Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კროკუსის“ ტერაქტის შემდეგ რუს მობილიზებულებში შურისძიების განწყობა იზრდება - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო


"ბოლო 10 დღეში, დაახლოებით 16 ათასმა მოქალაქემ გააფორმა კონტრაქტები უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად. უმეტესობამ მთავარ მოტივად დაასახელა სურვილი, შური იძიოს 2024 წლის 22 მარტს მოსკოვის რეგიონში მომხდარი ტერაქტისთვის", - აცხადებს რუსეთის არმია.
"ბოლო 10 დღეში, დაახლოებით 16 ათასმა მოქალაქემ გააფორმა კონტრაქტები უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად. უმეტესობამ მთავარ მოტივად დაასახელა სურვილი, შური იძიოს 2024 წლის 22 მარტს მოსკოვის რეგიონში მომხდარი ტერაქტისთვის", - აცხადებს რუსეთის არმია.

მოსკოვის ოლქის „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტს რუსეთის მოსახლეობაში ანტიუკრაინული და მილიტარისტული განწყობის მნიშვნელოვანი ზრდა მოჰყვა.

ამას ირწმუნება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ განცხადებაში, რომლის თანახმად, ბოლო 10 დღის განმავლობაში, დაახლოებით 16 ათასმა მოქალაქემ მოაწერა ხელი კონტრაქტს "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში" მონაწილეობისთვსი და მათ უმრავლესობას შურისძიების სურვილი ამოძრავებს.

მანამდე, ამერიკულ ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იწინასწარმეტყველა, რომ პუტინი ტერაქტს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საზოგადოების მობილიზებისთვის გამოიყენებდა.

რუსეთს ცოცხალი ძალის მობილიზება გაზაფხულ-ზაფხულის კონტრშეტევისთვის სჭირდება

გასული წლის 1 დეკემბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინსტრუქციის შესრულება, რუსული არმიის შემადგენლობის მილიონ 320 ათას ადამიანამდე გაზრდის შესახებ. ”გარე საფრთხეების პროპორციულად, შეიარაღებული ძალების შემადგენლობა მომავალში გაიზრდება მილიონ-ნახევარ სამხედრო მოსამსახურემდე”, - აღნიშნა გასული წლის ბოლოს თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ.

2023 წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ მობილიზებულთა ნათესავებისა და ახლობლების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლება არ აპირებდა მობილიზებულთა როტაციას. რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი კარტაპოლოვმა მაშინ განმარტა, რომ ეს ნიშნავს - მობილიზებულებს ომში ყოფნა მის დასრულებამდე მოუწევთო.

ცოცხალი ძალა რუსეთის ხელისუფლებას 2024 წლის სამხედრო გეგმის რეალიზებისთვის სჭირდება. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა, არმიის გენერალმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ 2024 წლის ბოლოსთვის რუსეთის შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილია ორი საერთო საჯარისო არმიის და ოცდაათი შენაერთის, მათ შორის, თოთხმეტი დივიზიისა და თექვსმეტი ბრიგადის ფორმირება.


რუსეთის სამხედრო უწყების ტელეგრამის გვერდზე სხვა დაზუსტება არ ყოფილა.

მაგრამ უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ, რომელიც სადაზვერვო ცნობებს ნატოს წევრი ქვეყნების სადაზვერვო უწყებების გარდა, თავად რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული წყაროებისგანაც იღებს, ორი კვირის წინ უკვე იცოდა, თუ რა მიზნით და რა რაოდენობის ახალ ფორმირებებს ქმნის რუსეთი.

"რუსეთის არმია ქმნის 100 000-ჯარისკაციან ახალ ჯგუფს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკრაინაზე ზაფხულის შეტევისთვის", - ამის შესახებ 22 მარტს საერთო-ეროვნულ ტელემარათონში განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების მეთაურმა ალექსანდრ პავლიუკმა.

"სავარაუდოდ, ისინი (რუსეთის არმია - რედ.) შეავსებენ თავიანთ იმ ქვედანაყოფებს, რომლებიც ბრძოლისუნარიანობას კარგავენ. მაგრამ იმის ალბათობაც არსებობს, რომ ზაფხულის დასაწყისისთვის მათ (რუსებს) შეიძლება ჰყავდეთ გარკვეული ძალები, რომლებიც ერთ-ერთი მიმართულებით შესაბამის შეტევით ოპერაციებს განახორციელებენ ", - განაცხადა უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალმა.


უკრაინელ გენერალს არაფერი უთქვამს მოსალოდნელი იერიშის მიმართულებაზე, თუმცა საექსპერტო წრეებში დარწმუნებული არიან, რომ, გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რუსეთი შეუტევს ხარკოვის მიმართულებით და ქალაქის აღებასაც შეეცდება.

შურისძიება, როგორც მოტივაცია და პუტინის ხელწერა

რუსეთში მიმდინარე მობილიზაციას, როგორც ჩანს, ბიძგი მისცა მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზში 22 მარტს მომხდარმა თავდასხმამ.

როგორც რუსეთის სამხედრო უწყების ოფიციალური ცნობა ადასტურებს, მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში ხელშეკრულებით სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის მსურველთა რიცხვი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ამ წლის დასაწყისიდან კონტრაქტის საფუძველზე 100 ათასზე მეტი ადამიანი ჩაირიცხა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში.

ხოლო სამხედრო კონტრაქტების გასაფორმებლად ყოველდღიურად 1700-მდე ადამიანი აკითხავს ქვეყნის მასშტაბით მოქმედ შესარჩევ პუნქტებს. საერთო ჯამში, ბოლო 10 დღის განმავლობაში, დაახლოებით 16 ათასმა მოქალაქემ ხელი მოაწერა კონტრაქტებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად.

