Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უდარდელი მხედრები

შაბათი, 23 ნოემბერი 2024

დიდი ხანია, კაფკა ჩემი ცხოვრების სპეციფიკურ თანამგზავრად იქცა. ან მე ვაქციე. ზუსტად აღარ მახსოვს. თუმცა აქ და ახლა ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. კაფკას ლანდისთვის ხშირად სრულიად მოულოდნელ ადგილებში და სიტუაციებში მომიკრავს თვალი. იყო დრო, როცა კაფკაზე დისერტაციის დაცვასაც კი ვფიქრობდი. მაშინ ბევრს ვკითხულობდი და ვაგროვებდი კაფკაზე მასალას. ასე აღმოჩნდა ჩემს ბიბლიოთეკაში ვალტერ ბენიამინის, მორის ბლანშოს, ბორხესის, ბატაის, კამიუს, მაქს ბროდის, კლოდ დავიდის და სხვათა წიგნები, სტატიები თუ წერილები კაფკაზე. კაფკას ნაწარმოებების ეკრანიზაციებიდან 1993 წელს გამოსული დევიდ ჯონსის „პროცესი“ თუღა ვარგა – კაელ მაკლაჰლენის, დევიდ ტიულისის და ალფრედ მოლინას მონაწილეობით. სამწუხაროდ, სხვა რეჟისორთა ფილმებში კაფკა ცუდად ან სრულიად ვერგაგებულია. მოკლედ, ის დისერტაცია საბოლოოდ არ დაიწერა. სამაგიეროდ, როგორც უკვე ვთქვი, კაფკა იქცა ჩემი შეგნებული თუ შეუგნებელი ცხოვრების თანამგზავრად, რომელსაც ამასობაში როგორღაც დავუმეგობრდი კიდეც. მეტიც, მისი ლანდი ჩემს ამა თუ იმ ტექსტში ისე გაიელვებს ხოლმე, თითქოს ჩემი ფანტაზიის ნაყოფი კი არაა, არამედ დამოუკიდებელი ცხოვრება აქვს და თავისი ნებით მოგზაურობს წიგნიდან წიგნში, მოთხრობიდან მოთხრობაში, წინადადებიდან წინადადებაში. თან ეს იმდენად ხშირად ხდება, რომ დისტანცირებას ვერ ვასწრებ. იმის გარდა, რომ ჩემს ერთ ძველ მოთხრობას „ხსნადი კაფკა“ ქვია, ოდესღაც მე თვითონ კაფკას მოთხრობის, „მეტამორფოზის“ მთავარი პერსონაჟის ფსევდონიმით ვწერდი და ვაქვეყნებდი ჩემს ნაცოდვილარს. კაფკასთან დაკავშირებით კიდევ ბევრი რამის გახსენება შეიძლება, მაგრამ, სანამ საბოლოოდ მარაზმში გადავვარდნილვარ, ამ სენტიმენტალურ შესავალს შევეშვები და ბარემ მთავარ სათქმელზე გადავალ. მით უფრო, რომ სათქმელი კიდევ უფრო სენტიმენტალური მგონია.

მაშ ასე, კაფკას და ჩემს შორის ოდესღაც რაღაც ძაფივით გაიბა. რომელიც, როგორც ახლა ვხვდები, დროთა განმავლობაში ნელ-ნელა მოკლდებოდა, თითქოს წვრილ, მაგრამ მტკიცე საცეცივით მექაჩებოდა და მეც თითქმის უნებურად სულ უფრო ვუახლოვდებოდი კაფკას მშობლიურ ქალაქს. სწორედ ამ ძაფმა ჩამომიყვანა საბოლოოდ პრაღაში და ოლშანსკას სასაფლაომდეც მიმიყვანა. დაკვირვებულმა თვალმა ამ მომლოცველობაში ინფანტილიზმზე უფრო, შეიძლება ნეკროფილია ამოიკითხოს. შეიძლება, ორივე ერთადაც. პირველი ხომ ხშირად მეორის სათავეა.

