკლი დიდი გონიერი არისო“:

„მეფის სიმხიარულე დედოფლის ბედნიერება იყო და მცირედი შეწუხება მწარე ცრემლი, რომლებისა ქვეშაგები არ გაყრილა სიკვდილამდინ და მარადის ერთს ქვეშაგებში ეძინათ“.

ერეკლე II
ერეკლე II

ალექსანდრე ორბელიანის თქმით, ერეკლეს, როცა საქმე ჰქონდა, 24 საათიდან მხოლოდ 3 საათი ეძინა, მაგრამ თუ მეფეს საქმე არ ჰქონდა, „დედოფლის დარეჯანისა და თავის სიამოვნებისთვის იწვა იმასთან იქამდისინ, მინამ დედოფალი გაიღვიძებდა. არცა მომატებით იმას სცოდნია ძილი, ექვს საათზე მეტი არა, მეფეს ირაკლის ისე დაუჩვევია ის, რომლებიცა იმის გაღვიძებისთანავე ერთმანეთს ტკბილად გადაეხვეოდნენ და სიყვარულის ალერსში იყვნენ. იმათი მოშორებაც შეწუხებით იყო ხოლმე. ყოველმა ცოლ-ქმარმა ღმერთსა სთხოვონ და იმისთანა ბედნიერი სიყვარული ინატრონ ერთმანეთისა, როგორც მეფეს ირაკლის და დედოფალს დარეჯანსა ჰყუარებიათ ერთმანეთი“.

თურმე ერეკლე II ტანზედ „სპეტაკი თეთრი ყოფილა“, სახე და ხელები კი მოშავო ჰქონია, ინდოეთის სიცხისგან დამწვარი:

„მაშინდელი აქიმები ბევრსა ცდილან, მაგრამ ვერ გადუყვანიათ და ისე მოშაოთ დარჩენია. ბევრჯელ მეფე-დედოფალი მკერდებს მიაწყობდნენ ერთმანეთსა, რომლებსაცა ერთი სითეთრე და ერთი ფერი ჰქონიათ, ასე თურმე თამაშობდნენ ქვეშეგებში ყმაწვილურათ, ასე უზომოთა ჰყვარებიათ ერთმანეთი“.

გაწბილებული იმპერატორი?

ალექსანდრე ორბელიანი დარეჯან დედოფლის „პატიოსნების დასამტკიცებლად“ იხსენებს ერეკლეს ქვრივის შეხვედრას რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I - თან, პეტერბურგში. დედოფალს თან ახლდნენ სიძეები - ვახტანგ ორბელიანი, გიორგი ჩოლოყაშვილი და მეფის ოჯახის აქიმბაში ივანე ყარაევი.

რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე I
რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე I

„ხელმწიფე ალექსანდრე პირველი დიდი მოარშიყე იყო ქალებისა... მაშინ დედოფალი ან სამოცის წლისა იქნებოდა და ან ცოტა მეტ-ნაკლები, მაგრამ კიდევაც კი ასეთი თვალტანადობა ჰქონდა, ოცდაათის წლისა. ალექსანდრე ხელმწიფემ თურმე არშიყობა დაუწყო და ისეც შეუჩინა, მაგრამ ზედაც არ შახედა. იქამდისინ რომ ხელზედაც არ მიუშო საკოცნელად. დედოფალი იტყოდა: ჩემი ცხოვრება ჩემს ქმარს, მეფეს ირაკლისთან დიდის სიყვარულით გამიტარებია და ქვეყანაზედ წმინდათ ვყოფილვარ და ყოველი კაცი ჩემს ძმათ მგონებია და ეხლა იმის დიდი ხელმწიფობაზე უნდა შევცდე? მაშინ როდესაც, რომ ის დიდი ხელმწიფე ალექსანდრე მეფის ირაკლის კაცობასთან სულა არა მგონია რა ჭეშმარიტათაო... აქიბაში ივანე ბევრჯელ მეტყოდა: დედოფალი დარეჯან რომ დამორჩილებოდა ალექსანდრე ხელმწიფესა, უთუოთ საქართუელოს დაუბრუნდებოდაო. მე გავიცინებდი და ამით გათავდებოდა ეს ჩვენი ლაპარაკი“, - წერს ალექსანდრე ორბელიანი.