"შესარჩევ პუნქტებში ჩატარდა ინტერვიუები, რომლის დროსაც გაირკვა, რომ მათ უმრავლესობას იმისთვის სურს უკრაინაში საომრად წასვლა, რათა შური იძიოს მოსკოვის ოლქის „კროკუს სიტი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტზე“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამის არხში გამოქვეყნებულ ცნობაში.

თუ რამდენად შეესაბამება ეს ცნობა სინამდვილეს, ძნელი გადასამოწმებელია რუსეთის საინფორმაციო სივრცეში გაბატონებული ცენზურისა და ალტერნატიული დამოუკიდებელი წყაროების არარსებობის გამო. მაგრამ უკრაინაში ეჭვი არ ეპარებათ, რომ "საერთო მტრის" წინააღმდეგ მოსახლეობის ნაწილის მობილიზების მიზნით, მოსკოვს შეეძლო წარმატებით გამოეყენებინა მოსკოვის ოლქში მომხდარი ტერაქტი.

“ტერაქტის მომენტიდან ჩვენ გვესმოდა, რომ მიზანი შეიძლებოდა ყოფილიყო სწორედ უკრაინის დისკრედიტაცია, ჩვენი ქვეყნის დეჰუმანიზება და მისი არაადამიანურ სახელმწიფოდ წარმოჩენა. საქმე ისაა, რომ პუტინს სურს როგორმე მოახდინოს საზოგადოების კონსოლიდაცია თავის გარშემო, სურს რუსების აგიტაცია იმისთვის, რომ წავიდნენ უკრაინელების დასახოცად. ამიტომ სრულიად მოსალოდნელია ის შედეგი, რაც სამხედრო მობილიზაციის პროცესში რუსეთის უწყებამ მიიღო“, - ამბობს სამხედრო მიმომხილველი ოლეგ ჟდანოვი.

იგი იხსენებს, რომ ანალოგიური ხელწერით დაიწყო ვლადიმირ პუტინმა თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს. მოსკოვში, 1999 წელს საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შემდეგ, პუტინმა, რომელიც მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო, მომხდარ ტერაქტში ჩეჩენი ტერორისტები დაადანაშაულა და განადგურებით დაემუქრა.

„ზუსტად ასევე, კაშირის ტრასაზე მომხდარმა აფეთქებამ მისცა პუტინს შესაძლებლობა წარმოეთქვა ტერორისტების მისამართით ეს ცნობილი, კრიმინალურ სამყაროში გავრცელებული, ფრაზა -„мочить в сортире" - ტუალეტში რომ იყოთ, იქაც გიპოვით და გაგანადგურებთო. და დაეწყო მეორე ჩეჩნური ომი“, - ამბობს ოლეგ ჟდანოვი.

მოსკოვში კაშირის ტრასაზე მრავალსართულიანი სახლის აფეთქება 1999 წლის 13 სექტემბრის გამთენიისას მოხდა. შენობა, რომელიც აგურით იყო ნაშენი, მთლიანად დაინგრა და მასში მყოფი 124 ადამიანი დაიღუპა. აფეთქება, რომელიც რუსეთის ოფიციალური ვერსიით ცნობილი ჯიჰადისტების, იბნ ალ-ხატაბისა და აბუ ომარის მიერ იყო ორგანიზებული, 300 კგ ტროტილის ეკვივალენტის ასაფეთქებელი მოწყობილობით განხორციელდა.

მოსკოვის ოლქში, "კროკუს სიტი ჰოლში" მომხდარი თავდასხმიდან მალევე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გააფრთხილა საერთაშორისო საზოგადოება, რომ ვლადიმირ პუტინი „კროკუს სიტი ჰოლში" მომხდარ ტერაქტს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მობილიზებისთვის გამოიყენებდა.

„კონტრშეტევითი მოქმედებების წინ, მაის-ივნისის დადგომამდე, მას [პუტინს] უფრო მეტი ადამიანების მობილიზება სჭირდება. პუტინს ესმის, რომ მის მიერ გამოცხადებული მობილიზაცია [რუსეთში] ჩავარდა. ამიტომ მას მუდმივად ესაჭიროება საპასუხო ქმედება, რომელიც მის საზოგადოებას უკრაინის წინააღმდეგ დარაზმავდა. ყოველ შემთხვევაში სულიერად და მორალურად გააძლიერებდა იმ [რუს] ჯარისკაცებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენთან იმყოფებიან“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკულ ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში.

ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსებმა ასევე იწინასწარმეტყველეს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში მეტი შიდა მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, რუსეთის ხელისუფლება "კროკუსის" ტერაქტის ფონზე გააძლიერებდა რიტორიკას შესაძლო დასავლური და უკრაინული საფრთხეების შესახებ.

  • მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმა 22 მარტს, საღამოს მოხდა. ჯგუფ „პიკნიკის" კონცერტზე მისულ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 144 ადამიანი.
  • თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ფილიალმა („ხორასანი"). რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 12 პირი, მათ შორის, ტერაქტის 4 უშუალო მონაწილე, რომლებიც ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.
  • გამოცემა Washington Post-ი შეერთებული შტატების მთავრობის ინფორმირებულ წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი 6 მარტს გააფრთხილეს სწორედ საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ ისლამისტების შესაძლო თავდასხმის შესახებ.
  • გამოცემის თანახმად, გაფრთხილების კონკრეტული შინაარსი ხაზს უსვამს, რომ ვაშინგტონი დარწმუნებული იყო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ თავდასხმის მზადებაში.
  • მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს ტერაქტი დაუკავშიროს უკრაინას და „კიევის რეჟიმის“ მხარდამჭერ დასავლეთს, კერძოდ, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს. ისინი მოსკოვის მცდელობას პროპაგანდასა და აბსურდს უწოდებენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG