"ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო" - სააკაშვილის სიტყვა და მისი შეფასებები

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე, 29 ნოემბერი

დაკავებიდან მე-60 დღეს, 29 ნოემბერს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პირველად მიეცა შესაძლებლობა, საზოგადოებისთვის არა წერილობით, არამედ სიტყვიერად მიემართა.

მიუხედავად იმისა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს და თვლის, რომ მისთვის წაყენებულ ბრალდებებს მსოფლიოში „მხოლოდ რუსეთი აღიარებს“, თბილისის საქალაქო სასამართლოში სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობისთვის ის და მისი მხარდამჭერები დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ.

29 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წარმატებულ წარსულზე, მძიმე აწმყოსა და სამომავლო შანსზე საათზე მეტხანს ლაპარაკობდა. სააკაშვილმა თქვა, რომ მზად არის ბრძოლისთვის და სიკვდილისთვისაც.

  • კონკრეტულად რა თქვა მიხეილ სააკაშვილმა, რა გეგმები აქვს და რა როლში წარმოუდგენია საკუთარი თავი?
  • რას სთხოვს ექსპრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეებს და რა ვალდებულებას შეახსენებს?
  • როგორ უყურებს წაყენებულ ბრალდებებსა და რას ნანობს წარსულში დაშვებული შეცდომებიდან?
  • რა შთაბეჭდილება დატოვა მისმა გამოსვლამ?

მონატრება და „მკვდარი თევზები“

მიხეილ სააკაშვილმა თავისი 80-წუთიანი გამოსვლის დასაწყისშივე დაუსვა შეკითხვა, მისი შთაბეჭდილებით, „დაღვრემილ“, „მოღუშულ“ და „გაუბედურებულ“ საქართველოს მოქალაქეებს, მოენატრათ თუ არა „ქვეყნის სიამაყის განცდა“; „ტემპი და დრაივი განვითარების“; „სიახლე და აღმშენებლობა“; „სიყვარული და სითბო“, „გამარჯვების ზეიმი“ და პასუხი თავადვე გასცა - „თუ ეს ყველაფერი მოგენატრათ, მაშინ ის, რაც ახლა ხდება, ეს ყველაფერი ერთად უნდა დავასრულოთ“.

მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინაში წარმატებული კარიერისა და უზრუნველყოფილი ცხოვრების დათმობა მას ქვეყნის უცილობელი დაღუპვის მოლოდინმა გადააწყვეტინა და ქართველი ხალხის მოწოდებების გარდა, ამ გადაწყვეტილების სისწორეში ბოლოს უმცროსი ვაჟის - ნიკოლოზის, დედის - გიული ალასანიასა და პარტნიორის, რადის დეპუტატის - ლიზა იასკოს შეფასებებმა დაარწმუნა.

ამბობს, რომ ყველანაირი სირთულისთვის თავიდანვე იყო მზად და შეგნებულ რისკზე წავიდა, რადგან არ აპირებდა წინა საუკუნეში საქართველოდან პარიზში გახიზნული მთავრობის წარმომადგენლების ბედი გაეზიარებინა.

ექსპრეზიდენტის თქმით, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ის არაერთხელ იდგა სიკვდილის საფრთხის წინაშეც, მათ შორის - ციხის საავადმყოფოშიც, როცა ერთ-ერთმა ექიმმა, მკვლელობის საფრთხის გამო, საიდუმლოდ გააფრთხილა უარი ეთქვა ანალიზების აღებაზე და ამ უარმა, მისი შთაბეჭდილებით, საავადმყოფოს მთავარი ექიმიც გაახარა.

სააკაშვილი ამბობს, რომ ის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა რუსთავის ციხიდან გლდანის საავადმყოფოში გადაყვანის დროს და კიდევ ბევრი სირთულეა მის წინაშე.

„მე წამოვედი დინების საწინააღმდეგოდ. ზვიად გამსახურდია ამბობდა - დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიანო... მე არ მინდა ვიყო მკვდარი თევზი და ჩვენ არავინ არ უნდა ვიყოთ მკვდარი თევზები... ამიტომ - მოქმედება“.

„მხოლოდ რუსეთი აღიარებს“

მიხეილ სააკაშვილმა 29 ნოემბერსაც არაერთხელ გაიმეორა, რომ მისი უკანონო სამართლებრივი დევნა რუსეთის ინტერესებს უკავშირდება და თავს „პუტინის ტყვედ“ თვლის.