პავლე ციციანოვი
პავლე ციციანოვი

დედოფალი ვერ დაბრუნდა საქართველოში. გენერალი პავლე ციციანოვი, საქართველოს სამეფოს გამორჩეული მტერი, 1803 წლის 10 თებერვალს იმპერატორ ალექსანდრე I-ს სწერდა: „ქვრივი დედოფალი დარეჯანი, რომელიც აქ ყველა ამბების (შეთქმულებათა) მეთაურია, გადაჭრით უარს ამბობს წამოსვლაზე და მიზეზად თავისი ავადმყოფობა მოჰყავს“.

დედოფალმა მედგარი წინააღმდეგობა გასწია, თუმცა ბოლოს მაინც დატოვეს რუსეთში, სადაც აღესრულა კიდეც. დარეჯანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბაგრატ ბატონიშვილი წერდა: „წელსა 1807, ნოემბრის პირველს გამოჩნდა ვარსკვლავი კუდიანი გრძელი და არა კომეტა. წელს ამას გარდაიცვალა დედოფალი დარეჯან დადიანის ასული, მეუღლე მეფისა ირაკლისა, სანკთ-პეტერბურხსა შინა ნოემბრის 8, რომელიცა დამარხა იმპერატორმა ალექსანდრემ დიდითა ცერემონითა ნევსკის მონასტერსა შინა“.

Fake News-ი ერეკლეს დროში

ალექსანდრე ორბელიანი დარწმუნებულია, რომ დარეჯან დედოფალზე ჭორები შემთხვევით არ გავრცელებულა, ისევე როგორც შემთხვევით არ აიტაცეს ცილისწამება რუსმა მოხელეებმა:

„აბა ახლა ამის შემდგომ რუსების წერილებს ანუ მათ მიწერ-მოწერასა და იმათ დამოკიდებულებათ კითხეთ, რამდენი ცილისწამებანი არის დედოფალს დარეჯანზე? ამისთვის რომ ეგება როგორმე თავიანთი დაჰფარონ. ისა, რაც უბედურება საქართუელოზედ მოავლინეს, რომ დედოფლის დარეჯანის ნაკლუვანებით ანუ იმის აუგისა ხსენებით თავიანთამდისინ აღარავის აღარა აფიქრებინონ რა“.

აპოლონ თაბუაშვილი
აპოლონ თაბუაშვილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, აპოლონ თაბუაშვილი ამბობს, რომ დარეჯან დედოფლის შესახებ ნეგატიური საუბარი, თუნდაც ვერსიები კრწანისთან მიმართებაში და ა.შ. - ერეკლეს სიცოცხლეში არ გამოკვეთილა. დარეჯანის ე.წ. ანტიპიარი იწყება მას შემდეგ, რაც გიორგი XII-ს და დედოფალს უჩნდებათ კონფლიქტი ტახტის დაუფლების საკითხზე:

„მერე ამ ვერსიებმა სხვადასხვა მიმართულება მიიღეს ქართველ თავად-აზნაურებში, ცალკე ამბავია რუსული ისტორიოგრაფია, რომელიც ცალსახად უარყოფითად აფასებს დარეჯან დედოფალს“.