მთავარი შესასვლელიდან კაფკას საფლავამდე 250 მეტრია. ამ მანძილის გავლისას ნახავ, რომ სხვათა საფლავებზე სულ რამდენიმე კენჭი დევს – მაქსიმუმ ათამდე – ისიც უკეთეს შემთხვევაში. ხშირად საფლავთა უმეტესობა მოვლილი, მაგრამ „ცარიელია“ ანუ სრულიად უკენჭოა. კაფკას პატარა საფლავი კი – სადაც მთელი მისი ჯალაბობა მარხია – მთლად კენჭებითაა სავსე. ამა თუ იმ თანამედროვე შენობის დეკორატიული ფრაგმენტი გეგონება. ისე, თვითონ კაფკა დღეს პრაღაში ერთ-ერთ მთავარ დეკორაციად და მასობრივი მოხმარების საგნადაა ქცეული. პრაღის ბაზარზე კაფკა სრულიად უკონკურენტო საქონელია. სიმართლე ითქვას, ცოტა გულის ამრევიც კია ამდენი კაფკა, რომელიც ხან ჭიქიდან გიყურებს, ხან – პლაკატიდან, ხან – კეპიდან, მაისურიდან, ბლოკნოტიდან, კონვერტიდან, თერმოსიდან, ბროშიდან, კალმისტრიდან, კალენდრიდან, სტიკერიდან, ბარათიდან, წიგნის სანიშნიდან, მაცივარზე მისაკრავი მაგნიტიდან, ასანთის კოლოფიდან, ბოთლის გასახსნელიდან, და ა.შ., და ა.შ. გუშინ მაღაზიაში კაფკას სახე მამაკაცის საცვალზეც კი ვნახე. ასეთივე საცვლებზე იქვე ჰომეროს სიმფსონი და სუპერმენი იყო გამოსახული. არ ვიცი, თვითონ კაფკას რა რეაქცია ექნებოდა, საკუთარი ფოტო რომ ენახა მამა სიმფსონსა და სუპერმენს შორის, ისიც საცვალზე. ვინ იცის, შეიძლება, გულიანადაც ეცინა. მით უფრო, რომ საქმეში ჩახედულმა ხალხმა იცის, იუმორთან მწყრალად კაფკა არასდროს ყოფილა. ეს ხომ ის კაცია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოთხრობის პერსონაჟი იღვიძებს რა ერთ შაბათ დილით, აღმოაჩენს, რომ საშინელ მწერად გადაქცეულა. მოკლედ, პრაღაში თითქმის ყველაფერი კაფკათია გაჟღენთილი, ინფიცირებული, შეწამლული... მართლაც, გეგონება, ამ ქალაქში ოდესღაც ახირებულმა მებაღემ ჩაიარა, რომელმაც საგნები და ნივთები უცნაური შემადგენლობის, კაფკასგამოსახულებიანი ქიმიკატით შეწამლა. დღევანდელი პრაღა ქრონოტოპოსია – დრო-სივრცე, სადაც კაფკა ნებისმიერ როკ-, კინო- თუ რელიგიურ ვარსკვლავსა და ტოპ მოდელს აჭარბებს ცნობადობით. ასე რომ, თავისუფლად შეიძლება, ეს ადგილი ერთგვარ კაფკასიადაც კი წარმოვიდგინოთ.

თუმცა, ამდენი კაფკა ოლშანსკას მონახულების შემდეგ ვნახე. მანამდე კი, როგორც ჩანს, კაფკას საფლავისთვის არა მარტო ცნობიერად, ქვეცნობიერადაც არ მიმინიჭებია გამაღიზიანებლის ფუნქცია, არ წარმომიდგენია იგი ერთგვარ ემოციურ სტიმულატორად. შესაბამისად, არც გამკვირვებია, იმ მომენტში ჩემს ტვინში ქიმიური რეაქცია რომ არ მომხდარა, და სრულიად მშვიდად, აუღელვებად მოვინახულე ადგილი, სადაც ჩემი ცხოვრების ყველაზე უპრეტენზიო და კომფორტული თანამგზავრი, შეიძლება ითქვას, თავისებური პარტნიორიც კი, მარხია. მივედი ისე, ყოველგვარი ზეამოცანის გარეშე. ასე რომ, ამას ვერც განჯადოებას დავარქმევ, ვერც ჭიპლარის გადაჭრას. აქ მაინცდამაინც ვერც რამე თერაპიის მსგავსს ვხედავ. ამ მშვიდ ვიზიტს ერთადერთი ფრაზით შევაჯამებდი: „მივედი, ვნახე, წამოვედი“.
ჩვენს ამორალიზმითა და ნიჰილიზმით დასნეულებულ ეპოქაში გიორგი ბუნდოვანი ის იშვიათი გამონაკლისია, ვისაც სიყვარული შეუძლია. დიახ, ამ პირქუშ ჟამიანობაში იგი სიყვარულის მთესველ მწუხარე სახის რაინდად წარმოგვიდგება. მის პოეზიაში არაფერია, რასაც სიყვარულის ნიშანი არ აზის. აქ არა მარტო ყოველი სიტყვა, არამედ სიტყვებს შორის მანძილიც კი უზენაესის მიმართ უზომო სიყვარულით, კრძალვითა და რიდითაა გამსჭვალული. მისი შემოქმედება ერთგვარი ჰიმნოგრაფიაა: „მკვეთრად ინათებს ჩამქრალი სხივი, / საუფლოს გახსნის ამბოხი რწმენის… / გახდება მკვეთრი, მდორედ ნათელი / სხივი, რომელიც სიბნელეს დევნის“.

