„კავკაზ.რეალიის“ ცნობით, ლაპარაკია ნიზად რზაევზე, ელხან შირინოვსა და ვუგარ მაგერამოვზე. ორ მათგანს, შირინოვსა და მაგერამოვს, ძალდატანებით მოაწერინეს სამხედრო კონტრაქტზე ხელი და სპეცდანიშნულების პოლკ „სევერ ახმატის“ ტერიტორიაზე გამოკეტეს.
როგორც „კავკაზ.რეალიიმ“ დაადგინა, ჩეჩნეთის შემთხვევა არ არის გამონაკლისი და ჩრდილოეთ კავკასიასა და რუსეთის სამხრეთში ასობით უცხოელს აწამებდნენ და ემუქრებოდნენ ომში იძულებით გაგზავნით.
"მიგრაციული პრობლემა" როგორც ხაფანგი
ჩეჩნეთში ფულის საშოვნელად ჩასული აზერბაიჯანის ხუთი მოქალაქე, რომლებიც სხვადასხვა მშენებლობაზე მუშაობდნენ, სექტემბერში დააკავეს. მათ უკრაინაში გაგზავნით დაემუქრნენ.
დაკავებული აზერბაიჯანელების ამბავი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ეს ისტორია აზერბაიჯანულ გამოცემა Qafqazinfo-ს ნიზად რზაევის მამამ უამბო. მისი ვაჟი და ორი სიძე სამართალდამცველებმა „მიგრაციული პრობლემების გამო დააკავეს“. კიდევ ორ აზერბაიჯანელი - შირინოვი და მაგერამოვი, აიძულეს ხელი მოეწერა უკრაინაში საომრად წასვლის ხელშეკრულებისთვის. რზაევის მამა ამტკიცებდა, რომ ისინი ჩეჩნეთსა და მთელ რუსეთში ცნობილ სპეცდანიშნულების რაზმ „ახმატ სევერში“ ჰყავდათ დაკავებული, რაც მოგვიანებით შირინოვმაც დაადასტურა.
„ჩვენ გვაიძულეს ხელი მოგვეწერა ცარიელ დოკუმენტზე. და რადგან საკმარისი ცოდნა არ გვქონდა, მას ხელი მოვაწერეთ. ...ჩვენ გვითხრეს, რომ თუ გაქცევას შევეცდებოდით ან უარს ვიტყოდით, მინდორში გაგვიყვანდნენ და დაგვხვრეტდნენ. სარდაფში ჩაგვყარეს და გვაწამეს“, - ამტკიცებს ელხან შირინოვი.
აზერბაიჯანულ სააგენტო Qafqazinfo-სთან საუბარში შირინოვმა აღნიშნა, რომ რზაევი და აზერბაიჯანის კიდევ ორი მოქალაქე „ციხეში“ ჰყავთ და, სავარაუდოდ, მათაც აიძულებენ კონტრაქტზე ხელის მოწერასო.
მოგვიანებით, ვუგარ მაგერამოვი მოჰყვა, რომ ისინი ჯერ აწამეს, შემდეგ კი ერთ-ერთი ჩეჩენი მინისტრის სახელით, დახვრეტით დაემუქრნენ, თუ შეეცდებოდნენ გაქცევას ან უარს იტყოდნენ ომში წასვლაზე.
ამ ისტორიამ აზერბაიჯანში დიდი რეზონანსი გამოიწვია. 16 სექტემბერს, პუბლიკაციის შემდეგ თავის მოქალაქეებს გამოესარჩლა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საპროტესტო ნოტა გაგზავნა მოსკოვში. რუსეთს ნოტაზე საჯარო პასუხი არ გაუცია. დღემდე დუმს ჩეჩნეთის ხელისუფლებაც. თუმცა, სექტემბრის ბოლოს „კავკაზ.რეალიისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ჩეჩნეთში დაკავებულები გაათავისუფლეს. „კავკაზსკი უზელის“ ცნობით კი, ისინი რუსეთიდან სახმელეთო საზღვრის გავლით დაბრუნდნენ აზერბაიჯანში.
