ამჯერად ამერიკული ლიტერატურის ორი კლასიკოსის ორ ცნობილ რომანზე ვისაუბრებთ. თუმცა ეს ორი ავტორი ორ სრულიად განსხვავებულ ეპოქას ეკუთვნის და მათი რომანები ერთმანეთისგან მხატვრული თვალსაზრისითაც ძალიან განსხვავდება, მაინც ერთ სიუჟეტში მათი გაერთიანება გადავწყვიტე. ორივე ტექსტი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ქალაქური ტექსტია, უფრო კონკრეტულად, ნიუ-იორკული და, ამ მხრივ, ძალიან საინტერესო მასალაა ორივე წიგნში. გამომცემლობა "დიოგენეს" მიერ გამოცემულ ედით უორტონის რომანში "უმანკოების ხანა" XIX საუკუნის 70-იანი წლების ნიუ-იორკზეა საუბარი, სოლ ბელოუს მთავარი გმირი კი, რომანიდან "მისტერ სამლერის პლანეტა", XX საუკუნის 60-იანი წლების ნიუ-იორკში დაბორიალობს.