ასევე მგოსნის თითოეული ლექსის ყოველი პწკარი აშიშვლებს შემოქმედის სულიერ მდგომარეობას, რადგან, როგორც ფაქტი პოეზიისა, გამოდის ერთჯერადობისა და შემთხვევითობის ფარგლებიდან და ამ საზღვრის გადაბიჯებით საყოველთაოსა და აბსოლუტურს ერწყმის: „დღეს კვირტივით გადაშლის, სული, თავის ინტიმებს / ვარაუდთა კაზუსებს – ჰოლოგრამულ გრაალში…“ ამ სიტყვებში ჩადებული კოდის გაშიფვრა კიდევ მოუწევს მომავალ თაობებს. აქ ტონებისა და ნახევარტონების ჯერ შერწყმაში, შემდეგ გათიშვასა და კვლავ შერთვაში თითქოს დოდეკაფონიური კომპოზიცია ისმის – ფორტეპიანოსა და ჩელოსთვის, რომელიც ლოგიკური ან ისტორიული ახსნის გარეშე, პირდაპირ და უშუამავლოდ გვანდობს რთულ და წინააღმდეგობრივ, მრავალპლანიან და უმარტივეს, ბგერებად ქცეულ პირველად გრძნობებს.

გიორგი ბუნდოვანი (იგივე Гоша Туманный) 90-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა ახალ ქართულ პოეზიაში და მაშინვე მიიქცია ლიტერატორთა ყურადღება თავისი გრძელი თმით. ამბობენ, თმა მან მოგვიანებით მოუშვაო. თუმცა, აქ ეს არაა მთავარი. მთავარია, რომ ყურადღება მიიქცია და მაშინვე გაბედულ პოეტად იქცა. უახლეს ისტორიაში მხოლოდ მას აქვს ქათამთან ფოტო გადაღებული. რაც მის უდიდეს გაბედულებაზე მიუთითებს. ამ საქციელით მგოსანმა ღრმა მნიშვნელობის რიტუალი შეასრულა, რასაც ფოტოზე მისი სახის გამომეტყველების ცერემონიული სერიოზულობაც ადასტურებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირად ფოტოებზე აღბეჭდილი მგოსნის ფართოდ გახელილ თვალებში ჩვენ ერთდროულად ვხედავთ, როგორც სამყაროს პირველქმნილი ჰარმონიით აღტაცებას, ასევე სტერეომეტრული მომავლის მიმართ მოწიწებას. მისი პოეზია ერთგვარი ხიდია წარსულსა და მომავალს შორის. მან კარგად იცის, რომ მარტო ხელების ქნევა არ ნიშნავს დირიჟორობას, ამიტომ იგი ღიღინებს. სათქმელის სტრუქტურირება ამ დროს ბგერათა ველში ხდება. მის ლოცვისებრ ღიღინში მუდამ ისმის ცივილიზაციის ექო: „გაჰკვეთავს ფოლადს, ალმასს და ტიტანს, / გაცვეთს კბილანებს წივილით მძლავრით. / მე მოგიტანეთ დაკანონება და დატირება / შეწირვის ხათრით!“. როგორც ვხედავთ, ამ „ინდუსტრიულ“ კუპლეტში სიტყვა „შეწირვა“ განსაკუთრებულ, მისტერიულ დატვირთვას იძენს.