აპოლონ თაბუაშვილს წარმოუდგენლად მიაჩნია, დარეჯანისა და ოსეფა ყორღანაშვილის სასიყვარულო ურთიერთობა:

„დიდი თავადები ვერ უბედავდნენ ვერაფერს, აბსოლუტური მონარქიის ტენდენციებს ამჟღავნებდა, პრაქტიკულად ერთპიროვნული მმართველი იყო ერეკლე... წარმოუდგენელია. მითუმეტეს, რომ ყორღანაშვილის წინ წამოწევა მოხდა XVIII საუკუნის 90-იან წლებში. ამ დროს დარეჯანი, როგორც იტყვიან, აღარ იყო პატარა გოგო და აღარც შვილებს აჩენდა. ამ დროს დაახლოებით 60 წლის იყო...“

სარგის კაკაბაძე
სარგის კაკაბაძე

სარგის კაკაბაძის ცნობილ ნაშრომში „კრწანისის ბრძოლა“, გენერალ სტეფანე ქიშმიშევის მოგონებებზე დაყრდნობით, აღდგენილია 8 სექტემბერს, კრწანისის ბრძოლის წინ გამართული თათბირის სურათი.

„ამ თათბირზე დარეჯან დედოფალს ანტირუსული განწყობილება გამოუმჟღავნებია და 1783 წ. რუსეთთან დადებული მფარველობითი ტრაქტატიც დაუგმია. ჩანს, ამ დროისათვის დარეჯანსა და მის შვილებს შორის უკვე ფეხს იკიდებდა ანტირუსული და, შესაბამისად, პროირანული ორიენტაცია. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ როცა თბილისიდან წასვლისას სპარსელებმა გადაწვეს და დაანგრიეს მეფისა და წარჩინებულთა სასახლე-საცხოვრებლები და ავლაბარიც გადაბუგეს, დარეჯან დედოფლის აშენებულ სასახლეს და მის ეკლესიას ხელი არ ახლეს. აღა-მაჰმად-ხანის მიერ ეს იყო, ალბათ, ერთგვარი ლოიალობის გამოხატულება დარეჯანის მიმართ ამ უკანასკნელის პოლიტიკური განწყობილების ჯილდოდ. სპარსელებმა ხელუხლებლად დატოვეს, აგრეთვე, მეფის სასახლე თავისი ეკლესიით, ალბათ, ეს სასახლე დარეჯანის ერთ-ერთ შვილს თავის საცხოვრებლად ჰქონდა“ (სარგის კაკაბაძე „კრწანისის ომი“).

რუსული ფორმულა

დარეჯანის ანტირუსული განწყობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 1799 წელს, ტახტის მემკვიდრედ დაამტკიცა გიორგი XII-ის შვილი დავითი და არა დარეჯანის შვილები, თუმცა, როგორც აპოლონ თაბუაშვილი ამბობს, ეს ყველაფერი ვიწროპოლიტიკური საკითხია, მთავარი კი ისაა, რომ რუსეთმა გააუქმა საქართველოს სამეფო და ამ ფაქტს სჭირდებოდა გარკვეული ლეგიტიმაცია.

გენერალი კარლ კნორინგი
გენერალი კარლ კნორინგი

„არგუმენტები, რომლებიც მოიგონა რუსეთმა ისეთი მყარია, რომ დღესაც მუშაობს: იმდენად სუსტი იყო საქართველოს სამეფო და იმდენად ცუდად იყო სამეფო კარზე საქმეები, რომ რუსეთის სახელმწიფოს სხვა გამოსავალი არ დარჩა, გარდა საქართველოს სამეფოს გაუქმებისა. ეს პირდაპირ მანიფესტში ჩაწერა ალექსანდრე პირველმა: არა ძალების შემატებისათვის, არა ანგარებისთვის, არამედ ქართველ ხალხზე ზრუნვა მაიძულებს გავაუქმო სახელმწიფოო. მანიფესტში ჩაწერილი ამ ფორმულის გამართლებაზე - რომ ქართველი ხალხიც დაერწმუნებინათ და უცხოელებიც - დიდი დრო დაიხარჯა. სამეფოს გაუქმების წინ ალექსანდრე პირველმა, რომელიც კარგი მსახიობი იყო, თვალთმაქცურად თქვა, რომ არ მინდა სამეფოს გაუქმებაო და საკითხის შესასწავლად თბილისში გამოგზავნა კნორინგი - კავკასიის ხაზის გენერალი, რომელსაც უნდა შეეფასებინა, საქართველოს სამეფო შეძლებდა არსებობას თუ -ვერა, რუსეთთან შეერთების გარეშე. ამ კომისიამ 1801 წლის გაზაფხულზე დადო დასკვნა, რომ ვერა, საქართველო დამოუკიდებლად ვერ იარსებებდა - ეს დარეჯანიო, ეს დავითი და სხვა ბატონიშვილებიო, ეს თავად-აზნაურობაც იმდენად უპირისპირდებიან ერთმანეთს, რომ ქართველი ხალხი დაიღუპება თუ ეყოლებათ ასეთი მმართველებიო ანუ როგორი დასკვნაც აწყობდათ, ისეთი გაიგზავნა პეტერბურგში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას აპოლონ თაბუაშვილმა, რომლის თქმითაც, ასევე რუსეთის „ფორმულის“ ნაწილი იყო კრწანისის ბრძოლის გადაჭარბებული მნიშვნელობა:

„კრწანისის ბრძოლისნაირი ბრძოლები წაგვიგია ათობით და მეტიც, მაგრამ ისე წარმოჩინდა, თითქოს, ამ ომის წაგებამ დააქცია ქვეყანა; თითქოს დარეჯანისა და ბატონიშვილების გადაკიდებით ქვეყანას ბოლო მოეღო; თითქოს ეკონომიკურად განადგურდა და პოლიტიკურად მოისპო ქვეყანა... ეს არის ის ნარატივი, რასაც 200 წელია გვიმეორებენ და ჩაგვიდეს კიდეც თავში, რომ ვიღუპებოდით, მაგრამ გადაგვარჩინა რუსეთმა“.

არადა, აპოლონ თაბუაშვილის თქმით, საქართველო მართალია პატარა და სუსტი ქვეყანა იყო, მაგრამ მაინც ვითარდებოდა, მაინც თავისუფალი იყო (წინა სამი საუკუნისგან განსხვავებით), მაინც შემოდიოდა ბურჟუაზიული ელემენტი (მანუფაქტურები) და მაინც ჰყავდა რეგულარული არმიის მსგავსი ნაწილები.

"საქართველო-იმერეთის გუბერნიის" გერბი
"საქართველო-იმერეთის გუბერნიის" გერბი

„წარუმატებლობებიც იყო, მაგრამ ის ნარატივი, რომ ჩვენ ამოვწურეთ შესაძლებლობები, არის აშკარად ტყუილი, რასაც ადასტურებს ის, რომ XIX საუკუნის პირველ მესამედში საქართველომ იმდენი აჯანყება მოუწყო რუსეთის იმპერიას, მთელი იმპერიის დაპყრობილ ხალხებს ერთად რომ არ მოუწყვიათ მთელი საუკუნის განმავლობაში. თუ ასეთი სუსტები ვიყავით, როგორ შევძელით?“ - ამბობს აპოლონ თაბუაშვილი, რომლის თქმით, რუსეთის ქცევის გასამართლებლად რუსი ისტორიკოსები და სახელმწიფო მოხელეები თავიანთ ანგარიშებში ერთი ათად აზვიადებდნენ შიდადაპირისპირების ხარისხს, რათა ეჩვენებინათ, რომ ქვეყანა იღუპებოდა. ამავე ფორმულის ნაწილი იყო ცილისწამება დარეჯანზე, რომელიც არ მოსწონდათ და რომლის მაგალითზეც სურდათ ეჩვენებინათ, როგორი ძირგამომპალი და გახრწნილი იყო ქართული სახელმწიფო.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG