ამ არჩევნების შედეგები მთელი ევროპისათვის იქნება მნიშვნელოვანი. რადიო თავისუფლება გეტყვით, თუ რა უნდა იცოდეთ ამ არჩევნების შესახებ.
რატომ ტარდება არჩევნები ახლა?
საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს ჩატარდა, საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, რომელმაც ემანუელ მაკრონი ელისეის სასახლეში კიდევ ხუთი წლით დააბრუნა. ეს ვადამდელი არჩევნები, რომელიც ორ ტურად ჩატარდება, 30 ივნისს და 7 ივლისს, სწორედ მაკრონთანაა დაკავშირებული. მან ის ივნისის დასაწყისში, ევროპარლამენტის არჩევნებში დამამცირებელი დამარცხების შემდეგ დანიშნა, როდესაც მისმა ცენტრისტულმა კოალიციამ ხმების 15%-ზე ნაკლები მიიღო, მისმა მეტოქემ, ულტრამემარჯვენე პოპულისტმა მარინ ლე პენმა და მისმა "ეროვნულმა გაერთიანებამ" (RN) კი დამაჯერებლად გაიმარჯვა ხმების 30%-ზე მეტით. ბევრმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა რისკიან ნაბიჯად მიიჩნია. მაკრონმა არსებითად ჰკითხა ფრანგებს, სურთ თუ არა, რომ ქვეყანა ამ მიმართულებას დაადგეს თუ ეს მხოლოდ ერთჯერადი შედეგი იყო.
ასევე ნახეთ მაკრონმა საფრანგეთის პარლამენტი დაითხოვა მემარჯვენე-პოპულისტების ევროპარლამენტის არჩევნებში ტრიუმფის შემდეგ
გაამართლა თუ არა რისკმა
გამოკითხვებით თუ ვიმსჯელებთ, არა. „ეროვნული ერთობა“, გამოკითხვების მიხედვით, ხმების 30-34%-ს მიიღებს, მაკრონის Ensemble -ს („ერთად“) კი, როგორც ჩანს, ხმების 20%-ის მიღებაც შეიძლება გაუჭირდეს. ამ შედეგით ისინი მეორეზეც კი ვერ გავლენ. ცოტა ხნის წინ შექმნილი „ახალი სახალხო ფრონტი“ (NFP) - მწვანეების, სოციალ-დემოკრატების, კომუნისტებისა და მემარცხენე დემაგოგის ჟან-ლუკ მელენშონის პარტიის კოალიცია - გამოკითხვების მიხედვით, ხმების 30%-მდე მიიღებს და „ეროვნულ ერთობას“ გაუწევს კონკურენციას.
მათ ჯერ არ ჰყავთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რომელიც უნდა წამოაყენონ გამარჯვების შემთხვევაში და კოალიციაში შემავალი პარტიები ლამის ყოველდღიურ შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს. თუმცა, ეს არაფერია ოდესღაც დომინანტური მემარჯვენე-ცენტრისტ რესპუბლიკელებში (LR) არსებულ ქაოსთან შედარებით. მას შემდეგ, რაც ვადამდელი არჩევნები გამოცხადდა, პარტიის პრეზიდენტი ერიკ ჩიოტი დანარჩენი პარტიის გვერდის ავლით შეუთანხმდა მარინ ლე პენს. ამის გამო სხვა პარტიული ლიდერები მის გაძევებას ცდილობენ. ძველი, კარგი ფრანგულ კომედიის შესაფერისი სცენარია. რა გასაკვირია, რომ მათ ახლა 7%-ის მიღებას უწინასწარმეტყველებენ.
რით დასრულდება ეს ყველაფერი?
კარგი შეკითხვაა. საქმე აი, რაშია: ზემოთ მოცემულ პროცენტებს დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან 577 მანდატი პროპორციულად არ გადანაწილდება. კანდიდატები 577 ცალკეულ საარჩევნო ოლქში იბრძვიან. ეს, მართალია, ეროვნული არჩევნებია, მაგრამ ის ასევე მჭიდროდაა გადაჯაჭვული ადგილობრივ პიროვნებებსა და ადგილობრივ საკითხებთან.