გოშას ფოტოების შემყურე ჩვენ საოცარი რამის შემსწრე ვხდებით. ვხედავთ, როგორ ხალას სიხარულს გაუხელია მგოსნისთვის თვალი, რომელშიც არქეტიპული ხსოვნის ნაპერწკლის გარდა, მომავლის მონოლითური ანარეკლიც კრთის. უჩვეულოცაა და მტკივნეულიც ეს პროცესი, რთულია წარსულს და მომავალს მზერა ერთდროულად გაუსწორო. ეს კი ქრისტიანული იკონოგრაფიიდან ე.წ. „ყოვლისმხილველ თვალს“ გვახსენებს. რაც, თავის მხრივ, ჰოროსის წმ. თვალთან გვაგზავნის. აქვე აღსანიშნავია, რომ ჰოროსი (იგივე ჰორა) შევარდნის გარეგნობის ეგვიპტური ღვთაებაა, რომელსაც თვალებად მზე და მთვარე ესხა. ასე რომ, ნებსით თუ უნებურად, გოშა ჰოროსად, ანუ შევარდნად იქცევა. აქედან გამომდინარე კი იგი ერთდროულად ითავსებს მზისა და მთვარის ფუნქციებს, ანუ ორ პოლუსს: წარსულსა და მომავალს. გოშას მზერა კი სხვა არაფერია, თუ არა „ჩაბრუნებული მზერა“, ანუ მზერა საკუთარ სულში. მართალია, ბუნებაში შევარდენი ქათმის მტერია, მაგრამ ზემოხსენებული ფოტო სულ სხვა რამეს გვეუბნება. კერძოდ, ესაა შევარდნისა და ქათმის უსაფრთხო თანაარსებობის ილუსტრაცია – ჟამისა, ოდეს მგელი და კრავი ერთად მოძოვენ. ასევე საყურადღებო შედეგს გვაძლევს სახელის ეტიმოლოგიაზე დაკვირვებაც: ჰორა – ნათელი ჰაერის, ეთერის, ჰათორის შვილია, მზე, რომელმაც შვა განთიადი. ჰორუსი ძალზე რთული, მრავალსახოვანი ღმერთია. შესაძლოა, ჰორას უკავშირდებოდეს ქართული სიტყვა რიჰო, „განთიადი“; განთიადის, ანუ ღვთაების უძველესი ქართული საგალობელი. მით უფრო, რომ ორივე ეს სახელი ორმარცვლიანია და, საერთოდაც, ჟღერადობითაც ერთობ ჩამოგვანან ერთმანეთს: ჰორა – გოშა.

ამასთან, გოშა თითქოს მოგვიწოდებს, როგორც ელზე ლასკერ-შიულერი: „ჩახედე ჩემს სახეს შორი გზით ნავალს!“ ერთი შეხედვით არ ჩანს, მაგრამ სათანადოდ თუ ჩაუკვირდები, მის იერში, როგორც ნირვანაში მყოფ გაუტამას სახეში, მთელი სამყაროს ამოკითხვას შეძლებ. მისი, როგორც მგოსნის, ამოცანაა, მატერიალურში განჭვრიტოს სულიერი, წარმავალში ამოიცნოს მარადიული. ყოველ მოვლენაში გოშა ორმაგ აზრს ეძებს და პოულობს კიდეც. რაც შემდეგ სათუთად აისახება მის ლექსებში: „მკვეთრად ინათებს ჩამქრალი სხივი, / საუფლოს გახსნის ამბოხი რწმენის… / გახდება მკვეთრი, მდორედ ნათელი / სხივი, რომელიც სიბნელეს დევნის“. ამ კუპლეტის ემოციური დიაპაზონი ცდება პოეზიის ფარგლებს, ეს უკვე კოსმიური სიმფონიაა. ყველაზე უფრო საყურადღებო აქ გოშას ლტოლვაა უზენაესი ობიექტურობისკენ. იგი არც მორწმუნეა, არც ურწმუნო – იგი პოეტია და, როგორც პოეტი, უთანაგრძნობს ცხოვრების დინებას ზოგადად. მისი შემოქმედება ზნეობრიობაზე მაღლა დგას. იგი არა მარტო ამარცხებს, ანაცვლებს კიდეც ყოველგვარ ზნეობრიობას. მისი ლირიკა ლოცვას გავს, ბუნებას...

გოშამ იცის, რომ ჩამოჰკრავს ჟამი და იგი შეაღებს ოცნებათ წალკოტს, დაატკბობს სულს სატურფალებით, იყნოსებს სურნელს და ხელს შეახებს ტანს ეთეროვანს. იგი ვერ ისვენებს, თითქოს ვერ პოულობს „სადგურს, ზენაართ სამყოფს“. მანამდე კი თავის მონათესავე სულს მიმართავს: „არღვევდი სივრცეს მონაჩვენებ საცოდაობით, / ვერ გამოსტყუე დახმარება ვერავის ქვეყნად… / მხოლოდ ლექსების სიდიადით შენთვის ხარობდი, / შენთვის გაღმერთდი პოეზიის ტატნობზე, კენტად!“ როგორი სულისშემძვრელი მარტოობაა პოეზიის ტატნობზე კენტად გაღმერთებული მგოსნის სახეში! გოშას პოეზიის სულიერ ბუნებას საძირკვლად უდევს სიყვარული, რომელიც სამყაროს ტრანსსუბიექტურ, მეტაფიზიკურ დედაარსს აშიშვლებს. იგი ტლანქი სინამდვილის ფიქციური უსაზღვროებისა და წარმავალობის ზღუდის გარღვევით ზენამდვილსა და უზენაესში გადადის.

