ჩხრეკა, დაკავება, კონფისკაცია - 4 დეკემბრის ქრონიკა

4 დეკემბრის ქრონიკა

4 დეკემბერს, დაახლოებით ერთი საათის ინტერვალით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, გაჩხრიკეს პოლიტიკური პარტიების ოფისები და აქტივისტური ჯგუფის წარმომადგენლების ბინები.

აი, როგორ ვითარდებოდა მოვლენები ამ დღეს:

14:00 - დააკავეს 19 წლის სტუდენტი ირაკლი მიმინოშვილი

ირაკლი მიმინოშვილი პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა. დაკავებამდე მისი სახლის ჩხრეკა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. პროცესს არ დაასწრეს ადვოკატი. სამართალდამცველებმა მისი სახლიდან წაიღეს კომპიუტერი, ტელეფონი და წვრილმანი ტექნიკა.

მას ბრალად წაუყენეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა და ხულიგნობა. ეს სისხლის სამართლის კოდექსის ორი - 225-ე და 239-ე მუხლების დარღვევაა.

14:55 - გაჩხრიკეს ფეისბუკჯგუფ „დაიტოვეს“ ადმინისტრატორის, ილია ღლონტის ბინა

უწყების თანამშრომლებმა დალუქეს და წაიღეს მისი პირადი ტელეფონი და ლეპტოპი.

შსს-ს თანამშრომლებმა ილია ღლონტის ადვოკატს განუმარტეს, რომ ჩხრეკა ჩატარდა საქმეზე, რომელზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული: 225-ე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა და 239-ე პრიმა - ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდება.

15:40 - ჩხრეკა “ახლის”, “დროას”, “გირჩი - მეტი თავისუფლების” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისებში

შს სამინისტროს წარმომადგენლები თავდაპირველად პარტია “ახლის” ოფისში შევიდნენ. პოლიციამ შენობა მალევე დატოვა.

მალევე შსს-ს წარმომადგენლები შევიდნენ პარტია “დროას”, “გირჩი - მეტი თავისუფლებისა” და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ოფისებში.

სამინისტროს ცნობით, მათ “ნივთმტკიცებად ამოიღეს: ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, „მოლოტოვის კოქტეილები“, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები”.
ენმ-ის ახალგაზრდული ფრთის წევრი ბექა პაპაშვილი ფეისბუკზე წერს, რომ “მოლოტოვები ჩაუდეს”.

შსს-ს თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის 225-ე და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდებას გულისხმობს.

16:40 - დააკავეს “ძლიერი საქართველოს” წევრები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი. ისინი ფიგურირებენ საპროტესტო დემონსტრაციაზე ფარულად გადაღებულ კადრებში და, პროსახელისუფლებო მედიის ცნობით, „ძალადობრივ გეგმებზე“ საუბრობენ. ორივე მათგანი „ლელოს“ წევრია.

16:45 - დააკავეს ნიკა გვარამია და “გირჩი - მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია

“დროასა” და “გირჩი - მეტი თავისუფლების” ოფისთან ნიკა გვარამიას დაკავებას წინ უძღოდა პოლიციელებთან შელაპარაკება. გვარამია პოლიციელებმა ძალის გამოყენებით დააკავეს.

ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ ამბობს, რომ გვარამიას დაკავებისას პოლიციელებმა მუცელში არაერთხელ ჩაარტყეს, რის შედეგადაც, სუნთქვის უკმარისობის გამო, გვარამია რამდენიმე წამით გაითიშა. ის მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

გვარამიას შემდეგ იმავე ოფისთან დააკავეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, აქტივისტი გელა ხასაია.

17:10 - ჩხრეკა ილიაუნის ასისტენტ-პროფესორ საბა ჯაჯანიძის ბინაში

ილიაუნის ასისტენტ-პროფესორ საბა ჯაჯანიძის ბინაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაახლოებით 17 საათიდან ატარებდნენ ჩხრეკას. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მასთან არ უშვებდნენ ადვოკატს.

