პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში შეიქმნება მისი გათავისუფლების კომიტეტი. ის საკუთარ თანაპარტიელებს და მხარდამჭერებს გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან "ფეისბუკის" საშუალებით მიმართავს.
"მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში შეიქმნება ჩემი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი. ამავე დროს, ველი და ზუსტად ვიცი, რომ ამ მიმართულებით ისეთივე ძალით გააგრძელებს აქტიურობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მადლობელი ვარ სხვა პარტიების და პიროვნებების მხრიდან აქტიურობის და ეს გარდაუვლად გამოიწვევს საზოგადოების ფართო ფენების აქტიურობის ტალღას. მოგიწოდებთ მრავალი სხვადასხვა აქციისკენ და უნდა მოვამზადოთ ერთი დიდი საერთო ეროვნული აქცია დეკემბერში", - აცხადებს სააკაშვილი.
აქვე ის თავის მხარდამჭერებს რამდენიმე დღეში, 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი საქმის სხდომის პარალელურად ეზოში შეკრებისკენ მოუწოდებს.
"გთხოვთ, რომ შეიკრიბოთ სასამართლოსთან. ეს იქნება პირველი შესაძლებლობა პირდაპირი მიმართვის ბოლო ორ თვეში. ყველამ ვიცით, რომ სასამართლო ფარსია, მაგრამ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი შეხვედრის ადგილად", - აცხადებს ის.
სააკაშვილმა მისი გათავისუფლების კომიტეტის შექმნის იდეა რამდენიმე საათის წინ გააჟღერა.
"ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, ჩემს გათავისუფლების კამპანიაზე იმუშაოს საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც, ერთის მხრივ, გაითვალისწინებს ოპოზიციის გენერალურ პოლიტიკური ხაზს და, მეორეს მხრივ, კოორდინაციას გაუწევს მიმდინარე კამპანიას", - აცხადებდა სააკაშვილი.
20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სააკაშვილი დასთანხმდა იუსტიციის მინისტრის წინადადებას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლის შესახებ, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების მომენტიდან მან შიმშილობა გამოაცხადა.
მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ადვოკატები და ექიმები ითხოვდნენ, რომ სააკაშვილი ხელისუფლებას მრავალპროფილურ კლინიკაში გადაეყვანა, ხელისუფლება კი ამბობდა, რომ თუ მას რუსთავის ციხეში ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდებოდა, გადაიყვანდნენ გლდანში, პენიტენციური სამსახურის სივრცეში არსებულ კლინიკაში. ასეც მოიქცა პენიტენციური სამსახური 8 ნოემბერს, რისი წინააღმდეგიც თავად სააკაშვილი იყო.
1 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად იყო შიმშილობა შეეწყვიტა, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანდნენ, იმ დათქმით, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო გორის სამხედრო ჰოსპიტალი.