მოსამართლე ნანა შამათავამ პატიმრობა შეუფარდა, საპროტესტო აქციაზე პოლიციელებისა და სპეცტექნიკისთვის "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს დავით ლომიძესა და თენგო ზასოხაშვილს.
ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც დაცვის მხარისგან განსხვავებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.
ადვოკატების მტკიცებით, არ არსებობდა პატიმრობის საფუძველი, ამას გარდა მტკიცებულებების მოპოვება გამოძიებამ პროცედურის დარღვევით წარმართა, რასაც არ ეთანხმება პროკურატურა.
ორივე ბრალდებული ნაცემია, მათ თვალი აქვთ ჩალურჯებული და სახეზე ეტყობათ კვალი. მათზე პოლიციამ დაკავებისას და მის შემდეგ იძალადა.
ლომიძეც და ზახოსაშვილიც 2 დეკემბერს ჭიჭინაძის ქუჩაზე დააკავეს, ჯერ ადმინისტრაციული წესით, წინასწარი დაკავების იზოლატორის დატოვებისთანავე ეზოშივე დააკავეს სისხლის სამართლის წესით, პოლიციელზე ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ბრალდებით სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას. ორივე მათგანს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
სისხლის სამართლის წესით კიდევ ოთხი პირია დაკავებული. მათგან სამს გუშინ 3 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. კიდევ ერთისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ.
მეშვიდე ღამეა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების გამო. „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
ფორუმი