დაახლოებით იმავე პერიოდში, სექტემბრის შუა რიცხვებში, ყუბანსა და როსტოვის რეგიონში რეიდების შემდეგ, ასობით უცხოელი მუშა აღმოჩნდა საიმიგრაციო პოლიციაში. კრასნოდარსა და სოჭში 252 მიგრანტი, მათ შორის ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის მოქალაქეები გადაიყვანეს საიმიგრაციო პოლიციაში. ამ შემთხვევაში არ გავრცელებულა ინფორმაცია მათი სამხედრო კომისარიატებში წაყვანისა და სამხედრო სამსახურში იძულებითი რეგისტრაციის შესახებ, მაგრამ ეს მოხდა სხვა რეიდების დროს.
ასე მაგალითად, 10 სექტემბერს სამართალდამცველების რეიდს დონის როსტოვის ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე, 25 უცხოელი მუშის დაკავება მოჰყვა. სასამართლომ მათ ნაწილს ქვეყნიდან გაძევება მიუსაჯა, ხოლო 13 მუშა, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობის დამდასტურებელი პასპორტებიც აღმოაჩნდათ, იძულებით დააყენეს სამხედრო აღრიცხვაზე
11 სექტემბერს მსგავსი დარბევა მოხდა როსტოვის ოლქის აქსაის რაიონში მდებარე საწყობში. სამხედრო სამსახურში გამოძახების უწყისი ადგილზევე გადასცეს 30-ზე მეტ მამაკაცს, რომლებსაც რუსული პასპორტები აღმოაჩნდათ.
ომში წასვლის კონტრაქტზე ხელმოწერა, წაუკითხავად
იურისტი ვალენტინა ჩუპიკი, რომელიც რუსეთში მომუშავე უცხოელთა უფლებებს იცავს, ამტკიცებს, რომ ერთი თვის განმავლობაში მას სულ მცირე უცხოეთის ოთხი მოქალაქე მაინც მიმართავს ერთი და იმავე საჩივრით - მათ მოტყუებით აიძულებდნენ ხელი მოეწერათ ომში წასვლის კონტრაქტზე.
მისი თქმით, სწორედ ახლა სტავროპოლის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება უზბეკეთის ორი მოქალაქე, რომლებიც არალეგალური მიგრაციის გამო დააკავეს. დამსაქმებელმა მათ ჩამოართვა დოკუმენტები, სანაცვლოდ კი შეაჩეჩა ისეთი სარეგისტრაციო საბუთები, რომლებიც ყალბი აღმოჩნდა. პოლიციაში შეეცადნენ მათ გადაბირებას რუსეთ-უკრაინის ომში გასაგზავნად, მაგრამ უზბეკეთის მოქალაქეებმა უარი თქვეს.
„ამ მონათმფლობელმა დაადასტურა, რომ ეს ყალბი რეგისტრაციები იყიდა. შესაბამისად, მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე არალეგალური მიგრაციის ორგანიზებისთვის. მაგრამ ის თავისუფალია, ხოლო დაზარალებულები სპეციალური დაკავების ცენტრებში იმყოფებიან“, - ამბობს ადვოკატი ჩუპიკი.
2023 წელს „კავკაზ.რეალიიმ“ დეტალურად აღწერა როსტოვის ოლქში მომხდარი ამბავი. იქ უცხოელთა დროებითი მოთავსების ცენტრში წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული უზბეკეთის რვა მოქალაქე. ყველა მათგანი გადიოდა მოწმედ და დაზარალებულად უკანონო მიგრაციის საქმეზე.
„ახალგაზრდებს, რომლებიც ძლიერებად გამოიყურებიან, უმალვე სთავაზობენ: თუ კონტრაქტებს ხელს მოაწერთ, დეპორტაციისგან გაგათავისუფლებთ და თან რუსეთის მოქალაქეობასაც მოგცემთო. მაგრამ ვინც ჩვენ მოგმართავს, მასზე ხელი პრაქტიკულად არავის მოუწერია“, - ამობს ჩუპიკი.
არსებობს სიტუაციები, როდესაც პოლიციასა თუ სპეციალურ მისაღებებში ადამიანებს აიძულებენ წაუკითხავად მოაწერონ ხელი დოკუმენტებს.
„აი, ეს კი მუდმივი პრობლემაა. და ეს არის არა მხოლოდ სამხედრო კონტრაქტები, არამედ საკუთარი დანაშაულის თვითნებური აღიარებები“, - ამბობს ვალენტინა ჩუპიკი. ადვოკატი უცხოელ მოქალაქეებს ურჩევს, რომ ასეთ შემთხვევებში მოითხოვონ კონსული და უარი თქვან რუსულ ენაზე შედგენილ დოკუმენტებზე ხელის მოწერაზე.