თუ პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს 50%-ს, ყველაზე მეტი ხმების მქონე ორი კანდიდატი ერთმანეთს 7 ივლისს, მეორე ტურში დაუპირისპირდება. საქმეს კიდევ უფრო ართულებს ის, რომ ნებისმიერი კანდიდატი, ვისაც პირველ ტურში მხარს დაუჭერს ამომრჩეველთა 12,5%, ავტომატურად მონაწილეობს მეორე ტურშიც. 2022 წელს მხოლოდ შვიდი სამკანდიდატიანი მეორე ტური ჩატარდა, ახლა კი ბევრად მეტ ასეთ დაპირისპირებას ელიან. 7 ივლისამდე ბევრი გარიგება დაიდება პარტიებს შორის. ტაქტიკური ბრძოლა გაიმართება, რათა ხელი შეუშალონ ან შეუწყონ ამა თუ იმ პარტიის კანდიდატს. მაკრონის პარტია ბევრგან დამარცხდება, თუმცა, საბოლოოდ, სწორედ მისი ამომრჩევლები გადაწყვეტენ, საითკენ გადაიხრება ქვეყანა - მარცხნივ ან მარჯვნივ.
მიიღებს ვინმე უმრავლესობას?
ამ არჩევნების შედეგების პროგნოზირება რთული საქმეა, თუმცა გარკვეული მოლოდინები მაინც არსებობს. უმრავლესობის მოსაპოვებლად 289 მანდატია საჭირო. RN, რომელსაც ამჟამად 88 მანდატი აქვს, სავარაუდოდ, 200-ს მიიღებს. NFP-ც დაახლოებით მსგავს შედეგს აჩვენებს. მაკრონის ცენტრისტებს დღევანდელი 250 მანდატიდან ალბათ 100-ზე ნაკლები დარჩებათ. კოჰაბიტაცია, ანუ ვითარება, როდესაც პრეზიდენტის პარტიას უმრავლესობა არა აქვს, საფრანგეთმა მეხუთე რესპუბლიკის ჩამოყალიბებიდან დღემდე სამჯერ გამოცადა. თუმცა, ახლა შეიძლება ვნახოთ სრულიად ახალი რამ - პარლამენტი, სადაც არავის ჰყავს მოქმედი უმრავლესობა. სწორედ ასეთია სავარაუდო სცენარი, რადგან ეს სამი ბლოკი ერთმანეთს დასანახავად ვერ იტანს, რაც კოალიციის შექმნას თითქმის შეუძლებელს ხდის.
ასევე ნახეთ ყველაფერი, რაც ევროპარლამენტის არჩევნების შესახებ უნდა იცოდეთ
ამ შემთხვევაში რა ხდება?
პარალიზება. ჯორდან ბარდელამ, ლე პენის 28 წლის პროტეჟემ და RN-ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა საჯაროდ განაცხადა, რომ ის მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიკავებს თანამდებობას, თუ მის პარტიას უმრავლესობა ექნება. მაკრონმა შეიძლება სცადოს რაიმე სახის დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც კანონმდებლობას ვერ მიიღებს, მხოლოდ ბიუჯეტს განკარგავს. ვარაუდობენ, რომ ამ შემთხვევაში მან შეიძლება დახმარება სთხოვოს ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ კრისტინ ლაგარდს. იმასაც ამბობენ, მაკრონი შესაძლოა სულაც გადადგესო, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ეს ნაბიჯი საფრანგეთს კიდევ უფრო დიდ არეულობას მოუტანს.
შეუძლიათ თუ არა ულტრამემარჯვენეებს გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვება?