ასევე მგოსანმა იცის, რომ მარტოა ლანდებით სავსე უდაბნოში, სადაც მას საკუთარი ანარეკლი თუღა შეხვდება. უდაბნოში, სადაც გოშა და მისი ანარეკლი ერთმანეთის მიზიდულობის მტანჯველ ველში დგებიან. აქ მგოსნის ბედი უნივერსალური ხდება, ეს უკვე სადა მონასმებით შესრულებული კოსმოგონიურ-აპოკალიფსური იკონოგრაფიაა. უფრო ზუსტად, ესაა იკონოგრაფიული სქემები ინდივიდუალური განცდის სიმძაფრით: „გადარეული, სადისტური ღრიალით შემეჩეხა / ანარეკლი ჩემი, ნაშობი წვიმოვანი ლანდებიდან! / ანარეკლი იმიტირებას ახდენს ჩემი არსის განუმეორებლობის. / ორეული სხვაა, ანარეკლი სხვა…“. პასტერნაკი „ექიმ ჟივაგოში“ ამბობს: „ადამიანის სული არის ადამიანი სხვებში“. ზედა კუპლეტში გოშას სული სწორედ სხვებში გადასახლებით მტკიცდება, თუნდაც ეს სხვები მისივე ორეული და ანარეკლი იყოს.

საკუთარი ორეულისა და ანარეკლისა არ იყოს, ბუნდოვანიც სხვაა. იგი არ გავს თანამედროვე ნარცის პოეტებს, რომელებიც საკუთარი თავის ტკბობით არიან დაკავებულნი, თითქოს სამყარო მათ გარშემო ტრიალებდეს. მათგან განსხვავებით, გოშა საკუთარი ღერძის გარშემო ტრიალებს, როგორც ექსტაზში გადავარდნილი მევლანა. თუმცა ეს ტრიალი ხელს არ უშლის მას, ერთდროულად იყოს სულთა ინჟინერიცა და სულთა მებადურიც. მით უფრო, რომ მისი სიყვარული, რომელიც, გოეთეს „ვილჰელმ მაისტერისა“ არ იყოს, ათწლეულების განმავლობაში თან სდევდა მას, მრავალ და ძალიან განსხვავებულ სულიერ სტადიას გადიოდა. ამ ნაწრთობ სიყვარულს კი, რომელიც გოშას ლირიკას მტკიცე ჯაჭვივით კრავს, ვერაფერი მოარღვევს, რადგან მისი პოეზია სხვა დროით განზომილებაშია, ის უკალენდრო სივრცეში ლივლივებს მიღმურ ცისარტყელასავით. მოცემულ შემთხვევაში ჯაკომო ლეოპარდის სიტყვები ყველაზე უკეთ გამოხატავს გოშას პოეზიის არსს: „მე იმისათვის დავიბადე, რომ მყვარებოდა და, შესაძლოა, უფრო ვნებიანად, უფრო გულმხურვალედ და უფრო მეტადაც, ვიდრე ამის უნარი შესწევს კაცის სულს.“

დაბოლოს, როგორც მიქელანჯელოს მხატვრობა, ისე გოშას პოეზია იწვევს რაღაც ძნელად გამოსათქმელ სულიერ წყობას, რომელშიც სიდიადე და ზეციური ლტოლვა შესამჩნევად სჭარბობს. ბარათაშვილის შემდეგ ბუნდოვანი პირველი ქართველი მოციქულია ძლიერი ინდივიდუალიზმისა, რომელიც თავის დანიშნულებას ხედავს არა არსებულის გაყინვასა და განადგურებაში, არამედ მის გამდიდრებასა და გამრავალფერებაში დაუსრულებლობამდე და მარადისობამდე. ნათქვამია, ერთი კაციც თუ ილოცებს, სამყარო გადარჩება. თუ ეს ასეა, მაშინ სამყარო მართლაც გადარჩება. რადგან უცბად ყველა რომ გაჩუმდეს, სამყაროს მარტო გოშას პოეზია იხსნის. მისი ლექსები თავისთავად ლოცვანია.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG