თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა „7 ნოემბრის საქმესთან" დაკავშირებული პროცესი, რომელშიც ბრალდებულია პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ მოსამართლემ შემდეგი სხდომის გამართვის თარიღად 23 დეკემბერი გამოაცხადა. ადვოკატმა აღნიშნა, რომ პროკურორებს, თარიღთან დაკავშირებით პროტესტი არ ჰქონიათ, პირიქით, სხდომის გადაწევის სურვილი გამოთქვეს. ბასილაიას განცხადებით, ეს ნიშნავს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულებები არ აქვს. ადვოკატის განცხადებით, პროკურატურა ამ საქმეში პროპაგანდისტული მიზნებით მოქმედებს.
29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდა 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის საქმის განხილვა. სხდომას პირველად დაესწრო ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მან სასამართლოს ვრცელი სიტყვით მიმართა.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების, ანუ 1 ოქტომბრის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სამჯერ გაიმართა სხდომები მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე - 2007 წლის 7 ნოემბრის, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის და საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეებზე. სამივე შემთხვევაში სააკაშვილი, რომელსაც 1 ოქტომბრიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, სხდომებზე დასწრების სურვილს გამოთქვამდა, თუმცა, სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებდა, რომ არსებობდა ესკორტირებისას შესაძლო საფრთხე და „დამატებითი რისკი ჯანმრთელობისთვის“.