ნამდვილად შეუძლიათ. ლე პენმა და ბარდელამ დიდი სამუშაო გასწიეს, რათა მათი პარტია უფრო მისაღები გამხდარიყო ამომრჩეველთა ფართო სპექტრისთვის. ბევრი იმედოვნებს, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას ისინი უფრო ზომიერ პოზიციას დაიჭერენ, იტალიის პრემიერ ჯორჯა მელონისა და მისი „იტალიის ძმების“ პარტიის მსგავსად, რომლებიც ხელისუფლებაში 2022 წელს მოვიდნენ. თუმცა, ლე პენი უფრო მარჯვნივაა გადახრილი. მას რუსული ბანკისგან სესხი აქვს აღებული, ადრე ვლადიმირ პუტინის მიმართ გამოთქვა სიმპათია და ევროკავშირისა და ნატოს წინააღმდეგია. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მისი პარტია გაამკაცრებს საიმიგრაციო პოლიტიკას, საპენსიო ასაკს 62 წლამდე შეამცირებს, დაბლა დასწევს დღგ-ს ენერგიის გადასახადებზე, გააპროტესტებს საფრანგეთის შენატანს ევროკავშირის ბიუჯეტში და გააუქმებს საფრანგეთში დაბადებულთათვის ავტომატური მოქალაქეობის მინიჭებას უცხოელი მშობლებისათვის.
რას ნიშნავდა ეს ევროკავშირისთვის?
ყველა ეს რეფორმა ფული ჯდება. ბაზრები რყევას დაიწყებს, რადგან ფინანსური არასტაბილურობა ევროზონის მეორე ეკონომიკაში ქვეყნის საზღვრებს გარეთაც გავრცელდება. ზოგიერთი შეფასების თანახმად, „ეროვნული გაერთიანების“ პროგრამამ შეიძლება ბიუჯეტის ისედაც დიდი დეფიციტი, რომელიც ამჟამად მშპ-ს 5%-ს შეადგენს, 6%-მდე გაზარდოს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ივნისის დასაწყისში ევროკომისიამ საფრანგეთი მოათავსა გადაჭარბებული დეფიციტის პროცედურაში (EDP) ევროკავშირის მშპ-ს 3%-იანი ფისკალური დეფიციტის ლიმიტის დარღვევისთვის. ბრიუსელში ნოემბერში უფრო მკაფიო რეკომენდაციებს გასცემს და, სავარაუდოდ, ქამრების მოჭერას მოითხოვს. ეს ბრიუსელთან ერთადერთი პოტენციური დაპირისპირება არ იქნება. ულტრამემარჯვენე მთავრობა შესაძლოა მალე მოხვდეს ევროკავშირის სამიზნეში ადგილობრივი ფირმების სუბსიდირებისა და ევროკავშირის შიდა ბაზრის წესების დარღვევის, ევროკავშირის ელექტროენერგიის ბაზრის წესების დარღვევისა და ევროკავშირის სხვა მოქალაქეების წინააღმდეგ დისკრიმინაციის გამო.
საგარეო პოლიტიკის საქმე როგორ იქნება?
საფრანგეთი საპრეზიდენტო სისტემაა, სადაც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა დიდწილად მაკრონის ხელშია. ის წარმოადგენს ქვეყანას ევროკავშირის, ნატოსა და G7-ის გადამწყვეტ სამიტებზე. ასე რომ, უკრაინისა და ევროკავშირის შემდგომი გაფართოების პოლიტიკური მხარდაჭერა გაგრძელდება. მაგრამ მას შეიძლება პრობლემები შეექმნას, საგარეო პოლიტიკის დაფინანსების კუთხით. კიევისათვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გამოყოფა პარლამენტის თანხმობას საჭიროებს. პარლამენტში, რომელსაც ომის დაფინანსება ან ნატოსა და ევროკავშირში ახალი წევრების მიღება არ სურს, მაკრონს მანევრების თავისუფლება არ ექნება, გარკვეული გაგებით, ის რისკავს, რომ გახდეს "კოჭლი იხვი" პრეზიდენტი მისი მანდატის ბოლო ორი წლის განმავლობაში, რომელსაც არ შეეძლება მასშტაბური გეგმების განხორციელება ევროკავშირში ინტეგრაციის ან უკრაინაში ძალების გაგზავნის მხრივ.