ანა კვანჭილაშვილი, საბა ჯაჯანიძის ყოფილი ცოლი, სოციალურ ქსელში წერს, რომ დედამისთან ლურჯ ფორმებში ჩაცმული 4-5 ადამიანი მივიდა: „გაზი უნდა შევამოწმოთო. არ უღებდა კარს. შემოვლეწავთო. გააღო დედაჩემმა კარი. დახვდათ დაზაფრული ტყუპები... დაჩხრიკეს სახლი სრულად და დაათვალიერეს ყველაფერი“, - წერს იგი. ანა კვანჭილაშვილის დედა ამ ინციდენტის გამო შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

17:20 - შსს ჩხრეკას ატარებს ფეისბუკჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებლის, ნენსი ვოლანდის სახლში

სამართალდამცავებმა ნენსი ვოლანდი ჩხრეკისთვის თავად წაიყვანეს სახლში. იგი იმყოფებოდა „დაიტოვეს“ დამფუძნებლის, ილია ღლონტის სახლთან - ბინაში შსს-ს თანამშრომლები ჩხრეკას ატარებდნენ. უცნობია ჩხრეკის მიზეზი. გავრცელდა ცნობები, რომ მისი სახლიდან წაიღეს ტელეფონი, აირწინაღი და წიწაკის სპრეი “ამით ძალოვნებს დააზიანებო”.

18:25 - მწერალთა სახლში ქეთი დუმბაძის ნაცვლად მისი შვილი დახვდა მწერლებს - ნოდარ მაჭარაშვილმა ტორესა მოსის აგინა და ჩაარტყა

მწერალთა სახლში ლიტერატორებს დირექტორ ქეთი დუმბაძის ნაცვლად მისი შვილი, ნოდარ მაჭარაშვილი დახვდა. ლიტერატორები დუმბაძისგან საპროტესტო აქციაზე დაკავებული მწერლების მხარდაჭერას ითხოვენ. შელაპარაკების შემდეგ ქეთი დუმბაძის შვილმა მწერალ ტორესა მოსის აგინა და ჩაარტყა.

18:30 - ორგანიზაცია "ნაბიჯის" ოფისში კრიმინალური პოლიცია შევიდა

მომხდარის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დავით სეხნიაშვილი ავრცელებს.

18:58 - ჩხრეკა ჩატარდა “დაფიონის” დამფუძნებლის, ზვიად ცეცხლაძის სახლში

“დაფიონის” ცნობით, ბინას რამდენიმე საათის განმავლობაში ჩხრეკდნენ. ადვოკატი მხოლოდ დაკავების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეუშვეს.

შსს-ს თანამშრომლებმა ცეცხლაძის ბინიდან აირწინაღები, ტანსაცმელი და პულვერიზატორები ამოიღეს.

პოლიცია მას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით ედავება, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას.

20:30 - შსს რუსთაველზე მოქალაქეებს „ზედაპირულად ათვალიერებს“

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანსა“ და „რუსთაველთან“ იმ მოქალაქეებს ჩხრეკენ, რომლებიც, პოლიციის ვარაუდით, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე მიდიან. პოლიცია განმარტავს, რომ ეს არა ჩხრეკა, არამედ „ზედაპირული დათვალიერებაა“.

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე „ზედაპირული დათვალიერებისას“ პოლიციის თანამშრომლებმა ორი მოქალაქე დააკავეს.

21:30 - "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის ბრალდებით დაკავებულ ორ ადამიანს პატიმრობა შეეფარდა

ბრალდებულები, ლომიძე და ზასოხაშვილი, 2 დეკემბერს ჭიჭინაძის ქუჩაზე დააკავეს ადმინისტრაციული წესით. წინასწარი დაკავების იზოლატორის დატოვებისთანავე ეზოშივე დააკავეს სისხლის სამართლის წესით, პოლიციელზე ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ბრალდებით სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას. ორივე მათგანს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ორივე ბრალდებული ნაცემია, მათ თვალი აქვთ ჩალურჯებული და სახეზე ეტყობათ კვალი. მათზე პოლიციამ დაკავებისას და მის შემდეგ იძალადა.

22:30 - დააკავეს ალეკო ელისაშვილი და ზურაბ დათუნაშვილი

თავისუფლების მოედანთან დააკავეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი.

დაკავებულია პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილიც. მას ბრალად ედება ძალადობა და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე ნახეთ პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი