ხედავს სოციალური შემწეობის სისტემა მათ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს?

საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება ადამიანების რიცხვი, რომლებიც სოციალურ შემწეობას ან უკვე იღებს, ან ითხოვს.

ყოველი მესამე ადამიანი საქართველოში სოციალურ შემწეობას ან უკვე იღებს, ან ითხოვს. ასეთი მოქალქეების რიცხვი კი წლიდან წლამდე არათუ მცირდება, პირიქით, იზრდება. სოციალურ პროგრამას ხარვეზები აქვს - ერთი მხრივ, სახელმწიფო ვერ ხედავს მათ ნაწილს, ვინც სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, მეორე მხრივ კი, მათ, ვინც შემოსავლებს მალავს და სახელმწიფოს დახმარების მიღებას ასე ახერხებს.
  • სოციალური შემწეობის მიღმა რჩებიან ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ, საცხოვრებლის ქონა აუცილებელი პირობაა დახმარების მისაღებად;
  • სისტემა ვერ ხედავს შშმ პირთა საჭიროებებს;
  • ფორმულა ვერ ხვდება, რა სჭირდებათ, ერთი მხრივ, ხანდაზმულებს, მეორე მხრივ კი, მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებს - მათი 47% პროგრამაში არ არის ჩართული. საქსტატისა და გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევით, საქართველოში ბავშვების 38%-ს მატერიალური დანაკლისი აქვს;
  • ეთნიკური უმცირესობის წევრებს ენობრივი ბარიერის გამო სისტემასთან წვდომის პრობლემები აქვთ, - დაადგინა სოციალური სამართლიანობის ცენტრის 2023 წლის კვლევამ.

ნათელა ხვედელიძე მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირია, მისი მეუღლე თეიმურაზ მესხი - მკვეთრად გამოხატული შშმ პირი. ნათელა მხოლოდ ერთი თვალით ხედავს და ისიც გაჭირვებით, მისმა ქმარმა კი რამდენიმე წლის წინ მწვავე დიაბეტის გამო ორივე ფეხი დაკარგა. ცოლ-ქმარი შემწეობის გარეშეა დარჩენილი.

ნათელა ხვედელიძე და მისი მეუღლე თეიმურაზ მესხი

„ოპერაცია მჭირდება, იქნებ მეორე თვალით ცოტა მაინც დამენახა, რომ დამოუკიდებლად მევლო. ჩემს ქმარსაც ნაჭრილობევი და ნაოპერაციევი ტკივა, მაგრამ 10 ლარი უნდა ტაქსს [ექიმთან] აყვანა-ჩამოყვანაში, აღარ არის საშუალება და გამაყუჩებლებს ვასმევ. ხან სასწრაფო გვყავს და ასეთ დღეში ვართ. ერთხელ სასწრაფოს ექიმმა, ღმერთო გაახარე და ათასმაგად დაუბრუნე უკან, ბოდიშის მოხდით 20 ლარი გვაჩუქა“, - ჰყვება ქალი.

66 და 69 წლის ცოლ-ქმარი ხაშურში, 4-ოთახიან ბინაში შვილთან, რძალსა და ორ შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. ცოლ-ქმარს საარსებო შემწეობა დაახლოებით 7 წლის წინ მოუხსნეს. ნათელა ამბობს, მას მერე, რაც ჩემმა ვაჟმა რკინიგზის სადგურში 900-ლარიანი სამსახური იშოვაო.

ბოლო ორ წელიწადში მის ქმარს 9-მდე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, პენსია სესხებში მიდის და 300 ლარს ძლივს ვიღებთ ორივე ცოლ-ქმარიო. 200-ლარიან საარსებო შემწეობას მხოლოდ მისი ერთი შვილიშვილი იღებს, ისიც მანამ, სანამ სექტემბერში 15 წელი შეუსრულდება.

„შარშან ისე ძალიან გაგვიჭირდა, 3 დღე, დავიფიცებ, რომ პურის საყიდელი ფულიც არ მქონდა და პატარა ბავშვივით ვიყურებოდი კარებზე. საახალწლო საჩუქრებს არიგებენ ხოლმე გამგეობაში და როგორ შევეხვეწე… სოციალურად დაუცველებს ვაძლევთ, თქვენ არ ხართ სიაშიო. მერე ისევ მადლიანი ხალხი დაგვეხმარა. ამდენი კეთილი ხალხი თუ არსებობდა, არ მეგონა და მოგვაწოდეს რაღაც-რაღაცები“, - ამბობს ნათელა.

მე-18 წელია, რაც ხელისუფლება საარსებო შემწეობას გასცემს, ანუ ფულით ეხმარება უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეებს. ეს გიგანტური პროგრამაა როგორც ხარჯების, ისე მასში ჩართული მოქალაქეების რაოდენობით. ამაზე დიდი მხოლოდ საპენსიო ბიუჯეტია.

2023 წელს სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებაზე სახელმწიფომ თითქმის 750 მილიონი ლარი დახარჯა, 2024 წელს ეს თანხა კიდევ დაახლოებით 100 მილიონით გაიზარდა და 845 მილიონი ლარი გახდა.

შემწეობის დანიშვნის საფუძველი ოჯახისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულაა, რომლის მინიჭების მეთოდოლოგია წინა წლებში რამდენჯერმე შეიცვალა. რაც მეტი ქულა უგროვდება დახმარების მაძიებელ ოჯახს, მით მეტ თანხას იღებს.

  • 30 001 ქულამდე ოჯახის თითოეული წევრის საარსებო შემწეობად გათვალისწინებულია 60 ლარი;
  • 30 001-დან - 57 001 ქულამდე - ოჯახის თითოეული წევრისთვის - 50;
  • 57 001 - 60 001 ქულამდე - 40;
  • 60 001 - 65 001 ქულამდე - 30;
  • 120 001 ქულამდე ოჯახში მცხოვრები თითოეული 16 წლამდე ბავშვი იღებს საარსებო შემწეობას - 200 ლარის ოდენობით.

ბოლო, 2024 წლის თებერვლის მონაცემებით, პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 377 346 ოჯახი (1 215 547 ადამიანი), რაც მთლიანად ქვეყანაში არსებული ოჯახების 35.4%-ს (ხოლო მოსახლეობის 32.6%-ს) შეადგენს.

ხარვეზზე უთითებს სახალხო დამცველიც - საარსებო შემწეობის დანიშვნა ხანგრძლივი, რამდენიმე თვეზე გაწელილი პროცესია. ერთხელ მინიჭებული ქულის შეცვლას, სულ მცირე, ერთი წელი სჭირდება. ომბუდსმენი თვლის, რომ საჭიროა პერიოდულად გადაიხედოს, რამდენად სწორად მიმდინარეობს ოჯახების შეფასება და, შედეგად, განახლდეს მეთოდოლოგია.

„2 წლის წინ გარდაიცვალა დედაჩემი და მაშინ შეუწყდა დახმარება ჩემს ძმას. იმის შემდეგ დამყავს, დამყავს, დამყავს და სად წავიყვანო, ვეღარ გავიგე“, - საოკუპაციო ხაზთან, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში მცხოვრები იურა კოპაძე თავის ძმაზე, ზვიად კოპაძეზე ჰყვება.

51 წლის ზვიადს ბავშვობიდან ცერებრული დამბლა აქვს. 2023 წლის დეკემბერში მას ქულები არ ეყო იმისათვის, რომ სოციალური შემწეობა განეახლებინა. პროგრამამ არ ჩათვალა, რომ ზვიადი საარსებო შემწეობის დანიშვნას საჭიროებს.

„დიდი სახლი რომ არის ესა, პაპაჩემის დადგმულია. დასამალი რა მაქვს, ღორიცა მყავს და საქონელიც და ვუვლი, აბა რა ვქნა… მერე გაზი ბევრი არის მოსულიო. დედაჩემი ცოცხალი რომ იყო, მაშინ საწოლთან დავუმონტაჟე კარმა ჩემს ძმას, ავადაა და სულ ცივა ამ კაცს, ზამთარშიც და ზაფხულშიც. მე ვაჭმევ, მიმყავს აბანოში და ტუალეტშიც. ვეუბნები სოციალურ აგენტებს, მე არ მეკუთვნის, მე ჯანმრთელი ვარ, ამ კაცს მიეცით თავისი 50, 30 თუ 20 ლარია-მეთქი“, - ამბობს იურა კოპაძე. მის ძმას, როგორც მკვეთრად გამოხატული ჯგუფის შშმ პირს, სახელმწიფო 420 ლარის პენსიას უხდის.

50 წლის მაია კოპაძეც საოკუპაციო ხაზთან, სოფელ დვანში ცხოვრობს 87 წლის დედასა და ქმართან ერთად. ოჯახის სოციალური ყოფა ბოლოს შარშან შეამოწმეს და მათაც ვერ მიიღეს საკმარისი ქულები დახმარებისთვის - ბევრ გაზს ხარჯავთო.

„შეშა რომ ძვირია, გაზით გათბობა გვირჩევნია, ეტაპობრივად იხდი და მაგიტომ. ნაკვეთს ვამუშავებ, ლობიოს, პომიდორს ვთეს, ატამიც მომყავს ბოლო წლები, მაგრამ მიწა აღარ იძლევა მოსავალს. დედას დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს, ქმარი მუშაობის დაწყებას ცდილობს. ბიბლიოთეკური დავამთავრე, მაგრამ მერე შემცირდა ბიბლიოთეკები და ვერსად ვერ ვიმუშავე“, - ამბობს მაია. მას სოციალური შემწეობის მიღების იმედი გადაეწურა და განცხადებების წერასაც თავი დაანება. ოჯახის შემოსავალი დედის 240-ლარიანი პენსიაა.

როცა ქულების მინიჭების სისტემა ამოქმედდა, შემწეობის მომლოდინეები მაცივრებს, ტელევიზორებსა და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკას სოციალურ აგენტებს უმალავდნენ, ეშინოდათ, ფუფუნების საგნების მფლობელები არ აღმოჩენილიყვნენ, თუმცა ახლა ამ ნივთებს ქულების მინიჭებისას ყურადღებას აღარ აქცევენ.

„ადვილად დამალვადი ნივთები შეფასების მეთოდოლოგიიდან ამოიღეს, მაგრამ სახელმწიფომ იფიქრა, რა შეიძლებოდა მაცივრის და ტელევიზორის მაგივრად ჩაედო, რისთვის შეიძლებოდა მიენიჭებინა დიდი ქულა. იფიქრეს, რომ ბევრი ადამიანი შეიძლება იყოს არაფორმალურ ეკონომიკაში დასაქმებული და, რომ კომუნალურ გადასახადებში გამოჩნდება, რომ ოჯახს რაღაც თანხა აქვს“, - ამბობს სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი მარიამ ჯანიაშვილი.

შემოსავლის დამალვის ერთ-ერთი ხერხი შესაძლებელია არაფორმალური დასაქმება იყოს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში არაფორმალურ შრომაში ადამიანური სამუშაო ძალის 40%-ია ჩართული.

რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს, რომ მათთვის ცნობილია პროგრამის მიმართულებით კრიტიკული მოსაზრებების შესახებ.

„ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიისა და ადმინისტრირების სქემის გადახედვა, ეტაპობრივად, საჭიროებების გათვალისწინებით, გარკვეული პერიოდულობით ხდება… გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ სოციალური აგენტის სუბიექტური შეფასება სარეიტინგო ქულების განსაზღვრისას მხედველობაში აღარ მიიღება. შესაბამისად, მეთოდოლოგია სრულიად თავისუფალია სუბიექტური ფაქტორებისაგან. ამასთან, მეთოდოლოგიაში გათვალისწინებულია თავად ოჯახის საჭიროებები და ოჯახის წევრთა სპეციალური სტატუსი (შშმ პირი, ქრონიკული დაავადებით დაავადებული პირი, არასრულწლოვანი, პენსიონერი და ა.შ.)“, - მოგვწერეს უწყებიდან.

ბოლოს ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიას სახელმწიფომ 2023 წელს მსოფლიო ბანკთან ერთად გადახედა. თუმცა, ახალი მეთოდოლოგია, რომელშიც შეცვლილია შეფასების ფორმულა განცხადების დაწერიდან დახმარების გაცემამდე, ჯერ არ დანერგილა.