ჩეჩნური მეთოდები და ბასტრიკინის ხრიკი
რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, ნებისმიერ რუსეთის მოქალაქეობის არმქონე უცხოელს შეუძლია ხელი მოაწეროს კონტრაქტს და გაიაროს სამხედრო სამსახური. ამ შესწორებას რუსეთის ხელისუფლება ამჟამად იყენებს იმისთვის, რომ უცხოელ მოქალაქეებს უკრაინაში მიმდინარე ომში წასვლა აიძულოს.
„ხელისუფლებას წინ უდევს გეგმა და მას არ აინტერესებს, როგორ განხორციელდება იგი. გარკვეული რაოდენობის ადამიანებისთვის გაწვევისათვის ხელისუფლება საკუთარი თავით აგებს პასუხს“, - აღნიშნავს იურისტი დმიტრი ზახვატოვი. და დასძენს, რომ ჩეჩნეთსა და დანარჩენ რუსეთში, მხოლოდ მეთოდები განსხვავდება. თუ ქვეყნის მასშტაბით უცხოელების გადაბირებას მოტყუებით და დაშინებით ცდილობენ, გროზნოში ადამიანებს უბრალოდ იტაცებენ და სარდაფებში ჰყავთ გამომწყვდეული.
აზერბაიჯანელების უკანონო დაკავების შემთხვევაში ამას დიდი რეზონანსი იმიტომ მიეცა, რომ თავის მოქალაქეებს სახელმწიფო გამოესარჩლა.
„ჩვენ უბრალოდ მივეჩვიეთ, რომ უცხოეთში, როდესაც რამე ემართებათ, რუსეთის მოქალაქეებს არავინ ესარჩლება. თუ ისინი ჯაშუშები არ არიან“, - ამბობს ადვოკატი
2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, ცენტრალური აზიის ქვეყნები რეგულარულად იტყობინებიან, რომ ომში იგზავნებიან შრომითი მიგრანტები, რომლებიც რუსეთში სამუშაოს საძებნელად ჩადიან. ამ ქვეყნების მთავრობები შეახსენებენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ ომში მონაწილეობის გამო ისინი შესაძლოა დაქირავებულ მეომრებად იქნენ მიჩნეული.
მოგვიანებით რუსეთმა ასეთ ხრიკს მიაგნო - მოსკოვი შრომით მიგრანტებს უკრაინის ომში იძულებით ამ მოტყუებით აგზავნის. ამის შესახებ მიმდინარე წლის ივნისში, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტრიკინმა პირდაპირ განაცხადა პეტერბურგის საერთაშორისო იურიდიულ ფორუმზე. მისი თქმით, ჯარში 10 ათასამდე მიგრანტი მოხვდა.
„იცით, ჩვენ ვიპოვეთ ხრიკი, რამაც გამოიწვია ის, რომ მიგრანტებმა რუსეთის ნელ-ნელა დატოვება დაიწყეს“, - განაცხადა ბასტრიკინმა.
ამავე დროს, რუსეთი კანონით აიძულებს სამხედრო ვალდებულების მოხდას იმ უცხოელებს, რომლებმაც ნატურალიზაციის გზით მოიპოვეს რუსეთის მოქალაქეობა.
„ჩვენ დავიწყეთ კონსტიტუციის დებულებების და ჩვენი კანონების შესრულება, რომ პირები, რომლებმაც მიიღეს მოქალაქეობა, უნდა დადგნენ სამხედრო აღრიცხვაზე და საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა უნდა მიიღონ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“, - განაცხადა ალექსანდრ ბასტრიკინმა.
ასევე ნახეთ რუსეთი შრომითი მიგრანტების რაოდენობის შემცირებას ცდილობს ჯარში მათი გაგზავნით ასევე ნახეთ ინდოეთმა რუსი შუამავლების მიერ უკრაინაში საომრად გადაბირებული 45 მოქალაქე დააბრუნა ასევე ნახეთ მოსკოვურმა კომპანიამ მიგრანტები დაიქირავა უკრაინაში ჯარისთვის ტრანშეის გასათხრელად