მისი თქმით:

  • „ყველამ იცის, რომ მე ციხეში არ უნდა ვიჯდე... ერთადერთი ქვეყანა, რომელიც აღიარებს ბრალს ჩემს წინააღმდეგ, ეს არის რუსეთი“;
  • „შემთხვევით პუტინმა ხომ არ გიკარნახათ... შემთხვევით ხომ არ დაემთხვა, რომ ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნიდან ერთ თვეში აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები... მეტი რაღა დადასტურება გინდათ?! ... უკრაინაში ვიყავი ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე, იმ ადგილზე, სადაც პუტინს ეს არ სიამოვნებდა“;
  • „ეს არის კლასიკური რუსული კომბინაცია. მთელი მსოფლიო არის გაოგნებული, რომ მე ამ შუშიდან უნდა მოგმართავდეთ იმის მაგივრად, რომ შემეძლოს, ჩემს ქვეყანაში, ჩემს აშენებულ ქვეყანაში თქვენთან ერთად სიარული და მისი შემდგომი განვითარება“.

სააკაშვილი თვლის, რომ უკანონოა მისთვის გამოტანილი ყველა განაჩენი და ყველა ბრალდება, მათ შორის - „2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობით დაშლის“ საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც უკავშირდებოდა 29 ნოემბერს გამართული სასამართლო პროცესიც.

პატიმარი ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ 7 ნოემბრის მოვლენებიც რუსეთის გეგმებს უკავშირდებოდა და ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილიც, 14 წლის წინ, ამ გეგმის მთავარი ფიგურანტი იყო.

სააკაშვილის მონათხრობის თანახმად:

  • 2007 წლის სექტემბერში ბელორუსის პრეზიდენტმა, ლუკაშენკომ სააკაშვილს უთხრა პუტინის ნათქვამი, რომ პატარკაციშვილი საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი იქნებოდა;
  • ამის შემდეგ პატარკაციშვილის ორგანიზებითა და დაფინანსებით დაიწყო საპროტესტო გამოსვლები - „პატარკაციშვილის ფული იყო მთლიანად რუსული ფული“;
  • როცა პატარკაციშვილმა დიდ მიტინგზე წარმოთქვა „სეფე სიტყვა“, გასაგები გახდა - რას ემსახურებოდა მისი გეგმა;
  • საქართველოს ამ დროს ჰქონდა ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მიღების რეალური შანსი.
ასევე ნახეთ მამუკა მდინარაძემ შეაფასა სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობს ასევე, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგის დაშლის ოპერაციას მთლიანად შს მაშინდელი მინისტრი [ვანო მერაბიშვილი] უძღვებოდა და პრეზიდენტი დირექტივებს არ გასცემდა. ხოლო იმისთვის, რაც მოხდა, საფასური მანაც გადაიხადა და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა.

  • „მე ამ ყველაფერს ტელევიზორით ვუყურებდი. მე არანაირი ინსტრუქციები არავისთვის მიმიცია. ისინი ასრულებდნენ მოვალეობას, როგორც მათ ესმოდათ და როგორი გამოცდილებაც ჰქონდა ჩვენს პოლიციას, რომელიც მაშინ იყო ძალიან ახალგაზრდა და ძალიან გამოუცდელი... ღმერთმა დაგვიფარა და არავინ დაიღუპა შეტაკებების დროს. ერთი ადამიანი დაშავდა მძიმედ და მასთან სახლში მივედი... ეს ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში და არავის მოსდის აზრად საქმეების აღძვრა“;
  • „მე გავაკეთე ის, რასაც პრაქტიკულად ძალიან ცოტა ლიდერი აკეთებს მსოფლიოში... გადავდექი, შევამცირე ჩემი საპრეზიდენტო ვადა და წავედი ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც გაჭირვებით, მაგრამ მოვიგე... რატომ გავაკეთე ეს?! იმისთვის, რომ ჩამეშალა რუსული გეგმები, რომ ამ მიტინგისა და გამოსვლების გამო არ დაგვბლოკოდა ჩვენ ნატოში ინტეგრაცია“.

სააკაშვილმა თქვა, რომ პოსტიდან გადადგომისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნისთვის მან აშშ-ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის შექებაც დაიმსახურა.

ისე კი, მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს რიცხობრივად ვერც კი ადარებს 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგისა და 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების დროს დაშავებულ ადამიანებს.

ასევე ნახეთ "7 ნოემბრის საქმეზე" მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 23 დეკემბერს განახლდება

შეცდომა თუ დანაშაული - რას ნანობს?

სააკაშვილი ამბობს, რომ მისი ხელისუფლების დროს „საკმარისზე მეტი“ შეცდომა იქნა დაშვებული; ხოლო იმ შეცდომებს შორის, რომლებსაც ძალიან ნანობს, საგანგებოდ გამოყოფს სასამართლოს თემას.

„პირველ რიგში ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო“, - თქვა მან სასამართლო სხდომაზე და თანაგუნდელის, აწ გარდაცვლილი ნიკა რურუას გაფრთხილებაც გაიხსენა, რომ თუ სასამართლო სრულად დამოუკიდებელი და სანდო არ გახდებოდა, ყველა რეფორმა წყალში ჩაიყრებოდა:

  • „ნიკა აღარ არის დღეს ცოცხალი, მაგრამ, გეგონება, ყველაფერი აი, ზუსტად გამოიცნო“.
  • „ჩვენ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო... ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ ყველას, ვისაც ეს შეეხო“.

შეცდომების დაშვება, სააკაშვილის თქმით, ბევრის მოსწრების სურვილმა და სიჩქარემ გამოიწვია - „ვიცოდი, რომ ბევრი რამე იყო გასაკეთებელი“.

თუმცა სააკაშვილი მკაფიოდ მიჯნავს შეცდომებს დანაშაულისგან და ამბობს იმასაც, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და დამნაშავე არ არის:

„მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი, მე მინდა ყველა ქართველმა ეს იცოდეს... საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი არ შეიძლება იყოს დამნაშავე, დამნაშავეები სახელმწიფოებს კი არ აფუძნებენ, არამედ ანგრევენ და თქვენ ხედავთ კლასიკურ მაგალითს, როდესაც ბანდიტების ხელშია ჩავარდნილი საქართველო“.

ასევე ნახეთ მსოფლიო გაოგნებულია, რომ ამ შუშის იქიდან მოგმართავთ, ჩემ აშენებულ ქვეყანაში სიარულის ნაცვლად - სააკაშვილი

რას აპირებს ის და როგორ წარმოუდგენია საკუთარი როლი მომავალში?

მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ ახლა ქართველმა ხალხმა უნდა აჩვენოს „თავგადაკლული და თავგადადებული“ აქტიურობა - „ყველაფერი მშვიდობიანად, მაგრამ მაქსიმალური მობილიზებით“.

„აჰა, ხომ გადავდე თავი; ხომ გადადო ელენე ხოშტარიამ თავი; ხომ გადადო ნიკა მელიამ თავი - როცა თავისი ფეხით შევიდა ციხეში... ხომ გადადო ლექსო რაფავამ თავი“.

ასევე ნახეთ სააკაშვილი: რომ არა ლომჯარიას გამბედაობა, მე დღეს აქ ცოცხალი არ ვიდგებოდი

მესამე პრეზიდენტი თხოვნით მიმართავს ქართველ ხალხს - ნუ ელოდებიან პოლიტიკოსების გეგმებს და თავადაც იმოქმედონ - გაათავისუფლონ, რათა შემდეგ თავად მიხეილ სააკაშვილმა შეძლოს ხალხის დახმარება:

  • „მინდა ვთხოვო ყველა ადამიანს - თავის ეზოში, თავის საკარმიდამოში, თავის სოფელში შექმნას თავისი საკუთარი მიხეილ სააკაშვილის გამოხსნის კომიტეტი პუტინის ტყვეობიდან“;
  • „იმისათვის, რომ დაგეხმაროთ, მე არ უნდა ვიჯდე ამ ბადრაგებს შორის და არ უნდა ვუყურებდე ამ დახურულ სივრცეს... თქვენ იცით, რა ენერგია მაქვს და რა შესაძლებლობები მაქვს იმისთვის, რომ დაგეხმაროთ“;
  • „ეს ქვეყანა ჩვენია... პოლიტიკოსებს კი ნუ ვთხოვთ... მიშა, შენ ჩამოდი, მიშა თუ არ არ ჩამოვიდა, არაფერი არ გვეშველება... აჰა, ჩამოვედი და ჩემი სიცოცხლე ჩაგიდეთ ხელში“;
  • „ყველა ადამიანს აქვს მოქმედების არათუ მხოლოდ უფლება, არამედ აქვს ვალდებულება“.
ასევე ნახეთ სააკაშვილი იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში შეიქმნება მისი გათავისუფლების კომიტეტი

„გათავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტის“ შექმნის გეგმას მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ 25 ნოემბერს ახსენებდა, გორის ჰოსპიტალში დაწერილ წერილში, სადაც ამბობდა:

„ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, ჩემს გათავისუფლების კამპანიაზე იმუშაოს საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც, ერთის მხრივ, გაითვალისწინებს ოპოზიციის გენერალურ პოლიტიკურ ხაზს და, მეორეს მხრივ, კოორდინაციას გაუწევს მიმდინარე კამპანიას“.

"აკადემიური"

იმის გამო, რომ 29 ნოემბერს, სასამართლო პროცესზე, მიხეილ სააკაშვილი ჩვეული ემოციებით არ გამოირჩეოდა, ექსპერტს პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებში, გია ხუხაშვილს გეგმის არსებობაზე მიანიშნებს. როგორც ექსპერტმა უთხრა რადიო თავისუფლებას, სააკაშვილს ახლა „აგრესიული გამოსვლა“ არ აძლევდა ხელს:

  • „შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პირველი სერია. ჩვენ მას, ბუნებრივია, სასამართლოში ისევ ვიხილავთ... როგორც ჩანს, მას აქვს გეგმა - როგორ იმოქმედოს... დღევანდელი გამოსვლა გათვლილი იყო საერთაშორისო პარტნიორებზეც, რადგან სააკაშვილმა მათაც ფაქტი შეახსენა წარსულიდან“;
  • „საკმაოდ კარგ ფორმაშია... ეს ის მიშა არ არის, მაგრამ არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ფორმაში არ არის და დასუსტებულია. აკადემიური სტილი აირჩია ამჯერად. ტაქტიკურად მას სჭირდება, რომ ხელისუფლება ცოტა მოეშვას... ვფიქრობ, ის ამზადებს დარტყმას, მაგრამ ეს დარტყმა არ იყო დაგეგმილი დღეს“.

გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ექსპრეზიდენტმა ხალხს აქტიურობისკენ მოუწოდა, მაგრამ „მისი გამოსვლა არ იყო წმინდა სამობილიზაციო გამოსვლა“; თუმცა ჩანდა, რომ პოლიტიკური პროცესების განვითარება მიხეილ სააკაშვილს თავისი აქტიური მონაწილეობით წარმოუდგენია - „ის არის პოლიტიკოსი, რომელიც საკუთარი პერსონის ირგვლივ ხედავს ყველაფერს... თავის ირგვლივ აგებს ყველაფერს“.

ყოფილი პოლიტიკოსი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, დავით დარჩიაშვილი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე კიდევ ერთი გამოცდა ჩააბარა წარმატებით, მაგრამ ექსპერტი არ ფიქრობს, რომ მისი მიზანი ისევ თანამდებობის დაკავება იყოს.

„ის ნამდვილად იქნება ძალიან გავლენიანი პოლიტიკოსი, მაგრამ არ მგონია, და ეს მას თავადაც აქვს ნათქვამი, რომ რაიმე თანამდებობაზე ფიქრობდეს მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვლება“, - ეუბნება დარჩიაშვილი რადიო თავისუფლებას.

მიხეილ სააკაშვილს თავის გამოსვლაში, 29 ნოემბერს, ოპოზიციური პარტიების კოალიცია არ უხსენებია. დავით დარჩიაშვილი არ ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის „გათავისუფლების კომიტეტის“ იდეა ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგს ეწინააღმდეგება.

„მისი გამათავისუფლებელი კომიტეტის შექმნის იდეა საკმაოდ საინტერესოა, მაგრამ ეს პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგიდან ცალკე დგას... ვინ რომელ პარტიას უჭერს მხარს, ახლა მისთვის [სააკაშვილისთვის] არა აქვს მნიშვნელობა და ის ამაზე არ ფოკუსირდება“, - ამბობს დარჩიაშვილი.